გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 219-დად 13 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),
ნ. გაბრიჩიძე,
მ. ისაევი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განსახილველად შემოვიდა მოქალაქე გ. ჯ-ის კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 5 მაისის განჩინებაზე, რომლითაც განუხილველად დარჩა გ. ჯ-ის რწმუნებულის _ თ. გ-ის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 12 თებერვლის დადგენილებაზე.
საჩივარი ითხოვს საოლქო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და სააპელაციო საჩივრის იმავე სასამართლოსათვის განსახილველად გადაცემას.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. ჯ-მა საჩივრით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა კერძო ბრალდების საქმეთა წარმოების წესით ვალერი მანჯგალაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა საქართველოს სსკ-ის 148-ე მუხლით (ცილისწამება).
მოსამართლე ი. ლ-ის 2004წ. 12 თებერვლის დადგენილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ვ. მ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე გ. ჯ-ნს უარი ეთქვა. სასამართლოს ეს დადგენილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ჯ-ის რწმუნებულმა თ. გ-ემ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ 2004წ. 5 მაისის განჩინებით თ. გ-ის საჩივარი დატოვა განუხილველად, რის საფუძვლადაც მიუთითა შემდეგ გარემოებაზე:
სანოტარო წესით დამოწმებული რწმუნებულების მიხედვით, თ. გ-ეს ევალებოდა გ. ჯ-ის ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესების დაცვა საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლაწარმოების საქმეებზე. ცილისწამების შესახებ კერძო ბრალდების საქმეზე, როგორც სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ ქმედებაზე, გ. ჯ-ნს თ. გ-სათვის რწმუნება არ მიუცია. საქმის მასალებში არ მოიპოვება გ. ჯ-ის თანხმობა თ. გ-ის მხრიდან სასამართლოს დადგენილების სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე. თვით თ. გ-ეს სააპელაციო სასამართლოში არ წარუდგენია ადვოკატთა კოლეგიის, ფირმის ან ბიუროს ორდერი (სსსკ-ის 82 მუხლი). ამრიგად, თ. გ-ძე არაუფლებამოსილი პირი იყო, გაესაჩივრებინა სასამართლოს დადგენილება.
გ. ჯ-ის კერძო საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ თ. გ-ძე უფლებამოსილი იყო, სააპელაციო წესით გაესაჩივრებინა სასამართლოს დადგენილება, ამის გამო მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და სააპელაციო საჩივრის ქუთაისის საოლქო სასამართლოში განსახილველად დაბრუნებას.
პალატის სხდომაზე გ. ჯ-მა ითხოვა მისი საჩივრის დაკმაყოფილება, რასაც მხარი არ დაუჭირა ადვოკატმა მ. დ-ემ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა კასატორსა და დაინტერესებული პირის ადვოკატს, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ გ. ჯიშკარიანის კერძო საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება თ. გ-ის სახელით შესრულებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, სავსებით დასაბუთებული და კანონიერია. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 631-ე მუხლის შესაბამისად, თუ არსებობს გარემოება, რომელიც გამორიცხავს კერძო ბრალდების წესით სისხლის სამართლის საქმის წარმოებას, ან თუ არ დადგინდა საფუძველი კერძო ბრალდების საქმის აღსაძრავად, მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ. მოსამართლის დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით. სააპელაციო სასამართლოს უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე, საბოლოოა და საკასაციო ინსტანციაში გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
ამრიგად, მოქალაქე გ. ჯ-ის კერძო საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის განხილვის საგანი არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა" ქვეპუნქტით, 568-ე და 631-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მოქალაქე გ. ჯ-ის კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 5 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.