Facebook Twitter

საქმე #ბს-736(კ-20) 21 იანვარი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „...-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 30 მარტს შპს „...-მ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, შპს „...“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ განხორციელდა შპს „...-ის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი 2017 წლის 17-22 დეკემბრის პერიოდზე, სადაც, მოსარჩელის მოსაზრებით, არაჯეროვნად დადგინდა სპონსორობის წესებისა და პროდუქტის განთავსების არამართლზომიერება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აქტის გამოცემისას არ იქნა გათვალისწინებული მხარის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება, რომელიც სრულად გამორიცხავდა რაიმე დარღვევის არსებობას. საბოლოოდ, ეთერში გაჟღერებული ტექსტების მოპასუხის მხრიდან არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად, მოსარჩელეს გასაჩივრებული აქტით დაეკისრა ჯარიმა 3 394.47 ლარის ოდენობით, ასევე, მიეცა გაფრთხილება.

ამდენად, მოსარჩელემ „შპს „...-სთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 8 თებერვლის #60/19 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „...-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...-მ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის განჩინებით შპს „...-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს განმარტებას, რომ შპს „...-ის“ სამაუწყებლო ბადეში, 2017 წლის 17 დეკემბერს განთავსებულ გადაცემაში - „...ი“ პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისას პროდუქტს მიენიჭა გადაჭარბებული მნიშვნელობა, რითაც შპს „...“-ის მიერ დარღვეული იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და 70-ე მუხლის პირველი პუნქტი.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე და 72-ე მუხლებზე და დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს განმარტებას, რომ, ვინაიდან შპს „...-ის“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 30 მარტის #213/18 გადაწყვეტილებით მიეცა წერილობითი გაფრთხილება საქონლის/მომსახურების განთავსების წესების დარღვევისთვის და აღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში კომპანიამ ჩაიდინა ანალოგიური სამართალდარღვევა, აღნიშნულ დარღვევაზე შპს „...-ის“ უნდა დაკისრებოდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით.

სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება, რომ, ვინაიდან შპს „...-ის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული არ იყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სანქცია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 14 იანვრის #1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების დარღვევისთვის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ მართებულად მიიღო გადაწყვეტილება ამ დარღვევაზე შპს „...“-ის წერილობითი გაფრთხილების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...-მ“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, გამოყენებულია არასწორი სამართლებრივი შეფასებები, სასამართლოს მსჯელობა უსაფუძვლოა. შპს „...-ის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამების სასპონსორო მითითებისას, ადგილი არ ჰქონია პროდუქტის მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას და წაქეზებას, პროდუქტზე/მომსახურებაზე სპეციალური მითითებით და ამასთან, სასპონსორო მითითებები არ შეიცავდნენ სარეკლამო შეტყობინებებს, საქონლის/მომსახურების დეტალურ აღწერას.

კასატორის მითითებით, „...ი“ კულინარიული გადაცემაა და პირდაპირ ეთერში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე წამყვანი უზრუნველყოფს სპონსორობის წარდგენას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. რაც შეეხება გადაცემას „...ი“, სპონსორის თაობაზე მითითებაში გაცხადებული იყო პროდუქტთან/მომსახურებასთან დაკავშირებული გავრცობითი ნიშნები, იგი არანაირად არ შეიცავდა საქართველოს კანონმდებლობით რეკლამისათვის დადგენილ კრიტერიუმებს. კასატორის მოსაზრებით, კიდევ უფრო დაუსაბუთებელია კომისიის გადაწყვეტილება პროდუქტისათვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...-ის“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს „შპს „...-სთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 8 თებერვლის #60/19 გადაწყვეტილების კანონიერება.

საქმეზე დადგენილია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „...“-ის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი 2017 წლის 17-22 დეკემბრის პერიოდზე, სპონსორობის წესებისა და პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით, რის შედეგადაც გამოვლენილ იქნა:

1) 2017 წლის 17 დეკემბერს (11:16:26 სთ.) გადაცემა „...ის“ ეთერში გადაცემის წამყვანი შემდეგი ტექსტით ასახელებს გადაცემის სპონსორებს: „ჩემი სპონსორი „...ი“...ალბათ, ყველას, ვისაც უყვარს სუსნაობა და გემრიელობები, მათთვის ძალიან ნაცნობია „...ის“ პროდუქტები. ძალიან ბევრი სახეობაა. გარდა აი, ამ გემრიელობებისა, ასევე არის უამრავი ბურღულეული, რომელიც თანდათანობით ჩემთან შემოვა მუშაობის პროცესში. ჩემი უსაყვარლესი „...ი“, სხვათა შორის, სანამ გადაცემას დავიწყებდით, თქვა (იგულისხმება გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი), ჩემთან ოჯახში ძალიან ბევრი მოიპოვებაო „...ი“...აი, ასეთი სპონსორები მყავს და, საქმე, იცი, რაშია? „...მა“ ცოტა ხანს შეისვენა ჩემი გადაცემისგან და რატომ? იმიტომ, რომ დიდი სიურპრიზით მოდიოდა: „...მა“ წინასაახალწლოდ შემოგვთავაზა (ეკრანზე ჩანს შეფუთული ტკბილეული წარწერით) იცით, რა ქვია ამას? „...“...აი, ასეთი ტკბილეული არის, რომელიც „...მა“ მოგვიტანა ჩვენ და უკვე ქსელშიც არის, თითქმის ყველგან. ახლა აქეთ გადმოდით. გემრიელად როცა რაღაცას აკეთებთ ... გარემოში, „...ი“ არ უნდა გქონდეს? აი, ჩემი სპონსორი ეს არის: სუნელები, სხვადასხვა გემრიელი წნილი, თან ახლა მარხვაა და შეიძლება უამრავი გემრიელობის გაკეთება ამ წნილისგან. აქ ყველაზე ძალიან მე რა მომწონს? სუნელი არსებობს ბევრნაირი, მაგრამ, შეხედე აქ როგორ არის? სპეციალურად არის ბორშჩისთვის, ანუ აღარ დაგჭირდება ზედმეტი რაღაცეები. ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს მექსიკური კარტოფილი, აგერ, გვაქვს სპეციალურად მექსიკური კარტოფილისთვის სუნელი, და, სხვათა შორის, საჩუქრები აქვს ძალიან ბევრი თქვენთვის...ფარშის საკმაზიც კია, ანუ ყველა კერძისთვის არის ცალკე ეს სუნელები. და ყველაზე მთავარი რაც არის, რაღაცა ჭორები რომ დადიოდა, რომ ის არისო, ეს არისო, შეხედეთ, შემოწმებულია ეს ყველაფერი. აი, ეს „...ი“...აი, ეს ყველა პროდუქტი ჩემმა პარტნიორმა კომპანია „...მა“ მომაწოდა და მე იქიდან მომაქვს ყველაფერი გემრიელობები...“

2) 2017 წლის 21 დეკემბერს (14:28:16 სთ.) გადაცემა „...ის“ სპონსორის დასახელებისას გავიდა შემდეგი სახის ვიდეო რგოლი: „გადაცემის სპონსორია „...ი“ - უმტკივნეულო დიოდური ეპილაცია სოპრანო აისის აპარატით, გამოცდილი ტექნოლოგია და პროფესიონალები - თქვენი სილამაზისთვის“.

საკასაციო პალატა მიუთითებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ17“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება (Product Placement) არის საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით გავრცელება, რაც გამოიხატება პროგრამაში ამ პროდუქტის ინტეგრირებით, პროდუქტზე მითითებით ან/და მომსახურებასა და სასაქონლო ნიშანზე მითითებით. ამავე მუხლის „ჰ9“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სპონსორობა არის პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება პირის მიერ, მისი სახელის, სავაჭრო ნიშნის, იმიჯის, საქმიანობის განვითარების რეკლამირების მიზნით.

საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით. ამავე კანონის 691 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება ისე უნდა მოხდეს, რომ: ა) მან გავლენა არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე, მათ შორის, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე; ბ) ის არ შეიცავდეს პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირ მოწოდებას; გ) მან პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ მიანიჭოს.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის #1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, სპონსორზე მითითება არ უნდა შეიცავდეს სარეკლამო შეტყობინებას, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ან/და წაქეზება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით, მათ შორის საქონლის/მომსახურების დეტალური აღწერა როგორც ვერბალური, ასევე ვიზუალური ფორმით. სპონსორზე მითითებისას დაშვებულია ლოზუნგების, სათაურების, მელოდიის და ა.შ. გამოყენება მხოლოდ სპონსორის იდენტიფიცირების მიზნით და იმ ფორმით, რომ აღნიშნული მახასიათებლების გამოყენება არ შეიცავდეს საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას ან/და წაქეზებას.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა. ამავე კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ, რამდენადაც შპს „...-ის“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 30 მარტის #213/18 გადაწყვეტილებით მიეცა წერილობითი გაფრთხილება საქონლის/მომსახურების განთავსების წესების დარღვევისათვის და აღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში კომპანიამ ჩაიდინა ანალოგიური სამართალდარღვევა, აღნიშნულ დარღვევაზე შპს „...-ის“ უნდა დაკისრებოდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით.

საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სასამართლოს მითითებას, რომ, ვინაიდან შპს „...-ის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული არ იყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სანქცია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 14 იანვრის #1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების დარღვევისთვის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ მართებულად მიიღო გადაწყვეტილება ამ დარღვევაზე შპს „...“-ის წერილობითი გაფრთხილების თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ხ. ფ-ს შპს „...-ის“ საკასაციო საჩივარზე 12.03.2020წ. #1 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ხ. ფ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს შპს „...-ის“ (ს/კ ...) საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...-ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის განჩინება;

3. ხ. ფ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს შპს „...-ის“ (ს/კ ...) საკასაციო საჩივარზე 12.03.2020წ. #1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე