საქმე #ბს-874(კ-20) 21 იანვარი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 27 დეკემბერს თ. ო-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ მიწის ნაკვეთზე თ. ო-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 5 დეკემბრის #2043 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის თ. ო-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 5 დეკემბრის #2043 განკარგულებით მას უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა, მე-... შესახვევი ...-ში მდებარე 847 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ მოტივით, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის, მიწის ადგილზე დათვალიერებისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად, არ დასტურდებოდა, მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო აქტი გამოიცა ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი დასაბუთების გარეშე, რის გამოც გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მოპასუხეს დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მიწის ნაკვეთზე თ. ო-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 5 დეკემბრის #2043 განკარგულება; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა, მე-... შესახვევი ...-ში, 847 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, თ. ო-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილებაზე და აღნიშნავს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწად მიიჩნევა ფიზიკური პირის მიერ კანონის ამოქმედებამდე დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი სახლი (აშენებული). კასატორის მითითებით, განმცხადებლის მიერ ვერ იქნა წარდგენილი საკმარისი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა კანონის ამოქმედებამდე მის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტს. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში წარდგენილი დოკუმენტაციის, მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად, არ დადასტურდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თ. ო-ის მიერ თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. 2005 და 2010 წლის ორთოფოტოებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის კონფიგურაცია და გაბარიტული ზომები არ ემთხვევა მიმდინარე საქმის წარმოების ფარგლებში წარდგენილ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო/აზომვით ნახაზზე დატანილი შენობის გაბარიტულ ზომებს. ასევე, მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებით ცალსახად არ დგინდება, რომ საკუთრების უფლების დროისათვის აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა ან შენობის ნაწილი, არსებული სახით განთავსებული იყო კანონის ამოქმედებამდე. ამასთან, კასატორის მითითებით, კანონმდებელი განმცხადებელს თავად განუსაზღვრავს ვალდებულებას, რომ წარდგენილ განცხადებას დაურთოს ყველა ის დოკუმენტაცია, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდება მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი ფუნქციური დანიშნულების შენობა-ნაგებობის 2007 წლამდე არსებობის ფაქტი. კომისია არ არის ვალდებული წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით თავად ჩაატაროს ექსპერტიზა. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ მოწმეთა ჩვენება უფრო კრიტიკულად უნდა იქნეს შეფასებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 5 დეკემბრის #2043 განკარგულება, რომლითაც თ. ო-ს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. ...ის ქუჩა, მე-... შესახვევი ..., საერთო ფართობი - 847.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე. დადგენილია, რომ თ. ო-ის მიერ კომისიაში წარდგენილ განცხადებას თან ერთვოდა შემდეგი დოკუმენტები: მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი ელ. ვერსიით, საკადასტრო გეგმა, ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, მოქალაქეების - თამარ ციცქიშვილის, ნოდარ ბარტყულაშილის, გ. ჯ-ის 2017 წლის 15 ივნისის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები, სადაც აღნიშნული პირები ადასტურებენ, რომ თ. ო-ი 1985 წლიდან ფლობს და სარგებლობს 859 კვ.მ მიწის ნაკვეთით, მასზე აღმართულ შენობა-ნაგებობით (მიწის ნაკვეთი შემოღობილია და არის ხეხილით გაშენებული), მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა, მე-... შესახვევი ....
საკასაციო სასამართლოს მითითებით, სადავო განკარგულებიდან არ ირკვევა, თუ რატომ არ მიიჩნია კომისიამ თ. ო-ის მიერ წარდგენილი განცხადება და მასზე თანდართული მტკიცებულებები მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებური დაკავების შეფასებისას საკმარის საფუძვლად „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საკასაციო სასამართლო მიუთითებს აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს, ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის ახსნა-განმარტებაზე, რომლის თანახმად, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან თ. ო-ი და გ. ჯ-ი დაეუფლნენ უფლებასაღიარებელ მიწის ნაკვეთს, რომელიც მძიმე ფიზიკური შრომითა და მნიშვნელოვანი ფინანსური დანახარჯებით აქციეს სასოფლო-სამეურნეო სავარგულად, ნაკვეთი შემოღობეს კაპიტალური ღობით, რამდენიმე წლის წინ ნაკვეთი გაყვეს ორ ნაწილად (საერთო ღობეს დაუმატეს გამყოფი ღობე), გაყოფის შედეგად, გ. ჯ-ს დარჩა 917 კვ.მ, რომელზედაც მას საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ეღიარა საკუთრების უფლება და 2016 წლის 4 ოქტომბერს გაიცა #91 საკუთრების უფლების მოწმობა, ხოლო დარჩენილ 847 კვ.მ მიწის ნაკვეთს ფლობს თავად თ. ო-ი. მოსარჩელის მითითებით, ორივე ნაკვეთზე იდგა და დღესაც დგას სხვადასხვა ზომის შენობა-ნაგებობები, დარგულია მრავალწლიანი ნარგავები. ასევე ორივე ნაკვეთი შემოღობილია საერთო ღობით.
ზემოაღნიშნული ახსნა-განმარტებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო აქტით არ არის დასაბუთებული, თუ რატომ დაადგინა კომისიამ გ. ჯ-ის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ფლობის ფაქტი, ხოლო იდენტური ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას, რატომ უთხრა საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი თ. ო-ს. სადავო აქტით ასევე არ არის დასაბუთებული, თუ რატომ არ შეაფასა ადმინისტრაციულმა ორგანომ თ. ო-ის მიერ კომისიაში წარდგენილ განცხადებაზე თანდართული მტკიცებულებები. ამასთან, თუკი ადგილზე დათვალიერებით ცალსახად ვერ დგინდებოდა სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება და მისი ხანდაზმულობა, კომისიას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით მინიჭებული საშუალებების გამოყენებით შესაძლებლობა ჰქონდა ზუსტად დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას სადავო აქტის დაუსაბუთებლობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც მოცემულ შემთხვევაში, ადასტურებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე