#ბს-1041(კს-20) 4 მარტი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები (მოსარჩელეები) – ჯ. მ-ი და ნ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ საჯარო რეეტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირი (სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით) – ბ. მ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ივლისის განჩინება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 2 თებერვალს ჯ. მ-მა და ნ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეებმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 30.08.2016 წლის #..., სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამანეტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 26.10.2016 წლის #..., სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 12.11.2016 წლის #..., სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 02.12.2016 წლის #..., რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 14.12.2016 წლის #..., ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 04.01.2017 წლის #... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, საგურამოში მდებარე 1400 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეთა საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გამოცემის დავალება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის განჩინებით ჯ. მ-ისა და ნ. მ-ის სარჩელი, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე განსჯადობით განსახილევლად გადაეგზავნა მცხეთის რაიონულ სასამართლოს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდესის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო ბ. მ-ი.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჯ. მ-ისა და ნ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ჯ. მ-მა, ნ. მ-მა და ბ. მ-მა. აპელანტებმა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ივნისის განჩინებით აპელანტების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; სააპელაციო საჩივრის ავტორებს - ჯემალ და ნ. მ-ებს განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდის და ცალკე ბ. მ-ს სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სახით წარდგენა დაევალათ.
2020 წლის 3 ივლისს ჯ. მ-ისა და ნ. მ-ის წარმომადგენელმა ნ. ო-მა ხარვეზის შევსების მიზნით განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საასასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მძიმე ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით ან ხარვეზის შევსების მიზნით საპროცესო ვადის გაგრძელება.
2020 წლის 8 ივლისს ბ. მ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საასასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა ხარვეზის შევსების მიზნით საპროცესო ვადის გაგრძელება 20 დღით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ივლისის განჩინებით ჯ. მ-ის, ნ. მ-ისა და ბ. მ-ის სააპელაციო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმეს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად ამზადებს სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე (მომხსენებელი მოსამართლე), რომელიც ამოწმებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას და გამოაქვს შესაბამისი განჩინება.
მითითებული კანონის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, ეს განჩინება შეიძლება მიღებულ იქნეს ზეპირი განხილვის გარეშე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ივნისის განჩინებით, აპელანტებს ჯემალი მოძღვრიშვილს, ნ. მ-სა და ბ. მ-ს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და მის შესავსებად განესაზღვრათ საპროცესო ვადა 07 (შვიდი) დღე განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. აღნიშნული განჩინება, გაიგზავნა აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და სამივე გზავნილი ჩაბარდა ჯ. მ-ს პირადად - 2020 წლის 22 ივნისს, ფოსტის საშუალებით.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტებისათვის ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო - 2020 წლის 23 ივნისიდან, ხოლო საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა დასრულდა - 2020 წლის 29 ივნისს (სამუშაო დღე). აღნიშნულ ვადაში სააპელაციო საჩივრის ავტორებს არ წარუდგენიათ განცხადება განჩინებით დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის ან ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ჯემალი მოძღვრიშვილს, ნ. მ-სა და ბ. მ-ს სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა ყოფილიყო დატოვებული, ვინაიდან, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ჯ. მ-ისა და ნ. მ-ის წარმომადგენელმა ნ. ო-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ნ. მ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ივნისის განჩინება ხარვეზის თაობაზე გადაეცა 2020 წლის 28 ივნისს, რომელმაც სასამართლოს დადგენილ ვადაში მიმართა განცხადებით, ხოლო ჯ. მ-ს ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ახსოვს, რომ მანაც ხარვეზის განჩინება ჩაიბარა 2020 წლის 28 ივნისს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ივლისის განჩინების გაუქმებას და საქმის დაბრუნებას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 დეკემბრის განჩინებით ჯ. მ-ისა და ნ. მ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. მ-ისა და ნ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში - ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორები, საჩივრის ძირითადად საფუძვლად მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ივნისის ხარვეზის განჩინება ნ. მ-ს გადაეცა 2020 წლის 28 ივნისს, ხოლო ჯ. მ-ს თავისი ასაკიდან და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ახსოვს რომ აღნიშნული განჩინება ჩაიბარა 2020 წლის 28 ივნისს. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორებს მიაჩნიათ, რომ სასამართლოს მიერ განსაზღრულ 7-დღიან ვადაში - 2020 წლის 3 ივლისს წარადგინეს სააპელაციო სასამართლოში განცხადება ხარვეზზე საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ივნისის ხარვეზის განჩინება აპელანტებს ჯ. მ-ს, ნ. მ-სა და ბ. მ-ს საქართველოს ფოსტის მეშვეობით გაეგზავნათ აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართებზე - მცხეთა, სოფელი ..., მე-... ქ.N.... სააპელაციო სასამართლოში დაბრუნებული საქართველოს ფოსტის უკუგზავნილის თანახმად, სამივე გზავნილი ჩაბარდა ჯ. მ-ს პირადად (როგორც ადრესატის მამას, ადრესატის ძმას და თავად ადრესატს) - 2020 წლის 22 ივნისს (იხ. ტ. II; ს.ფ. 9-10-11).
შესაბამისად, ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო - 2020 წლის 23 ივნისიდან, ხოლო საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა დასრულდა - 2020 წლის 29 ივნისს (ორშაბათი). აღნიშნულ ვადაში სააპელაციო საჩივრის ავტორებს არ წარუდგენიათ განცხადება ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე. მათ განცხადებით სააპელაციო სასამართლოს მიმართეს - 2020 წლის 3 ივლისს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი (განცხადება, დოკუმენტი), რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ამასთან, ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები, კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ამრიგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადა შეიძლება აღდგეს, თუ მხარე დაადასტურებს კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას - მხარის ბრალის გარეშე ხსენებულ ვადაში კონკრეტული ქმედების განხორციელების ობიექტურ შეუძლებლობას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორებს არ წარმოუდგენიათ რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ობიექტური გარემოების გამო მათ მიერ საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით სასამართლოსთვის ვადაში მიმართვის შეუძლებლობას, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ჯ. მ-ისა და ნ. მ-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 63-ე, 65-ე, 368-ე, 374-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ. მ-ისა და ნ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე