№ბს-1018(კ-20) 31 მარტი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.07.2020წ. გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. შ-ემ 03.05.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
დაზუსტებული სარჩელით ნ. შ-ემ მოითხოვა მისთვის პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ და მისი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 21.01.2019წ. N04-00-ი/2753 და 19.02.2019წ. N04/8270 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ნ. შ-ისთვის 2018 წლის 1-ლი ივნისიდან სახელმწიფო პენსიის დანიშვნის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სააგენტოსთვის დავალება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ არის ორმაგი, საქართველოსა და ირლანდიის, მოქალაქეობის მქონე პირი. 06.12.2018წ. განცხადებით მიმართა სააგენტოს პენსიის დანიშვნის მოთხოვნით, რაც არ დაკმაყოფილდა, რადგან სააგენტოს განმარტებით ნ. შ-ემ ადმინისტრაციულ ორგანოში ვერ წარმოადგინა ცნობა იმის შესახებ, რომ მას არ აქვს დანიშნული პენსია მეორე ქვეყანაში, რომლის მოქალაქადაც იგი ითვლება. მოსარჩელის მითითებით, მას წარდგენილი ჰქონდა აღნიშნული ინფორმაციის შემცველი ცნობა. ამდენად, ნ. შ-ეს მიაჩნია, რომ სააგენტოს ჰქონდა პენსიის დანიშვნის ვალდებულება, რის გამოც ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.07.2019წ. გადაწყვეტილებით ნ. შ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ. შ-ისთვის 2019 წლის 1-ლი იანვრიდან სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შესახებ.
მოსარჩელის მიერ ირლანდიაში პენსიის მიღების თაობაზე ინფორმაციასთან დაკავშირებით სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აპოსტილით დამოწმებულ ირლანდიის სოციალური მომსახურების სამსახურის 19.11.2018წ. წერილზე, რომლის თანახმადაც ნ. შ-ეს 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 2018 წლის 19 ნოემბრამდე მიღებული აქვს 0 (ნული) ევრო. ამდენად, სასამართლოს დასკვნით, დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე არ იღებდა სახელმწიფო პენსიას ირლანდიაში, ხოლო ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც გააქარწყლებდა აღნიშნულ გარემოებას. ამასთან, საქმეში არსებული „Citizens Information“-ის მიერ გაცემული ინფორმაციის მიხედვით, სოციალური უზრუნველყოფისა და პენსიის შესახებ კანონის თანახმად, ირლანდიაში მინიმალური საპენსიო ასაკი ამჟამად არის 66 (სამოცდაექვსი) წელი. სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა ნ. შ-ისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი. საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებისას საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე მოსარჩელეს პენსიის დანიშვნის შესახებ მოთხოვნით ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართული ჰქონდა 06.12.2018წ. განცხადებით, ამდენად პენსიის დანიშვნის თარიღად, სასამართლომ განსაზღვრა, განცხადების წარდგენის მომდევნო თვე, 2019 წლის 1-ლი იანვარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.07.2019წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და ნ. შ-ემ. სააგენტომ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო ნ. შ-ემ - იმ ნაწილში, რომლითაც მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.07.2020წ. გადაწყვეტილებით სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ნ. შ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ. შ-ისთვის 2018 წლის 1-ლი ივლისიდან სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შესახებ.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მოსაზრებებს ნ. შ-ისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის თაობაზე. შესაბამისად, სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამასთან, პენსიის დანიშვნის თარიღთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის სააპელაციო წესით განხილვისას წარმოდგენილ იქნა ახალი მტკიცებულება - 19.06.2018წ. N45829 განცხადება, რომლითაც დადასტურდა ნ. შ-ის მიერ სააგენტოსთვის მიმართვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნის მოთხოვნით. ამდენად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თარიღად სასამართლომ განსაზღვრა, 19.06.2018წ. N45829 განცხადების წარდგენის მომდევნო თვე, 2018 წლის 1-ლი ივლისი, რის გამოც დააკმაყოფილა ნ. შ-ის სააპელაციო საჩივარი.
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.07.2020წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებასთან მიმართებით არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები. კერძოდ, გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
კასატორს მიაჩნია, რომ ირლანდიის სოციალური მომსახურების სამსახურის 19.11.2018წ. ცნობა საერთოდ არ შეიცავს ინფორმაციას ნ. შ-ისთვის ირლანდიაში პენსიის დანიშვნა არ დანიშვნის შესახებ, რითაც განმცხადებელმა ვერ დააკმაყოფილა „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესების 5.5 მუხლის მოთხოვნა. ამდენად, სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება მისთვის პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ.
სააგენტომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 12.09.2014წ. გადაწყვეტილებაზე (საქმე N2/3/540), რომელშიც სასამართლომ განმარტა, რომ ამოწურვადი რესურსები, მათ შორის სახელმწიფო სახსრების დაზოგვა წარმოადგენს მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს, სადაც სახელმწიფო სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, საკუთარი შეხედულებით მოახდინოს ამ სახსრების განკარგვა. ამოწურვადი სახელმწიფო რესურსები, როგორიცაა სახელმწიფო ბიუჯეტი, უნდა მოხმარდს სახელმწიფოს დისკრეციული უფლებამოსილებებით ადამიანის უფლებათა გარკვეულ დაკმაყოფილებას. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლომ გამოიყენა ევროპის სოციალური ქარტიის 12.2 მუხლი, რომელიც საქართველოს მიერ არაა რატიფიცირებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს 06.07.2020წ. გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს მისი განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დავა გადაწყვიტა არსებითად სწორად.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.07.2020წ. გადაწყვეტილება არ არის საკმარისად იურიდიულად დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სააგენტოს მიერ პენსიის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულების დადგენის მიზნით სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა შესაბამისი ნორმატიული აქტები, მათ შორის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი, „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესი და მიუთითა მათი გამოყენების მოტივებზე. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა იმ მოთხოვნის იურიდიული საფუძველი, რომელიც უკავშირდება პენსიის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულების დაკისრებას და ასევე სწორად გამოიყენა და განმარტა შესაბამისი ნორმები. აქედან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტების თანახმად, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები.
საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ნ. შ-ემ სააგენტოში ვერ წარადგინა სახელწიფო პენსიის დანიშვნისათვის საჭირო ინფორმაცია. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის თანახმად და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ნ. შ-ეს წარმოეშვა უფლება პენსიაზე. ამასთან, „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის 5.5 მუხლის თანახმად, ნ. შ-ეს, როგორც საქართველოსა და ირლანდიის მოქალაქეს, დამატებით მოეთხოვება ცნობის წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ის არ იღებს პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქადაც იგი ითვლება. ადმინისტრაციულ ორგანოში და მოგვიანებით სასამართლოში წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული ირლანდიის სოციალური მომსახურების სამსახურის 19.11.2018წ. წერილით (...) დგინდება, რომ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 2018 წლის 19 ნოემბრამდე ნ. შ-ის მიერ მიღებულმა თანხამ შეადგინა 0 (ნული) ევრო. ამასთან, საქმის მასალებში არსებული „Citizens Information“-ის მიერ გაცემული ინფორმაციის მიხედვით, სოციალური უზრუნველყოფისა და პენსიის შესახებ კანონის თანახმად, ირლანდიაში ამჟამად მინიმალური საპენსიო ასაკია 66 (სამოცდაექვსი) წელი, ხოლო 1955 წლის 1-ელ იანვრის შემდეგ დაბადებული პირებისთვის - 67. საკასაციო პალატის, ისევე როგორც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებითაც, აღნიშნული გარემოებები ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ნ. შ-ე არ იღებდა პესიას ირლანდიაში.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას ნ. შ-ისთვის 2018 წლის 1-ლი ივლისიდან პენსიის დანიშვნის თაობაზე. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 14.2 მუხლიდან გამომდინარე, პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულების - 19.06.2018წ. N45829 განცხადების მიხედვით, მოსარჩელემ მიმართა სააგენტოს და მოითხოვა პენსიის დანიშვნა. ამასთან, სზაკ-ს 83.2 მუხლის მიხედვით, საქმის გადაწყვეტისათვის აუცილებელი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია განმცხადებლისთვის იმ ვადის განსაზღვრის ვალდებულება, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია, რასაც განსახილველი ადმინისტრაციული წარმოებისას ადგილი არ ქონია. ამდენად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თარიღად უნდა განისაზღვროს სააგენტოსთვის 19.06.2018წ. N45829 განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვი - 2018 წლის 1-ლი ივლისი.
კასატორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, იმავე ნორმიდან გამომდინარე და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ სამართლებრივ დასკვნებს. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.07.2020წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ქ. ცინცაძე