გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 211-აპ 15 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მ. ისაევი (თავმჯდომარე),
მ. გოგელია,
ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ს. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 27 აპრილის განაჩენზე, რომლითაც ცვლილება შევიდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2003წ. 1 აგვისტოს განაჩენში ს. მ-ის მიმართ. კერძოდ, ს. მ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით შეეფარდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენის მიხედვით დადგენილადაა მიჩნეული შემდეგი:
2002წ. 25 აგვისტოს ს. მ-ემ პირადი მოხმარების მიზნით, ახალციხის რაიონის სოფ. ---ში მცხოვრები ნ. ჯ-ის ეზოში მოკრიფა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე “---” და მიჰქონდა ახალციხეში, რა დროსაც დააკავეს პოლიციის მუშაკებმა. პირადი ჩხრეკისას მას აღმოაჩნდა 140 გრამი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე “---”, რომლისგანაც დამზადდებოდა 50 გრამი ნარკოტიკული საშუალება “---”.
სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ს. მ-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ს-მა საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვენ მსჯავრდებულის მიმართ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმებასა და საქმის შეწყვეტას.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ს. მ-ემ შეცვალა საკასაციო საჩივრის მოთხოვნა. მან მთლიანად ცნო თავი დამნაშავედ, აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პირობითი მსჯავრის გამოყენება, რასაც დაეთანხმა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი.
ადვოკატმა ნ. ს-მა აღნიშნა, რომ მსჯავრდებული ს. მ-ძე მთლიანად ცნობს თავს დამნაშავედ, ინანიებს ჩადენილს, მას მამა არ ჰყავს, არის ახლდაქორწინებული და ჰყავს სამი თვის ბავშვი, აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა, ხასიათდება დადებითად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ადვოკატი, ნ. ს-ლი ითხოვს თავიანთი მოთხოვნის დაკმაყოფილება.
პროცესში მონაწილე პროკურორმა მ. ჯ-ემ მხარი არ დაუჭირა მსჯავრდებულ ს. მ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ს-ის მოთხოვნას და ითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ს. მ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ ს. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია როგორც მისი აღიარებითი, ასევე საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით, ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთიერი დამამტკიცებელი საბუთით, ქიმიური და ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული ერთობლივი მამხილებელი მასალებით. პალატა თვლის, რომ სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის გარემოებები და მისცა ასევე სწორი სამართლებრივი შეფასება.
რაც შეეხება სასჯელის ზომას, პალატა თვლის, რომ ს. მ-ის სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლომ ჯეროვნად არ შეაფასა მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, ის, რომ მან პალატის სხდომაზე მთლიანად აღიარა ჩადენილი დანაშაული და გულწრფელად მოინანია იგი, აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა, მამით ობოლია, არის ახალდაქორწინებული, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, ხასიათდება დადებითად, დანაშაულის ჩადენიდან გასულია თითქმის ორი წელი, მას ამ პერიოდში კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია. ეს გარემოებები შეიძლება გახდეს მოცემული დანაშაულისათვის პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, პალატა მიზანშეწონილად თვლის, რომ მსჯავრდებულ ს. მ-ეს მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლები და განაჩენით შეფარდებული სასჯელი შეეცვალოს პირობით, სათანადო გამოსაცდელი ვადის დაწესებით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ს. მ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ს-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 27 აპრილის განაჩენი ს. მ-ის მიმართ შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ განაჩენით შეფარდებული სასჯელი _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეეცვალოს პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით, თანახმად სსკ-ის 63-64-ე მუხლებისა. ს. მ-ეს დაეკისროს მოვალეობა, რომ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.
მსჯავრდებულ ს. მ-ს ყოფაქცევაზე კონტროლის გაწევა დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.