Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-1223(კ-20) 14 აპრილი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - ფ. მ-ი და ბ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ფ. მ-მა და ბ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ. მოსარჩელეებმა რამდენჯერმე დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 15 ივნისის N06/13100 წერილის ნაწილობრივ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 19 ივნისის N... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 4 აპრილის N... გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 18 აპრილის N... გადაწყვეტილების, წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 21 ნოემბრის N09/5898 წერილის და მისი წარმომადგენლის მიერ 2016 წლის 15 ოქტომბერს შედგენილი ოქმის N00002, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 თებერვლის N1/1-388 ბრძანებისა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კომისიის 2017 წლის 24 იანვრის N73 სხდომის ოქმისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვირების სამინისტროს 2017 წლის 11 ოქტომბრის N1-1/429 ბრძანების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის საქმის გარემოებათა არსებითი გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - სადავო მიწის ნაკვეთის ფარმან და ბ. მ-ების საკუთრების უფლებით რეგისტრაციის თაობაზე, გამოცემის დავალება მოითხოვეს.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ფ. მ-ის და ბ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ფ. მ-მა და ბ. მ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის განჩინებით ფ. მ-ის და ბ. მ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ფ. მ-მა და ბ. მ-მა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ფ. მ-ისა და ბ. მ-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება, 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანხმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს, ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.

მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ნოემბრის განჩინებით კასატორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა. კასატორებს ასევე განემარტათ, რომ თუ განჩინებით მითითებულ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 16 ნოემბრის განჩინება კასატორებს - ფ. მ-სა და ბ. მ-ს გაეგზავნათ საქმეში მითითებულ მისამართზე. გზავნილი ადრესატებისათვის ჩაუბარებლობის მიზეზით დაუბრუნდა საკასაციო სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 16 ნოემბრის განჩინება განმეორებით გაეგზავნთ კასატორის - ფ. მ-ის წარმომადგენელს დ. ნ-ს და თავად ბ. მ-ს. გზავნილი კასატორის - ფ. მ-ის წარმომადგენელ დ. ნ-ს ჩაბარდა პირადად 2021 წლის 4 მარტს, ხოლო ბ. მ-ის ძმას ფ. მ-ს 2021 წლის 10 მარტს.

განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების ვადის დენა ფ. მ-ისათვის 2021 წლის 5 მარტიდან დაიწყო და 2021 წლის 11 მარტს, 24 საათზე ამოიწურა, ხოლო ბ. მ-ისათვის 2021 წლის 11 მარტიდან დაიწყო და 2021 წლის 17 მარტს, 24 საათზე ამოიწურა, კასატორებმა კი, მათთვის მიცემულ ვადაში არ შეავსეს საკასაციო სასამართლოს განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მათ არც აღნიშნული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავთ საკასაციო სასამართლოსთვის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი (განცხადება), რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ფ. მ-მა და ბ. მ-მა დაარღვიეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 16 ნოემბრის განჩინებით დადგენილი 7-დღიანი ვადა, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ფ. მ-ისა და ბ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე