Facebook Twitter

№ბს-901(კს-20) 4 მარტი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) - ო. თ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 აგვისტოს განჩინება

დავის საგანი - განცხადებაზე წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 26 ივლისს ო. თ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის, რ. თ-ისა და გ. მ-ის მიმართ და რ. თ-ის სახელზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერისა და 2011 წლის 5 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე უძრავი ქონების 1/3 წილის მის სახელზე რეგისტრაცია მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 ივლისის განჩინებით ო. თ-ის სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.

ო. თ-მა 2011 წლის 19 აგვისტოს განცხადებით დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ, მოსარჩელემ დამატებით სახლის 1/3 წილისა და მისი მიმდებარე 100 კვ.მ მიწის ნაკვეთის მის სახელზე რეგისტრაცია მოითხოვა.

გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ო. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე ო. თ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 03 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ო. თ-ის მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 02 მაისის განჩინებით ო. თ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 03 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით ო. თ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ო. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი რ. თ-ის სახელზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2010 წლის 2 ნოემბერს განხორციელებული ჩანაწერი (№...) 600 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და 90.40 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 5 ივლისის №... გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ იმავე საკითხზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ო. თ-ს უარი ეთქვა სადავო საცხოვრებელი სახლის 1/3 ნაწილის მის სახელზე აღრიცხვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ო. თ-ის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, გორის სარეგისტრაციო სამსახურისა და რ. თ-ის მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 25 დეკემბრის განჩინებით ო. თ-ის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, გორის სარეგისტრაციო სამსახურისა და რ. თ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ 2013 წლის 25 თებერვალს გაიცა სააღსრულებო ფურცელი კრედიტორის - ო. თ-ის სასარგებლოდ.

ო. თ-მა 2017 წლის 15 მაისს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით ო. თ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან საქმის მასალებიდან არ იკვეთებოდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 23-ე და 24-ე მუხლებით გათვალისწინებული, სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში დუბლიკატის ან გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ სააღსრულებო ფურცლის გაცემის გარემოებათა არსებობა, ო. თ-ის განცხადება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იყო. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა განმცხადებელმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით ო. თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 02 ოქტომბრის განჩინება.

ო. თ-მა 2019 წლის 04 სექტემბერს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და კვლავ ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ო. თ-ის 2019 წლის 04 სექტემბრის განცხადებაზე შეწყდა საქმის წარმოება; მხარეს განემარტა, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, არ დაიშვება.

თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ო. თ-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის განჩინებით ო. თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინება.

2020 წლის 08 ივლისს ო. თ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და კვლავ ახალი სააღსრულებო ფუცლის გაცემა მოითხოვა. განმცხადებლის მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ 2013 წლის 25 თებერვალს გაიცა სააღსრულებო ფურცელი კრედიტორის - ო. თ-ის სასარგებლოდ. ამასთან, იგი ფაქტობრივად ცხოვრობს მის მიერ მოთხოვნილი უძრავი ქონების 1/3 წილში, თუმცა არ გააჩნია აღნშინულის კანონიერი საფუძველი, რის გამოც ითხოვს ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 26 აგვისტოს განჩინებით ო. თ-ის განცხადებაზე შეწყდა საქმის წარმოება, მხარეს განემარტა, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, არ დაიშვება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვდა სააღსრულებო ფურცლის გაცემას არა იმიტომ, რომ სააღსრულებო ფურცელი დაკარგული იყო ან ადგილი ჰქონდა მხარეების - კრედიტორის და მოვალის უფლებამონაცვლეობას, არამედ მხარე ითხოვდა ისეთი სააღსრულებო ფურცლის გაცემას, რომელიც დაეხმარებოდა მის წილ 1/3-ში შესახლების საკითხში.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ საფუძველს, კერძოდ, სახეზე იყო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებები, რომელიც გამოტანილი იყო დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 26 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ო. თ-მა და აღნიშნა, რომ ითხოვს ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ო. თ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, კერძო საჩივარი საქმესთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ო. თ-მა 2017 წლის 15 მაისს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და თბილისის სააპელაციო სასამართლო 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების სათანადოდ აღსრულების მიზნით ისეთი ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა, რომელიც მისაღები იქნებოდა გორის სააღსრულებო ბიუროსათვის და რომლის მეშვეობითაც ო. თ-ის ოჯახი შეძლებდა სადავო სახლის 1/3 ნაწილში შესახლებას. აღნიშნული განცხადება უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრცაიულ საქმეთა პალატის 2017 წლის 02 ოქტომბრის განჩნებით, რომელიც ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით.

საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2019 წლის 04 სექტემბერს ო. თ-მა იმავე შინაარსის განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე ისეთი სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა, რომელიც გასაგები და მისაღები იქნებოდა გორის აღსრულების ბიუროსათვის მისი სადავო სახლის 1/3 ნაწილში შესახლების საკითხში. აღნიშნულ განცხადებაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეწყდა საქმის წარმოება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრცაიულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, რომელიც ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 21 განჩინებით.

2020 წლის 08 ივლისს ო. თ-მა კვლავ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და კვლავ ახალი სააღსრულებო ფუცლის გაცემა მოითხოვა. ხსენებულ განცხადებაზე შეწყდა საქმის წარმოება სადავო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 აგვისტოს განჩინებით. წარმოდგენილი კერძო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს სწორედ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 აგვისტოს განჩინების კანონიერება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. კონკრეტულ შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით სასამართლომ იმსჯელა ო. თ-ის სასარგებლოდ თბილისის სააპელაციო სასამართლო 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების სათანადოდ აღსრულების მიზნით ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე. პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 23-ე და 24-ე მუხლებით გათვალისწინებული, სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში დუბლიკატის ან გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძვლები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2019 წლის 04 სექტემბრისა და 2020 წლის 08 ივლისის განცხადებებით ო. თ-მა კვლავ მიმართა სააპელაციო პალატას მისთვის სასურველი შინაარსის ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. აღსანიშნავია, რომ განმცხადებელი არ უთითებდა ახალი საააღსრულებო ფურცლის გაცემის განსხვავებულ საფუძველზე. მის ინტერესს კვლავ თბილისის სააპელაციო სასამართლო 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების სათანადოდ აღსრულების მიზნით ისეთი ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა წარმოადგენდა, რომელიც მისაღები იქნებოდა გორის სააღსრულებო ბიუროსათვის და რომლის მეშვეობითაც ო. თ-ის ოჯახი შეძლებდა სადავო სახლის 1/3 ნაწილში შესახლებას. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მართებულად აღნიშნა, რომ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ ო. თ-ი განცხადება. კერძო საჩივრის ავტორი არ უთითებს ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის რაიმე განსხვავებულ საფუძველზე. ო. თ-ი კერძო საჩივარში აპელირებს მხოლოდ საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ვერ ასაბუთებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 აგვისტოს განჩინებით საქმის წარმოების შეწყვეტის უმართებულობას.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რომლის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. ო. თ-ს, სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ, არაერთგზის ეთქვა უარი ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე და განემარტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე უკვე გაცემული იყო სააღსრულებო ფურცელი და გადაწყვეტილებაც აღსრულებული. ამდენად, ცალსახად იკვეთება იდენტური შინაარსის მოთხოვნის შემცველ განცხადებაზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი, რაც კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 419-ე, 420-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო. თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 აგვისტოს განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე