Facebook Twitter

საქმე #ბს-995(2კ-20) 21 იანვარი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2016 წლის 25 აგვისტოს კ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი ცხოვრობდა ქალაქ თბილისში, მე-... ...ში, მე-... ...ში, მე-... კორპუსში მდებარე ბინა N...-ში. აღნიშნული კორპუსი იყო ავარიულ მდგომარეობაში და დაინგრა. აღნიშნულის შემდგომ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობამ უზრუნველყო მათი ქირით გადაყვანა სხვადასხვა მისამართებზე. მოსარჩელის მითითებით, მას გაფორმებული ჰქონდა ქირავნობის ხელშეკრულება ქ. თბილისში, ...ის ქ. N...-ში არსებული საცხოვრებელი ფართის მესაკუთრესთან (სადაც იგი დღემდე ქირით ცხოვრობს).

მოსარჩელის აღნიშვნით, მან მიმართა სამგორის რაიონის გამგეობას და ახალ აშენებულ საცხოვრებელ სახლში საცხოვრებელი ბინის მისთვის გადაცემა და შესახლების ნებართვა მოითხოვა. ამ ფაქტის შემდგომ, სამგორის რაიონის გამგეობამ განახორციელა გადამოწმებები და შეადგინა დაუსაბუთებელი, უკანონო ინსპექტირების ოქმები, მოხსენებითი ბარათები და ბრძანებები, რომელთა საფუძველზეც, მოსარჩელეს არ გადაუხადეს ბინის ქირის კომპენსაცია.

ამდენად, მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 26 ივლისის #1-1347 ბრძანებისა და 2015 წლის 28 სექტემბრის #01/02/12 ბრძანების ბათილად ცნობა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობისათვის 2015 წლის აგვისტოდან ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე გაუცემელი ბინის ქირის გადახდის დავალება მოითხოვა.

2017 წლის 6 თებერვალს კ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის მიმართ.

მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 10 იანვრის #1-52 ბრძანებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის 2016 წლის 28 ივნისის #01/02/07 ბრძანების ბათილად ცნობა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობისათვის 2016 წლის აპრილის თვიდან 2016 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით ბინის ქირის გადახდის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 მარტის განჩინებით ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით კ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგებლის 2015 წლის 28 სექტემბრის #01/02/12 ბრძანება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგებლის 2016 წლის 28 ივნისის #01/02/07 ბრძანება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 26 ივლისის #1-1347 ბრძანება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 იანვრის #1-52 ბრძანება; სამგორის რაიონის გამგეობას 2015 წლის აგვისტოდან ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე და 2016 წლის აპრილის თვიდან 2016 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით გაუცემელი ბინის ქირის გადახდა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივნისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ერთ შემთხვევაში, როდესაც განხორციელდა ინსპექტირება, კ. მ-ი იმყოფებოდა სამუშაოდ რაიონში და შესაბამისად, ამ გარემოებით იყო გამოწვეული ის ფაქტი, რომ იგი არ იმყოფებოდა საცხოვრებელ მისამართზე, ხოლო რაც შეეხებოდა მის განმარტებას, რომ იგი არ იცნობდა ლ. ყ-ს, მოსარჩელემ მიუთითა, რომ მას არ სურდა ამ ურთიერთობის ფართოდ აფიშირება და სწორედ ამიტომ აღნიშნა, რომ არ იცნობდა მას. რაც შეეხებოდა სადავო აქტს, რომლითაც არ დაკმაყოფილდა კ. მ-ის მოთხოვნა ყოველთვიური ბინის ქირის გადახდასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დაუსაბუთებელი იყო მოტივი, რის გამოც მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული განცხადების დაკმაყოფილება, რადგან გაურკვეველი იყო, მოცემულ შემთხვევაში, უარის თქმის მიზეზს წარმოადგენდა ის, რომ კ. მ-ი არ ცხოვრობდა მითითებულ მისამართზე, თუ ის რომ, იგი იქ სხვა ადამიანებთან ერთად ცხოვრობდა. ამასთან, გაურკვეველი იყო, რა მნიშვნელობა შეიძლებოდა მინიჭებოდა ლ. ყ-ის დაქირავებულ ფართში მცირე ხნითა თუ რამდენიმე თვის განმავლობაში ყოფნის ფაქტს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ ლ. ყ-ის, ნ. კ-ისა და ნ. ა-ის ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებებს. აღნიშნული განცხადებებით ზემოაღნიშნული პირები ადასტურებენ, რომ კ. მ-ი ნამდვილად ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში. კასატორი არ იზიარებს აღნიშნულ განმარტებას და მიუთითებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 11 აპრილის #2ბ/4510-16 განჩინებაზე, რომლითაც სასამართლომ განმარტა მოწმის ჩვენების, როგორც მტკიცებულების არსი და მნიშვნელობა. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას ვერ დაეყრდნობოდა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს.

კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის განმარტებით, მოსარჩელე ცდილობს შემოწმების ოქმების იგნორირებას და მათ გაბათილებას მოწმეთა ჩვენებებით, რაც, აგრეთვე, არაკანონიერად და მიკერძოებული მოტივაციით გაიზიარა სასამართლომაც, რადგან მოწმეთა ჩვენებები და კორესპონდენციების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ იქნება მისამართზე ცხოვრების ფაქტის დამდგენ რელევანტურ მტკიცებულეად მიჩნეული, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ინსპექტირების ოქმები, ინსტრუქციის მიზნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს კომპენსაციის მიმღები პირის მიერ დაქირავებულ ბინაში ცხოვრების ფაქტის დამდგენ კანონიერ დოკუმენტს.

ამასთან, რაც შეეხება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის 2016 წლის 28 ივნისის #01/02/07 ბრძანებას, რომლითაც კ. მ-ს უარი ეთქვა ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის დაფინანსებაზე, კასატორი განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის #33-138 დადგენილებით დამტკიცებული წესის თანახმად, ბინის ქირის კომპენსაციის შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს იმ გარემოების გამოვლენა, რომ კომპენსაციის მიმღები პირი აღარ ცხოვრობს იმ მისამართზე, რომელიც მითითებულია მის მიერ წარმოდგენილ ქირავნობის ხელშეკრულებაში. ამასთან, თუ პირს აღნიშნული საფუძვლით შეუწყდება კომპენსაციის მიღება, მას შეუძლია კვლავ მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს კომპენსაციის მიღების მოთხოვნით, თუ იგი წარმოადგენს ახალ საცხოვრებელ მისამართზე გაფორმებულ ქირავნობის ხელშეკრულებას. კასატორის აღნიშვნით, კ. მ-მა ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის გადახდა მოითხოვა იმ ფართზე, რომელზედაც მას შეუწყდა აღნიშნული კომპენსაციის გაცემა. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელეს კომპენსაციის მიღების უფლება მხოლოდ სხვა ბინის დაქირავების შემთხვევაში შეეძლო მოეთხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგებლის 2015 წლის 28 სექტემბრის #01/02/12 ბრძანების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 26 ივლისის #1-1347 ბრძანების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგებლის 2016 წლის 28 ივნისის #01/02/07 ბრძანებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 იანვრის #1-52 ბრძანების კანონიერება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობისათვის 2015 წლის აგვისტოდან ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე და 2016 წლის აპრილის თვიდან 2016 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით გაუცემელი ბინის ქირის გადახდის დავალება.

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი ქალაქ თბილისის მთავრობის 2012 წლის 26 დეკემბრის #35.50.1312 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისში დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის პროგრამის განხორციელების ინსტრუქციის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, კომპენსაციის გაცემის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს კომპენსაციის მიმღები პირის იმ მისამართზე არ ცხოვრება, რომელიც მითითებულია წარმოდგენილ ქირავნობის ხელშეკრულებაში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი კი ადგენს, რომ ხსენებული საფუძველით კომპენსაციის შეწყვეტის შემთხვევაში, თუ განმცხადებელი წარმოადგენს ახალ საცხოვრებელ მისამართზე ქირავნობის ხელშეკრულებას და შესაბამის დოკუმენტაციას, შესაბამისი გარემოებების გადამოწმების შემდეგ, გამგეობა იღებს გადაწყვეტილებას კომპენსაციის გაცემის ან მასზე უარის შესახებ, შესაბამისი დასაბუთებით.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებას, კერძოდ, ერთ შემთხვევაში, როდესაც განხორციელდა ინსპექტირება, კ. მ-ი იმყოფებოდა სამუშაოდ რაიონში და შესაბამისად, ამ გარემოებით იყო გამოწვეული ის ფაქტი, რომ იგი არ იმყოფებოდა საცხოვრებელ მისამართზე, ხოლო რაც შეეხება მის განმარტებას, რომ იგი არ იცნობდა ლ. ყ-ს, მოსარჩელემ მიუთითა, რომ მას არ სურდა ამ ურთიერთობის ფართოდ აფიშირება და სწორედ ამიტომ აღნიშნა, რომ არ იცნობდა მას.

ამასთან, საქმის მასალების თანახმად ასევე დადგენილია, რომ ინსპექტირების დროს, ლ. ყ-ის მიერ ნაჩვენები იქნა კარადა, სადაც ინახებოდა კ. მ-ის ტანსაცმელი, თუმცა ამ შემთხვევაში ყურადღება იქნა გამახვილებული იმ ფაქტზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლისათვის ვერ იქნა წარდგენილი კ. მ-ის ჰიგიენის ნივთები.

განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ გაუგებარია, თუ რატომ გახდა ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზემოთმითითებული გარემოება მოსარჩელის შესაბამის მისამართზე ცხოვრების ფაქტის გამორიცხვის საკმარისი საფუძველი. უფრო კონკრეტულად, გაუგებარია, თუ ჰიგიენის რომელი ნივთები უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი საცხოვრებელ ბინაში და რითი უნდა დადასტურებულიყო მათი მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტი. ამასთან, ასევე გაურკვეველია, რა ფაქტობრივ საფუძვლებზე დაყრდნობით იქნა გამორიცხული ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ის გარემოება, რომ კ. მ-ს რაიონში სამუშაოს შესრულების პერიოდში მისი პირადი ნივთები, არსებობის შემთხვევაში, თან ჰქონოდა წაღებული.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მიერ სადავო მისამართზე (ქ. თბილისი, ...ის ქ. N...) კ. მ-ის ცხოვრების ფაქტის გამორიცხვასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთების არასარწმუნოდ მიჩნევას, რამდენადაც საქმეში წარმოდგენილი ინსპექტირების ოქმები ადასტურებს მხოლოდ დროის კონკრეტულ მონაკვეთში მოსარჩელის მისამართზე არყოფნას, რაც ცხადია, ვერ გამორიცხავს კ. მ-ის აღნიშნულ მისამართზე ცხოვრების ფაქტს. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ არა მარტო ლ. ყ-ი, არამედ უშუალოდ ბინის მესაკუთრე და მეზობლებიც კი ცალსახად ადასტურებენ მოსარჩელის აღნიშნულ მისამართზე ცხოვრების ფაქტს, კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ. ყ-მა, ზ. ვ-მა (ბინის მესაკუთრემ) და ნ. კ-ემ და ნ. ა-მა (მეზობლებმა) დაადასტურეს, რომ კ. მ-ი 2013 წლიდან ქირით ცხოვრობდა ზ. ვ-ის კუთვნილ ბინაში, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ...ის ქ. N...-ში. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებასაც, რომ კ. მ-ი დაკავებულია სხვადასხვა ხელობით, მომსახურებას უწევს კერძო პირებს და ხშირად უწევს სხვადასხვა სამუშაო ობიექტებზე წასვლა/დარჩენა, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს იმას, რომ იგი ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა არც იმყოფებოდეს საცხოვრებელ მისამართზე.

რაც შეეხება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის 2016 წლის 28 ივნისის #01/02/07 ბრძანებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა კ. მ-ის მოთხოვნა ყოველთვიური ბინის ქირის გადახდასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული ბრძანების გამოცემის საფუძველს წარმოადგენს სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის - ავთანდილ დიასამიძის მოხსენებითი ბარათი, სადაც მითითებული იქნა, რომ კ. მ-მა 2016 წლის 25 აპრილს #150218/12 განცხადებით მიმართა გამგეობას და ითხოვა ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის გადახდის აღდგენა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოს (საბჭო) მიერ, 20 ივნისს განხორციელდა შემოწმება ქ. თბილისში, ...ის ქ. N...-ში. მისამართზე მყოფმა ლ. ყ-მა დაადასტურა, რომ რამდენიმე თვეა შვილებთან და კ. მ-თან ერთად ცხოვრობს დროებით დაქირავებულ ფართში, თუმცა მეზობლების ინფორმაციით ქალბატონი ლია მცირე ხნით იმყოფებოდა სტუმრად. 2016 წლის 20 ივნისის შემოწმების ოქმის შედეგების გათვალისწინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის საკონსულტაციო-სათათბირო ორგანომ (საბჭო) მიზანშეწონილად არ მიიჩნია კ. მ-ის განცხადების დაკმაყოფილება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ დაუსაბუთებელია მოტივი, რის გამოც მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული განცხადების დაკმაყოფილება, რადგან გაურკვეველია, მოცემულ შემთხვევაში, უარის თქმის მიზეზს წარმოადგენდა ის, რომ კ. მ-ი არ ცხოვრობდა მითითებულ მისამართზე, თუ ის რომ, იგი იქ სხვა ადამიანებთან ერთად ცხოვრობდა. ამასთან, გაურკვეველია, რა მნიშვნელობა შეიძლებოდა მინიჭებოდა ლ. ყ-ის დაქირავებულ ფართში მცირე ხნითა თუ რამდენიმე თვის განმავლობაში ყოფნის ფაქტს.

საკასაციო სასამართლო, ასევე, იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ, მართალია, კანონმდებლობაში არ არის მითითებული ტერმინი - საკომპენსაციო თანხის აღდგენა, მაგრამ აღნიშნულით არ იცვლება მოთხოვნის არსი, რადგან კ. მ-ის ინტერესს წარმოადგენდა, რომ სამგორის რაიონის გამგეობის მხრიდან მომხდარიყო 2016 წლის აპრილის თვიდან ბინის ქირის გადახდა და შესაბამისად, მითითებულ მოთხოვნას არ შეიძლება მოჰყოლოდა არსებითად განსხვავებული შედეგი. რაც შეეხება განმარტებას, რომ ქირის გაცემის შეწყვეტის შემთხვევაში კანონმდებლობა ითვალისწინებდა მხოლოდ ახალ მისამართზე გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულების წარდგენას, რაც გამორიცხავდა ადრინდელ მისამართზე გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ქირის გადახდას, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მითითებული რეგულაცია განსაზღვრულია იმ შემთხვევისათვის, როდესაც გამოვლინდება, რომ კომპენსაციის მიმღები პირი აღარ ცხოვრობდა იმ მისამართზე, რომელიც მითითებული იყო მის მიერ წარმოდგენილ ქირავნობის ხელშეკრულებაში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივნისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე