ბს-929 (კ-19) 01 აპრილი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ვ. ჯ-ის, ზ. ქ-ის, ნ. დ-ის, ნ. ჯ-ის, ლ. გ-ის, ს. ზ-ისა და ნ. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.03.2019წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. ჯ-ემ, ზ. ქ-ემ, ნ. დ-ემ, ნ. ჯ-ემ, ლ. გ-ემ, ს. ზ-ემ და ნ. დ-ემ სარჩელი აღძრეს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის და მესამე პირების ხ. მ-ის, ი. ც-ის, ე. პ-ის, რ. ჩ-ის, ნ. ვ-ის, მ. ნ-ის, ზ. ზ-ის, მ. გ-ის, მ. ა-ის და ჯ. მ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 26.12.2017წ. გადაწყვეტილებით ბმა ,,...-ის“ წევრების - ვ. ჯ-ის, ზ. ქ-ის, ნ. დ-ის, ნ. ჯ-ის, ლ. გ-ის, ს. ზ-ისა და ნ. დ-ის სარჩელი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის, მესამე პირების, ხ. მ-ის, ი. ც-ის, ე. პ-ის, ნ. ვ-ის, მ. ნ-ის, ზ. ზ-ის, მ. გ-ის, მ. ა-ის, ჯ. მ-ისა და რ. ჩ-ის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ვ. ჯ-ის, ზ. ქ-ის, ნ. დ-ის, ნ. ჯ-ის, ლ. გ-ის, ს. ზ-ისა და ნ. დ-ის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.03.2019წ. გადაწყვეტილებით ამხანაგობა „...-ის“ წევრების ვ. ჯ-ის, ზ. ქ-ის, ნ. დ-ის, ნ. ჯ-ის, ლ. გ-ის, ს. ზ-ის და ნ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ქ. ბათუმის მერიის 25.11.1999წ. №236 გადაწყვეტილების თანახმად, ქ.ბათუმში, ...ის ქუჩის ...-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სხვენი ამოირიცხა საცხოვრებელი ფართის კატეგორიიდან და ... გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ...ა კავშირს. საცხოვრებელი სახლის სხვენში მოეწყო მანსარდული ტიპის სართული, მაღალი კეხით, რომლის სიმაღლე იატაკიდან კეხამდე შეადგენს 5.7 მეტრს. მოცემულ სივრცეში არსებულ ფართებზე დარეგისტრირდა ხ. მ-ის, ი. ც-ის, ე. პ-ის, ზ. ზ-ის, მ. გ-ის, ჯ. მ-ის, რ. ჩ-ის და გ. ს-ის საკუთრების უფლება. მესამე პირების ინდივიდუალურ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ფართები მდებარეობს სახლის ... მანსარდული ტიპის სართულზე, რომლის სიმაღლე იატაკიდან კეხამდე შედგენს 5.7 მეტრს. მოცემულ სივრცეში მოწყობილია ანტრესოლის დონე. ეს ფართობი მთლიანობაში წარმოადგენს ერთ მთელ მანსარდულ სართულს. სააპელაციო პალატამ მიუთითა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ შემდეგ მონაცემებზე:
საჯარო რეესტრის რეგისტრაციის შესახებ 01.09.2011წ. გადაწყვეტილებით ქ. ბათუმში, ...ის ქ....-ში მდებარე 139.35 კვ.მ. ფართზე (N1 ...ო) ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა ხ. მ-ის საკუთრების უფლება. რეგისტრაციის შესახებ 21.05.2013წ. გადაწყვეტილებით ამ უძრავ ნივთზე განხორციელდა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია და განცხადებაზე დართული აზომვითი ნახაზის (ანტრესოლის ფართი 53.37 კვ.მ.) შესაბამისად ხ. მ-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 192.72 კვ.მ. ფართზე (ს/კ ...).
საჯარო რეესტრის რეგისტრაციის შესახებ 13.09.2011წ. გადაწყვეტილებით ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარე 101.87 კვ.მ. ფართზე (...ო N2) ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა ი. ც-ის საკუთრების უფლება. რეგისტრაციის შესახებ 21.05.2013წ. გადაწყვეტილებით ამ უძრავ ნივთზე განხორციელდა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია და განცხადებაზე დართული აზომვითი ნახაზის (ანტრესოლის ფართი 53.37კვ.მ.) შესაბამისად, ი. ც-ის საკუთრების უფლება აღირიცხა 155.44 კვ.მ. ფართზე (ს/კ ...);
01.03.2006წ. განცხადებაზე დართული იპოთეკისა და ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარე 132.77 კვ.მ. ფართზე (...ო N3) აღირიცხა მ. ნ-ის საკუთრების უფლება. რეგისტრაციის შესახებ 21.05.2013წ. გადაწყვეტილებით ამ უძრავ ნივთზე განხორციელდა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია და განცხადებაზე თანდართული აზომვითი ნახაზის (ანტრესოლის ფართი 53.37კვ.მ.) შესაბამისად, მ. ნ-ის საკუთრების უფლება აღირიცხა 186.14 კვ.მ. ფართზე (ს/კ ...);
საჯარო რეესტრის რეგისტრაციის შესახებ 29.06.2010წ. გადაწყვეტილებით ქ. ბათუმში, ...ის ქ....-ში მდებარე 97.87 კვ.მ. ფართზე (...ო N4) ნასყიდობის (გამოსყიდვის უფლებით) ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა ნ. ვ-ის საკუთრების უფლება. რეგისტრაციის შესახებ 14.02.2011წ. გადაწყვეტილებით ამ უძრავ ნივთზე ბმა ,,...“-ის 26.01.2011წ. N2 საერთო კრების ოქმის საფუძველზე ნ. ვ-ის საკუთრების უფლება აღირიცხა 127.21კვ.მ. ფართზე. რეგისტრაციის შესახებ 21.05.2013წ. გადაწყვეტილებით ამ უძრავ ნივთზე განხორციელდა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია და განცხადებაზე დართული შესრულებული აზომვითი ნახაზის (ანტრესოლის ფართი 53.37კვ.მ.) შესაბამისად ნ. ვ-ის საკუთრების უფლება აღირიცხა 180.78 კვ.მ. ფართზე (ს/კ ...), ხოლო რეგისტრაციის შესახებ 26.12.2013წ. გადაწყვეტილებით ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე - მ. გ-ის საკუთრების უფლება;
საჯარო რეესტრის რეგისტრაციის შესახებ 03.08.2010წ. გადაწყვეტილებით ქ. ბათუმში, ...ის ქ....-ში მდებარე 122.5კვ.მ. ფართზე (...ო N5) 28.07.2010წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა ზ. ზ-ის საკუთრების უფლება. რეგისტრაციის შესახებ 01.11.2012წ. გადაწყვეტილებით ამ უძრავ ნივთზე ბმა ,,...“-ის 22.10.2012წ. საერთო კრების N27 ოქმის საფუძველზე ზ. ზ-ის საკუთრების უფლება აღირიცხა 66.5კვ.მ. ფართზე და ბინას მიენიჭა ნომერი .... რეგისტრაციის შესახებ 21.05.2013წ. გადაწყვეტილებით ამ უძრავ ნივთზე განხორციელდა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია და განცხადებაზე დართული აზომვითი ნახაზის (ანტრესოლის ფართი 53.37 კვ.მ.) შესაბამისად ზ. ზ-ის საკუთრების უფლება აღირიცხა 119.87 კვ.მ. ფართზე. რეგისტრაციის შესახებ 25.12.2013წ. გადაწყვეტილებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ამ უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა გ. ს-ის საკუთრების უფლება, ხოლო რეგისტრაციის შესახებ 03.12.2015წ. გადაწყვეტილებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე - მ. ა-ის საკუთრების უფლება;
საჯარო რეესტრის რეგისტრაციის შესახებ 30.11.2012წ. გადაწყვეტილებით ქ. ბათუმში, ...ის ქ....-ში მდებარე 104,13 კვ.მ. ფართზე (...ო N6) ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა ე. პ-ის საკუთრების უფლება. რეგისტრაციის შესახებ 20.02.2013წ. გადაწყვეტილებით ამ უძრავ ნივთზე ბმა ,,...“-ის საერთო კრების N2 ოქმის საფუძველზე ე. პ-ის საკუთრების უფლება აღირიცხა 125კვ.მ. ფართზე და ბინას მიენიჭა ნომერი .... რეგისტრაციის შესახებ 21.05.2013წ. გადაწყვეტილებით ამ უძრავ ნივთზე განხორციელდა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია და განცხადებაზე დართული აზომვითი ნახაზის (ანტრესოლის ფართი 53.37კვ.მ.) შესაბამისად, ე. პ-ის საკუთრების უფლება აღირიცხა 178,57კვ.მ. ფართზე (ს/კ ...);
22.06.2005წ. განცხადებაზე დართული 07.02.2000წ. პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარე 101.87კვ.მ. ფართზე (...ო N8) აღირიცხა რ. ჩ-ის საკუთრების უფლება. რეგისტრაციის შესახებ 22.05.2013წ. გადაწყვეტილებით ამ უძრავ ნივთზე განხორციელდა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია და განცხადებაზე დართული აზომვითი ნახაზის (ანტრესოლის ფართი 53.37კვ.მ.) შესაბამისად რ. ჩ-ის საკუთრების უფლება აღირიცხა 155.44 კვ.მ. ფართზე (ს/კ ...).
სააპელაციო პალატამ მიუთითა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, „ანტრესოლი“ განიმარტება, როგორც ინტერიერის/სამყოფის სივრცეში იატაკის ზედაპირის შესაქმნელად მოწყობილი კონსტრუქცია, რომელიც ინტერიერის/სამყოფის ნაწილს ყოფს ორ სართულად და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2010წ. N4 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-14 მუხლის 25-ე პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ უძრავი ნივთი წარმოადგენს დუპლექსის ტიპის ნაგებობას, ან როდესაც ერთ სისტემაში გაერთიანებულ სხვადასხვა სართულზე მდებარე სათავსებს აქვთ ერთი შესასვლელი, რეგისტრაცია ხორციელდება, როგორც ერთ სარეგისტრაციო ობიექტზე. ასევე, ერთ სარეგისტრაციო ობიექტად რეგისტრირდება მრავალსართულიანი შენობა-ნაგებობა, თუ ის მთლიანად ერთი პირის ინდივიდუალურ ან პირების საერთო საკუთრებას წარმოადგენს. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებებით ხ. მ-ის, მ. ნ-ის, ნ. ვ-ის, ი. ც-ის, ე. პ-ის, რ. ჩ-ისა და ზ. ზ-ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ნივთებზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის განხოციელებით ამ პირების სახელზე საკუთრების უფლება ანტრესოლზე წარმოიშვა არა როგორც ცალკე უფლების ობიექტზე, არამედ მთლიან ფართთან ერთად. სააპელაციო პალატის მითითებით, მესამე პირებმა ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართეს საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაციის მოთხოვნით, რომელსაც არ გამოუწვევია მათი ინდივიდუალური საკუთრების უფლების მიმართ რაიმე არსებითი ხასიათის ცვლილება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მესამე პირების მიერ თავიანთ ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართების სარგებლობის პროცესში განხორციელებული მოქმედებები, მათ შორის განახლებული ნახაზების საფუძველზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია არავითარ ზეგავლენას არ ახდენს მოსარჩელე მხარის კანონიერ ინტერესებზე. სააპელაციო პალატის მითითებით სასამართლოს 17.10.2014წ. კანონიერ ძალაში შესული N3-314 გადაწყვეტილებითაც ირკვევა, რომ დაგეგმილი მშენებლობით არ იზრდებოდა მესამე პირების საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფართობი და არ იქმნებოდა ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგანი. ასევე დადგინდა, რომ დაგეგმილი მშენებლობა არავითარ ზეგავლენას არ ახდენს ამხანაგობის საერთო ქონებაზე. სააპელაციო პალატის მოსაზრებით ამხანაგობის წევრთა საკუთრების უფლება ...ის ქუჩა ...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის კუთვნილ საეზოვე მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია არა მათი კუთვნილი წილობრივი ოდენობით, არამედ თანასაკუთრების უფლებით, რაც მესამე პირების კუთვნილი ინდივიდუალური საკუთრების ფართების გაზრდის შემთხვევაშიც გამორიცხავს მოსარჩელეთა წილის შემცირებას მიწის ნაკვეთზე. პალატამ გარიგების საფუძველზე მ. გ-ისა და მ. ა-ის საკუთრების უფლების წარმოშობის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების კანონიერების შესახებ მიუთითა, რომ მ. გ-ისა და მ. ა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროისათვის არ არსებობდა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებით გათვალისწინებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტისა და უარის თქმის საფუძვლები, ვინაიდან ჩუქების და ნასყიდობის ხელშეკრულებები განიხილება ისეთ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი არაა შედავებული, რაც გამორიცხავს სარეგისტრაციო ჩანაწერის უსწორობაზე მსჯელობას. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე აპელანტების მიერ წარდგენილი ნ. დ-ის დაკვეთით შესრულებული აჭარის რეგიონული ექსპერტიზის 05.11.2018წ. საექსპერტო დასკვნა, რომლის შესაბამისად, ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში I სადარბაზოში ი. ც-ის კუთვნილ ბინაში და IV სადარბაზოში ჯ. მ-ის კუთვნილ ბინაში არ არის მოწყობილი ანტრესოლი და მათი მოწყობა ბინების იატაკიდან ჭერამდე არსებული მანძილებიდან გამომდინარე არ არის შესაძლებელი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სხვენის სახით არსებული მანსარდული სართული თავიდანვე იყო ინდივიდუალური საკუთრების საგანი და არ წარმოადგენდა მრავალბინიანი სახლის სხვა მესაკუთრეების საკუთრების ობიექტს. სააპელაციო პალატის მითითებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17.10.2014წ. გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული (საქმე N3-3/14) და მიღებულია იმავე მხარეებს შორის მიმდინარე დავაზე, დადგენილია, რომ მესამე პირთა კუთვნილ ფართებში მოწყობილია ანტრესოლის დონის მანსარდული ტიპის სართული. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მესამე პირების საკუთრებაში არსებულ ფართებში დღევანდელი მდგომარეობით მოწყობილი ანტრესოლების არსებობის საკითხი ვერ გახდება სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი, რადგანაც ის არ ცვლის მესამე პირების საკუთრების უფლებას უძრავი ქონების მიმართ. სააპელაციო პალატის მითითება, რომ მესამე პირების მიერ თავიანთ საკუთრებაში უკანონო სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, რაც იწვევს მოსარჩელეთა უფლებების დარღვევას, წარმოადგენს არა საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილობად ცნობის საფუძველს, არამედ სხვა დავის საგანს. სააპელაციო პალატის მოსაზრებით სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, მომზადებისა და გამოცემის პროცესში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 53-ე მუხლებით დაკისრებული ადმინისტრაციული წარმოების დროს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების ვალდებულება, დაცულ იქნა მოქმედი კანონმდებლობის, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მოთხოვნები. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, რის გამოც არ არსებობს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 27.04.2016წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.03.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ვ. ჯ-ის, ზ. ქ-ის, ნ. დ-ის, ნ. ჯ-ის, ლ. გ-ის, ს. ზ-ისა და ნ. დ-ის მიერ.
კასატორები აღნიშნავენ, რომ სადავო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები საჯარო რეესტრმა მიიღო ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ მონაცემებთან შედარების გარეშე, მხოლოდ მესამე პირების მიერ წარდგენილი განცხადებებისა და აზომვითი ნახაზების საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა მესამე პირების უფლების დამდგენი დოკუმენტები, ვინაიდან ასეთ დოკუმენტებს პრივატიზაციის ხელშეკრულებები წარმოადგენს, რომლებიც სამართლებრივ კავშირში ვერ იქნება ...ა კავშირთან. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს, რომ ანტრესოლი არ შეიძლება იყოს ცალკე უფლების ობიექტი (იხ. სუსგ ბს-1806-1761 (კ-10), 21.06.2011წ.). კასატორების მითითებით, ანტრესოლების ფართის რეგისტრაციით მესამე პირების საკუთრებაში რეგისტრირებული ფართი გაიზარდა 427,76კვ.მ.-ით, ამასთანავე, სხვენებში მოწყობილია სახანძრო ლუქები და საინვენტილაციო მილები, რომლებიც დღეისათვის გაუქმებულია. კასატორები მიუთითებენ, რომ სამოქალაქო კოდექსის მიღების დროისათვის ისინი შესახლებული იყვნენ ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში და მათზე უნდა გავრცელდეს იმ პერიოდში მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, შენობის ნაწილები, რომლებიც აუცილებელია ამ შენობის სიმტკიცისა და უსაფრთხოებისათვის, ისევე როგორც ბინის მესაკუთრეთა საერთო სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობანი, არ შეიძლება იყოს ინდივიდუალური საკუთრების საგანი მაშინაც კი, როცა ისინი ინდივიდუალურ საკუთრებაში მოქცეულ ფართობზეა განლაგებული. კასატორების მოსაზრებით აღნიშნული ნორმა არ იქნა გათვალისწინებული სააპელაციო სასამართლოს მიერ, რითაც დაირღვა კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლება. კასატორები აღნიშნავენ, რომ მესამე პირებს რეგისტრირებულ ფართებში ანტრესოლები არ აქვთ მოწყობილი, ხოლო ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ადგილზე არ შეამოწმეს ანტრესოლების რეალური მდგომარეობა. კასატორები მოითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.03.2019წ. განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განხილვისათვის დაბრუნებას სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის. მათ დამატებით მიუთითეს, რომ მესამე პირებმა ორქანობიანი სახურავი აქციეს ერთქანობიანად, ხოლო სახლის სახურავი წარმოადგენს ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებას. კასატორების მითითებით მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მესამე პირებს საკუთრებაში დაურეგისტრირა სახლის სხვენი, რომლის პრივატიზაცია საინჟინრო თვალსაზრისით დაუშვებელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ჯ-ის, ზ. ქ-ის, ნ. დ-ის, ნ. ჯ-ის, ლ. გ-ის, ს. ზ-ისა და ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინებების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქალაქ ბათუმის მერიის 25.11.1999წ. №236 გადაწყვეტილების თანახმად, ქ. ბათუმში, ...ის ქუჩის ...-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სხვენი ამოირიცხა საცხოვრებელი ფართის კატეგორიიდან და ... გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ...ა კავშირს. საქმის მასალებში დაცულია უძრავ ნივთებთან დაკავშირებული შემდეგი სარეგისტრაციო დოკუმენტები:
ქ. ბათუმის მერიის საბინაო სამმართველომ 17.01.2000წ. ცნობა გასცა საქართველოს არქიტექტორთა კავშირის ორგანიზაციის წევრზე რ. მ-ეზე იმის შესახებ, რომ რ. მ-ეს მერიის კაბინეტის 29.11.1999წ. N236 გადაწყვეტილებით ...ის ქ. ...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მანსარდში (... სართული) ...ოსათვის გამოეყო 121,85კვ.მ. ფართის მქონე N1 ...ო. 07.02.2000წ. პრივატიზაციის ხელშეკრულების თანახმად, რ. მ-ემ უსასყიდლოდ მიიღო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს კუთვნილი N1 ...ო, რომლის საერთო ფართია 121,85კვ.მ.. ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარე 121,85 კვ.მ. ფართზე 14.02.2007წ. დარეგისტრირდა რ. მ-ის საკუთრების უფლება. ბმა ,,...“-ის 29.07.2010წ. საერთო კრების N10 ოქმით რ. მ-ეს მიეცა უფლება, კრებაზე წარდგენილი ნახაზის შესაბამისად, ინდივიდუალურ საკუთრებად დაირეგისტრიროს ...ოს 139,35კვ.მ. ფართი. მითითებული ამხანაგობის კრების ოქმის საფუძველზე საჯარო რეესტრის 12.08.2010წ. გადაწყვეტილებით ქ. ბათუმში ...ის ქ. ...-ში მდებარე 139,35კვ.მ. ...ოზე დარეგისტრირდა რ. მ-ის საკუთრების უფლება, რომელიც საჯარო რეესტრის 01.09.2011წ. გადაწყვეტილებით 26.08.2011წ. ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა ხ. მ-ის საკუთრებად. საჯარო რეესტრის რეგისტრაციის შესახებ 21.05.2013წ. გადაწყვეტილებით მითითებულ უძრავ ნივთზე განხორციელდა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია და განცხადებაზე დართული აზომვითი ნახაზის (ანტრესოლის ფართი 53,37კვ.მ.) შესაბამისად, ხ. მ-ის საკუთრების უფლება აღირიცხა 192.72 კვ.მ. ფართზე (ს/კ ...);
ქ. ბათუმის მთავრობის 24.08.2006წ. N238 დადგენილებით ქ. ბათუმის მართვის ტერიტორიულ ორგანოს - ...ის ...ის ადმინისტრაციას დაერთო ნება ...ის ქ. ...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მანსარდში განთავსებულ 112,77კვ.მ. ფართის მქონე N6 ...ოზე - თ. ღ-ს, ხოლო 101,87კვ.მ. ფართის მქონე N2 ...ოზე - ხ. ი-ს გაუფორმოს პრივატიზაციის ხელშეკრულებები. ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარე 101,87 კვ.მ. ფართზე 11.09.2006წ. დარეგისტრირდა ქ. ბათუმის მერიის საკუთრების უფლება. 28.09.2006წ. პრივატიზაციის ხელშეკრულებით ქ. ბათუმის მერიამ ხ. ი-ს უსასყიდლოდ გადასცა საკუთრებაში ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, რომლის საერთო ფართია 101,87კვ.მ.. ამის საფუძველზე 29.09.2006წ. საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ხ. ი-ის საკუთრების უფლება. საჯარო რეესტრის 25.02.2010წ. გადაწყვეტილებით აღნიშნულ უძრავ ნივთზე 17.02.2010წ. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე დარეგისტრირდა ნ. მ-ის საკუთრების უფლება, ხოლო საჯარო რეესტრის 13.09.2011წ. გადაწყვეტილებით 07.09.2011წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე - ი. ც-ის საკუთრების უფლება. საჯარო რეესტრის რეგისტრაციის შესახებ 21.05.2013წ. გადაწყვეტილებით ამ უძრავ ნივთზე განხორციელდა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია და განცხადებაზე დართული აზომვითი ნახაზის (ანტრესოლის ფართი 53,37კვ.მ.) შესაბამისად, ირმა ც-ის საკუთრების უფლება აღირიცხა 155,44კვ.მ. ფართზე;
ქალაქ ბათუმის მთავრობის 17.02.2006წ. N50 დადგენილებით შეტანილი იქნა ცვლილება ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 25.11.1999წ. N236 გადაწყვეტილებაში და ...ის ქ. ...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მანსარდში განთავსებული N3 ...ო საქართველოს არქიტექტორთა კავშირის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის გამგეობის 03.11.2003წ. N4 ოქმის თანახმად სარგებლობის უფლებით გადაეცა ი. კ-ს. ქ. ბათუმის მართვის ტერიტორიულ ორგანოს - ...ის ...ის ადმინისტრაციას ნება დაერთო წინამდებარე დადგენილებით გათვალისწინებულ ...ოზე ი. კ-თან გააფორმოს პრივატიზაციის ხელშეკრულება. ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარე 132,77კვ.მ. ფართზე 20.02.2006წ. დარეგისტრირდა ქალაქ ბათუმის მერიის საკუთრების უფლება. 23.02.2006წ. უძრავი ქონების პრივატიზაციის ხელშეკრულებით ქ. ბათუმის მერიის წარმომადგენელმა უსასყიდლოდ გადასცა პირად საკუთრებაში, ხოლო ი. კ-მა მიიღო ქ. ბათუმის მერიის კუთვნილი ...ო, რომლის საერთო ფართია 132,77კვ.მ.. 23.02.2006წ. უძრავი ქონების პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული ფართი ი. კ-ის სახელზე 24.02.2006წ. დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. 28.02.2006წ. იპოთეკისა და ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნულ უძრავ ნივთზე 01.03.2006წ. დარეგისტრირდა მ. ნ-ის საკუთრების უფლება. საჯარო რეესტრის რეგისტრაციის შესახებ 21.05.2013წ. გადაწყვეტილებით ამ უძრავ ნივთზე განხორციელდა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია და განცხადებაზე თანდართული აზომვითი ნახაზის (ანტრესოლის ფართი 53,37კვ.მ.) შესაბამისად, მ. ნ-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 186,14კვ.მ. ფართზე;
ქ. ბათუმის მერიის 05.06.2009წ. N1333 საკუთრების უფლების მოწმობის თანახმად ნ. ტ-ს საკუთრებაში გადაეცა ...ის ქ. ...-ში მდებარე 97,87კვ.მ. ფართი (საფუძველი: ქ. ბათუმის მერის ბრძანება N396, 05.06.09წ.), რომლის საფუძველზე საჯარო რეესტრის 22.07.2009წ. გადაწყვეტილებით ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარე 97,87კვ.მ. ფართზე დარეგისტრირდა ნ.ტ-ის საკუთრების უფლება. საჯარო რეესტრის 29.06.2010წ. გადაწყვეტილებით მითითებულ უძრავ ნივთზე 23.06.2010წ. ნასყიდობის ხელშეკრულების (გამოსყიდვის უფლებით) საფუძველზე დარეგისტრირდა ნ. ვ-ის საკუთრების უფლება. ბმა ,,...“-ის 26.01.2011წ. საერთო კრების N2 ოქმით დადასტურდა ნ. ვ-ის მიერ ...ის ქ. ...-ში მდებარე 127,21კვ.მ. ფართის ფლობის ფაქტი და კრებამ გადაწყვიტა, რომ ნ. ვ-მა წარმოდგენილი ნახაზის მიხედვით დაირეგისტრიროს უძრავი ქონება (97.87კვ.მ. + 29,34 კვ.მ.), რომლის საერთო ფართია 127,21კვ.მ.. მითითებული კრების ოქმის საფუძველზე საჯარო რეესტრის 14.02.2011წ. გადაწყვეტილებით ნ, ვ-ის საკუთრების უფლება აღირიცხა 127,21კვ.მ. ფართზე. საჯარო რეესტრის რეგისტრაციის შესახებ 21.05.2013წ. გადაწყვეტილებით ამ უძრავ ნივთზე განხორციელდა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია და განცხადებაზე დართული აზომვითი ნახაზის (ანტრესოლის ფართი 53,37კვ.მ.) შესაბამისად, ნ. ვ-ის საკუთრების უფლება აღირიცხა 180,78კვ.მ. ფართზე (№4 ...ო), ხოლო საჯარო რეესტრის 26.12.2013წ. გადაწყვეტილებით - 20.12.2013წ. უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა მ. გ-ის საკუთრებად;
ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარე N5 ...ოზე, კერძოდ, 8936კვ.მ. ფართის 1/73 ნაწილზე 25.10.2004წ. საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ქალაქის მერიის საკუთრების უფლება. ტექ. სამსახურის 21.10.2004წ. სარეგისტრაციო მოწმობისა და ცნობა-დახასიათების თანახმად, ...ის ქ. ...-ში მდებარე N5 ...ო რეგისტრირებულია ქალაქის მერიაზე. 26.10.2004წ. ...ოს პრივატიზაციის ხელშეკრულებით ქ. ბათუმის მერიის N3 მიკრორაიონის გამგებელმა დ. ზ-ეს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარე N5 ...ო, რომლის ფართი შეადგენს 122,50კვ.მ.-ს (რაც მთელი საცხოვრებელი სახლის 1/73 ნაწილია). 26.10.2004წ. პრივატიზაციის ხელშეკრულებით საფუძველზე საჯარო რეეტრში 08.11.2004წ. დარეგისტრირდა დ. ზ-ის საკუთრების უფლება. საჯარო რეესტრის 03.08.2010წ. გადაწყვეტილებით 28.07.2010წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარე 122,5კვ.მ. ...ოზე აღირიცხა ზ. ზ-ის საკუთრების უფლება. ბმა ,,...“-ის 22.10.2012წ. საერთო კრების N27 ოქმით კრებაზე წარმოდგენილი ნახაზის შესაბამისად ზ.ზ-ეს მიეცა უფლება 62,5კვ.მ. ფართზე მიშენებული 4 კვ.მ. ფართის საკუთრებაში გადაცემაზე და ბინაზე ... ნორმის მინიჭებაზე, ხოლო ბმა ,,...“-ის 22.10.2012წ. საერთო კრების N28 ოქმით კრებაზე წარმოდგენილი ნახაზის შესაბამისად მიეცა უფლება 60 კვ.მ. ფართზე მიშენებული 15,20კვ.მ. ფართის საკუთრებაში გადაცემაზე და ბინაზე 88 ნორმის მინიჭებაზე. საჯარო რეესტრის 01.11.2012წ. გადაწყვეტილებით ბმა ,,...“-ის 22.10.2012წ. საერთო კრების №27 ოქმის საფუძველზე ზ. ზ-ის საკუთრების უფლება აღირიცხა ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარე N... ბინაზე, რომლის ფართი შეადგენს 66,5კვ.მ.-ს. საჯარო რეესტრის რეგისტრაციის შესახებ 21.05.2013წ. გადაწყვეტილებით ამ უძრავ ნივთზე განხორციელდა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია და განცხადებაზე დართული აზომვითი ნახაზის (ანტრესოლის ფართი 53,37კვ.მ.) შესაბამისად, ზ. ზ-ის საკუთრების უფლება აღირიცხა 119,87კვ.მ. ფართზე. საჯარო რეესტრის 25.12.2013წ. გადაწყვეტილებით ამ უძრავ ნივთზე 24.12.2013წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა გ. ს-ის საკუთრების უფლება, ხოლო საჯარო რეესტრის 03.12.2015წ. გადაწყვეტილებით 03.12.2015წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე - მ. ა-ის საკუთრების უფლება;
ქ. ბათუმის მერის 02.02.09წ. N57 დადგენილებით თ. ღ-ის მოთხოვნა ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარე 112,77 კვ.მ. ფართის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დადგინდა, რომ თ. ღ-ს უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაეცეს ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარე 104,13კვ.მ. ფართი და მასზე გაიცეს საკუთრების უფლების მოწმობა და აზომვითი ნახაზი. ქალაქ ბათუმის მერიის 02.02.2009წ. N1237 საკუთრების უფლების მოწმობით თ. ღ-ს გადაეცა ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარე 104,13კვ.მ. ფართი (საფუძველი: ქ. ბათუმის მერის ბრძანება N57, 02.02.09წ.), რომლის საფუძველზე საჯარო რეესტრის 11.02.2009წ. გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა თ. ღ-ის საკუთრების უფლება. საჯარო რეესტრის 30.11.2012წ. გადაწყვეტილებით 26.11.2012წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარე 104,13 კვ.მ. ფართზე დარეგისტრირდა ე. პ-ის საკუთრების უფლება. ბმა ,,...“-ის 09.02.2013წ. საერთო კრების N2 ოქმით საჯარო რეესტრს ეთხოვა ამხანაგობის წევრთა გადაწყვეტილების საფუძველზე წინამდებარე ოქმისა და აზომვითი ნახაზის საფუძველზე ამხანაგობის წევრ ე. პ-ის საკუთრებაში არსებულ ...ოს მიანიჭოს ბინის სტატუსი და ნუმერაცია N..., ხოლო ფართი ნაცვლად 104,13კვ.მ.-ისა საკუთრებაში დაურეგისტრიროს 125კვ.მ.. საჯარო რეესტრის 20.02.2013წ. გადაწყვეტილებით მითითებული კრების ოქმის საფუძველზე ე. პ-ის საკუთრების უფლება აღირიცხა ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარე N... ბინაზე, რომლის ფართია 125კვ.მ.. საჯარო რეესტრის რეგისტრაციის შესახებ 21.05.2013წ. გადაწყვეტილებით ამ უძრავ ნივთზე განხორციელდა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია და განცხადებაზე დართული აზომვითი ნახაზის (ანტრესოლის ფართი 53,37კვ.მ.) შესაბამისად ე. პ-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 178,57კვ.მ. ფართზე;
07.02.2000წ. პრივატიზაციის ხელშეკრულებით რ. ჩ-ემ უსასყიდლოდ საკუთრებაში მიიღო ადგილობრივი მმართველობის ორგანოს კუთვნილი ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარე 101,87 კვ.მ. ფართი (N8 ...ო), რომლის საფუძველზე ქ. ბათუმში, საჯარო რეესტრში 01.07.2005წ. დარეგისტრირდა რ. ჩ-ის საკუთრების უფლება. საჯარო რეესტრის 22.05.2013წ. გადაწყვეტილებით ამ უძრავ ნივთზე განხორციელდა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია და განცხადებაზე დართული შესრულებული აზომვითი ნახაზის (ანტრესოლის ფართი 53,37კვ.მ.) შესაბამისად რ. ჩ-ის საკუთრების უფლება აღირიცხა 155,44კვ.მ. ფართზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების შემადგენელი მიწის ნაკვეთი, სახლის ნაწილი და ის შენობა-ნაგებობები, დანადგარები, საინჟინრო ქსელები, მოწყობილობები, რომლებიც არ არის ინდივიდუალური საკუთრება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას (საერთო საკუთრებას) წარმოადგენს. საქმის მასალებში წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტების თანახმად მესამე პირების საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ნივთებზე (...ოებზე) პირველადი რეგისტრაციის უფლების დამდგენი დოკუმენტები გამოცემულია ,,საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ) გადაცემის შესახებ“ მინისტრთა კაბინეტის 01.02.92წ. N107 დადგენილების, ,,საქართველოს რესპუბლიკაში პრივატიზებული საბინაო ფონდის ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის ჩატარების ორგანიზაციისა და დანახარჯების დაფარვის დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ” მთავრობის 11.08.92წ. N825 დადგენილების და ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოს საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 29.01.2007წ. N73 ბრძანებულების საფუძველზე. შესაბამისად, უძრავი ნივთები, რომლებზეც საკუთრების უფლება წარმოიშვა პრივატიზაციის საფუძველზე, წარმოადგენს ინდივიდუალური საკუთრების საგანს და მასზე არ ვრცელდება ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საერთო საკუთრების რეჟიმი. ამდენად, საფუძველს არის მოკლებული კასატორების მითითება სხვენზე ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრების უფლების არსებობაზე. მოცემულ შემთხვევაში სხვენები (...ოები) თავიდანვე იყო ინდივიდუალური საკუთრების საგანი და არ წარმოადგენდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სხვა მესაკუთრეების თანასაკუთრების ობიექტს. კასატორები საკასაციო საჩივარში მიუთითებენ სხვენებზე პრივატიზაციის განხორციელების დაუშვებლობაზე. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სადავო არ არის ზემოთ მითითებულ უძრავ ნივთებზე, როგორც პირველადი რეგისტრაციის დროს წარდგენილი პრივატიზაციის ხელშეკრულებები, ასევე, შემდეგში ამხანაგობის კრების ოქმები მესამე პირების საკუთრებაში ფართების გადაცემის თაობაზე. აღნიშნული სცილდება მოცემული დავის საგანს. კასატორების მითითება სამოქალაქო კოდექსის 211-ე მუხლზე მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ 21.05.2013წ. გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან მიმართებით უსაფუძვლოა, ვინაიდან კოდექსის აღნიშნული ნორმა გაუქმდა 11.07.2007წ. N5278-რს კანონით. უსაფუძვლოა ასევე კასატორის მითითება სახანძრო ლუქების და საინვენტილაციო მილების გაუქმების თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული არ წარმოადგენს განსახილველი დავის საგანს და არ ქმნის ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის კანონით გათვალისწინებულ საფუძველს და ასეთ კანონისმიერ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ.
კასატორების მოთხოვნის საფუძვლიანობას არ ადასტურებს საკასაციო საჩივარში მითითება საკასაციო სასამართლოს განჩიბებაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 21.06.2011წ. განჩინებაში (საქმის Nბს-1806-1761 (კ-10)) ასახული ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისაგან. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის პერიოდში მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2010წ. N4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ” ინსტრუქციის მე-14 მუხლის 25-ე პუნქტის შესაბამისად, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ უძრავი ნივთი წარმოადგენს დუპლექსის ტიპის ნაგებობას, ან როდესაც ერთ სისტემაში გაერთიანებულ სხვადასხვა სართულზე მდებარე სათავსებს აქვთ ერთი შესასვლელი, რეგისტრაცია ხორციელდება, როგორც ერთ სარეგისტრაციო ობიექტზე. ასევე ერთ სარეგისტრაციო ობიექტად რეგისტრირდება მრავალსართულიანი შენობა-ნაგებობა, თუ ის მთლიანად ერთი პირის ინდივიდუალურ ან პირების საერთო საკუთრებას წარმოადგენს. განსახილველი დავის საგანია არა ანტრესოლზე, როგორც ცალკე უფლების ობიექტზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერება და მისი როგორც ცალკე სამოქალაქო ბრუნვის ობიექტუნარიანობა, არამედ მესამე პირების მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზების საფუძველზე ანტრესოლზე, როგორც ერთ სარეგისტრაციო ობიექტზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მართლზომიერება. ამდენად, კასატორების მითითება უზენაესი სასამართლოს 21.06.2011წ. განჩინებაზე (საქმის Nბს-1806-1761 (კ-10)) განსახილველ საქმესთან მიმართებით არარელევანტურია.
საკასაციო პალატა საჯარო რეესტრის იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომლებითაც გარიგების საფუძველზე განხორციელდა მ. გ-ისა და მ. ა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, ხოლო ამავე კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 10.4 მუხლის თანახმად, უძრავ ნივთზე გარიგებისა და სხვა სამართლებრივი მოქმედების განხორციელებისას, გარდა მემკვიდრეობის უფლების დადგენისა, მასზე დაინტერესებული პირის უფლებამოსილება დგინდება მხოლოდ ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. სამოქალაქო კოდექსის 312.1 მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარე სხვენებზე (...ოებზე) მესამე პირების ხ. მ-ის, ი. ც-ის, ე. პ-ის, მ. ნ-ის, ნ. ვ-ის და ზ. ზ-ის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგებები. საქმის მასალებით არ დასტურდება სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლით გათვალისწინებული მესამე პირების კეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევის გამომრიცხავი გარემოებების არსებობა. ამასთან, სადავო არ არის მითითებული მესამე პირების რეგისტრაციის საფუძვლები - ჩუქების და ნასყიდობის ხელშეკრულებები. საქმის მასალებში ასევე დაცულია ბმა ,,...ის" საერთო კრების ოქმები მესამე პირებისათვის კრებაზე წარდგენილი აზომვითი ნახაზების შესაბამისად ფართების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. აღნიშნული ამხანაგობის კრების ოქმები არ არის სადავო.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ,,უფლებას მხოლოდ რეგისტრაცია არ წარმოშობს. რეგისტრაცია წარმოებს სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, რომელსაც ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განეკუთვნება სამართლებრივი აქტი, რომელიც უშულოად წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. მითითებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, დაუშვებელია რეგისტრაციის გაბათილება მისი საფუძვლის ძალაში არსებობის პირობებში. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ბათილად ცნობა იწვევს რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადებას" (სუსგ 02.07.2015წ. საქმე Nბს-30-30(2კ-15)). ამდენად, ჩანაწერის უსწორობაზე მსჯელობა, ისეთ პირობებში, როდესაც მ. გ-ის და მ. ა-ის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი კასატორთა მიერ არაა შედავებული, გამორიცხავს ჩანაწერის უსწოროდ მიჩნევას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 06.01.2014წ. ზ. ზ-ემ, ხ. მ-ემ, ი. ც-ემ, მ. გ-ე, ე. პ-მა, ჯ. მ-ემ და რ. ჩ-ემ სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქ. ბათუმის მერიის მიმართ ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 03.12.2013წ. №02/2704 ბრძანების ბათილად ცნობისა და ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის რეკონსტრუქციის მიზნით არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე მოპასუხის მიერ ახალი აქტის გამოცემის მოთხოვნით. საქმის განხილვისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლით საქმეში მესამე პირად ჩაება ბმა ,,...“. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.10.2014წ. გადაწყვეტილებით ზ. ზ-ის, ხ. მ-ის, ი. ც-ის, მ. გ-ის, ე. პ-ის, ჯ. მ-ის, რ. ჩ-ისა და გ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ,,არქიტექტურული პროექტის შეთანხმებაზე და მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს საკრებულოს თავჯდომარის 03.12.2013წ. №02/2704 ბრძანება და ქ. ბათუმის მერიას დაევალა ამ გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელეთა განცხადებაზე ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის რეკონსტრუქციის მიზნით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მერიის 25.11.1999წ. №236 გადაწყვეტილების თანახმად, ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სხვენი ამოირიცხა საცხოვრებელი ფართის კატეგორიიდან და ... გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ...ა კავშირს. საცხოვრებელი სახლის სხვენში მოეწყო მანსარდული ტიპის სართული მაღალი კეხით, რომლის სიმაღლე იატაკიდან კეხამდე შედგენს 5,7 მეტრს. მოცემულ სივრცეში მოწყობილია ანტრესოლის დონე, რომელიც საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელეებზე. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მტკიცება მოსარჩელეთა მიერ დაგეგმილი სახურავის რეკონსტრუქციის შედეგად კ-2 კოეფიციენტის მნიშვნელობის გაზრდისა და მოსარჩელეთა ახალი ინდივიდუალური საკუთრების წარმოშობის თაობაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ დაუსაბუთებელია გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასკვნა დაგეგმილ მშენებლობაზე ნებართვის მიღებამდე ამხანაგობის წევრთა მინიმუმ 2/3-ის თანხმობის საჭიროების შესახებ.
საკასაციო პალატა მიუთითებს კონსტიტუციის 62.1 მუხლის მე-2 წინადადებაზე, რომლის თანახმად, სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 4.1 მუხლის მიხედვით, სასამართლოს აქტი, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მოთხოვნა და განკარგულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოსათვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ,,მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათს და სავალდებულოა არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც“ (სუსგ Nას-1094-2020, 25.12.2020წ.). ,,მიუხედავად სამართალწარმოების სახისა, ქვეყნის სახელით სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, შესაბამისი იურიდიული შედეგის მატარებელია და სამოქალაქო სამართლის მიზნებისათვის იგი უნდა შეფასდეს საპროცესო წესების განუხრელი დაცვით. პალატა იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 09.06.2015წ. დადგენილებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლით პირდაპირ დადგენილი პრეიუდიციული ძალა არ გააჩნია, თუმცა მისი ღირებულებითი მნიშვნელობა არ შეიძლება უგულვებელყოფილ იქნას ამავე კოდექსის 266-ე მუხლის კონტექსტში, რომლის თანახმადაც, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. კანონის მოხმობილი დანაწესი ემსახურება სასამართლოს აქტის მუდმივ ხასიათს და ხელს უწყობს საზოგადოებაში სტაბილური მართლმსაჯულების განხორციელებას“ (სუსგ №ას-504-481-2016, 30.09.2016წ.).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნიან საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ვ. ჯ-ის, ზ. ქ-ის, ნ. დ-ის, ნ. ჯ-ის, ლ. გ-ის, ს. ზ-ის და ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ჯ-ის, ზ. ქ-ის, ნ. დ-ის, ნ. ჯ-ის, ლ. გ-ის, ს. ზ-ის და ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.03.2019წ. განჩინება;
3. ნ. დ-ეს (პირადი N...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 19.06.2019წ. N8082142565 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ქ. ცინცაძე