Facebook Twitter

საქმე #ბს-993(კ-20) 25 თებერვალი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 24 ივლისს ს. ბ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილისათვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 22 ივნისის #1458 ბრძანების ბათილად ცნობა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ს. ბ-ასათვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა.

2018 წლის 1 მაისს ვ. ბ-ამ და ი. პ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელეებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 22 ივნისის #1475 ბრძანებისა და 2017 წლის 22 ივნისის #1476 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ვ. ბ-ასა და ი. პ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე ს. ბ-ას სარჩელისა გამო, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ და ადმინისტრაციული საქმე ვ. ბ-ასა და ი. პ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ, გაერთიანდა ერთ წარმოებად, ერთად განხილვისათვის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს. ბ-ას, ვ. ბ-ასა და ი. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 22 ივნისის #1458 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 22 ივნისის #1475 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 22 ივნისის #1476 ბრძანება; მოპასუხეს ს. ბ-ას, ვ. ბ-ასა და ი. პ-ისათვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლემ), რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 იანვრის საოქმო განჩინებით აპელანტის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 იანვრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარცელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ს. ბ-ას მამას გამოეყო ბინა ქ. ...ში, სადაც ოჯახის წევრები ჩაწერილები იყვნენ იმ პერიოდისათვის არსებული ჩაწერის ინტიტუტის შესაბამისად. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელია პირის მუდმივი ცხოვრება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რა დროსაც მნიშვნელობა არ აქვს, პირს იქ გააჩნდა თუ არა უძრავი ქონება საცხოვრებლის სახით, ან იყო თუ არა ჩაწერილი საცხოვრებელში. როგორც მოსარჩელის, ასევე მისი ოჯახის სხვა წევრების (სხვა მოსარჩელეების) ბიოგრაფიული მონაცემებით დგინდება, ისინი თავიანთი ცხოვრებით დაკავშირებულნი იყვნენ არაოკუპირებულ ტერიტორიასთან (დაბადების ფაქტი, სამსახური, სკოლა და სხვ.).

კასატორი ეჭვქვეშ აყენებს იმ გარემოებას, რომ ოჯახი 1992 წლის მაისიდან გადავიდა საცხოვრებლად ქ. ...ში. კასატორის მითითებით, აღნიშნული ფაქტი არადამაჯერებელი და არასარწმუნოა, ვინაიდან მშობლებს შრომითი საქმიანობიდან, ხოლო შვილებს სკოლაში სწავლის გამო, ცხოვრება უწევდათ ...აში. ამასთან, მოცემული პერიოდისათვის აფხაზეთში საკმაოდ დაძაბული სიტუაცია იყო.

კასატორის მითითებით, მოსარჩელეთა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრება კონკრეტული მტკიცებულებით არ დასტურდება. სასამართლოს მითითება კი, საცხოვრებლის ქონისა და საბინაო ორდერის არსებობის თაობაზე, არ არის მოსარჩელეთა ქ. ...ში მუდმივად ცხოვების ფაქტის დამადასტურებელი უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულება. ამასთან, კასატორი საკასაციო საჩივარში მიმოიხილავს მოსარჩელეთა დეტალურ ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომელიც, მისი აზრით, გამორიცხავს ქ. ...ში მოსარჩელეთა მუდმივი ცხოვრების შესაძლებლობას.

კასატორის განმარტებით, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისა და ჩამორთმევის საკითხი სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილებაა, რომელიც მას მინიჭებული აქვს კანონის საფუძველზე. მოსარჩელეთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი ომამდე არ იყო აფხაზეთის ტერიტორია. ამდენად, სააგენტო მოკლებული იყო და არის შესაძლებლობას, მიანიჭოს დევნილის სტატუსი პირს, რომელიც არ იყო მუდმივი მცხოვრები იმ ტერიტორიისა, რომელიც დღეს უკვე ოკუპირებულია. სამინისტრო, გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდა თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, დევნილთა რეგისტრაციისას აღმოჩენილი დარღვევების ყურადღების მიღმა დატოვება კი ნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო - სამინისტრო ანგარიშს არ უწევს კანონის ნორმის მიზნებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელეთათვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის, დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილებების კანონიერების შემოწმება და მოსარჩელეთათვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) ვერ წარმოადგინა.

დადგენილია, რომ სარეგისტრაციო კომისიის მიერ გამოკვლეულ იქნა ს. ბ-ას დევნილობამდე მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. კომისიამ მიიჩნია, რომ ს. ბ-ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ ყოფილა ქ. ...ი, ...ს, ქ. N..., რის გამოც კომისიამ მიზანშეუწონლად მიიჩნია, რომ ს. ბ-ას აღდგენოდა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. ამასთან, ს. ბ-ას დევნილის სტატუსთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დროს მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მისი ოჯახის წევრების დევნილის სტატუსის კანონიერების შესწავლაც. კომისიამ მიიჩნია, რომ ი. პ-ისა და ვ. ბ-ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქ. ...ი არ ყოფილა, რის გამოც „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთან შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია ვ. ბ-ას და ი. პ-ს ჩამორთმეოდათ დევნილის სტატუსი.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხებს წყვეტს სამინისტრო.

დადგენილია, რომ ქ. ...ში, ...ს, ქ. N...-ში მდებარე ბინაზე გაცემულ ორდერში მითითებულია 5-სულიანი ოჯახი, კერძოდ, თავად - ბ. ი. ბ-ა, ვ. ბ-ა (მეუღლე), ი. ბ. ბ-ა (შვილი), ს. ბ. ბ- (შვილი) და ი. ბ-ა (შვილი), რომელმაც მოგვიანებით შეიცვალა გვარი და გახდა პ-ი.

ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეთა ოჯახს, სახელმწიფოს მიერ გადაეცა საცხოვრებელი ბინა ქ. ...ში, ...ს ქუჩაზე, სადაც ჩაწერილ იქნა მთელი ოჯახი 5 წევრის შემადგენლობით. ოჯახმა გაარემონტა აღნიშნული ბინა, სადაც 1992 წლის მაისის თვეში გადავიდა საცხოვრებლად. მოსარჩელეთა ოჯახს, მისი ნების გარეშე, მოუწია დაეტოვებინა აღნიშნული ბინა, სადაც ვერ ახერხებს უკან დაბრუნებას. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მნიშვნელოვანია არა ის, ბ. ბ-ამ, ოჯახთან ერთად, რამდენი ხანი იცხოვრა ქ. ...ში, ...ს ქუჩაზე, არამედ - ის ფაქტი, რომ ოჯახს იძულების წესით მოუწია იმ ბინის დატოვება, სადაც ცხოვრობდა საომარი მოქმედებების დაწყებამდე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები კი, ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსარჩელეთა ცხოვრების ფაქტს საომარი მოქმედების დაწყებამდე.

ამასთან, საყურადღებოა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2018 წლის 24 მაისის #01/551 წერილი, რომლითაც სასამართლოს ეცნობა, რომ წარმომადგენლობის (კომისია) მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოკვლეული მასალებისა და მიღებული ინფორმაციის შესწავლისა და გაანალიზების საფუძველზე, საქმეში წარდგენილი მასალებით (მათ შორის, მოსარჩელის მამის - ბ. ბ-ას ე.წ. საბჭოთა პასპორტით ქ. ...ში მუდმივი რეგისტრაციით, ბ. ბ-ას ქ. ...ში საკუთრების ქონის დამადასტურებელი ბინის ორდერით, რომლის ჩანაწერშიც ფიქსირებულია მოსარჩელის სახელი და გვარი) დასტურდება ს. ბ-ას აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში 1992 წლამდე (14 აგვისტო) მუდმივად ცხოვრების ფაქტი. ამავე წერილის თანახმად, კომისიისათვის მოცემულ ეტაპზე არ იყო ცნობილი რაიმე სახის ახალი გარემოება, რაც საფუძველს შექმნიდა მიღებული გადაწყვეტილების შესაცვლელად და მათი (აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის) პოზიცია ხსენებულ საქმეზე იყო უცვლელი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 იანვრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე