Facebook Twitter

საქმე #ბს-156(კ-21) 8 აპრილი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 28 მაისს შპს „...-მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის (...ის საოლქო საგადასახადო ინსპექციის) მიერ შპს „...-ის“ ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული დღგ-ის ჩათვლების გაუქმების შედეგად დარიცხული საურავების - 57 3954 ლარის უკანონოდ ცნობა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება, ასევე, უძრავი ნივთის ნატურით გადაცემის შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს #A11058251-009/001 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 იანვრის განჩინებით შპს „...-ის“ სარჩელზე მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინნისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2012 წლის 29 მაისის #A11058251-009/001 განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.

საბოლოოდ, მოსარჩელემ სარჩელის დაზუსტების შედეგად სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 1 თებერვლის #21-04/13021 აქტის ბათილად ცნობა და სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო უკანონოდ დარიცხული საურავის თაობაზე შპს „...“-ის საქმის ხელახლა შესწავლის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „...-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 1 თებერვლის #21-04/13021 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო თუკი მიიჩნევდა, რომ საკითხის გადაწყვეტა არ განეკუთვნებოდა მის კომპეტენციას, განცხადება განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის; სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მომართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც უარი თქვა საკასაციო საჩივარზე და საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლი აპელანტს ანიჭებს საპროცესო უფლებას უარი თქვას მის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე. მითითებული ნორმის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

მოცემულ შემთხვევაში, კასატორი – სსიპ შემოსავლების სამსახური უარს ამბობს საკასაციო საჩივრის განხილვაზე, ამასთან, მისი მხრიდან საკასაციო საჩივარზე უარის თქმა არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლზე მითითებით, საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მხარეს განუმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 378-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება დაკმაყოფილდეს;

2. სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება;

3. მხარეს განემარტოს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგად, მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე