საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-193(2კ-20) 18 მარტი, 2021 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - შპს „...ი“
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:შპს „...მა“ 2018 წლის 23 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ამავე სააგენტოს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ...ის რაიონის სახელმწიფო ზედამხედველობის 2017 წლის 13 დეკემბრის №111 მიწერილობისა (მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების ნაწილში) და სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 6 თებერვლის №81 ბრძანების (საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში) ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „...ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ...ის რაიონის სახელმწიფო ზედამხედველობის 2017 წლის 13 დეკემბრის №111 მიწერილობა (მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების ნაწილში) და იმავე სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 6 თებერვლის №81 ბრძანება (შპს „...ის“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში); სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დაევალა, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „...მა“ და სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფლებამონაცვლემ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
კასატორი - შპს „...ი“ მიიჩნევს, რომ არ არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საფუძველი და სააპელაციო პალატას არსებითად უნდა გადაეწყვიტა საქმე - სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილებულიყო.
კასატორი (მოსარჩელე) მიუთითებს, რომ სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 2017 წლის 13 დეკემბრის №111 მიწერილობით, შემოწმების დროს გამოვლენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევათა აღმოფხვრის მიზნით, შპს „...ს“ დაევალა სავალდებულოდ გასატარებელი ღონისძიებების შესრულება მის საკუთრებაში არსებულ სასაწყობო შენობა-ნაგებობაზე, რომელიც ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 3 აპრილის ბრძანების საფუძველზე და შენობის მშენებლობისას დაცული იყო ამავე პერიოდში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესები. შესაბამისად, შენობის დაპროექტებისა და აშენების პერიოდიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №371 და 2017 წლის 20 ნოემბრის №198 დადგენილებების გათვალისწინებით, სახანძრო უსაფრთხოების ახალი რეგულაციები ვერ გავრცელდება შპს „...ის“ საკუთრებაში არსებულ ობიექტზე. ამასთან, სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 1 ივლისის დასკვნით დასტურდება, რომ სასაწყობო შენობა არ არის საფრთხის შემცველი.
კასატორი - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მიუთითებს, რომ მოსარჩელის ობიექტში არ არის დაცული სახანძრო უსაფრთხოების წესები, რაც გასაჩივრებული მიწერილობის გამოცემის წინაპირობა გახდა. საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ვერ ადასტურებს სადავო აქტების უკანონობას. საკასაციო საჩივრის თანახმად, ადმინისტრაციულმა ორგანომ აქტები გამოსცა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ისა“ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა სააპელაციო პალატის მიერ არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს შპს „...ის“ ობიექტის მიმართ 2015 წლიდან მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების გავრცელების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №371 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოში სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის განხორციელების შესახებ დებულებაზე“, რომელიც აწესრიგებს სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის განხორციელების წესებსა და პირობებს. დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტში სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექტორი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია, გასცეს კონტროლის ობიექტების ხელმძღვანელებზე სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანოს მიწერილობა. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, დეტალური სახანძრო-ტექნიკური შემოწმების დროს გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად სახელმწიფო ინსპექტორის მიერ დგება ობიექტის თანამდებობის პირებისა და მოქალაქეებისათვის შესასრულებლად სავალდებულო სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებები, რომელიც მიწერილობის სახით ეგზავნება (ბარდება) კონტროლის ობიექტს სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანოს სახელით. ამასთან, დებულების 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მიწერილობის შედგენისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შენობებსა და ნაგებობებზე, რომლებიც დაპროექტებულია და აშენებულია მათი დაპროექტების და მშენებლობის პერიოდში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების მარეგულირებელი ნორმების, ტექნიკური რეგლამენტების ან/და სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, არ ვრცელდება ახალი სახანძრო უსაფრთხოების მარეგულირებელი ნორმების, ტექნიკური რეგლამენტების ან/და სტანდარტების ის მოთხოვნები, რომელთა შესრულება იწვევს შენობებსა და ნაგებობებში მშენებლობის, რეკონსტრუქციის, დემონტაჟის ჩატარების აუცილებლობას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული შენობების და ნაგებობების არსებულ პირობებში შემდგომი ექსპლუატაცია აშკარა და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან საკუთრებას.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №370 დადგენილებით დამტკიცებულ „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ“ ტექნიკურ რეგლამენტზე, რომლის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, არსებულ შენობა-ნაგებობებზე, რომლებიც დაპროექტებულია და აშენებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის ძალაში შესვლამდე მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად, არ ვრცელდება წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტის იმ დებულებების მოთხოვნები, რომელთა შესრულება იწვევს შენობა-ნაგებობებში „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ 2009 წლის 24 მარტის №57 საქართველოს მთავრობის დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრულ მშენებლობის, რეკონსტრუქციის და დემონტაჟის ჩატარების აუცილებლობას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული შენობა-ნაგებობების არსებულ პირობებში შემდგომი ექსპლუატაცია აშკარა და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან საკუთრებას.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მიწერილობა წარმოადგენს სახანძრო უსაფრთხოების შესასრულებლად სავალდებულო ღონისძიებების აღწერას, რომელთა განხორციელების საჭიროებაც დგინდება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ობიექტის შემოწმებისას. ამასთან, მიწერილობის შედგენამდე შესწავლილ უნდა იქნეს მოქმედი წესების კონკრეტულ შემთხვევაზე გავრცელების შესაძლებლობა, ვინაიდან კანონმდებელი განსხვავებულად არეგულირებს საკითხს იმის მიხედვით, თუ როდის არის შენობა დაპროექტებული და აშენებული - 2015 წლამდე თუ შემდგომ, რაც გამოწვეულია ამ პერიოდებში განსხვავებული საკანონმდებლო მოწესრიგების არსებობით. თუკი შენობა აშენებული და დაპროექტებულია 2015 წლამდე, 2015 წლიდან მოქმედი ნორმების პირის მიმართ გასავრცელებლად, უნდა დადგინდეს, შეესაბამება თუ არა შენობა მისი აშენებისას მოქმედ და არა დღეის მდგომარეობით არსებულ კანონმდებლობას. 2015 წლამდე აშენებული შენობის მისი მშენებლობისას მოქმედ ნორმატიულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა კი გამორიცხავს ობიექტის მიმართ მშენებლობის/რეკონსტრუქციის/დემონტაჟის განხორციელების აუცილებლობის წარმომშობი ახალი სახანძრო უსაფრთხოების მარეგულირებელი ნორმების გავრცელებას. გამონაკლისი დასახელებული ზოგადი წესიდან არის შემთხვევა, როდესაც ასეთი შენობა-ნაგებობის არსებულ პირობებში შემდგომი ექსპლუატაცია აშკარა, პირდაპირ საფრთხეს უქმნის პირის უფლებებს - სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას, ასეთ დროს უპირატესობა სწორედ ჩამოთვლილ უფლებებს უნდა მიენიჭოს.
განსახილველ შემთხვევაში სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ჩაატარა შპს „...ის“ შენობა-ნაგებობის დეტალური სახანძრო ტექნიკური შემოწმება და 2017 წლის 13 დეკემბრის №111 მიწერილობით, შემოწმების დროს გამოვლენილი სახანძრო-უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევათა აღმოფხვრის მიზნით, შპს „...ს“ დაევალა განსაზღვრულ ვადაში, სავალდებულოდ, შეესრულებინა შემდეგი გასაჩივრებული ღონისძიებები: 2018 წლის 10 ოქტომბრამდე საწყობში უნდა დამონტაჟებულიყო ხანძრის ჩაქრობის ავტომატური სისტემა; 2018 წლის 15 მარტამდე საწყობის შენობა უნდა დაკომპლექტებულიყო საჭირო რაოდენობის ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებებით, ცეცხლმაქრებით; 2018 წლის 20 ივლისამდე შენობაში უნდა დამონტაჟებულიყო შიგა ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების სისტემა, სახანძრო ონკანები, გაკეთებულიყო კარადები და დაკომპლექტებულიყო სახელურებითა და ლულებით; 2018 წლის 10 ოქტომბრამდე შენობაში უნდა დამონტაჟებულიყო კვამლსაწინააღმდეგო გამწოვი სავენტილაციო სისტემები; 2018 წლის 5 თებერვლამდე საწყობის ელექტრომომარაგების ე. ფარი და როზეტები უნდა გატანილიყო შენობის გარეთ უწვ კედელზე.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ ზემოაღნიშნული მიწერილობით შპს „...ს“ ისე დაევალა სახანძრო უსაფრთხოების მოქმედი წესების დაცვა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია კომპანიის შენობის აშენების პერიოდი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი დასტურდება, რომ შპს „...ის“ შენობა აშენებულია 2015 წლამდე. შესაბამისად, მოქმედი წესების კომპანიის მიმართ გასავრცელებლად: 1. უნდა დადგინდეს, რამდენად შეესაბამება ობიექტი აშენებისას მოქმედ უსაფრთხოების წესებს; 2. ახალი წესებით გამოვლენილი შეუსაბამობები რამდენად იწვევს ნაგებობის რეკონსტრუქციას; 3. რამდენად არსებობს სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისა ან საკუთრებისთვის საფრთხის შემცველი რისკები. ადმინისტრაციული წარმოების მასალით კი დასახელებულ გარემოებათა კვლევა არ დგინდება. ამდენად, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების გარეშე, რაც ქმნიდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების შესაძლებლობას. ახალი წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციულმა ორგანომ, სხვა გარემოებებთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოს ნაგებობის დანიშნულებასა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 1 ივლისის დასკვნაზე. გარდა ამისა, შესაფასებულია მოსარჩელის განმარტება, რომ მან მოახდინა როზეტების გატანა შენობის გარეთ უწვ კედელზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...ისა“ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება;
3. კასატორს - შპს „...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს 2020 წლის 6 აპრილის №0 საგადასახადო დავალებით დ. მ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე