გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 231-დად 8 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მ. ტურავა (თავმჯდომარე),
ნ. გვენეტაძე,
მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ ზ. ჯ-ის კერძო საკასაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 10 ივნისის დადგენილებაზე, რომლითაც მსჯავრდებულს უარი ეთქვა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
სენაკის რაიონული სასამართლოს 2004წ. 29 იანვრის განაჩენით ზ. ჯ-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებული ზ.ჯ-ნი სასჯელს იხდის 2003წ. 4 სექტემბრიდან.
2004წ. 7 ივნისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹8 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს მსჯავრდებულ ზ.ჯ-ის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 10 ივნისის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა წარდგინება და მსჯავრდებულ ზ. ჯ-ნს უარი ეთქვა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.
მსჯავრდებული ზ.ჯ-ნი კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლო დადგენილების გაუქმებას და პირობით ვადამდე განთავისუფლებას იმ მოტივით, რომ დანიშნული სასჯელის 1/2 მოიხადა 2004წ. 4 ივნისს.
პროკურორი ო.რ-ია მხარს უჭერს საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებული ზ. ჯ-ნი სასჯელს იხდის 2003წ. 4 სექტემბრიდან. შეფარდებული სასჯელის ნახევარი მოიხადა 2004წ. 4 ივნისს. ამდენად, მას, საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასჯელის ნახევარი უკვე მოხდილი აქვს, რაც ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის დადებითად გადასაწყვეტად.
მსჯავრდებულ ზ.ჯ-ნს დაწესებულების ადმინისტრაცია ახასიათებს დადებითად. კერძოდ, დახასიათებაში მითითებულია, რომ ზ.ჯ-ნი ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; მეგობრობს გამოსწორების გზაზე მგდომ მსჯავრდებულებთან; სასჯელის მოხდის პერიოდში რეჟიმის მოთხოვნათა დარღვევაში შემჩნეული არ ყოფილა; ოჯახში ჰყავს ავადმყოფი მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი; ზ.ჯ-მა თავისი ყოფაქცევით დაამტკიცა, რომ დგას გამოსწორების გზაზე და შეგნებული აქვს ჩადენილი დანაშაული.
ზ.ჯ-ნი სასჯელს იხდის ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ზ.ჯ-ის გამოსწორებისათვის საჭირო არ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა და მიზანშეწონილად თვლის, ზ. ჯ-ნი პირობით ვადამდე გათავისუფლდეს დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე, 568-ე, 610-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ზ. ჯ-ის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 10 ივნისის დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებულს უარი ეთქვა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.
მსჯავრდებული ზ. ჯ-ნი სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.
განჩინება შესასრულებლად გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.