Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 202-დად 6 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),

ი. ბიბილაშვილი,

ნ. გაბრიჩიძე

განიხილა შპს “---ის" გენერალური დირექტორის _ ი. შ-ის კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 14 მაისის დადგენილებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

შპს “-ის" გენერალურმა დირექტორმა ი. შ-მა 2004წ. 23 თებერვალს განცხადებით მიმართა რუსთავის პროკურატურას და მოითხოვა შპს “---ის" საქმიანობის შესწავლა იმის გამოსარკვევად, ხომ არ ჩაუდენიათ მათ სსკ-ის 26-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. იმავე წლის 25 თებერვალს რუსთავის პროკურატურამ განცხადება შესამოწმებლად გაუგზავნა შს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის რუსთავის განყოფილებას და იგი წარმოებაში მიიღო გამომძიებელმა ე. ც-მა. მოკვლევით დადგინდა, რომ შპს “---ის" დირექტორმა გ. გ-ემ, მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ მისი საწარმო იყო გადახდისუუნარო, 2001წ. 10 თებერვალს განცხადება გაკოტრების საქმის აღძვრის შესახებ სასამართლოში შეიტანა 4 დღის დაგვიანებით _ სამკვირიანი ვადის დარღვევით. მოკვლევამ ჩათვალა, რომ მან ამ ქმედებით ჩაიდინა სსკ-ის 207-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, მაგრამ, ვინაიდან გასული იყო სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, გამომძიებელმა ე. ც-მა 2004წ. 16 მარტს გამოიტანა დადგენილება სისხლის სამართლის საქმისა და სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.

2004წ. 29 აპრილს ი. შ-მა საჩივრით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა გამომძიებლის დადგენილების გაუქმება. საჩივარში იგი მიუთითებდა, რომ გამომძიებელმა ე. ც-მა დაარღვია უწყებრივი საგამოძიებო ქვემდებარეობა. საჩივრის ავტორის აზრით, სსსკ-ის 62-ე მუხლის მე-6I პუნქტის თანახმად, გამომძიებელს მისი განცხადება შესამოწმებლად უნდა გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტისათვის.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ი. შ-ის საჩივარი განიხილა 2004წ. 14 მაისს და არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო.

კერძო საკასაციო საჩივრით ი. შ-ლი იმავე მოტივით ითხოვს გამომძიებელ ე. ც-ის 2004წ. 16 მარტისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 14 მაისის დადგენილებების გაუქმებას.

პალატის სხდომაზე შპს “---ის" წარმომადგენელმა მ. გ-მა მოითხოვა კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ი. მ-ემ კერძო საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა. მისი აზრით, გამომძიებელ ე. ც-ლს უწყებრივი საგამოძიებო ქვემდებარეობა არ დაურღვევია. პროკურორმა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 14 მაისის დადგენილება მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

“სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე" საქართველოს 2004წ. 24 თებერვლის კანონით სსსკ-ის 62-ე მუხლს დაემატა მე-6I პუნქტი, რომლითაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს დაევალა სსკ-ის 207-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის გამოძიება. ამავე კანონით განისაზღვრა, რომ სსსკ-ის 62-ე მუხლის მე-6I პუნქტი უნდა ამოქმედებულიყო “ფინანსური პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე. ზემოაღნიშნული კანონი, გარდა 26-ე მუხლისა, ამოქმედდა 2004წ. 15 მარტიდან, ხოლო დებულება “ფინანსური პოლიციის შესახებ", რომლითაც განისაზღვრა ფინანსური პოლიციის უფლებამოსილება, სტრუქტურა და ამოცანები იმავე წლის 19 მარტიდან. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, გამომძიებელმა ე. ც-მა ი. შ-ის განცხადება შესამოწმებლად მიიღო 2004წ. 25 თებერვალს და დადგენილება სისხლის სამართლის საქმისა და სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ გამოიტანა 2004წ. 16 მარტს, ე.ი. იმ პერიოდში, როცა სსსკ-ის 62-ე მუხლის მე-6I პუნქტი, ფაქტობრივად, არ იყო ამოქმედებული და სსკ-ის 207-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებს უწყებრივად ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი იძიებდა. პალატა ეთანხმება რუსთავის საქალაქო სასამართლოს დადგენილებას იმის შესახებ, რომ ი. შ-ის განცხადების შემოწმებისას არ დარღვეულა უწყებრივი საგამოძიებო ქვემდებარეობა და ამ მოტივით გამომძიებელ ე. ც-ის 2004წ. 16 მარტის დადგენილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

პალატა თვლის, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 14 მაისის დადგენილება დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმებისა და კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 14 მაისის დადგენილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს “---ის" დირექტორის _ ი. შ-ის საჩივარი რუსთავის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელ ე. ც-ის 2004წ. 16 მარტის დადგენილების გაუქმებაზე, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.