საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-657(2კ-19) 18 მარტი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური
კასატორები (მესამე პირები) - ლ. მ-ი, ა. მ-ი, ვ. ა-ა
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - თ. ჩ-ე, ლ. ჩ-ე, მ. ჩ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:თ. ჩ-ემ, ლ. ჩ-ემ და მ. ჩ-ემ 2016 წლის 20 ივნისს სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიმართ და მოითხოვეს ამავე სამსახურის 2016 წლის 1 ივნისის №01/456 მიმართვის ბათილად ცნობა, ასევე, ქალაქ ბათუმში, ...ის ქ. №7/9-ში, 2007 წლის 24 ნოემბრამდე პროექტის დარღვევით ნაწარმოები ობიექტის ნაწილის ლეგალიზების თაობაზე მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 დეკემბრის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაებნენ ლ. მ-ი, დ. მ-ი და ა. მ-ი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ჩ-ის, ლ. ჩ-ისა და მ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 სექტემბრის განჩინებით დ. მ-ის უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა ვ. ა-ა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ჩ-ის, ლ. ჩ-ისა და მ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება; თ. ჩ-ის, ლ. ჩ-ისა და მ. ჩ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2016 წლის 1 ივნისის №01/456 მიმართვა; ამავე სამსახურს დაევალა 2016 წლის 14 იანვრის №82/01 განცხადების - ქალაქ ბათუმში, ...ის ქუჩის №7/9-ში მდებარე, თ. ჩ-ის, ლ. ჩ-ისა და მ. ჩ-ის მიერ პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან/და მისი ნაწილის ლეგალიზების საკითხის განხილვა. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ და მესამე პირებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
კასატორი - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური აღნიშნავს, რომ მოსარჩელეები ითხოვენ თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ობიექტის ლეგალიზებას, რაც საჭიროებს თანამესაკუთრეთა თანხმობას. ვინაიდან მოსარჩელეებმა მსგავსი თანხმობა ვერ წარადგინეს, არსებობდა განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი.
კასატორები - ლ. მ-ი, ა. მ-ი და ვ. ა-ა, მიიჩნევენ, რომ ობიექტის ლეგალიზებისთვის აუცილებელი იყო მათი თანხმობის წარდგენა. ამასთანავე, საკასაციო საჩივრის ავტორები სადავოდ ხდიან ობიექტის 2007 წლამდე აშენების ფაქტს, მიუთითებენ, რომ მშენებლობით დაირღვა მათი უფლებები და არ არსებობს აშენებული ობიექტის ლეგალიზების წინაპირობები.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის, ლ. მ-ის, ა. მ-ისა და ვ. ა-ას საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს უნებართვოდ აშენებული ობიექტის ლეგალიზების საკითხის განხილვა თანამესაკუთრეთა თანხმობის გარეშე.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებულ „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესზე“, რომლის პირველი მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, წესის მოქმედება ვრცელდება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტებისა ან მათი ნაწილების მიმართ. იმავე „წესის“ მე-3 მუხლში ჩამოთვლილია დოკუმენტები, რომლებიც უნდა წარადგინოს განმცხადებელმა ობიექტის ლეგალიზების მოთხოვნისას, მათ შორის, დასახელებული მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, განცხადებას თან უნდა ერთვოდეს: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო რუკა, ხოლო თუ მიწის ნაკვეთი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის (სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) საკუთრებაშია, აგრეთვე განმცხადებელსა და მესაკუთრეს შორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულება ან თანხმობა, გარდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე მიშენება-დაშენებისა. ამრიგად, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ლეგალიზებისათვის თანამესაკუთრის თანხმობის წარდგენა სავალდებულოა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეებმა მოითხოვეს თანასაკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ლეგალიზება, თუმცა ვინაიდან ვერ წარადგინეს სხვა თანამესაკუთრეების თანხმობა, მათი განცხადება ქალაქ ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2016 წლის 1 ივნისის სადავო აქტით განუხილველი დარჩა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან თანამესაკუთრეთა თანხმობის წარდგენა სავალდებულოა, ამასთან, ვინაიდან სადავო საკითხი პირდაპირ უკავშირდება საკუთრების უფლებას, მოსარჩელეთა და მესამე პირთა უფლებების თანაზომიერად დაცვის უზრუნველსაყოფად, ადმინისტრაციულმა ორგანომ კვლავ უნდა გამოიკვლიოს თანამესაკუთრეთა თანხმობის არსებობის საკითხი და მოსარჩელეებსა და მესამე პირებს უნდა მიეცეთ საკუთრების უფლების ობიექტის თითოეულის ინტერესის გათვალისწინებით მართვის შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის, ლ. მ-ის, ა. მ-ისა და ვ. ა-ას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. თ. ჭ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 2019 წლის 10 ივნისის №20562114 საგადახდო დავალებით ლ. მ-ის, ა. მ-ისა და ვ. ა-ას საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე