საქმე #ბს-990(კ-20) 21 იანვარი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 11 დეკემბერს გ. ნ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ „მოქალაქე გ. ნ-ის დაჯარიმების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 17 ივლისის #დად-85/05 დადგენილებისა და „გ. ნ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 20 მარტის #1-1/126 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით გ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „მოქალაქე გ. ნ-ის დაჯარიმების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 17 ივლისის #დად-85/05 დადგენილება; ბათილად იქნა ცნობილი „გ. ნ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 20 მარტის #1-1/126 ბრძანება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ძალაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებები გამორიცხავდა გ. ნ-ის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენას, ვინაიდან, იმ პირობებში, როდესაც სადავო მშენებლობის განხორციელებისას მოსარჩელემ თავად მიმართა შესაბამის ორგანოს და მისგან შესაბამისი რეაგირება ითხოვა, რათა შემდგომში მოეპოვებინა კორექტირებული პროექტის ნებართვა, სახეზე არ იყო გ. ნ-ის ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი იმ მთავარი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მისი დაჯარიმების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საბოლოოდ წინ უსწრებდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან მიღწეული შეთანხმება სამშენებლო დოკუმენტების ცვლილებების, არქიტექტურული პროექტისა და კონსტრუქციული სქემის შესახებ, რასაც მოჰყვა ახალი პირობებით სამშენებლო ნებართვის გაცემა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ გ. ნ-ის სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო შემოწმების აქტით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის 23-ე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის შესაბამისად, თუ დამრღვევი განცხადების საფუძველზე აღიარებს სამშენებლო ობიექტზე არსებულ დარღვევებს და ითხოვს კანონით დადგენილი ზომების მიღებას, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება იწყება შემოწმების აქტის შედგენით. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული გამორიცხავს მოსარჩელის მიმართ 25-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების შესაძლებლობას, რადგან ხსენებული დანაწესი შეეხება შემთხვევებს, როდესაც სამშენებლო სამართალდარღვევა იწყება მითითებით.
ამასთან, კასატორის მითითებით, ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ მშენებლობის ნებართვა 2017 წლის 4 ივლისს მოიპოვა, არ შეიძლება წარმოადგენდეს 2017 წლის 17 ივლისის დადგენილების გამოცემის შემაფერხებელ გარემოებას.
კასატორის განმარტებით, გ. ნ-ს სააგენტოს 2017 წლის 24 თებერვლის #დად-20/05 დადგენილებით განემარტა დადგენილების მიღებიდან სამი თვის ვადაში ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის შედეგები, თუმცა მან ხსენებული დადგენილების გამოცემიდან მხოლოდ ერთი თვის შემდეგ - 2017 წლის 23 მარტს მიმართა სააგენტოს სამშენებლო სამართალდარღვევის აღმოფხვრისა და ახალი მშენებლობის ნებართვის აღების მიზნით შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასაწყებად. ამასთან, კასატორის მითითებით, გ. ნ-მა სააგენტოში წარადგინა ხარვეზიანი განცხადება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს „მოქალაქე გ. ნ-ის დაჯარიმების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 17 ივლისის #დად-85/05 დადგენილებისა და „გ. ნ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 20 მარტის #1-1/126 ბრძანების კანონიერება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 13 თებერვალს გ. ნ-მა განცხადებით მიმართა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და განმარტა, რომ საკუთრებაში ფლობს ყაზბეგის რაიონის ... ...ში მდებარე მიწის ნაკვეთს საკადასტრო კოდით #... და აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ სასტუმროს. ამავე განცხადებაში მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მშენებლობა ნაწარმოებია ყაზბეგის რაიონის მუნიციპალიტეტში შეთანხმებული პროექტის და შესაბამისი მშენებლობის სანებართვო მოწმობის საფუძველზე. ამასთან, მშენებლობის პროცესში განხორციელდა პროექტით გაუთვალისწინებელი სამუშაოები და მოითხოვა მის მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება, რათა მოეპოვებინა კორექტირებული პროექის ნებართვა. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 24 თებერვლის #დად-20/05 დადგენილებით გ. ნ-ი დაჯარიმდა 5 000 ლარით ყაზბეგის რაიონის მუნიციპალიტეტში შეთანხმებული პროექტის დარღვევით ნაწარმოები მრავალფუნქციური შენობის რეკონსტრუქციისთვის. ხსენებული ჯარიმა მოსარჩელის მიერ გადახდილ იქნა.
საქმის მასალებით, აგრეთვე, დადგენილია, რომ სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 17 ივლისის #დად-85/05 დადგენილებით გ. ნ-ი დაჯარიმდა 15 000 ლარით. დადგენილებაში მითითებულია, რომ კანონით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი 2017 წლის 24 თებერვლის #დად-20/05 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის სამართლებრივი საფუძვლები. აღნიშნულ სადავო დადგენილებასთან დაკავშირებით მხარემ განმარტა, რომ მართალია, მის მიერ მითითება დროულად არ შესრულდა, რადგან სამართალდარღვევის აღმოფხვრის 3-თვიანი ვადის ბოლო დღე იყო 2017 წლის 24 მაისი, თუმცა ვინაიდან ეს გამოწვეული არ იყო მისი ბრალით და მან დროულად მიმართა შესაბამის ორგანოს ნებართვის მოპოვების მიზნით, ამასთან, იმ პირობებში როდესაც, სამართალდარღვევა გამოსწორდა მისი დაჯარიმების შესახებ სადავო დადგენილების (2017 წლის 17 ივლისი) მიღებამდე - 2017 წლის 4 ივლისს, იგი უნდა გათავისუფლებულიყო პასუხისმგებლობისგან.
საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 23 ივნისის #129-04 ბრძანებით დამტკიცდა გ. ნ-ის მრავალფუნქციური შენობის სამშენებლო დოკუმენტის ცვლილებაზე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. ამასთან, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 4 ივლისის #136-04 ბრძანებით შეთანხმდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ... ...ში, ...ის ... ტერიტორიაზე მოქალაქე გ. ნ-ის მრავალფუნქციური შენობის სამშენებლო დოკუმენტის ცვლილების არქიტექტურული პროექტი და კონსტრუქციული სქემა და გაიცა მშენებლობის ნებართვა მითითებულ ცვლილებებზე, ხოლო სადავო #დად-85/05 დადგენილება მიღებულ იქნა 2017 წლის 17 ივლისს, კერძოდ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსარჩელის მიერ უკვე აღმოფხვრილ იქნა 2017 წლის 24 თებერვლის #დად-20/05 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო პალატა მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის) 25-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა შეფასებას, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, უპირველეს ყოვლისა, არის სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოება, რა დროსაც კანონმდებლობა თითოეული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებამდე საჭიროდ მიიჩნევს შესაბამისი პროცედურების დაცვას, რა დროსაც დამრღვევს ეძლევა დარღვევის გამოსწორებისა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდების შესაძლებლობა.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებები გამორიცხავს გ. ნ-ისათვის სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის ჯარიმის სახით პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლიანობას, რამდენადაც სადავო მშენებლობის განხორციელებისას მოსარჩელემ თავად მიმართა შესაბამის ორგანოს და მისგან შესაბამისი რეაგირება ითხოვა, რათა შემდგომში მოეპოვებინა კორექტირებული პროექტის ნებართვა. მისი დაჯარიმების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საბოლოოდ წინ უსწრებდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან მიღწეული შეთანხმება სამშენებლო დოკუმენტების ცვლილებების, არქიტექტურული პროექტისა და კონსტრუქციული სქემის შესახებ, რასაც მოჰყვა ახალი პირობებით სამშენებლო ნებართვის გაცემა. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას და მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 სექტემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე