Facebook Twitter

№ბს-479(კ-20) 10 თებერვალი, 2021 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; მესამე პირები - შპს „...ი“, დ. ტ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 21 სექტემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მესამე პირის - შპს „...ის“ მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2017 წლის 13 ივნისის №... და 2017 წლის 24 აგვისტოს №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის 2007 წლის 19 მარტს გაფორმებული გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობების/ვალდებულებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის განხორციელების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო შპს „...ი“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საქმეში, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაერთო დ. ტ-ი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 იანვრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-11 და 28-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ სადავო უძრავ ნივთზე რეგისტრირებული ვალდებულება სრულად გაუქმდა თავად სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2008 წლის 23 მაისის №... წერილის საფუძველზე. ამდენად, პალატის მოსაზრებით, საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზი არ იყო დაშვებული. სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული წერილის შესაბამისად, ვალდებულების გაუქმების თაობაზე 2008 წლის 31 მაისს მიღებული გადაწყვეტილება მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. ამასთანავე, პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს, სადავო ვალდებულების რეგისტრაციის მოთხოვნით, 2011 წელსაც ჰქონდა მიმართული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის, რაზეც 2011 წლის 09 ივნისის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა და განემარტა, რომ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იყო შპს „...ის“ საკუთრების უფლება, რაც გამორიცხავდა მოთხოვნილი ვალდებულების რეგისტრაციას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო უძრავ ქონებაზე დ. ტ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროს ამონაწერში (№... - 20.03.2007) ვალდებულებების განყოფილებაში დარეგისტრირდა ორი ვალდებულების ჩანაწერი: „1. მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის მთლიანი თანხა 957 200 აშშ დოლარი დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის ვადაში; 2. ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით.“ კასატორის მითითებით, ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2008 წლის 23 მაისის №... წერილის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს ეცნობა, რომ მყიდველის - დ. ტ-ის მიერ სრულად იქნა დაფარული ნასყიდობის საგნის საფასური და ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულების დარღვევის გამო დარიცხული საურავი. ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა სამართლებრივ რეგისტრაციაში გაეტარებინა ქ. თბილისში, ...ის მიმდებარედ არსებული 4786 კვ.მ მიწის ნაკვეთი, როგორც დ. ტ-ის საკუთრება 2007 წლის 19 მარტს გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით. კასატორის განმარტებით, ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის აღნიშნული მიმართვის მიზანს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ დ. ტ-ისთვის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის პირობად ნასყიდობის საფასურის გადახდის გარდა, ასევე განისაზღვრა გარკვეული ვალდებულებების შესრულებაც. შესაბამისად, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების სრულად შესრულებამდე, ამონაწერის ვალდებულების გრაფაში მითითებული უნდა ყოფილიყო უძრავ ქონებაზე არსებული, მესაკუთრის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის მიმართვის მიუხედავად, საჯარო რეესტრის ამონაწერში ნასყიდობის თანხის გადახდის ვალდებულებასთან ერთად მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სრულად იქნა გაუქმებული ვალდებულების გრაფაში რეგისტრირებული ჩანაწერი „ხელშეკრულებით დადგენილი პირობით“.

კასატორი აღნიშნავს, რომ 2008 წლის 17 აპრილს დ. ტ-სა და შპს „კ...ს“ შორის გაფორმებული „გადახდის განვადებით უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის შესახებ“ ხელშეკრულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დეტალურად განისაზღვრა ნასყიდობის საგანთან დაკავშირებული ქ. თბილისის თვითმმართველ ერთეულსა და დ. ტ-ს შორის 2007 წლის 19 მარტს გაფორმებული გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული განსაკუთრებული პირობების შესრულების ვალდებულების საკითხი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აღნიშნული პირობები უცვლელად წაჰყვებოდა ნასყიდობის საგანს, როგორც ნასყიდობის საგნის განაშენიანების სავალდებულო პირობა და აღნიშნული ვალდებულება ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების საფუძველზე გადავიდოდა მყიდველზე. ამასთანავე, 2010 წლის 01 ნოემბერს დ. ტ-სა და შპს „...ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება მიწის ნაკვეთის ნასყიდობის შესახებ, რომლის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მყიდველი ინფორმირებული იყო, რომ ხელშეკრულების საგანზე - ქ. თბილისში, ...ის მიმდებარედ 4786 კვ.მ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული იყო სს „თ...ის“ იპოთეკის ვალდებულება და შპს „კ...ს“ ვალდებულება, რაც, კასატორის მოსაზრებით, იმას ნიშნავს, რომ შპს „...ისათვის“ ცნობილი იყო ქ. თბილისის თვითმმართველ ერთეულსა და დ. ტ-ს შორის 2007 წლის 19 მარტს გაფორმებული გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი განსაკუთრებული პირობების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2007 წლის 19 მარტს ერთის მხრივ, ქალაქ თბილისის მერიასა და მეორეს მხრივ, კონკურსში გამარჯვებულ დ. ტ-ს შორის გაფორმებულ იქნა გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება, სახელმწიფო საკუთრებაში დაქვემდებარებული ქონების, ქ. თბილისში, ...ის მიმდებარედ არსებული 4786,00 კვ.მ მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე. ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობების თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო ქ. თბილისში, ...ის მიმდებარედ 4786 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №...) დაეპროექტებინა და განეთავსებინა ტერიტორიის მასშტაბის შესაბამისი, აღდგენით მედიცინასთან დაკავშირებული სარეაბილიტაციო კომპელქსი კონკრეტული შემადგენლობითა და კონკრეტული მოთხოვნებით. უძრავი ქონების ნასყიდობის საფასური განისაზღვრა 957 200 აშშ დოლარით, რომელიც 1 წლის ვადაში უნდა გადახდილიყო. 2007 წლის 20 მარტის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სადავო ნაკვეთის მესაკუთრედ ფიქსირდება დ. ტ-ი. ვალდებულების გრაფაში მითითებულია, რომ მყიდველი (დ. ტ-ი) ვალდებული იყო ნასყიდობის მთლიანი თანხა 957 200 აშშ დოლარი დაეფარა ხელშეკრულების გაფორმებიდან 01 წლის ვადაში ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად. ასევე დადგენილია ის გარემოება, რომ ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2008 წლის 23 მაისის წერილის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს ეცნობა, რომ დ. ტ-ის მიერ სრულად იქნა დაფარული ნასყიდობის საგნის საფასური და ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულების დარღვევის გამო დარიცხული საურავი. ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა სამართლებრივ რეგისტრაციაში გაეტარებინა ქ. თბილისში, ...ის მიმდებარედ არსებული 4786 კვ.მ მიწის ნაკვეთი, როგორც დ. ტ-ის საკუთრება 2007 წლის 19 მარტს გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შერულების პირობით. ხსენებული წერილის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით სრულად გაუქმდა ვალდებულების გრაფაში არსებული ჩანაწერი. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემობას, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილება კასატორის მიერ არ გასაჩივრებულა.

საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2010 წლის 01 ნოემბერს დ. ტ-სა და შპს „...ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება მიწის ნაკვეთის ნასყიდობის შესახებ, რომლის საფუძველზე სადავო მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა შპს „...ის“ საკუთრების უფლება. აღსანიშნავია, რომ შპს „...ის“ საკუთრებაში გადავიდა ვალდებულებით დაუტვირთავი ქონება. ამასთან, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 15 მარტის წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა წერილის დანართში მითითებული უძრავი ნივთების, მათ შორის, ქ. თბილისში, ...ის მიმდებარედ 4 786 კვ.მ მიწის ნაკვეთის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საპრივატიზაციო პირობებით/ვალდებულებებით დატვირთვა თვითმმართველი ერთეულის სასარგებლოდ, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 09 ივნისის №... გადაწყვეტილებით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სადავო ნაკვეთზე რეგისტრირებულ უფლებაზე ვალდებულების რეგისტრაციაზე ეთქვა უარი, ვინაიდან, აღნიშნულ საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული იყო შპს „...ის“ საკუთრების უფლება, რაც გამორიცხავდა ვალდებულების რეგისტრაციას. საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კასატორის მიერ არც ხსენებული გადაწყვეტილება გასაჩივრებულა.

დადგენილია ის გარემოება, რომ ქონების მართვის სააგენტომ 2017 წლის 12 ივნისს კვლავ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ქ. თბილისის თვითმმართველ ერთეულსა და დ. ტ-ს შორის 2007 წლის 19 მარტს გაფორმებული გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობების/ვალდებულებების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია მოითხოვა, რაც არ დაკმაყოფილდა მოცემულ საქმეზე სადავოდ გამხდარი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2017 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია ის გარემოება, რომ შპს „...ის“ მიერ სადავო უძრავი ქონების შეძენის დროისათვის, საკუთრების ობიექტზე არ იყო რეგისტრირებული რაიმე სახის ვალდებულება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში გამორიცხავს შპს „...ის“, როგორც კეთილსინდისიერი შემძენის, საკუთრების უფლებაზე მოთხოვნილი ვალდებულების რეგისტრაციის შესაძლებლობას. ამასთანავე, საყურადღებოა ის გარემოება, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება სადავო არ გამხდარა და კასატორს არც ვალდებულების რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 09 ივნისის გადაწყვეტილება გაუსაჩივრებია. შესაბამისად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებებს და მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 31.03.20წ. №01075 საგადასახადო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 იანვრის განჩინება;

3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ს/კ 205296375) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 31.03.20წ. №01075 საგადასახადო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე