№ბს-578(კ-19) 31 მარტი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე; ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.12.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. დ-ემ 02.05.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 02.04.2018წ. N03173/25 ბრძანების ბათილად ცნობა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და მისი გათავისუფლების დღიდან აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის გათვალისწინებული ხელფასის ყოველთვიური ოდენობით, განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოპასუხისთვის დავალება.
მ. დ-ემ აღნიშნა, რომ 2018 წლის 2 აპრილამდე მუშაობდა სახელმწიფო აუდიტისა სამსახურში ...ის თანამდებობაზე, საიდანაც გათავისუფლდა რეორგანიზაციისას შტატების შემცირების მოტივით. მოსარჩელის მითითებით, რეორგანიზაციის შედეგად გაიზარდა სტრუქტურული ერთეულების რაოდენობა. მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების გამოცემისას გენერალურმა აუდიტორმა არ გაითვალისწინა შემცირებას პოტენციურად დაქვემდებარებული პირების საკვალიფიკაციო მონაცემები. ამასთან, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ხელმძღვანელ პირთა გაზრდის საპირისპიროდ დაიკლო აუდიტორული საქმიანობით დაკავებული თანამშრომლების რაოდენობამ. კერძოდ, რეორგანიზაციამდე იყო აუდიტის საქმიანობით დაკავებული 202 თანამშრომელი, რეორგანიზაციის შემდეგ დაიკლო 15 ერთეულით და გახდა 187 საშტატო ერთეული. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისი შტატის შემცირების ხარჯზე გაიზარდა ხელმძღვანელ პირთა რაოდენობა და თანამშრომელთა ხელფასები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.11.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. დ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტლების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.12.2018წ. განჩინებით მ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს დასკვნებს ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემობების შესახებ. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად იქნა ცნობილი შემდეგი: გენერალური აუდიტორის 01.02.2018წ №01186/21 ბრძანებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ...ის თანამდებობა განისაზღვრა 62, ხოლო 02.04.2018წ. N03133/21 ბრძანებით - 43 საშტატო ერთეულით. ამდენად, ...ის თანამდებობა შემცირდა 19 ერთეულით. გენერალური აუდიტორის 24.01.2018წ. N00777/21 ბრძანებით სამსახურში დაიწყო რეორგანიზაცია, 05.02.2018წ. N01377/21 ბრძანებით დამტკიცდა რეორგანიზაციის გეგმა, რომლითაც გადაწყდა კომისიის შექმნა რეორგანიზაციის გამო შტატების შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებით თანამშრომელთა კვალიფიკაციის, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების გამოკვლევის მიზნით, 20.02.2018წ. N01864/21 ბრძანებით შეიქმნა აღნიშნული კომისია, განისაზღვრნენ გასაუბრებას დაქვემდებარებული მოსამსახურეები და დაინიშნა გასაუბრების ჩატარების თარიღი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 23.02.218წ. N2 ოქმის თანახმად, გაიმართა გასაუბრება თანამშრომლებთან, რა დროსაც შეფასება განხორციელდა 4 (ოთხ) დონიანი სისტემით (1 - დამაკმაყოფილებელი, 2 - საშუალო, 3 - საშუალოზე დაბალი, 4 - არადამაკმაყოფილებელი), გასაუბრების შედეგებიდან გამომდინარე დადგინდა მ. დ-ის შეფასება - არადამაკმაყოფილებელი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 02.03.2018წ. N02207/10 წერილით, მ. დ-ეს შეატყობინეს რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მობილობის პროცედურების დაწყების შესახებ. სამსახურმა მიმართა რამოდენიმე საჯარო დაწესებულებას მ. დ-ის მობილობით გადასვლაზე თანხმობის მიღებასთან დაკავშირებით, რაზედაც აღნიშნულმა საჯარო დაწესებულებებმა განაცხადეს უარი. გენერალური აუდიტორის 02.04.2018წ. N03173/25 ბრძანებით მ. დ-ე გათავისუფლდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ...ის თანამდებობიდან.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მოსაზრებებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შტატების შემცირების გამო მ. დ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლიანობის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შემდეგი: ...ის თანამდებობა, რომელზედაც დანიშნული იყო მ. დ-ე, შემცირდა 19 საშტატო ერთეულით. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენდა ერთიდაიმავე დატვირთვის მქონე დასაქმებული 62 პირიდან იმ 19-ის შერჩევა, რომელიც დაექვემდებარებოდა გათავისუფლებას. აღნიშნულის მიზნით შეიქმნა კომისია, რომელმაც შეაფასა დასაქმებულთა კვალიფიკაცია, პროფესიული უნარ-ჩვევები და შესაძლებლობები. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე (სუსგ N300-291(კ-13), 26.09.2013წ.), რომლის მიხედვითაც კოლეგიური ორგანოს, სათათბირო ორგანოს ან საზოგადოებრივი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შემოწმება დაიშვება მხოლოდ კანონიერების და არა მიზანშეწონილობის თვალსაზრისით. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, მოცემულ შემთხვევაში, არსებითი დარღვევის გარეშე შეასრულა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონით დადგენილი სტანდარტი, გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის გარემოებები - დარჩენილ საშტატო ერთეულებზე დასაქმებულთა დატოვების მიზნით, შეისწავლა მათი პროფესიული უნარ-ჩვევები და ისე მიიღო გადაწყვეტილება. შესაბამისად, მ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.12.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. დ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებასთან მიმართებით არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი. კერძოდ, გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
კასატორს მიაჩნია, რომ მისი გათავისუფლების შესახებ გენერალური აუდიტორის 02.04.2018წ. №03173/25 ბრძანება არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას. ადგილი არ ქონია შტატების შემცირებას, რაც დასტურდება „საქართველოს 2019 წლის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის მიხედვით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საშტატო რიცხოვნობამ მოიმატა 14, ხოლო დეპარტამენტებისა და სამსახურების რაოდენობა - 8 ერთეულით, ყველა თანამშრომლის ხელფასი გაიზარდა 10%-ით. კასატორის მოსაზრებით, მისი გათავისუფლება მოხდა პოლიტიკური მოტივაციით.
კასატორი აღნიშნავს, რომ კომისიასთან გასაუბრება ჩაინიშნა შემჭიდროვებულ ვადებში, გენერალური აუდიტორის 20.02.2018წ. ბრძანებით ამავე წლის 23 თებერვლისთვის, პროგრამისა და თემატიკის მითითების გარეშე. ერთ-ერთი შემფასებელი იყო არაუფლებამოსილი პირი, რადგან შეფასება განახორციელა აჭარის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 125-ე მუხლის მე-7 მუხლის შესაბამისად კი, ამ კანონის ამოქმედება (2017 წლის 1 ივლისი) იწვევს საჯარო მოხელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული პირის უფლებამოსილების შეწყვეტას. ამასთან, მ. დ-ის მოსაზრებით, სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო 21.12.2017წ. შეფასების შედეგები, რომელთა მიხედვითაც სხვა ...ებთან შედარებით მას არ ქონდა დაბალი ქულები. მ. დ-ე ასევე ყურადღებას ამახვილებს მადლობის სიგელზე, რომელიც კასატორს გადაეცა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციურ განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი საქმიანობისთვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს 26.12.2018წ. განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს მისი განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დავა გადაწყვიტა არსებითად სწორად.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.12.2018წ. განჩინება არ არის საკმარისად იურიდიულად დასაბუთებული. მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს კანონმდებლობასთან თანხვედრის დადგენის მიზნით სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა შესაბამისი ნორმატიული აქტები, მათ შორის „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი. საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა იმ მოთხოვნის იურიდიული საფუძველი, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლებას. ამდენად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.3 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელზე. იმავე კანონის 110.1 მუხლის თანახმად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების მიხედვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ...ის შტატი შემცირდა 19 ერთეულით. ამასთან, უშედეგოდ დასრულდა მობილობის განხორციელება, რადგან სხვა საჯარო დაწესებულებებმა არ გამოთქვეს თანხმობა მ. დ-ის მათთან გადასვლის თაობაზე, რის შემდგომაც კასატორი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას, რომ „საქართველოს 2019 წლის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითებით, ადგილი არ ქონია შტატების შემცირებას. აღნიშნული კანონი შეიცავს ზოგად ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შტატების საერთო რაოდენობის და არა უშუალოდ იმ ...ის საშტატო ერთეულის შესახებ, რაც დაკავებული ჰქონდა მ. დ-ეს. ...ის თანამდებობა, გენერალური აუდიტორის 01.02.2018წ. N01186/21 ბრძანებით, განისაზღვრებოდა 62, ხოლო 02.04.2018წ. N03133/21 ბრძანებით - 43 ერთეულით. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ რეორგანიზაციის შედეგად შემცირდა ...ის შტატი 19 ერთეულით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების (სუსგ Nბს-166-165(კ-16), 14.07.2016წ.) მიხედვით, რეორგანიზაცია შტატების შემცირებით საკანონმდებლო რეგულაციის დონეზე იძლევა თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს. შტატების შემცირების გამო მოხელის სამსახურიდან დათხოვნა უკავშირდება მუშაკთა უნარ-ჩვევების შეფასების უფლებამოსილებას, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს უქმნის დისკრეციის, შეფასების თავისუფლების ფართო არეალს. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი დაწესებულებაში შტატების შემცირების შემთხვევაში, ადმინისტრაციას ანიჭებს დისკრეციას, მოახდინოს თანამშრომელთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შრომის დისციპლინის და ა.შ ადეკვატური, ობიექტური შეფასება და მიიღოს შესაბამისი მოტივირებული გადაწყვეტილება. ამასთან, საკასაციო პალატამ 20.10.2010წ. Nბს-342-331(კ-10) საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით სასამართლოს შეუძლია იქონიოს მსჯელობა სადავო აქტის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხზე ანუ მის კანონიერებაზე, დავის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მიზანშეწონილობის მოსაზრებებით, უკანასკნელს არა აქვს პრიორიტეტული მნიშვნელობა კანონმდებლობის ნორმატიული მოთხოვნების დაცვასთან. სასამართლო ვერ იქონიებს მსჯელობას სადავო გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის ასპექტებზე, აქტის მიზანშეწონილობის გადამოწმება სცილდება სასამართლო კონტროლის ფარგლებს, რაც ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპით არის განპირობებული, სასამართლო ვერ იქცევა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოდ და თავად ვერ განახორციელებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, ვერ შეცვლის ადმინისტრაციულ მიხედულებას სასამართლოს მიხედულებით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2018 წლის 23 თებერვალს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, თანამშრომლებთან გაიმართა გასაუბრება დასაქმებულთა კვალიფიკაციის, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების შესაფასებლად, რა დროსაც მ. დ-ის შეფასებად განისაზღვრა - არადამაკმაყოფილებელი. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ მისი გათავისუფლებისას მხედველობაში არ იქნა მიღებული 21.12.2017წ. შეფასების შედეგები. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს რეორგანიზაციის მიმდინარეობისას მიღებულ გენერალური აუდიტორის 20.02.2018წ. N01864/21 ბრძანებაზე, რომლის 2.1 პუნქტის მიხედვით, 21.12.2017წ. შეფასების საფუძველზე განისაზღვრა გასაუბრებას დაქვემდებარებულ თანამშრომელთა წრე, ხოლო უშუალოდ 23.02.2018წ. კომისიასთან გასაუბრების შედეგების შესაბამისად კი მ. დ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა უშეცდომოდ. ამასთან, მართალია მ. დ-ეს გადაეცა მადლობის სიგელი, თუმცა საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ეს უკანასკნელი არ წარმოშობს მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობას და არც ასეთის წინაპირობას წარმოადგენს, მისი გადაცემა, როგორც წესი ემსახურება ადამიანის წახალისებას. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის გარემოებებთან ერთობლიობაში, განხორციელებული არაერთი შეფასების შედეგების გათვალისწინებით, მადლობის სიგელის გადაცემა არ მიუთითებს მ. დ-ის გათავისუფლების ბრძანების უკანონობაზე.
სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობას არ ადასტურებს გენერალური აუდიტორის 20.02.2018წ. ბრძანებით ამავე წლის 23 თებერვლისთვის გასაუბრების გამართვა, პროგრამისა და თემატიკის მითითების გარეშე. კონკრეტულ შემთხვევაში, აღნიშნული საკითხები განისაზღვრა გენერალური აუდიტორის 20.02.2018წ. N01864/21 ბრძანებით, რომელიც თავისმხრივ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და რომლის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაც, მხარეს, დადგენილი წესით, სადავო არ გაუხდია. ამასთან, სზაკ-ის 601 მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ფორმალური კანონიერების დარღვევა შესაძლოა საფუძვლად დაედოს აქტის ბათილად ცნობას მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი არსებითი ხასიათისაა, რაც განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება.
საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ იგი შეფასებულ იქნა არაუფლებამოსილი პირის მიერ. მართალია ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 125-ე მუხლის მე-7 მუხლის შესაბამისად, ამ კანონის ამოქმედებამ (2017 წლის 1 ივლისი), გამოიწვია საჯარო მოხელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული პირის უფლებამოსილების შეწყვეტა, თუმცა იმავე კანონის 50.1 მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულების ინტერესებიდან ან/და მოხელის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მოხელეს შესაძლებელია დროებით დაეკისროს ის ფუნქციები, რომელთა შესრულება არ განეკუთვნება მის მოვალეობებს.
კასატორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, იმავე ნორმიდან გამომდინარე და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ სამართლებრივ დასკვნებს. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ. დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.12.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ქ. ცინცაძე