საქმე #ბს-892(კ-20) 21 იანვარი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 7 ნოემბერს ფ. თ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 9 ოქტომბრის #01-1236/ო ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
სარჩელის თანახმად, ფ. თ-ა იძულებით გადაადგილებული პირია. მის ოჯახს არ აქვს საცხოვრებელი სახლი, რის გამოც ცხოვრობს მძიმე სოციალურ პირობებში. მოსარჩელეს ასევე აქვს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, ქრონიკული დაავადება. მოსარჩელის მითითებით, იგი 1998 წლის 29 აპრილიდან ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ის ქ. N....
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ იგი ექვემდებარება გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად საცხოვრებელი ფართის გადაცემას. იმ გარემოებას, რომ თითქოს შემოწმებისას არ იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში, რის გამოც ადმინისტრაციულმა ოგანომ მიიჩნია, რომ იგი არ იყო ზემოაღნიშნულ მისამართზე მუდმივი მაცხოვრებელი, მოსარჩელე ხსნის იმ ფაქტით, რომ დილის 9 საათიდან მუშაობს ...ის ... ...ში ...ად, ხოლო შემდგომ მძიმე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, კერძო მასწავლებლად დადის სხვადასხვა ბინაში. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, სახლში დაბრუნებას ახერხებს მხოლოდ ღამის 10-11 საათზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ფ. თ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 9 ოქტომბრის #01-1236/ო ბრძანება; მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფ. თ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის სანდო და დამაჯერებელი. ქ. თბილისში, ...ის ქ. N... მდებარე შენობაში არსებული დევნილი ოჯახების დადგენის მიზნით, რამდენიმე ვიზიტის განხორციელების გზით სააგენტოს თანამშრომელთა მიერ ჩატარდა მონიტორინგი. აღწერის დროს ფაქტობრივად ადგილზე მყოფი ოჯახების შესახებ დგებოდა შესაბამისი აქტები (ოქმები) და მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციები ოჯახის თაობაზე ფიქსირდებოდა ოქმებში. კასატორის მითითებით, მოსარჩელე არც ერთი ვიზიტის დროს არ აღმოჩნდა მითითებულ მისამართზე, რაც იმ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებას წარმოადგენს, რომ მოსარჩელე იქ არ ცხოვრობს. ამასთან, კასატორის განმარტებით, აღნიშნული პროცედურების განხორციელების დროს დადგენილი პრაქტიკაა, რომ, თუკი მონიტორინგის ჯგუფს დევნილი ოჯახი არ დახვდება საცხოვრებელ მისამართზე, დევნილი ოჯახი დამატებითი წერილობითი განცხადების ან სააგენტოში ვიზიტის გზით ატყობინებს მონიტორინგის სამსახურს მისი ცხოვრების ფაქტის თაობაზე და აძლევს შესაბამის ინფორმაციას მონიტორინგის თაობაზე. ამ კატეგორიის დევნილები ინფორმაციას იღებენ ამავე შენობაში მაცხოვრებელი სხვა დევნილებისგან. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ არც ეს ქმედებები განხორციელებულა, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ იგი არ ცხოვრობს აღნიშნულ შენობაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დადგენილია, რომ მოსარჩელე არის იძულებით გადაადგილებული პირი -დევნილი. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს მოსარჩელესთან მიმართებით გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმა წარმოადგენს. დადგენილია, რომ სადავო ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი #32), ქ. თბილისში, ახლადაშენებულ კორპუსებში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა ფ. თ-ას ოჯახს, ქ. თბილისში, ...ის ქ. N...-ში მდებარე ...ის ...-...ში ფაქტობრივად არცხოვრების გამო.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. ამავე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად (სადავო აქტის გამოცემის პერიოდში მოქმედი რედაქცია), დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახისათვის, სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განსახლების მიზნით, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ქ. თბილისში, ...ის ქ. N...-ში მდებარე ...ის ...-...აში მოსარჩელის ფაქტობრივად არცხოვრებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს თავად მოსარჩელის განმარტებაზე, რომლის თანახმად, იგი 1998 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ის ქ. N.... იგი მუშაობს ...ად ...ის ... ...ში. მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო დილის 9 საათიდან მუშაობს ...ად, ხოლო შემდგომ კერძო ...ად დადის სხვადასხვა მოქალაქეებთან, რის გამოც სახლში დაბრუნებას ღამის 10-11 საათამდე ვერ ახერხებს. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სსიპ ...ის ... ...ის 2019 წლის 25 თებერვლის #12-24 ცნობაზე, რომელიც ადასტურებს მოსარჩელის ...ად მუშაობის ფაქტს. მოწმეთა (მოსარჩელის მეზობლების) ჩვენებით ასევე დგინდება მოსარჩელის ქ. თბილისში, ...ის N...-ში ცხოვრების ფაქტი. ერთ-ერთი მეზობლის განმარტებით კი, იგი არა მარტო ადასტურებს ფ. თ-ას ზემოთხსენებულ მისამართზე ცხოვრების ფაქტს, არამედ ადასტურებს ხშირ და სისტემატიურ მეზობლურ ურთიერთობას მასთან. საქმეში ასევე წარმოდგენილია სს „...ის“ მიერ გაცემული წერილი და ბრუნვის ისტორია, რომელიც ადასტურებს, რომ აბონენტს - #..., 2002 წლის 27 დეკემბრიდან 2019 წლის 21 იანვრამდე ყოველთვიურად უფიქსირდება ჩვენება სხვადასხვა ოდენობით. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მისამართზე ფ. თ-ას მუდმივად არცხოვრების დასადასტურებლად მონიტორინგის ჯგუფის წევრებს არ შეუდგენიათ არანაირი დოკუმენტი, კერძოდ, არ გამოუკითხავთ მეზობლები, არ გამოუკვლევიათ ფ. თ-ას მიერ დაკავებული ოთახით ხომ არ სარგებლობდა სხვა პირი და სავარაუდოდ, იხელმძღვანელეს მხოლოდ იმ გარემოებით, რომ მონიტორინგის განხორციელების დროს მოსარჩელე მისამართზე არ იმყოფებოდა, რაც არ შეიძლება გაგებული იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ზემოხსენებულ მისამართზე არ არის, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილით, ფ. თ-ას საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. ამასთან, არ არის წარმოდგენილი არანაირი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ არა ზემოთ მითითებულ მისამართზე, მაშინ სად ცხოვრობს მოსარჩელე.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, არ არის განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე