საქმე #ბს-986(კ-20) 21 იანვარი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 14 იანვარს ს. გ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 2018 წლის 14 დეკემბრის #261-16 კომისიის სხდომის ოქმის, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 18 დეკემბრის #SSVA 00025530 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისთვის ს. გ-ასთვის ომის ვეტერანის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, მას სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ვეტერანის სტატუსის მინიჭებაზე. მიუხედავად წარდგენილი ახალი მტკიცებულებებისა, რომლითაც დგინდება მისი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი, ადმინისტრაციულმა ორგანომ 2016 წლის 5 სექტემბერს კვლავ უარი უთხრა სტატუსის მინიჭებაზე, რაც სასამართლო დავის საგანი გახდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2016 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაევალა ს. გ-ას განცხადების განხილვა - ამ განცხადებაზე შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება. მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებისა, ადმინისტრაციულმა ორგანომ 2018 წლის 18 დეკემბერს ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ სხდომაზე არ გამოკითხა არც თავად მხარე და არც ის პირები, ვინც მის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ ფლობდნენ ინფორმაციას. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტები არის უკანონო და დაუსაბუთებელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ს. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 18 დეკემბრის #SSVA 00025530 გადაწყვეტილება და სსიპ ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 2018 წლის 14 დეკემბრის #261-16 კომისიის სხდომის ოქმი; სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს ს. გ-ასთვის ომის ვეტერანის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 თებერვლის განჩინებით სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელე ს. გ-ა არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე (...-...ი). სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ის გარემოება, რომ მოსარჩელე ს.,
ლ. გ-ა 1993 წლის 29 დეკემბრამდე მუშაობდა სადგურ ...ს უფროსად, უპირობოდ არ გამორიცხავდა, მისი, როგორც სამოქალაქო პირის, სოფელ ...ს მაცხოვრებლის სამხედრო ფორმირებაში - ...-ე ბატალიონ ...ას“ შემადგენლობაში 1993 წლის 1 მარტიდან მოხალისედ ჩარიცხვისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დასაცავად საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის შესაძლებლობას, ასეთი საკანონმდებლო აკრძალვისა და შეზღუდვის არარსებობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად განმარტა „ომისა და თავდაცვის ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი. სასამართლოს უნდა ემსჯელა და დაესაბუთებინა, მოსარჩელე ირიცხებოდა თუ არა საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე რომელიმე სამხედრო ან გასამხედროებულ დანაყოფში. კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი არც ერთი დოკუმენტით არ დგინდება მოსარჩელის ...-ე ბატალიონის ...ას“ შემადგენლობაში ჩარიცხვა. აფხაზეთის ა/რ სამხედრო კომისარიატის მიერ 1998 წელს გაცემული ცნობით კი, ერთმნიშვნელოვნად დადგენილია სამხედრო გარნიზონის ...ის ...ის სამსახური. აღნიშნულ ცნობაში არ ფიგურირებს ...-ე ბატალიონი „...“.
კასატორი მიუთითებს სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 26.08.2016წ. ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 05.06.2018წ. #ბს-838-834(კ-17) განჩინებაზე და აღნიშნავს, რომ საბრძოლო მოკვლევა არ არის ერთადერთი და უტყუარი საბუთი, იგი გამყარებული უნდა იყოს სხვა საბუთებით ან უტყუარი ინფორმაციით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელესთან მიმართებით საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დადასტურება და შესაბამისად, მისთვის ომის ვეტერანის სტატუსის მინიჭება.
„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის (16.12.2018წ.-დან „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი) მე-9 მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან: გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები (ამოქმედდა 2015 წლის 1 აგვისტოდან).
სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს #281 ბრძანებით დამტკიცებული „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, მოწმობების გაცემის, სტატუსის შეწყვეტის და აღდგენის შესახებ ინსტრუქციის მე-6.1. „დ“ და „დ.ბ“ მუხლის თანახმად, ვეტერანთა აღრიცხვის სწორად წარმართვის მიზნით ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის მაძიებელმა შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთების დედნები და ანკეტა-განაცხადზე დასართავად დედნების კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლები: დ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებების მონაწილის და ომის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამადასტურებელი ვეტერანის მოწმობის მაძიებელმა: დ.ბ) მოხალისეებზე, რომლებზეც არ მოიპოვება ოფიციალურ სამხედრო ფორმირებებში ჩარიცხვის თაობაზე დოკუმენტაიცა, წარდგენილ უნდა იქნეს იმ პერიოდში მიღებული ჯილდოების, სამხედრო ტრავმების შესახებ ცნობების და მათ ხელთ არსებული სხვა შესაძლო დოკუმენტების დედნები და სათანადოდ დამოწმებული ასლები; საბრძოლო მოკვლევა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს ვეტერანის სტატუსის მქონე იმავე ქვედანაყოფის არანაკლებ სამი პირი – ერთი მეთაურთა შემადგენლობიდან და ორი თანამებრძოლი. ხელმოწერები დადასტურებულ უნდა იქნეს ნოტარიულად; „ვეტერანების სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის“ ოქმი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილია „საბრძოლო მოკვლევა“, რომლის თანახმადაც, მოხალისე ს. გ-ა 1993 წლის 1 მარტს ჩაირიცხა ...-ე ბატალიონის რიგებში. იგი მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დასაცავად საბრძოლო ოპერაციებში აფხეზეთის რეგიონში, კერძოდ, ...-...ის მიმართულებით. ასევე, წარმოდგენილია მეთაურის მოკლე საბრძოლო დახასიათება, რომლის თანახმად, ს. გ-ა იყო კარგი მეომარი, მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებდა პირნათლად. ამასთან, „საბრძოლო მოკვლევასთან“ ერთად საყურადღებოა ...ის რაიონის სოფელი ...დან იძულებით გადაადგილებული პირების, ომისა და სამხდერო ძალების ვეტერანების - ტ. რ-ასა და ვ. კ-ას ნოტარიულად დადასტურებული დასტურები, რომლითაც განმცხადებლები ხელმოწერით ადასტურებდნენ, რომ ს. გ-ა 1993 წლის მარტის თვიდან მათთან ერთად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის აფხაზეთის ტერიტორიაზე (...-...ის) წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში ბატალიონ ...ას ...-ე შემადგენლობაში.
ზემოაღნიშნულთან ერთად, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მასალებზე და აღნიშნავს, რომ სოხუმის სამხედრო გარნიზონის ... ის ...ის ... ...ის ცნობით, შპს „ს...ას“ წარმომადგენლობის „...ის ტერიტორიული სამმართველოს“ კადრების განყოფილების ცნობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამხედრო კომისრისა და საფინანსო-სოციალური განყოფილების უფროსის მიერ გაცემული ცნობით, I ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხული ტ. წ-ის (ბატალიონ „...ს“ ყოფილი მეთაური), მ-ის (ბატალიონ „...ს“ ყოფილი მეთაურის მოადგილე), დ. ჩ-ის (ბატალიონ „...ს“ ყოფილი ოცმეთაური) გ. ბ-ის (ბატალიონ „...ს“ ყოფილი საბინაო უფროსი), მ. დ-ას (ბატალიონ „...ს“...ის ასეულის მეთაური) ჩვენებებით - დასტურდება, რომ მოსარჩელე ს. გ-ა არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე (...-...ი).
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება კასატორის მიერ დასახელებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 05.06.2018წ. #ბს-838-834(კ-17) განჩინებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 თებერვლის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე