Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 217-დად 6 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მ. ტურავა (თავმჯდომარე),

მ. გოგელია,

მ. ისაევი

განიხილა ნ. ა-ას საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 21 მაისის დადგენილების გაუქმების თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. ა-ამ განცხადებით მიმართა პროკურატურას და მიუთითა შემდეგზე:

იგი შვილთან _ გ. ბ-თან და მის ოჯახთან (მეუღლე და შვილები) ერთად ცხოვრობდა და მუშაობდა ქ. ტრაბზონში. 2000 წლიდან მეუღლეებს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რძალთან ნ. ა-აც შეექმნა კონფლიქტური სიტუაცია. ამის გამო იგი იძულებული გახდა, საქართველოში დაბრუნებულიყო. 2001წ. 9 სექტემბერს ტრაბზონი დატოვა გ. ბ-აც _ იგი დეპორტირებულ იქნა თურქეთის რესპუბლიკიდან.

ნ. ა-ას განცხადებით, თ. ბ-მა ისარგებლა ამ ვითარებით, თავდაპირველად მოიპარა ფული _ 2500 აშშ დოლარი და ოქროულობა, შემდეგ კი შეამტვრია მათი საცხოვრებელი სახლის კარი და მოიპარა მისი კუთვნილი სხვადასხვა ნივთი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. ა-ამ მოითხოვა თ. ბ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და მისი დასჯა ჩადენილი ქურდობისათვის.

ქ. რუსთავის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელმა გ. უ-მა 2004წ. 26 აპრილს, განცხადებაში მოყვანილი ფაქტების ირგვლივ ჩატარებული მოკვლევის შემდეგ, გამოიტანა დადგენილება თ. ბ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, რაც დაასაბუთა იმით, რომ ნ. ა-ვა და თ. ბ-ი არიან ერთი ოჯახის წევრები და ერთმანეთს ედავებიან სხვადასხვა ნივთის მითვისებას, რაც მათ შორის ქონებრივი დავის საგანია და არა _ სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება; ქონებრივი დავა კი უნდა გადაწყდეს სასამართლოს წესით.

ეს პოზიცია გაიზიარა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნ. თ-მა და 2004წ. 21 მაისის დადგენილებით ქ. რუსთავის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლის 2004წ. 26 აპრილის დადგენილება თ. ბ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დატოვა უცვლელად.

კერძო საკასაციო საჩივრით თ. ა-ვა ითხოვს სასამართლოს დადგენილების გაუქმებას. იგი მიუთითებს, რომ მისმა რძალმა თ. ბ-მა ქ. ტრაბზონში არსებული დაკეტილი ბინის კარი შეამტვრია, გაიტანა და მიითვისა მის მიერ შეძენილი ნივთები. ფაქტის ირგვლივ მოკვლევა ჩატარებულია არასრულად, არ არის გამორკვეული ისეთი გარემოებები, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმისათვის, კერძოდ, მოკვლევა დაკმაყოფილდა მხოლოდ მისი (თ. ა-ას) და თ. ბ-ის განმარტებებით და არ დაინტერესებულა ქ. ტრაბზონში ფაქტის უშუალო შემსწრე მოწმეთა გამოკითხვით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. ა-ვა ითხოვს სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის თაობაზე როგორც ქ. რუსთავის საგამოძიებო განყოფილების 2004წ. 26 აპრილის, ისე რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 21 მაისის დადგენილებების გაუქმებას და თ. ბ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას.

საკასაციო პალატის სხდომაზე ნ. ა-ამ მხარი დაუჭირა საჩივარს.

პროკურორმა ნ. მ-ემ იშუამდგომლა ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 21 მაისის დადგენილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ გამოიკვლია წარმოდგენილი მასალები, საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და თვლის, რომ მოსამართლის დადგენილება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

პალატა მიიჩნევს, რომ როგორც მოკვლევამ, ისე სასამართლომ სრულყოფილად გამოიკვლიეს ნ. ა-ს საჩივარში მითითებული გარემოებები და სამართლებრივადაც სწორად შეაფასა.

ის, რომ ნ. ა-ვა და თ. ბ-ლი არიან ერთი ოჯახის წევრები და ეწეოდნენ ერთ საოჯახო მეურნეობას, არ არის უარყოფილი მათივე განმარტებებით. გამოკითხვით დასტურდება ისიც, რომ მათ შორის დავა მიმდინარეობს სხვადასხვა ნივთის თაობაზე, რომელიც, ნ. ა-ას განმარტებით, მოჰპარა თ. ბ-მა, ხოლო თ. ბ-ის განცხადებით, ეს ნივთები შეძენილია ერთად ცხოვრების პერიოდში და ისინი ქ. რუსთავში თავად დედამთილმა ნ. ა-ამ წამოიღო.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა ეთანხმება სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის არსებული დავა არ სცილდება სამოქალაქო დავის ფარგლებს და იგი განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. მით უფრო, რომ საკითხი ეხება თურქეთში, ტრაბზონში მომხდარ ფაქტს, რის შესახებაც ნ. ა-ას ადგილზე პოლიციისათვის არ შეუტყობინებია, ქ. რუსთავის საგამოძიებო განყოფილება კი მოკლებული იყო შესაძლებლობას შეემოწმებინა ადგილზე ნ. ა-ას განცხადებაში მოყვანილი გარემოებები. აქედან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს დადგენილება თ. ბ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ სწორია და არ იზიარებს საჩივრის მოტივებს მისი გაუქმების თაობაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მოქალაქე ნ. ა-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 21 მაისის დადგენილება თ. ბ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.