Facebook Twitter

საქმე #ბს-1237(კ-20) 25 თებერვალი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 16 დეკემბერს ლ. ღ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის მომსახურების ცენტრის მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის ტერიტორიული ერთეულის 2018 წლის 27 ივლისის #2018/1 გადაწყვეტილების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 19 აგვისტოს #04/44129 წერილის ბათილად ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის მომსახურების ცენტრისთვის ლ. ღ-ასთვის სახელმწიფო პენსიის აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მოსარჩელე - ლ. ღ-ას სასარგებლოდ, სახელმწიფო პენსიის უკანონოდ შეწყვეტის თარიღიდან - 2018 წლის 1 აგვისტოდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდზე, იძულებითი განაცდური სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, იგი დასაქმებულია სსიპ აფხაზეთის ...სა და ...ის ... ...ის ... ...ად. 2015 წლიდან დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო პენსია, რომელიც შეუწყდა 2018 წელს იმ საფუძვლით, რომ თითქოს იგი ახორციელებს საჯარო საქმიანობას. მოსარჩელის მითითებით, პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან იგი არ ახორციელებს საჯარო საქმიანობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ღ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის ტერიტორიული ერთეულის 2018 წლის 27 ივლისის #2018/1 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 19 აგვისტოს #04/44129 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის მომსახურების ცენტრს ლ. ღ-ასთვის სახელმწიფო პენსიის აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელე - ლ. ღ-ას სასარგებლოდ, სახელმწიფო პენსიის უკანონოდ შეწყვეტის თარიღიდან - 2018 წლის 1 აგვისტოდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდზე, იძულებითი განაცდური სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება დაეკისრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონი წარმოადგენს სახელმწიფო გასაცემლის ადმინისტრირების სპეციალურ კანონს. აღნიშნული კანონი პენსიით უზრუნველყოფის უფლების შეზღუდვას ადგენს, როგორც საჯარო მოხელეების მიმართ, ისე ყველა იმ პირისათვის, ვინც (გარდა ნორმით განსაზღვრული გამონაკლისისა), სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, ეწევა შრომით ანაზღაურებად საქმიანობას. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ანსამბლი, სადაც დასაქმებულია მოსარჩელე, წარმოადგენს კულტურული და შემოქმედებითი საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციას, ის არ მიეკუთვნება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებათა საგამონაკლისო კატეგორიას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სახელმწიფო პენსიის აღდგენა, რომელიც მოსარჩელეს შეუწყდა იმ მოტივით, რომ იგი ახორციელებდა საჯარო საქმიანობას (დასაქმებულია სსიპ აფხაზეთის ...სა და ...ის ... ...ის ... ...ად). ამასთან, მოთხოვნილია სახელმწიფო პენსიის აღდგენა და უკანონოდ შეწყვეტის მომენტიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდზე იძულებითი განაცდური სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ ლ. ღ-ას აცნობა, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი - „აფხაზეთი“ წარმოადგენდა კულტურული და შემოქმედებითი საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციას, იგი არ მიეკუთვნებოდა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებათა საგამონაკლისო კატეგორიას.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით კი, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).

ამდენად, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისგან განსხვავებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის ცნებაში გამონაკლისის სახით კულტურულ საქმიანობის განხორციელებასაც არ მიიჩნევს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან დღეს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონთან შედარებით, უფრო გვიან მიღებულ ნორმატიულ აქტს წარმოადგენს და აუმჯობესებს მოსარჩელის სამართლებრივ მდგომარეობას, მათ შორის წინააღმდეგობის დროს გამოიყენება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულაცია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 11 მარტის #12 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის“ დებულებით დგინდება, რომ სსიპ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მიზნები და საქმიანობა პირდაპირ კავშირშია ქართული კულტურის შენარჩუნებასთან, შესწავლასთან და პოპულარიზაციასთან, მასში მუშაობა ვერ ჩაითვლება საჯარო სამსახურად, რის გამოც მოსარჩელე არ უნდა იქნეს მიჩნეული საჯარო მოხელედ და მასზე არ უნდა გავრცელდეს აღნიშნული საფუძვლით სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის შეზღუდვა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე