№ბს-1334(კ-19) 4 მარტი, 2021 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 24 თებერვალს მ. ხ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, 2012 წლის 45 დღიანი გამოუყენებელი კუთვნილი შვებულებიდან დანაკლისი საშვებულებო თანხის - 1007,9 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით, მ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა მოსარჩელისათვის 2012 წლის 45 დღიანი გამოუყენებელი კუთვნილი შვებულებიდან დანაკლისი საშვებულებო თანხის - 1007,9 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ ის ფაქტი, რომ სახმელეთო ჯარების სარდლობის მე-... ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის მეთაურმა, 2012 წლის 26 თებერვლის №178 წერილით, მე-... ქვეითი ბრიგადის მეთაურს გაუგზავნა საარტილერიო ბატალიონის შტაბის ...-ის ოფიცრის, მაიორ - მ. ხ-ის მასალები საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნასთან დაკავშირებით „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის II თავის 21-ე მუხლის II პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (ზღვრული ასაკის მიღწევისას) თანახმად 2012 წლის 26 თებერვლიდან. წერილს დაერთო გასაუბრების ფურცელი, რომლის თანახმად, 2012 წლის 25 თებერვალს გასაუბრება ჩაუტარდა მაიორ - მ. ხ-ეს და ეცნობა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის II თავის 21-ე მუხლის II პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (ზღვრული ასაკის მიღწევისას) თანახმად. გასაუბრების ფურცელში მითითებულია, რომ მ. ხ-ე ეთანხმებოდა ჯარიდან მის დათხოვნას და რაიმე სახის პრეტენზია არ ჰქონდა დათხოვნასთან დაკავშირებით.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 26 მარტის №786 ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების სახმელეთო ჯარების მე-... ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის შტაბის ...-ის ოფიცერი (შტატი №...), მაიორი - მ. ხ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2012 წლის 26 თებერვლიდან, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (ზღვრული ასაკის მიღწევისას) თანახმად.
2012 წლის 1 აპრილის სამხედრო ნაწილი - ...-ის მეთაურის №61 ბრძანებით ამორიცხულად ჩაითვალა საარტილერიო ბატალიონის პირადი შემადგენლობის სიებიდან და დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის გამო 2012 წლის 26 თებერვლიდან საარტილერიო ბატალიონის შტაბის ...-ის ოფიცერი, მაიორი - მ. ხ-ე.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-... ქვეითი ბრიგადის მეთაურის 2017 წლის 20 მარტის №MOD 3 17 00258952 წერილის თანახმად მე-... ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის ყოფილ ს/მოსამსახურეს, მაიორ - მ. ხ-ეს ზღვრული ასაკი შეუსრულდა 2012 წლის 26 თებერვალს, რის გამოც, ს/ნ - ...-ის მეთაურის 2012 წლის 25 თებერვლის №37 ბრძანებით მოხსნილი იქნა ყველა სახის კმაყოფიდან და გაშვებული იქნა სამსახურიდან, რის შემდეგაც შეიარაღებული ძალების რიგებიდან ამორიცხვამდე (2012 წლის 26 მარტი) სამხედრო ნაწილში არ იმყოფებოდა და არც რაიმე სახის დავალებებს არ ასრულებლდა. მაიორ - მ. ხ-ეს ერთჯერადი გასასვლელი დახმარება მიღებული აქვს 2012 წელს ს.თ.მ. 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 26-ე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ფულადი სარგოს (თანამდებობრივი სარგო 255 ლარი - წოდებრივი სარგო 50 ლარი) ათმაგი ოდენობით (უწყისი №91), რაც ჯამში შეადგენდა - 3 050, 00 (სამიათასორმოცდაათი) ლარს. 2012 წლის საანგარიშო პერიოდში მაიორ - მ. ხ-ეს კუთვნილი შვებულებით არ უსარგებლია (ცნობა №131) და გამოუყენებელი შვებულების თანხა საერთო ჯამით - 1 023,40 (ათასოცდასამი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარი მიღებული აქვს 2012 წლის №10 საშვებულებო უწყისით.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-... ქვეითი ბრიგადის საფინანსო, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და აღრიცხვის განყოფილების უფროსის 2017 წლის 6 ივნისის №MOD 2 17 00525684 ცნობის თანახმად, მ. ხ-ე (პ/ნ: ...) ნამდვილად მსახურობდა მე-... ქვეით ბრიგადაში და მისი დარიცხული ხელფასი შეადგენდა - 1 354,25 ლარს.
სახმელეთო ჯარების სარდლობის მე-... ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის მეთაურის 2012 წლის 2 აპრილის №185 ცნობის თანახმად, მ. ხ-ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობის ვადა შეადგენდა 15 წელს და 1 თვეს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი იყო ზღვრული ასაკის მიღწევა და არა დამსაქმებლის ინიციატივა, რაც გამორიცხავდა დამსაქმებლისათვის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობას, იმის გათვალიწინებით, რომ მ. ხ-ეს გამოუყენებელი შვებულების თანხა საერთო ჯამით 1023.40 ლარი მიღებული ჰქონდა და 2012 წლის 25 თებერვლის გასაუბრების ფურცლის მიხედვით, მ. ხ-ეს ჯარიდან დათხოვნასთან დაკავშირებით არ ჰქონდა არანაირი პრეტენზია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ხ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ „ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ 1936 წლის 4 ივნისის კონვენციის მე-6 მუხლის არასწორი ინტერპრეტაციით ფაქტობრივად უსაფუძვლოდ განმარტა, თუ მოსამსახურე სამსახურიდან განთავისუფლებული არ არის დამქირავებლის ინიციატივით, მოსამსახურეს უფლება არა აქვს მოითხოვოს ყოველწლიური კუთვნილი შვებულების გამოუყენებელი დღეების ანაზღაურება. კასატორის მითითებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მ. ხ-ე სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილია ზღვრული ასაკის მიღწევის გამო და არა დამსაქმებლის ინიციატივით, მას არ დაუკარგავს უფლება მოეთხოვა გამოუყენებელი შვებულების ფულადი ანაზღაურება, რადგანაც კუთვნილი შვებულების გამოუყენებელი დღეების ანაზღაურებას ითვალისწინებს საქართველოს პრეზიდენტის 1993 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების მე-15 თავის მე-6 პუნქტი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი.
ამასთან, მოსამართლე - ვასილ როინიშვილის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის გამო, 2020 წლის 24 ივნისს ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე ელექტრონული პროგრამის მეშვეობით განაწილდა მოსამართლე - ქეთევან ცინცაძეზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მ. ხ-ის სასარგებლოდ 2012 წლის 45 დღიანი გამოუყენებელი კუთვნილი შვებულებიდან დანაკლისი საშვებულებო თანხის - 1007,9 ლარის ანაზღაურების დაკისრებაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 26 მარტის №786 ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების სახმელეთო ჯარების მე-... ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის შტაბის ...-ის ოფიცერი (შტატი №...), მაიორი - მ. ხ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2012 წლის 26 თებერვლიდან, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (ზღვრული ასაკის მიღწევისას) თანახმად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც, შვებულების თანხის ანაზღაურება დაკავშირებულია დროის გარკვეულ პერიოდთან, შესაბამისად, წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რომლის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა (იხ. სუსგ 06.11.20წ. №ბს-172(კ-20); სუსგ 07.10.20წ. №ბს-341(კ-20).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს - მ. ხ-ეს არ აქვს დაცული 2012 წლის გამოუყენებელი კუთვნილი შვებულებიდან დანაკლისი საშვებულებო თანხის - 1007,9 ლარის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა, რაც მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველს წარმოადგენდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე