Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 212-აპ 13 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),

ნ. გაბრიჩიძე,

მ. ისაევი

განიხილა მსჯავრდებულ დ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 6 მაისის განაჩენზე, რომლითაც თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 ნოემბრის განაჩენი დ. მ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

აღწერილობითი ნაწილი:

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 ნოემბრის განაჩენით დ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

აღნიშნული განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 6 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

განაჩენით დ. მ-ლს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2003წ. 27 ივნისს, დაახლოებით 22 საათზე, თეთრიწყაროს რაიონის სოფ. დიდ თონეთში ერთმანეთს შეხვდნენ მთვრალი დ. მ-ლი, მისი ნათესავი გ. პ-ლი და თანასოფლელი გ. მ-ძე. დ. მ-ლი და გ. პ-ლი შელაპარაკდნენ, რის შემდეგ დ. მა-მა სახლში შეიპატიჟა გ. პ-ლი და გ. მ-იძე. მათ გააგრძელეს კამათი, რა დროსაც დ. მ-მა სახლიდან გამოიტანა პურის საჭრელი სამზარეულო დანა და განზრახ მოკვლის მიზნით გამოეკიდა გ. პ-სა და გ. მ-ეს, რომლებიც შეშინებულები გაიქცნენ სოფლის ცენტრისაკენ. მათ უკან გაჰყვა დანითა და ნაჯახით შეიარაღებული დ. მ-ლი, რომელსაც გზაზე შეხვდა გ. პ-ის მამა _ ა. პ-ლი. ეს უკანასკნელი და დ. მ-ლი ადრე არსებულ წყენასთან დაკავშირებით შელაპარაკდნენ, რა დროსაც დ. მ-მა, განზრახ მოკვლის მიზნით, მის ხელთ არსებული სამზარეულო დანა ჩაარტყა გულმკერდის არეში ა. პ-ლს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო დ. მ-ლი მიიმალა. იგი დააკავეს 29 ივნისს შს თეთრიწყაროს რაიგანყოფილების თანამშრომლებმა.

მსჯავრდებული დ. მ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა გ. ხ-მა მოითხოვა მსჯავრდებულ დ. მ-სათვის სასჯელის შემსუბუქება.

პალატის სხდომაზე პროკურორმა გ. ლ-ემ მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი, რომ მსჯავრდებულ დ. მ-ის მიერ ა. პ-ის მკვლელობას წინ უსწრებდა კონფლიქტური სიტუაცია, დ. მამულაშვილის მხრიდან გ. პ-თან და გ. მ-სთან ურთიერთშელაპარაკება და ჩხუბი, რა დროსაც დ. მ-ლმა ხელში აიღო დანა, ნაჯახი და გამოედევნა გ. პ-სა და გ. მ-ეს, რომლებმაც გაქცევით უშველეს თავს. მათ დადევნებულ დ. მ-ლს გზაში შემოხვდა ა. პ-ლი, მათ შორის მოხდა შელაპარაკება, რა დროსაც დ. მ-მა განზრახ მკვლელობის მიზნით, დანის დარტყმით, მოკლა ა. პ-ლი.

დ. მ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება სრულად არის დადასტურებული შემდეგი მტკიცებულებებით: დაზარალებულ ქ. პ-ის ჩვენებებით; მოწმეების _ გ. მ-ის, გ. პ-ის, დ. პ-ის ჩვენებებით; დ. მ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ასევე დასტურდება სასამართლო-სამედიცინო, ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზების დასკვნებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ჩხრეკისა და ამოღების ოქმებით, ნივთმტკიცებებით.

რაც შეეხება საკასაციო საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ მის მიმართ შეფარდებული სასჯელი არის მკაცრი და შესაძლებელია მისი შემსუბუქება, პალატა არ ეთანხმება და თვლის, რომ დ. მ-ლს სასჯელი განსაზღვრული აქვს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, დამდგარი შედეგისა და მისი პიროვნების მახასიათებელი მონაცემების გათვალისწინებით. მისი ბრალის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ იგი ადრე ნასამართლევია. შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ დ. მ-ლს კმაყოფაზე ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი და მოხუცი დედა, მის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ტრაგიკულად დაეღუპა ძმა და შეექმნა მძიმე ოჯახური მდგომარეობა. პალატა თვლის, რომ ზემოთ მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, დ. მ-ლს სასჯელის ზომად განესაზღვრა კანონით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმთან მიახლოებული სასჯელის ზომა. აქედან გამომდინარე, არ არსებობს სააპელაციო პალატის განაჩენის შეცვლისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 6 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ დ. მ-ის მიმართ კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 6 მაისის განაჩენი დ. მ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.