Facebook Twitter

საქმე #ბს-770(კ-20) 21 იანვარი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 27 თებერვალს ა. ღ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელემ მობილობის შეუძლებლობის გამო ა. ღ-ის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვისა და მასზე კომპენსაციის გაცემის შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის #44 ბრძანების ბათილად ცნობა, თელავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, ა. ღ-ის თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ...ის ... ...ის ... ...ის, ...თან ...ის, ..., ... ...ის ...სა და ...ის ...ის ... ....ის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და 2018 წლის 30 იანვრიდან სამსახურში მის აღდგენამდე ა. ღ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის (შრომითი გასამრჯელოს) ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ა. ღ-ი 2015 წლიდან მუშაობდა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ...ის ... ...ის ... ...ის, ...თან ...ის, ..., ... ...ის ...სა და ...ის ...ის ... ....ის პოზიციაზე. მთავრობის იმ რეფორმის ფარგლებში კი, რომლის თანახმადაც, მოხდა საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია/შერწყმა, თელავის მუნიციპალიტეტის ...ის ყველა მოხელეს ეცნობა მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელი იქნებოდა მათი მობილობა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის #44 ბრძანებით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მობილობის შეუძლებლობის გამო, იგი ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში 2 წლის ვადით და მიეცა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგო. სარჩელის თანახმად, თვითმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ...ის 139 მოხელის მიმართ გამოყენებულ იქნა მობილობა, 50 საჯარო მოხელე - ჩაირიცხა რეზერვში, ხოლო შტატით გათვალისწინებულ 43 პოზიციაზე - გამოცხადდა ღია საჯარო კონკურსი. მოსარჩელის მითითებით, კონკურსი გამოცხადდა იმ პოზიციაზე, სადაც იგი მუშაობდა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ...აში. ასეთ პირობებში, მოსარჩელისთვის გაუგებარია, რატომ მოხდა მის მიერ დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლება (მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვა). სარჩელის თანახმად, ა. ღ-ი სამსახურის მიერ შეფასებული იყო, როგორც „კარგი“.

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ა. ღ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მობილობის შეუძლებლობის გამო ა. ღ-ის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვისა და მასზე კომპენსაციის გაცემის შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის #44 ბრძანება; თელავის მუნიციპალიტეტის მერიას ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ...ის ... ...ის ... ...ის, ...თან ...ის, ..., ... ...ის ...სა და ...ის ...ის ... ....ის ტოლფას თანამდებობაზე ა. ღ-ის აღდგენა, ასევე 2018 წლის 30 იანვრიდან სამსახურში აღდგენამდე ა. ღ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის (შრომითი გასამრჯელოს) ანაზღაურება დაევალა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განჩინებით თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი არ იზიარებს სასამართლოს შეფასებას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე არ იყო მობილობას დაქვემდებარებული პირი. კასატორი მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52.1 მუხლზე და აღნიშნავს, რომ განხორციელდა თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გაერთიანება და ახალი მუნიციპალიტეტის შექმნა, რის შედეგადაც, შეუძლებელი იყო ორივე მუნიციპალიტეტის მოხელეთა დაკმაყოფილება, შესაბამისად, ვერ განხორციელდა ა. ღ-ის დანიშვნა თელავის მუნიციპალიტეტის...ის ... ...ის ... ...ის, ...თან ...ის, ..., ... ...ის ...სა და ...ის ...ის ... ....ის პოზიციაზე. ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაგზავნილ იქნა მიმართვები სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში ვაკანტური თანამდებობების მოსაძიებლად. შესაბამის დაწესებულებებში ვაკანსიის არარსებობის გამო კი, მოსარჩელის მიმართ გატარდა შემდეგი ღონისძიებანი: მობილობის შეუძლებლობის გამო, მისი მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვა და შესაბამისი კომპენსაციის მიცემა. ის, რომ არ არსებობს ა. ღ-ის თანხმობა მობილობასთან დაკავშირებით, აღნიშნულს არსებითი მნიშნელობა არ აქვს, ვინაიდან მის მიერ უარის გაცხადების შემთხვევაში, იგი მაინც ჩაირიცხებოდა მოხელეთა რეზერვში და მიეცემოდა ერთი თვის კომპენსაცია, ნაცვლად სამი თვისა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩნების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ა. ღ-ის მობილობის შეუძლებლობის გამო მისი მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის კანონიერების შეფასება. ამასთან, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია მისი თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ...ის ... ...ის ... ...ის, ...თან ...ის, ..., ... ...ის ...სა და ...ის ...ის ... ....ის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და მოპასუხისთვის 2018 წლის 30 იანვრიდან სამსახურში მის აღდგენამდე იძულებითი განაცდური ხელფასის (შრომითი გასამრჯელოს) ანაზღაურების დავალება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა, თუმცა საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას იმ ნაწილში, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში რაიმე ცვლილება არ განხორციელებულა. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის #987-IIს დადგენილების მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, თვითმმართველი ქალაქი თელავი და თელავის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა ერთ თვითმმართველ ერთეულად − თელავის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა ქალაქი თელავი. ამასთან, მითითება მასზედ, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში რაიმე ცვლილება არ განხორციელებულა, არ შეესაბამება თავად ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ იმ გარემოებას, რომ 2017 წლის ადგილობრივ თვითმმარველობაში განხორცილებელი ცვლილებების შედეგად მოხდა ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანება და ერთ მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბება, რომლის თანახმად, ჩამოყალიბდა თელავის მუნიციპალიტეტი.

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ 26.07.2017წ. საქართველოს ორგანული კანონის 2.3 მუხლის მიხედვით განისაზღვრა, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ არჩეულმა მუნიციპალიტეტების მერებმა/საკრებულოების თავმჯდომარეებმა საჯარო სამსახურის ბიუროსთან კოორდინაციით უზრუნველყონ 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების საჯარო მოსამსახურეთა მობილობის წესით გადაყვანა 2017 წელს შექმნილ შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერიებში/საკრებულოების აპარატებში. 2.4 მუხლის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, საქართველოს პარლამენტის 2017 წლის დადგენილებით შექმნილი მუნიციპალიტეტების (თვითმმართველი თემების) საკრებულოების მიერ შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღებამდე ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ტერიტორიებზე მოქმედებს იმ თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომელთა გაერთიანების შედეგადაც შეიქმნა ახალი მუნიციპალიტეტები. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 103.3 მუხლის თანახმად, შერწყმა არის ორი ან ორზე მეტი საჯარო დაწესებულების ფუნქციებისა და ამოცანების ერთ საჯარო დაწესებულებაში გაერთიანება. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის #199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ 7.1 მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულების სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა გულისხმობს ორი ან ორზე მეტი საჯარო დაწესებულების ფუნქციებისა და ამოცანების ერთ საჯარო დაწესებულებაში გაერთიანებას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 102-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა. ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონმა საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმისას, საჯარო სამსახურის სტაბილურობისა და მოხელეთა უფლებრივი მდგომარეობის განსამტკიცებლად შემოიტანა მობილობის ინსტიტუტი. მოცემული კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, ხდება მობილობის საფუძველი, კერძოდ, შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის საფუძველზე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის #199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ მე-12 მუხლით გაწერილია მობილობის პროცედურები.

მოცემული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო შესაძლოა, არ იზიარებდეს სააპელაციო სასამართლოს გარკვეულ შეფასებებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარს, დავის სხვაგვარად გადაწყვეტისთვის, არ გააჩნია სამართლებრივი პერპექტივა, ვინაიდან განსახილველი საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ არ არსებობდა მობილობის შეუძლებლობის გამო ა. ღ-ის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის საფუძველი, რამდენადაც, დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ სადავო საშტატო ერთეულზე თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ იქნა კონკურსი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე