კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-7(კს-21) 2 აპრილი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე,
ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ნოემბრის განჩინებაზე (აპელანტი - შპს „...ა“; მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; „რეფერალური მომსახურების" ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი კომისია; მესამე პირი (სასკ-ის 16.1 მუხ.) - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო).
2018 წლის 27 დეკემბერს შპს „...ამ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 03 ნოემბრის №331 დადგენილების შესაბამისად, „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში პაციენტებისათვის სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი კომისიის 2015 წლის 21 აგვისტოს №38 სხდომის ოქმის შპს „ა...ის“ ნაწილში ბათილად ცნობა და შპს „...ას“ სასარგებლოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის შპს „ა...ის“ მიერ გაწეული მომსახურების (მედიკამენტების მიწოდება) სრულ საფასურსა და უკვე ანაზღაურებულ თანხას შორის არსებული სხვაობის - 91 487.56 ლარის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხეებად მიეთითნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და „რეფერალური მომსახურების" ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი კომისია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით შპს „...ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 05 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შუამდგომლობა და საქმეში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2021 წლის 01 თებერვლის განჩინებით მიიჩნია, რომ კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას, კერძოდ, წარმოდგენილ კერძო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამასთან, კანონმდებლობის შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორი არ იყო გათავისუფლებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 01 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს – სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის ქვითრის დედანი. კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ განუხილველი დარჩება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 01 თებერვლის განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით, გაიგზავნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ მისამართზე და 2021 წლის 18 თებერვალს ჩაბარდა უფლებამოსილ პირს. კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა ამოეწურა 2021 წლის 1 მარტს (ვინაიდან, მე-10 დღე 28 თებერვალი იყო - კვირა). კერძო საჩივრის ავტორმა - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო 2021 წლის 01 თებერვლის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მიუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LI თავი განსაზღვრავს კერძო საჩივრის განხილვის წესსა და თავისებურებებს. აღნიშნული კოდექსის 417-ე და 420-ე მუხლების თანახმად, კერძო საჩივარი საქმესთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს, რომელიც მის განხილვას აწარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესით.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლებით, 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 417-420 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე