Facebook Twitter

საქმე #ბს-803(კ-20) 21 იანვარი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2017 წლის 8 მაისს ო. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ.

მოსარჩელემ 2016 წლის 15 აპრილიდან 2016 წლის 4 ნოემბრამდე ო. გ-ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისა და მოსარჩელის მიმართ განხორციელებული პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ყველა სამართლებრივი ქმედების უკანონოდ ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით ო. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; უკანონოდ იქნა ცნობილი ო. გ-ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა 2016 წლის 13 მაისიდან 2016 წლის 4 ნოემბრამდე; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; სარჩელი მოპასუხე საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინებით საქმეში საქართველოს მთავარი პროკურატურის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს გენერალური პროკურატურა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს, ო. გ-ის წარმომადგენელმა დააზუსტა/დააკონკრეტა სასარჩელო მოთხოვნები, მიუთითა 2016 წლის 15 აპრილიდან 2016 წლის 4 ნოემბრამდე მის მიმართ გამოცემული, დისციპლინური ღონისძიებების გამოყენების შესახებ გამოცემული აქტები („გაფრთხილების“ გამოცხადების შესახებ 25.04.2016 წლის #340662 განკარგულება; სატელეფონო საუბრის 1 (ერთი) თვით შეზღუდვის შესახებ 10.06.2016 წლის #493560 განკარგულება; სატელეფონო საუბრის 1 (ერთი) თვით შეზღუდვის შესახებ 18.07.2016 წლის #624354 განკარგულება; „საყვედურის“ გამოცხადების შესახებ 20.07.2016 წლის #631244 განკარგულება; „საყვედურის“ გამოცხადების შესახებ 15.08.2016 წლის #704172 განკარგულება; „გაფრთხილების“ გამოცხადების შესახებ 17.08.2016 წლის #710548 განკარგულება; „ამანათის და გზავნილის მიღების“ უფლების 1 (ერთი) თვით შეზღუდვის შესახებ 19.09.2016 წლის #788777 განკარგულება; პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების 14 დღით შეზღუდვის შესახებ 22.09.2016 წლის #800249 განკარგულება; სატელეფონო საუბრის უფლების 1 (ერთი) თვით შეზღუდვის შესახებ 24.10.2016 წლის #878410 განკარგულება; პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების 1 (ერთი) თვის ვადით შეზღუდვის შესახებ 26.10.2016 წლის #885695 განკარგულება; „გაფრთხილების“ გამოცხადების შესახებ 03.11.2016 წლის #908113 განკარგულება; დეესკალაციის ოთახში მოთავსების შესახებ 08.05.2016 წლის #883 განკარგულება; დეესკალაციის ოთახში მოთავსების შესახებ 18.05.2016 წლის #956 განკარგულება; დეესკალაციის ოთახში მოთავსების შესახებ 25.06.2016 წლის #1161 განკარგულება; დეესკალაციის ოთახში მოთავსების შესახებ 30.10.2016 წლის #1803 განკარგულება) და კიდევ ერთხელ მოითხოვა მითითებულ პერიოდში, მის მიმართ პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ყველა სამართლებრივი ქმედების უკანონოდ ცნობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ო. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება გაუქმდა და შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ო. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; უკანონოდ იქნა ცნობილი ო. გ-ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა 2016 წლის 15 აპრილიდან 2016 წლის 4 ნოემბრამდე; უკანონოდ იქნა ცნობილი სადავო პერიოდში ო. გ-ის მიმართ გამოცემული დისციპლინური ღონისძიებების გამოყენების შესახებ შემდეგი აქტები: „გაფრთხილების“ გამოცხადების შესახებ 25.04.2016 წლის #340662 განკარგულება; სატელეფონო საუბრის 1 (ერთი) თვით შეზღუდვის შესახებ 10.06.2016 წლის #493560 განკარგულება; სატელეფონო საუბრის 1 (ერთი) თვით შეზღუდვის შესახებ 18.07.2016 წლის #624354 განკარგულება; „საყვედურის“ გამოცხადების შესახებ 20.07.2016 წლის #631244 განკარგულება; „საყვედურის“ გამოცხადების შესახებ 15.08.2016 წლის #704172 განკარგულება; „გაფრთხილების“ გამოცხადების შესახებ 17.08.2016 წლის #710548 განკარგულება; „ამანათის და გზავნილის მიღების“ უფლების 1 (ერთი) თვით შეზღუდვის შესახებ 19.09.2016 წლის #788777 განკარგულება; პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების 14 დღით შეზღუდვის შესახებ 22.09.2016 წლის #800249 განკარგულება; სატელეფონო საუბრის უფლების 1 (ერთი) თვით შეზღუდვის შესახებ 24.10.2016 წლის #878410 განკარგულება; პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების 1 (ერთი) თვის ვადით შეზღუდვის შესახებ 26.10.2016 წლის #885695 განკარგულება; „გაფრთხილების“ გამოცხადების შესახებ 03.11.2016 წლის #908113 განკარგულება; დეესკალაციის ოთახში მოთავსების შესახებ 08.05.2016 წლის #883 განკარგულება; დეესკალაციის ოთახში მოთავსების შესახებ 18.05.2016 წლის #956 განკარგულება; დეესკალაციის ოთახში მოთავსების შესახებ 25.06.2016 წლის #1161 განკარგულება; დეესკალაციის ოთახში მოთავსების შესახებ 30.10.2016 წლის #1803 განკარგულება. ო. გ-ის მოთხოვნა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #002161216 დასკვნაზე, რომლის თანახმად, „(შესვლის თარიღი 2016 წლის 4 აპრილი, გასვლის თარიღი 2016 წლის 15 აპრილი), ო. გ-ს ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენამდე და ჩადენის დროს აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს - 2014 წლის 17 აგვისტოს, 2015 წლის 13 მარტს, 2015 წლის 20 მარტსა და 2015 წლის 9 აპრილს აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა, მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხაობა). შემდგომში ო. გ-ს განუვითარდა და ამჟამადაც უგრძელდება ფსიქოზური დონის დეკომპენსაციის მდგომარეობა. ამჟამად, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, ო. გ-ს არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს სასამართლო მოქმედებაში. ამჟამად ო. გ-ი დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი ო. გ-მა უნდა მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში (რეკომენდირებულია აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ხონი - ქუტირი) არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა შეიძლება გაუგრძელდეს საერთო წესით.“ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და კანონიერება დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - ა. ტ-ემ. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 13 მაისის პაციენტის გასინჯვის ფურცლის მიხედვით, ექიმ ნ. ბ-ის მიერ გაიცა რეკომენდაცია ო. გ-ის სტაციონარული მკურნალობის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ო. გ-ი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს #6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იმყოფებოდა მსჯავრდებულის სტატუსით (განაჩენის საფუძველზე) და ის ფაქტი, რომ მის მიმართ სხვა საქმეზე მიმდინარეობდა გამოძიება, სადაც ო. გ-ს გააჩნდა ბრალდებულის სტატუსი, არ ზღუდავდა მას მიეღო ადექვატური სამედიცინო მომსახურება. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრებულის - ო. გ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით დაენიშნა ექსპერტიზა და ემოქმედა მიღებული დასკვნის შესაბამისად, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ამავე ადმინისტრაციული ორგანოს სამედიცინო დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული იყო ო. გ-ის სტაციონარული მკურნალობის აუცილებლობა.

ამდენად, ექსპერტიზის დასკვნასა და საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უკანონოდ უნდა ყოფილიყო ცნობილი ო. გ-ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა 2016 წლის 15 აპრილიდან 2016 წლის 4 ნოემბრამდე. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პალატის მიერ უკანონოდ იქნა მიჩნეული ო. გ-ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა 2016 წლის 15 აპრილიდან 2016 წლის 4 ნოემბრამდე, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საფუძველს მოკლებულად მიიჩნია ამავე პერიოდში გამოყენებული სანქციები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სამედიცინო დასკვნა, თავისი არსით, არ წარმოადგენს სამართლის ნორმას, რომელიც არის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველი. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სამართლებრივი ურთიერთობის ფაქტი არ დასტურდება.

კასატორი მიუთითებს პატიმრობის კოდექსის 122-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ყურადსაღებად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელმა 2016 წლის 31 მარტს დანიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა იმ სისხლის სამართლის ფარგლებში, რომელშიც მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა ბრალდებულ ო. გ-ის მიმართ, რომელიც ამავდროულად იყო მსჯავრდებული #6 პენიტენციურ დაწესებულებაში. ფსიქიატრიული ექსპერტიზის მიზანს წარმოადგენდა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის ბედის გადაწყვეტა. ო. გ-ის მიმართ სამართალწარმოება დამთავრებული არ იყო. რაც შეეხება „მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება“, კასატორი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზნის შესაბამისი განმარტების მეთოდი და მოაზრებულ უნდა იქნეს ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე არსებული პირი, რომელსაც სამართალწარმოების დასრულების შედეგად მიენიჭა მსჯავრდებულის სტატუსი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს 2016 წლის 15 აპრილიდან 2016 წლის 4 ნოემბრამდე ო. გ-ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისა და მოსარჩელის მიმართ განხორციელებული პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ყველა სამართლებრივი ქმედების (გამოყენებული დისციპლინური ღონისძიებების) უკანონოდ ცნობა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ო. გ-ი სასჯელს იხდის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს #6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 108-ე მუხლით ჩადენილი დანაშაულისათვის. ამასთან, დადგენილია, რომ ო. გ-ს მინდინარე გამოძიების ფარგლებში, ასევე, ჰქონდა ბრალდებულის სტატუსი.

საკასაციო პალატა მიუთითებს „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, პაციენტი არის ნებისმიერი პირი, რომელიც, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, სარგებლობს, საჭიროებს ან აპირებს ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მომსახურებით. ამავე კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების ყველა გამწევისაგან მიიღოს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული და სამომსახურეო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის უფლებები განსაზღვრულია პატიმრობის კოდექსის მე-14 მუხლში, რომლის პირველი ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო მომსახურებით. ამასთან, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პაციენტს უფლება აქვს ისარგებლოს შესაბამისი მკურნალობით აუცილებელი სამედიცინო ჩვენების მიხედვით, პირობების მინიმალური შეზღუდვით და იმ მეთოდებით, რომლებიც დაამტკიცა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, შეძლებისდაგვარად თავის საცხოვრებელ ადგილთან ახლოს.

საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #002161216 დასკვნაზე, რომლის თანახმად, „(შესვლის თარიღი 2016 წლის 4 აპრილი, გასვლის თარიღი 2016 წლის 15 აპრილი), ო. გ-ს ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენამდე და ჩადენის დროს აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს - 2014 წლის 17 აგვისტოს, 2015 წლის 13 მარტს, 2015 წლის 20 მარტს და 2015 წლის 9 აპრილს აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა, მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შესრაცხაობა). შემდგომში ო. გ-ს განუვითარდა და ამჟამადაც უგრძელდება ფსიქოზური დონის დეკომპენსაციის მდგომარეობა. ამჟამად, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, ო. გ-ს არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს სასამართლო მოქმედებაში. ამჟამად ო. გ-ი დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი ო. გ-მა უნდა მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში (რეკომენდირებულია აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ხონი - ქუტირი) არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა შეიძლება გაუგრძელდეს საერთო წესით.“ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და კანონიერება დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - ა. ტ-ემ. ამასთან, დადგენილია, რომ 2016 წლის 13 მაისის პაციენტის გასინჯვის ფურცლის მიხედვით, ექიმ ნ. ბ-ის მიერ გაიცა რეკომენდაცია ო. გ-ის სტაციონარული მკურნალობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პაციენტი ნებაყოფლობითი მკურნალობისათვის სტაციონარში თავსდება პაციენტის თხოვნით ან/და ინფორმირებული თანხმობით. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება ტარდება, როდესაც პირს ფსიქიკური აშლილობის გამო არ გააჩნია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა შეუძლებელია სტაციონარში მოთავსების გარეშე, აგრეთვე თუ დახმარების დაყოვნება საფრთხეს შეუქმნის პაციენტის ან სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; პაციენტმა საკუთარი მოქმედებით შეიძლება მიიღოს ან სხვას მიაყენოს მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, ო. გ-ი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს #6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იმყოფებოდა მსჯავრდებულის სტატუსით (განაჩენის საფუძველზე) და ის ფაქტი, რომ მის მიმართ სხვა საქმეზე მიმდინარეობდა გამოძიება, სადაც ო. გ-ს გააჩნდა ბრალდებულის სტატუსი, არ ზღუდავდა მას მიეღო ადეკვატური სამედიცინო მომსახურება. ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრებულის - ო. გ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით დაენიშნა ექსპერტიზა და ემოქმედა მიღებული დასკვნის შესაბამისად, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ამავე ადმინისტრაციული ორგანოს სამედიცინო დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული იყო ო. გ-ის სტაციონარული მკურნალობის აუცილებლობა.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ექსპერტიზის დასკვნასა და საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, ასევე, ო. გ-ის ფსიქიკური მდგომარეობის გამორკვევის მიზნით ექსპერტიზის ჩატარების თარიღის (შესვლის თარიღი - 2016 წლის 4 აპრილი, გასვლის თარიღი - 2016 წლის 15 აპრილი) გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად ცნო უკანონოდ ო. გ-ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა 2016 წლის 15 აპრილიდან 2016 წლის 4 ნოემბრამდე. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უკანონოდ იქნა მიჩნეული ო. გ-ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა 2016 წლის 15 აპრილიდან 2016 წლის 4 ნოემბრამდე, შესაბამისად, საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს მსგავსად საფუძველს მოკლებულად მიიჩნევს ამავე პერიოდში გამოყენებულ სანქციებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე