Facebook Twitter

საქმე #ბს-832(კ-20) 21 იანვარი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 16 ივნისს ი. ს-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.

მოსარჩელემ დავალიანების გადახდევინების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 აპრილის #SP180394551/409028 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, აღსრულების ეროვნული ბიუროდან გამოთხოვილი ადმინისტრაციული საქმისწარმოების მასალებიდან მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2018 წლის 12 მარტს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით მიმართა შპს „...მა“ ი. ს-ის წინააღმდეგ, რის საფუძველზეც, 12.03.2018წ. დაიწყო გამარტივებული წარმოება. აღნიშნულის თაობაზე ი. ს-ეს შეტყობინება გაეგზავნა 2018 წლის 26 მარტს იურიდიულ მისამართზე (ქ. ბათუმი, ...ის ქუჩა N..., ბინა N...), რომელიც ამავდროულად მისი ფაქტობრივი მისამართიცაა, თუმცა გზავნილი მას არ ჩაბარებია.

სარჩელის თანახმად, იმავე დღეს ი. ს-ეს, მისამართზე: ქ. ბათუმი, ...ის ... N..., სახლი N..., გაეგზავნა იგივე შეტყობინება, რომელიც ჩაბარდა მამამისს - ს. ს-ეს. მოსარჩელის მითითებით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უკანონოდ მიიჩნია, რომ გზავნილი ჩაბარებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესების შესაბამისად, რომელზედაც მითითებას აკეთებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლი. მოსარჩელეს უკანონოდ მიაჩნია დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება, რომლითაც მას შეეზღუდა კანონით მინიჭებული უფლებები, მონაწილეობა მიეღო გამარტივებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში, წარმოების განმახორციელებელი ორგანოსათვის წარედგინა მოსაზრებები, მტკიცებულებები და სხვა წერილობითი დოკუმენტები, რომლებიც განსხვავებული გადაწყვეტილების გამოტანის კანონიერ საფუძველს შექმნიდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ს-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით ი. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ს-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დავალიანების გადახდევინების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 აპრილის #SP180394551/409028 ბრძანება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით შეტყობინების რესპონდენტისათვის ჩაუბარებლობის გამო, არ ჩაითვლება, რომ რესპონდენტმა მიიღო გამარტივებული წარმოების დაწყების, დავალიანების გადახდისა და მისი უფლებების შესახებ შეტყობინება. ამრიგად, იგულისხმება, რომ მას არ მიეცა საშუალება განეხორციელებინა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებები და მოვალეობები, მათ შორის, წარედგინა წერილობითი პროტესტი. აქედან გამომდინარე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შეტყობინების ჩაბარებიდან 10 დღის ათვლას და ამის საფუძველზე, სადავო ბრძანების გამოცემას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და იგი ეწინააღმდეგება კანონს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, ი. ს-ეს შეტყობინება გაეგზავნა ორ მისამართზე - სესხის ელექტრონულ/ონლაინ ხელშეკრულებაში მითითებულ ფაქტობრივ მისამართზე: ქ. ბათუმი, ...ის ... N..., სახლი N... და აპლიკაციაში მითითებულ რეგისტრაციის მისამართზე: ქ. ბათუმი, ...ის ქუჩა N..., ბინა N.... კასატორის მითითებით, მისამართზე: ქ. ბათუმი, ...ის ... N..., სახლი N..., 2018 წლის 29 მარტს გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარდა ი. ს-ის მამას, ს. ს-ეს. კასატორი აღნიშნავს, რომ მისამართი - ქ. ბათუმი, ...ის ... N..., სახლი N..., ი. ს-ის მიერ მითითებულ იქნა სესხის ელექტრონულ/ონლაინ ხელშეკრულებაში, ამასთან, აღნიშნულ მისამართზე შეტყობინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით დადგენილი წესით ჩაბარდა ი. ს-ესთან მუდმივად მცხოვრებ ოჯახის წევრს - მამას, რომელმაც ჩაბარება დაადასტურა ხელმოწერით, რითაც აიღო პასუხისმგებლობა, რომ გზავნილს გადასცემდა ადრესატს. ი. ს-ის მამას არ განუცხადებია უარი გზავნილის ჩაბარებაზე იმ საფუძვლით, რომ ი. ს-ე არ ცხოვრობდა მასთან, ან/და ხანდაზმულობის ან ცუდი მეხსიერების გამო, ვერ შეძლებდა გზავნილის ადრესატისათვის გადაცემას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებულია დავალიანების გადახდევინების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 აპრილის #SP180394551/409028 ბრძანება, რომლითაც რესპოდენტ ი. ს-ეს დაეკისრა 3150.18 ლარის ოდენობით დავალიანების გადახდა, აპლიკანტის - შპს „...ის“ მიმართ. მოსარჩელე სადავოდ ხდის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაგზავნილი გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების მისთვის ჩაბარების ფაქტს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით მოწესრიგებულია დოკუმენტის მხარისთვის ჩაბარების წესი. აღნიშნული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტი მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. მითითებული საკანონმდებლო აქტის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები.

დადგენილია, რომ 2018 წლის 26 მარტს მოვალე ი. ს-ეს გაეგზავნა გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ #SP180394551/399485 შეტყობინება, რომლითაც მას ეცნობა, რომ 2018 წლის 12 მარტს აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო გამარტივებული წარმოება ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით, სადაც აპლიკანტს წარმოადგენდა შპს „...ი“ და აპლიკანტის მიერ დაყენებული მოთხოვნა შეადგენდა 3150.18 ლარს. ამასთან ეცნობა, რომ შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში მას შეეძლო განეხორციელებინა შეტყობინებაში ჩამოთვლილი ერთ-ერთი მოქმედება. მოვალე ი. ს-ეს აღნიშნული შეტყობინება გაეგზავნა საქართველოს ფოსტის მეშვეობით, შემდეგ ორ მისამართზე: ქ. ბათუმში, ... ...ის ქუჩა N...-ში, ბინა N...-ში, რომელიც ვერ ჩაბარდა ადრესატს, ასევე, მეორე მისამართზე: ქ. ბათუმში, ...ის ... N...-ში სახლი ...-ში. მეორე მისამართზე (ქ. ბათუმი, ...ის ... N..., სახლი N...) გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარდა ი. ს-ის მამას, ს. ს-ეს 2018 წლის 29 მარტს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სსგს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 17 მაისის საინფორმაციო ბარათზე, რომლითაც ირკვევა, რომ ი. ს-ის რეგისტრირებული მისამართი არის - ქალაქი ბათუმი, ...ის ქუჩა N..., ბინა N.... ამასთან, თავად ი. ს-ის განმარტებით, ქალაქ ბათუმში, ერისთავის #1 ჩიხში, სახლი #1-ში არ ცხოვრობს. აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს ს. ს-ე, რომელიც არის მისი ოჯახის წევრი, თუმცა არა მასთან ერთად მცხოვრები. მისი საცხოვრებელი მისამართი არის - ქალაქი ბათუმი, ...ის ქუჩა N..., ბინა N..., სადაც დარეგისტრირებულიცაა. საყურადღებოა, რომ აღნიშნული განმარტების საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ მისამართზე: ქალაქი ბათუმი, ...ის ქუჩა N..., ბინა N..., გაგზავნილი შეტყობინება მხარეს არ ჩაბარდა იმ საფუძვლით, რომ კურიერს მისამართზე არავინ დახვდა. ამასთან, აღნიშნულ მისამართზე ადმინისტრაციულ ორგანოს ადრესატისათვის შეტყობინება მეორედ არ გაუგზავნია. გასათვალისწინებელია, რომ ი. ს-ეს ძირითად მისამართად მითითებული ჰქონდა - ქალაქი ბათუმი, ...ის ქუჩა N..., ბინა N.... ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება ი. ს-ის, მისამართზე: ქალაქი ბათუმი, ...ის ... N..., სახლი N..., ცხოვრების ფაქტი და შესაბამისად, ის არ არის ს. ს-ესთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრი, უწყების (შეტყობინების) ს. ს-ისთვის ჩაბარება არ ჩაითვლება ადრესატ ი. ს-ისათვის ჩაბარებად. შესაბამისად, სახეზე არ გვაქვს რესპონდენტისათვის შეტყობინების „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარების ფაქტი, რის გამოც მას არ მიეცა საშუალება განეხორციელებინა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებები და მოვალეობები, მათ შორის, წარედგინა წერილობითი პროტესტი და აქედან გამომდინარე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შეტყობინების ჩაბარებიდან 10 დღის ათვლას და ამის საფუძველზე, სადავო ბრძანების გამოცემას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და იგი ეწინააღმდეგება კანონს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს საკასაციო საჩივარზე 16.07.2020წ. #09514 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება;

3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 16.07.2020წ. #09514 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე