საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-661(კ-20) 2 აპრილი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ს-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო).
2018 წლის 26 იანვარს მ. ს-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს 2017 წლის 1 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მ. ს-სთვის საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ს-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ს-მ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით მ. ს-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ს-მ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 ივლისის განჩინებით კასატორს – მ. ს-ს დაევალა ხარვეზის შესახებ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითრის დედნისა და რ. ხ-ას სახელზე გაცემული, საკასაციო საჩივრის წარდგენის სპეციალური უფლებამოსილების შემცველი მინდობილობის ან უშუალოდ კასატორის (მ. ს-ს) მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა, იმდენ ასლად რამდენი მხარეც არის საქმეში; კასატორს ასევე განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 ივლისის ხარვეზის შესახებ განჩინების შემცველი გზავნილი მ. ს-ს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე (ქ. ქუთაისი, ...ის ქ. №32/16) არაერთგზის და საქართველოს უზენაეს სასამართლოში შპს „...-ს“ გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის თანახმად, მითითებულ მისამართზე კურიერის მიერ რამდენჯერმე განხორციელებული ვიზიტის მიუხედავად გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ განხორციელდა. ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულია ის გარემოება, რომ „სახლი დაკეტილია“.
2020 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მომართა მ. ს-ს წარმომადგენელმა რ. ხ-ამ, რომელმაც სასამართლოს მიერ დადგენილ ხარვეზზე საპროცესო ვადის გაგრძელება მოითხოვა ერთი თვით იმ მოტივით, რომ Covid-19-ის პანდემიის გამო ვერ ხერხდებოდა მ. ს-სთან დაკავშირება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით კასატორის - მ. ს-ს წარმომადგენლის - რ. ხ-ას შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 14 დღით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ოქტომბრის ხარვეზზე საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების შემცველი გზავნილი მ. ს-ს გაეგზავნა საქმეში მითითებულ ალტერნატიულ მისამართზე (ქ. ქუთაისი, ...ის გამზ. №41/32) და საქართველოს უზენაეს სასამართლოში შპს „...-ს“ გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის თანახმად, მითითებულ მისამართზე ადრესატისათვის ჩაბარება ვერ განხორციელდა. ჩაუბარებლობის მიზეზად კურიერის მიერ მითითებულია ის გარემოება, რომ „ადრესატი ადგილზე არ დამხვდა, იმყოფება თბილისში“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ოქტომბრის ხარვეზზე საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების შემცველი გზავნილი მ. ს-ს გაეგზავნა სასამართლოსათვის ცნობილ ალტერნატიულ მისამართზე (წყალტუბოს რაიონი, სოფელი ...ი, ...ის ქ. №20) და 2020 წლის 13 ნოემბერს ჩაბარდა მ. ფ-ეს (პ/ნ ...).
საქმეში მოსარჩელის მიერ მითითებული იყო მხოლოდ ერთი მისამართი, რომელზეც კასატორს არაერთგზის გაეგზავნა ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 ივლისისა და ხარვეზზე საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ოქტომბრის განჩინებების შეცველი გზავნილები და ვერ ჩაჰბარდა ადრესატის ადგილზე არ ყოფნის გამო. ამასთან, შეცვლილი მისამართის შესახებ მხარეს არ უცნობებია სასამართლოსთვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით დადგენილი წესით. ასევე საგულისხმოა, ის ფაქტი რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი მ. ს-ს მიერ რ. ხ-ას სახელზე გაცემული საკასაციო საჩივრის წარდგენის სპეციალური უფლებამოსილების შემცველი მინდობილობა და არც მ. ს-სთან მ. ფ-ის რაიმე სახის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება.
ამდენად, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვერც რ. ხ-ასათვის და ვერც მ. ფ-ისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება ვერ ჩაითვლებოდა ადრესატისათვის - მ. ს-სათვის ჩაბარებად. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა განჩინება ხარვეზის შესახებ განჩინების საჯაროდ გავრცელების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განჩინების ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-661(კ-20) (კასატორი - მ. ს-; მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) საჯაროდ გავრცელებით კასატორს - მ. ს-ს ეცნობა, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 ივლისის განჩინებით, კასატორს – მ. ს-ს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითრის დედნის სახით წარმოდგენა (მიმღები - ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - TRESGE22; ხაზინის ერთიანი ანგარიშის №200122900; საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150); კასატორს - მ. ს-ს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში რ. ხ-ას სახელზე გაცემული, საკასაციო საჩივრის წარდგენის სპეციალური უფლებამოსილების შემცველი მინდობილობის ან უშუალოდ მის (მ. ს-ს) მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა, იმდენ ასლად რამდენი მხარეც არის საქმეში; კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განჩინების საჯაროდ გავრცელებით კასატორს - მ. ს-ს ეცნობა, რომ ხარვეზზე საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით კასატორის – მ. ს-ს წარმომადგენლის - რ. ხ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 14 დღით; კასატორს - მ. ს-ს დაევალა ხარვეზის შესახებ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითრის დედნის სახით წარმოდგენა (მიმღები - ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - TRESGE22; ხაზინის ერთიანი ანგარიშის №200122900; საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150); კასატორს - მ. ს-ს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში რ. ხ-ას სახელზე გაცემული, საკასაციო საჩივრის წარდგენის სპეციალური უფლებამოსილების შემცველი მინდობილობის ან უშუალოდ მის (მ. ს-ს) მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა, იმდენ ასლად რამდენი მხარეც არის საქმეში; კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი; განჩინება საჯაროდ გავრცელდა საქართველოს სასამართლოების საქმისწარმოების სისტემის ვებგვერდზე განთავსებით (www.ecd.court.ge); კასატორს - მ. ს-ს განემარტა, რომ სასამართლო უწყება ჩაბარებულად ჩაითვლებოდა სასამართლო შეტყობინების საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებიდან მე-7 დღეს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ განუხილველი დარჩება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი საჯარო შეტყობინების განხორციელების შესახებ ბარათის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განჩინების ვებგვერდზე განთავსების (გასაჯაროების) თარიღია 2021 წლის 9 მარტი. ამდენად, მ. ს-სათვის ხარვეზის შევსების ვადის დენა დაიწყო - 17 მარტს და ამოიწურა 2021 წლის 31 მარტს (ოთხშაბათს).
ამდენად, მ. ს-ს ხარვეზის შევსების ვადა 2021 წლის 31 მარტს (სამშაბათი) 24:00 საათზე ამოეწურა. კასატორმა - მ. ს-მ, ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი, საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მ. ს-ს საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლებით, 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს მ. ს-ს საკასაციო საჩივარი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე