საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე #ბს-233(კ-21) 2 აპრილი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ლ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებაზე.
2020 წლის 4 დეკემბერს ლ. ჯ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების მიმართ (დაინტერესებული პირი - ნ. გ-ი).
მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების მიერ 2020 წლის 2 დეკემბერს გამოცემული #... შემაკავებელი ორდერის გაუქმება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ჯ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებით ლ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ჯ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. ამასთან, ლ. ჯ-მა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის საქმის განსახილველად გადაცემის შესახებ იშუამდგომლა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.
საქმის მასალებით დგინდება, რომ სარჩელი აღძრულია შემაკავებელი ორდერის გაუქმების მოთხოვნით, რაზეც ნამსჯელი აქვს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114 მუხლი შეეხება შემაკავებელი ორდერის გამოცემისა და გასაჩივრების წესს. კერძოდ, მოცემული მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. ამავე კოდექსის 2114.12 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114.12 მუხლით დადგენილია გასაჩივრების სპეციალური წესი, რომელიც იმპერატიულია, შესაბამისად, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 3.1 მუხლის თანახმად, სავალდებულოა შესასრულებლად და არ განეკუთვნება საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას.
მართალია, საქართველოს კონსტიტუციის 31.1 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, ამასთან, საერთო სასამართლოების სისტემა სამი ინსტანციის სასამართლოსაგან შედგება („საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 2.1 მუხლი), თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს გარკვეული კატეგორიის დავების მხოლოდ ორი ინსტანციით განხილვის შესაძლებლობას. სასამართლოს ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის (სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - „დორადო ბაულდე ესპანეთის წინააღმდეგ“, #23486/12, §18, 01 მაისი 2015) მიხედვით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და არც მე-13 (უფლება სამართლებრივი დაცვის ქმედით საშუალებაზე) მუხლი როგორც ასეთი, არ განსაზღვრავს გასაჩივრების უფლებას ან უფლებას იურისდიქციის მეორე დონეზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შემაკავებელ ორდერთან დაკავშირებული საქმის წარმოება სასამართლო სისტემაში არის ორსაფეხურიანი. მოცემული საქმისწარმოება მიმდინარეობს მხოლოდ ორი ინსტანციის სასამართლოში და სრულდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვით, საჩივრის წარდგენის შემთხვევაში. სააპელაციო პალატის მიერ მსგავს დავებზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვას არ ექვემდებარება.
შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნილია განჩინების გაუქმება, რომლის კანონიერების შემოწმებაც არ შეუძლია საკასაციო სასამართლოს, ვინაიდან ის გამოცემულია ორსაფეხურიანი დავის ფარგლებში. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს შემაკავებელ ორდერთან დაკავშირებით მიღებული აქტების საკასაციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას. მსგავსი კატეგორიის დავის ფარგლებში მიღებული ნებისმიერი აქტის კანონიერების შემოწმება სრულდება სააპელაციო სასამართლოში, რის შესახებაც ასევე განემარტა მხარეს თავად გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილით, რომელშიც მითითებულია, რომ განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ასევე მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის საქმის განსახილველად გადაცემასთან დაკავშირებით მხარის შუამდგომლობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114 მუხლის მე-12 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის საქმის განსახილველად გადაცემის შესახებ ლ. ჯ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე