№ბს-1327(კ-19) 4 მარტი, 2021 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - თ. ც-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 13 აპრილს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - თ. ც-ის მიმართ.
მოსარჩელემ თ. ც-ისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 26 943.35 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 აპრილის განჩინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 აგვისტოს განჩინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი, განსჯადობის წესების დაცვით, განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის განჩინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის განჩინებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „გრანტის შესახებ“ კანონის მე-2, მე-4, მე-5 მუხლებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, 2010 წლის 08 ივლისს საქართველოს განათლების სამინისტროსა და თ. ც-ს შორის გაფორმებული იყო „გრანტის შესახებ“ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, გრანტის მიმღებს - თ. ც-ს უსასყიდლოდ გადაეცა მიზნობრივი ფულადი სახსრები. ხსენებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებული იყო მისთვის გამოყოფილი გრანტის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში, გრანტის გამცემისათვის დაებრუნებინა მის მიერ არამიზნობრივად გახარჯული თანხა. ამასთან, გრანტის მიმღები ვალდებული იყო შეენარჩუნებინა სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი აკადემიური მოსწრების საშუალო კოექფიციენტი და სწავლის დასრულების შემდეგ გრანტის გამცემისათვის წარედგინა შესაბამისი უნივერსიტეტის მიერ გაცემული ეკონომისტის დიპლომი.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2011 წლის 23 ივნისის №254 ბრძანებით პროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში შექმნილი სპეციალური საკონკურსო კომისიის №4 სხდომის ოქმზე, რომლითაც დასტურდებოდა, რომ თ. ც-ი გათავისუფლდა სწავლის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებისაგან. სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელეს ზემოხსენებული ოქმის საფუძველზე წარმოეშვა კანონიერი ნდობა იმ გარემოების მიმართ, რომ მასსა და გრანტის გამცემს შორის შეწყდა ხელშეკრულება და ამავდროულად, ის გათავისუფლდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებებისაგან, რამდენადაც, სწავლის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისაგან გათავისუფლება იმთავითვე გულისხმობდა „გრანტის მიმღების“ აკადემიური მოსწრების ან/და გრანტის მიზნობრივად ხარჯვის დოკუმენტების წარდგენის ვალდებულებისაგან გათავისუფლებას, რადგან სწავლის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა ხდებოდა საგანმანათლებლო პროგრამის გავლის პირობებში, რისი განუხორციელებლობის მიზეზების თაობაზეც ადმინისტრაციული ორგანო ინფორმირებული იყო.
სააპელაციო პალატამ აგრეთვე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ თ. ც-მა მასსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის 2010 წლის 08 ივლისს გაფორმებული „გრანტის შესახებ“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზების შესახებ „გრანტის გამცემ“ ადმინისტრაციულ ორგანოს 2012 წლის 14 მაისს აცნობა, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო სწორედ მითითებული პერიოდიდან, საიდანაც, სარჩელის აღძვრამდე, გასული იყო სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის დადგენილი 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩნების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრის 2011 წლის 23 ივნისის №254 ბრძანებით შექმნილ სპეციალური საკონკურსო კომისიას გრანტის მიმღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების უფლებამოსილება არ გააჩნდა. ,,პროგრამა ცოდნის კარის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების წესისა და პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის №124 დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით იქმნება სპეციალური საკონკურსო კომისია, რომელიც: ა) შეარჩევს კანდიდატებს სასწავლო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში; ბ) განსაზღვრავს შერჩეული კანდიდატებისათვის გამოსაყოფი გრანტის ოდენობას; გ) იღებს გადაწყვეტილებას სასწავლო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში შერჩეული კანდიდატებისათვის გამოსაყოფი გრანტის მინიჭების შესახებ; დ) განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ნუსხას. შესაბამისად რაიმე სამართლებრივი საფუძველი, რომლითაც კომისიას თ. ც-ის სწავლის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებისაგან გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღების უფლება ჰქონდა - არ არსებობს.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრება სარჩელის უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის თაობაზე და არასწორად მოახდინა ხანდაზმულობის ვადის ათვლა 2012 წლის 14 მაისიდან, ვინაიდან საქართველოს პრემიერ მინისტრის 2011 წლის 23 ივნისის №254 ბრძანებით შექმნილ სპეციალური საკონკურსო კომისიას თ. ც-ის ვალდებულებისაგან გათავისუფლების უფლებამოსილება არ გააჩნდა. ამასთან, ,,ცოდნის კარის" ფარგლებში სამინისტრომ გრანტის მიმღებს უსასყიდლოდ გადასცა მიზნობრივი ფულადი სახსრები გერმანიაში, ... უნივერსიტეტის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამაზე ... სასწავლო წლის 2 (ორი) სემესტრის განმავლობაში სწავლისას საჭირო ხარჯების ასანაზღაურებლად. გრანტის მიმღებს, ხელშეკრულების თანახმად ვალდებულება ჰქონდა სწავლის დასრულების შემდეგ წარმოედგინა ... უნივერსიტეტის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი. ვინაიდან, მოპასუხის მხრიდან არ შესრულდა ნაკისრი ვალდებულება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმოეშვა უფლება ხელშეკრულების საფუძველზე დაებრუნებინა გრანტის სახით გაცემული თანხა, ანუ თ. ც-ის მიმართ სამინისტროს მოთხოვნის ვალდებულება წარმოეშვა მაშინ, როდესაც მოპასუხეს უნდა დაესრულებინა სამაგისტრო პროგრამა ანუ 2013 წელს. შესაბამისად, სარჩელი აღძრულია სახელშეკრულებო მოთხოვნების ვადის დაცვით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ამასთან, მოსამართლე - ვასილ როინიშვილის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის გამო, 2020 წლის 24 ივნისს საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე განაწილდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე - ქეთევან ცინცაძეზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2010 წლის 8 ივლისს თ. ც-ს, როგორც გრანტის მიმღებსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელს, როგორც გრანტის გამცემს შორის გაფორმდა გრანტის შესახებ №... ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გრანტის გამცემი ვალდებული იყო, გრანტის მიმღებისათვის გადაეცა მიზნობრივი ფულადი სახსრები 11 500 ევროს ექვივალენტი ლარის ოდენობით გერმანიაში, ... უნივერსიტეტის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის ... სასწავლო წლის სწავლის 2 სემესტრის განმავლობაში სწავლისას საჭირო ხარჯების ასანაზღაურებლად. ამავე ხელშეკრულების მიხედვით, გრანტის მიმღები ვალდებული იყო, ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გრანტის თანხები მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნით გამოეყენებინა, შეენარჩუნებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი აკადემიური მოსწრების საშუალო კოეფიციენტის მაღალი მაჩვენებელი და სწავლის დასრულების შემდეგ გრანტის გამცემისათვის წარედგინა ...ს უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი, გრანტის გამცემი კი უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა გრანტის თანხის დაბრუნება გრანტის მიმღების მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში.
საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2012 წლის 14 მაისს თ. ც-მა განცხადებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მაგისტრის ხარისხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებისაგან განთავისუფლება მოითხოვა, ვინაიდან, დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო იძულებული გახდა შეეწყვიტა სწავლა და დაბრუნებულიყო საქართველოში. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 ივნისის №254 ბრძანების საფუძველზე პროგრამა „ცოდნის კარის" ფარგლებში შექმნილი სპეციალური საკონკურსო კომისიის 2012 წლის 17 მაისის №4 ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით თ. ც-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და თ. ც-ი სწავლის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებისაგან განთავისუფლდა.
საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებებს და აღნიშნავს, რომ თ. ც-ისათვის გრანტის სახით გაცემული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებასთან დაკავშირებით 2012 წლის 17 მაისს იმსჯელა შესაბამისმა ორგანომ - საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 ივნისის №254 ბრძანების საფუძველზე პროგრამა „ცოდნის კარის" ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა საკონკურსო კომისიამ და გადაწყვიტა, რომ საპატიოდ ჩათვლილიყო გრანტის მიმღების მიერ სწავლის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა. ამდენად, თ. ც-ი განთავისუფლდა ხსენებული დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებისაგან. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული კომისიის გადაწყვეტილება არ გაუქმებულა და ძალაშია, რაც მის მიმართ თ. ც-ის კანონიერი ნდობის წარმოშობის საფუძველს წარმოადგენდა.
საკასაციო სასამართლო აგრეთვე მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დარღვევით წარდგენასთან დაკავშირებით. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ თ. ც-მა 2012 წლის 14 მაისს განცხადებით მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს და აცნობა, რომ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, იძულებული იყო სწავლა შეეწყვიტა და საქართველოში დაბრუნებულიყო. ამდენად, მოსარჩელისათვის სწორედ 2012 წლის 14 მაისის განცხადებით გახდა ცნობილი ის გარემოება, რომ თ. ც-ი ვერ წარადგენდა სწავლის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტს. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი სასამართლოს 2016 წლის 13 აპრილს წარედგინა, დასტურდება მისი წარდგენა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დარღვევით.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე