საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე #ბს-1289(კ-20) 8 აპრილი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შპს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო).
2017 წლის 15 აგვისტოს შპს „...იმ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ 2017 წლის 19 აპრილს გამოცხადებულ #... ელექტრონულ ტენდერში, არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო, შპს „...ის“ დისკვალიფიკაციის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სატენდერო კომისიის 2017 წლის 27 ივნისის #6 სხდომის ოქმის, შპს „...ის“ #... საჩივართან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების, შპს „...ის“ შავ სიაში რეგისტრირების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 2 აგვისტოს #2206 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხეებისთვის სახელმწიფო ბაჟისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ დავის არსებითად გადაწყვეტამდე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის საფუძველზე, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2016 წლის 2 აგვისტოს #2206 განკარგულების მოქმედების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 აგვისტოს განჩინებით შპს „...ის“ შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა; მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა სსიპ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2016 წლის 2 აგვისტოს #2206 განკარგულების მოქმედება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ამავე გადაწყვეტილების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 აგვისტოს #3/5666-17 განჩინება, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 2 აგვისტოს #2206 განკარგულების მოქმედების შეჩერების შესახებ, ძალას კარგავს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...იმ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...იმ“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ხარვეზის შესახებ 2020 წლის 4 დეკემბრის განჩინებით კასატორს - შპს „...ის“ ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ხარვეზების შევსება, კერძოდ, ამავე ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის დედნის, იმდენ ასლად რამდენი მხარეც არის საქმეში, წარმოდგენა დაევალა; კასატორს განემარტა, რომ ხარვეზების ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 დეკემბრის განჩინების შემცველი გზავნილი კანონით დადგენილი წესით, საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კასატორის წარმომადგენელს - ბ. ნ-ს და 2020 წლის 22 დეკემბერს ჩაბარდა მის მეუღლეს - ნ. ლ-ეს (რომელიც ასევე კასატორის წარმომადგენელია), რაც დასტურდება გზავნილზე ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. მითითებული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
იქიდან გამომდინარე, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 დეკემბრის განჩინების ასლი საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე კასატორის წარმომადგენელს - ბ. ნ-ს ჩაბარდა 2020 წლის 22 დეკემბერს, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2020 წლის 23 დეკემბრიდან უნდა დაწყებულიყო. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადა (უქმე დღეების გათვალისწინებით) 2021 წლის 18 იანვრის 24:00 საათზე იწურებოდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორმა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 დეკემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზები. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზების შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „...ის“ (ს/კ ...) საკასაციო საჩივარზე შპს „ნ...ის“ მიერ 20.10.2020წ. საგადახდო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 447-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შპს „...ის“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი (სამასი) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი;
2. შპს „...ის“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.10.2020წ. შპს „ნ...ის“ მიერ საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 (სამასი) ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი - #300773150;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე