Facebook Twitter

ბს-631 (2კ-20) 25 მარტი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.2020წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს ,,...ამ“ და შპს ,,...ის'' პარტნიორებმა მ. გ-მა, თ. მ-ემ, ფ. ტ-ემ, მ. ო-მა, ლ. ხ-ემ, ნ. ს-მა, ვ. ჭ-ემ, ლ. ჯ-მა, მ. ნ-მა, ს. მ-მა, ა. მ-ემ, ი. ხ-ემ, ლ. ბ-მა, მ. უ-ამ, მ. ხ-მა, მ. ა-მა, ნ. სა-მა, ლ. ლ-ემ, მ. ქ-მა და დ. დ-მა 27.02.2017წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 10.08.2016წ. N4/41405 წერილის და 11.10.2016წ. ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მიღებული ფაქტობრივი უარის ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დავალდებულება ახალი ინდივდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, რომლითაც პირველ მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცემა ქ. გორში, ...ის .... N...-ში და ...ის ქ. N...-ში მდებარე უძრავი ქონება, ხოლო მეორე მოსარჩელეებს - შპს ,,...ის'' 100% წილი, 30.04.2010წ. კრების ოქმის მიხედვით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.04.2018წ. გადაწყვეტილებით შპს ,,...ის“ და შპს ,,...ის'' პარტნიორების - მ. გ-ის, თ. მ-ის, ფ. ტ-ის, მ. ო-ის, ლ. ხ-ის, ნ. ს-ის, ვ. ჭ-ის, ლ. ჯ-ის, მ. ნ-ის, ს. მ-ის, ა. მ-ის, ი. ხ-ის, ლ. ბ-ის, მ. უ-ას, მ. ხ-ის, მ. ა-ის, ნ. სა-ის, ლ. ლ-ის, მ. ქ-ის და დ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფაქტობრივი უარი 11.10.2016წ. წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 10.08.2016წ. N4/41405 აქტი, მოპასუხეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დაევალა საქმის გარემოებათა არსებითი განხილვა, გამოკვლევის შედეგად მიიღოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც პირველ მოსარჩელეს შპს ,,...ას'' საკუთრებაში გადაეცემა ქ. გორში, ...ის .... N...-ში და ...ის ქ. N...-ში მდებარე უძრავი ქონება, ხოლო მეორე მოსარჩელეებს - შპს ,,...ის'' პარტნიორებს: მ. გ-ს, თ. მ-ეს, ფ. ტ-ეს, მ. ო-ს, ლ. ხ-ეს, ნ. ს-ს, ვ. ჭ-ეს, ლ. ჯ-ს, მ. ნ-ს, ს. მ-ს, ა. მ-ეს, ი. ხ-ეს, ლ. ბ-ს, მ. უ-ას, მ. ხ-ს, მ. ა-ს, ნ. სა-ს, ლ. ლ-ეს, მ. ქ-ს, დ. დ-ს, გადაეცემათ შპს ,,...ის'' 100% წილი 30.04.2010წ. კრების ოქმის მიხედვით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.2020წ. განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გორის სამმართველომ 20.12.1999წ. მიმართა გორის რაიონის სასამართლოს და მოითხოვა ,,მეწარმეთა შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით რეგისტრაციაში შპს ,,...ის“ გატარება. გორის რაიონულმა სასამართლომ 21.12.1999წ. მიიღო დადგენილება, რომლითაც დაკმაყოფილდა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გორის სამმართველოს 20.12.1999წ. N396 მიმართვა და რეგისტრაციაში გატარდა შპს ,,...ა“. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველომ 22.06.2010წ. N1632 და N1633 წერილებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ქ. გორში, ...ის N...-ში მდებარე 158,00 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართისა და ქ. გორში, ...ის ... N...-ში მდებარე 318 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08.09.2014წ. ამონაწერების მიხედვით ქ. გორში, ...ის ქ. N.../ ...ის ქ. N...-ში ... სართულზე მდებარე 158,00 კვ.მ. ფართის (ს/კ ...) და ქ. გორში, ...ის ქ.N...-ში ... სართულზე მდებარე 318,00 კვ.მ. ფართის მესაკუთრეა სახელმწიფო (ს/კ - ...).

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 02.06.2016წ. განცხადებით მიმართა შპს ,,...ამ“ და ამავე საზოგადოების პარტნიორთა წარმომადგენელმა, რომლებმაც მოითხოვეს ქ. გორში, ...ის ქ.N...-ში (ს/კ ...) და ...ის ქ.N...-ში (ს/კ ...) მდებარე უძრავი ნივთების პოლიკლინიკისათვის საკუთრებაში გადაცემა და შრომითი კოლექტივის საკუთრებაში 30.04.2008წ. საერთო კრების ოქმის მიხედვით საზოგადოების 100% წილის გადაცემა. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 10.08.2016წ. N4/41405 წერილით აღნიშნა, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ, ქ. გორში ...ის ქ.N...-ში მდებარე 318 კვ.მ. და ...ის ქ.N...-ში მდებარე 158 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართებთან დაკავშირებით მიმდინარეობს სასამართლო დავა, რის გამოც სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მითითებულ ქონებებზე სახელმწიფოს რეგისტრაციის გაუქმებისა და შპს-ს საკუთრების უფლებით რეგისტრაციის თაობაზე. ამავე მიმართვით ადრესატს ეცნობა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 30.04.2008წ. N3ბ/2972-06 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სააგენტო სათანადო ღონისძიებებს განახორციელებს სასამართლო დავის დასრულების შემდგომ.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 30.04.2008წ. N3ბ/2972-06 გადაწყვეტილებით შპს ,,...ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.07.2006წ. გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით შპს-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალა შპს ,,...ასთან“ ხელშეკრულების დადება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა კასაციის წესით. უზენაესი სასამართლოს 28.01.2009წ. Nბს-1450-1408 (კ-08) განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.2008წ. გადაწყვეტილებაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ შპს ,,...ის“ და ამავე საზოგადოების პარტნიორთა წარმომადგენელმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 11.10.2016წ. ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 10.08.2016წ. N4/41405 აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება, რომლითაც შპს ,,...ას“ საკუთრებაში გადაეცემა ქ. გორში, ...ის .... N...-ში და ...ის ქ. N...-ში მდებარე უძრავი ქონება, ხოლო შპს ,,...ის“ პარტნიორებს - შპს ,,...ის'' 100% წილი.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა აგრეთვე, რომ გორის რაიონული სასამართლოს 26.03.2015წ. გადაწყვეტილებით შპს ,,...ის” სარჩელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ და მესამე პირის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მონაწილეობით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გორში, ...ის ქ.N...-ში მდებარე 158 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის სახელმწიფოს სახელზე აღრიცხვის შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 22.06.2010წ. №1632 აქტი და გორში, ...ის .... N...-ში მდებარე 318 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის სახელმწიფოს სახელზე აღრიცხვის შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 22.06.2010წ. N1633 აქტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა შეისწავლოს გორში, ...ის ქ.N...-სა და გორში, ...ის .... N...-ში მდებარე უძრავ ქონებებზე მოსარჩელის, სახელმწიფოს (აუცილებლობის შემთხვევაში აგრეთვე სხვა პირთა) საკუთრების უფლების არსებობა და ფარგლები, საქმის წარმოებისას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქონებების სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ, ადმინისტრაციული წარმოებისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შესწავლილი იქნას და შესაბამისი შეფასება მიეცეს შპს ,,...ის“ დაფუძნების, მისი საწესდებო კაპიტალის განსაზღვრის კრიტერიუმებსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 30.04.2008წ. გადაწყვეტილებას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2017წ. განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 26.03.2015წ. გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 07.12.2017წ. განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასმაართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2017წ. განჩინება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შპს ,,...ის“ 11.10.2016წ. ადმინისტრაციულ საჩივარზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ კანონით დადგენილ ვადაში არ ყოფილა გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში აქტის გამოუცემლობის სამართლებრივი შედეგები განსაზღვრულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად. სააპელაციო პალატამ მიუთითა კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 30.04.2008წ. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ,,საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ზოგიერთი ობიექტის შრომითი კოლექტივისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზაციის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 21.11.1999წ. №628 ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 10.12.1999წ. №1-3/903 ბრძანებით განისაზღვრა, რომ ქ. ...ის პრივატიზება უნდა განხორციელებულიყო შრომითი კოლექტივის წევრებზე 14 745 აშშ დოლარის 30 დღის ვადაში გადახდით. დადგენილია, რომ შპს ,,...ის“ მიერ სრულად იქნა გადახდილი საპრივატიზებო თანხა რამდენიმე თვის დაგვიანებით, თუმცა მიუხედავად ამისა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ არ დადო მხარესთან ხელშეკრულება ქონების გადაცემის შესახებ. სააპელაციო პალატის მოსაზრებით სრულიად გაუგებარია ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ამ შემთხვევაში გამოხატული პოზიცია, უმოქმედობა მოსარჩელეთა მოთხოვნასთან მიმართებით. სააპელაციო პალატის მითითებით თვით სახელმწიფოს მიერ დაფუძნდა შპს ,,...ა“, მისი საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 22 630 ლარით, ამ ღირებულების განსაზღვრა მოხდა გორში, ...ის ქ.N...-ში მდებარე ... პოლიკლინიკისა და ...ის ქ.N...-ში მდებარე ... განყოფილების ქონებით, ამავე დროს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს საპრივატიზებო თანხის გადახდის საფუძველზე დაევალა ხელშეკრულების დადება შპს-სთან. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობებზე სასამართლოს მიერ მიღებულია არა ერთი კანონიერ ძალაში შესული, შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.2020წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.

კასატორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტრო აღნიშნავს, რომ შპს ,,...ამ“ 11.10.2016წ. ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 10.08.2016წ. N4/41405 აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. აღნიშნული ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე არც კანონით დადგენილი ვადის ფარგლებში და არც ამ ვადის ამოწურვის შემდეგ სამინისტროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ მიუღია. ამდენად, იგულისხმება, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში მოსარჩელეებს უარი ეთქვათ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე. კასატორის მითითებით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოუცემლობის იურიდიული ფაქტი ვერ გახდება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის აღძვრის წინაპირობა, რადგან ამ სახის სარჩელის საგანი აუცილებლად უნდა იყოს უკვე გამოცემული, რეალურად არსებული, მატერიალური ფორმის მქონე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონთან შესაბამისობა. აღნიშნული გარემოება კი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის შესაბამისად საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს. კასატორმა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების ნაწილში მიუთითა კანონიერ ძალაში შესულ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.2008წ. გადაწყვეტილებაზე ამავე კომპანიის არამატერიალური ქონებრივი სიკეთის 100%-იანი წილის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე და უძრავ ქონებასთან დაკავშირებით გორის რაიონული სასამართლოს 26.03.2015წ. გადაწყვეტილებაზე. კასატორის მოსაზრებით გასაჩივრებული განჩინებით დადგინდა სადავო ქონების (წილის და უძრავი ქონების) საკუთრებაში გადაცემის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების აღსრულების ახალი, განსხვავებული წესები. კასატორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მოითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.2020წ. განჩინების გაუქმებას და საქმის წარმოების შეწყვეტას.

კასატორი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ სასამართლომ სააგენტოს 10.08.2016წ. N4/41405 პასუხი მიიჩნია ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად. თავისი შინაარსით კი აღნიშნული წერილი არის საინფორმაციო ხასიათის და იგი არ შეიცავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დამახასიათებელ ნიშნებს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ადმინისტრაციულ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. მითითებული წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სათანადო ღონისძიებებს განახორციელებდა სასამართლო დავის დასრულების შემდგომ. აღნიშნული წერილი მოსარჩელისათვის დამოუკიდებლად არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგს. მმართველობითი ღონისძიება კი, რომელიც არ იწვევს პირდაპირ სამართლებრივ შედეგს, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. კასატორი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მოითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.2020წ. გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პრივატიზების დაჩქარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 31.10.1998წ. N615 ბრძანებულების N2 დანართით დამტკიცდა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა. ამ ბრძანებულების N2 დანართით განსაზღვრულია საპრივატიზაციო სამედიცინო ობიექტების ნუსხა ქ. თბილისისა და რაიონების მიხედვით, რომლის ჩამონათვალში, სხვა სამედიცინო ობიექტებთან ერთად, მითითებულია სტომატოლოგიური პოლიკლინიკა ქ. გორში. ,,საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ზოგიერთი ობიექტის შრომითი კოლექტივისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 21.11.1999წ. N628 ბრძანებულებით საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრს დაევალა დანართში მოცემული ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პრივატიზების განხორციელება შრომითი კოლექტივებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამ ბრძანებულების დანართში, სხვა სამედიცინო ობიექტებთან ერთად, მითითებულია ...ა. გორის რაიონული სასამართლოს 21.12.99წ. დადგენილებით დაკმაყოფილდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიმართვა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,...ის“ რეგისტრაციაში გატარების შესახებ. შპს ,,გგ...ის“ 27.12.1999წ. ,,შპს ,,...ის“ საწესდებო კაპიტალში შესატანი ქონების შეფასების შესახებ“...ორული დასკვნის თანახმად, შეფასებას დაექვემდებარა ქ. გორში, ...ის ქ.N...-ში მდებარე სტომატოლოგიური პოლიკლინიკის და ...ის ქ.N...-ში მდებარე ბავშვთა განყოფილების ქონება და დადგინდა, რომ სულ საწესდებო კაპიტალში შესატანი მატერიალური და ფინანსური აქტივების ღირებულება 22 634 ლარს შეადგენს. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ,,ქ. ...ის (...ის ქ.N...) საწყისი გასაყიდი ფასის და პირობების დამტკიცების შესახებ“ 30.12.1998წ. N1-3/831 ბრძანებით ქ. ...ის საწყისი გასაყიდი ფასი განისაზღვრა 14 745 აშშ დოლარით ექვივალენტი ლარებში. ,,ქ. ...ის (...ის ქ.N...) პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 10.12.1999წ. N1-3/903 ბრძანებით დადგინდა, რომ ქ. ...ის (...ის ქ.N...) პრივატიზება უნდა განხორციელდეს შრომითი კოლექტივის წევრებზე, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 30.12.98წ. N1-3/831 ბრძანებით დამტკიცებულები ფასით (14 745 აშშ დოლარი ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) და პირობებით. პრივატიზების დამატებით პირობად განისაზღვრა წარმოდგენილი ბიზნეს-გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და დადგინდა, რომ თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს არაუმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში. საქმის მასალებში დაცული 30.04.2003წ. შპს ,,...ის“ საერთო კრების N1 ოქმის თანახმად, ჩატარდა პოლიკლინიკის საერთო კრება, რომლის დღის წესრიგს წარმოადგენდა შპს-ს დამფუძნებელთა შორის წილის გადანაწილების შესახებ საკითხის გადაწყვეტა. კრებამ მოისმინა შპს ,,...ის“ დირექტორის ლ.ბ-ის მოხსენება, რომელმაც აღნიშნა, რომ პრივატიზაციის პროცესის დამთავრებასთან დაკავშირებით საჭიროა თითოეულ თანამშრომელზე წილის და პროცენტის გადანაწილება მათ მიერ შენატანი თანხის მიხედვით. კრებამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება წილობრივი გადანაწილების თაობაზე, რაც აისახა ოქმში.

საკასაციო პალატა მიუთითებს კანონიერ ძალაში შესულ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 30.04.2008წ. გადაწყვეტილებაზე, რომლითაც შპს ,,...ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.07.2006წ. გადაწყვეტილება. ახალი გადაწყვეტილებით პოლიკლინიკის სარჩელი დაკმაყოფილდა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალა შპს ,,...ასთან“ ხელშეკრულების დადება. ამ გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ შპს ,,გორის სტომატოლოგიურ პოლიკლინიკის” მიერ რამდენიმე თვის დაგვიანებით სრულად იქნა გადახდილი საპრივატიზებო თანხა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველომ 22.06.2010წ. N1632 და N1633 წერილებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ქ. გორში, ...ის N...-ში დებარე 158,00 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართზე და ქ. გორში, ...ის ... N...-ში მდებარე 318 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სამმართველოს განცხადებებთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის მიერ მიღებულია გადაწყვეტილებები მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე. გორის რაიონული სასამართლოს 26.03.2015წ. გადაწყვეტილებით შპს ,,...ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გორში, ...ის ქ.N...-ში მდებარე 158 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის და ...ის .... N...-ში მდებარე 318 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის სახელმწიფოს სახელზე აღრიცხვის შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 22.06.2010წ. №1632 და N1633 აქტები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა გორში, ...ის ქ.N...-სა და ...ის .... N...-ში მდებარე უძრავ ქონებებზე მოსარჩელის, სახელმწიფოს (აუცილებლობის შემთხვევაში აგრეთვე სხვა პირთა) საკუთრების უფლების არსებობის და ფარგლების შესწავლა, საქმის წარმოებისას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, ამ ქონებების სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ადმინისტრაციული წარმოებისას ადმინისტრაციული ორგანოს დაევალა შპს ,,...ის“ დაფუძნების, მისი საწესდებო კაპიტალის განსაზღვრის კრიტერიუმებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 30.04.2008წ. გადაწყვეტილების შეფასება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2017წ. განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 26.03.2015წ. გადაწყვეტილება. საქართველოს უზენსაესი სასამართლოს 07.12.2017წ. განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასმაართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2017წ. განჩინება.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 02.06.2016წ. განცხადებით მიმართა შპს ,,...ამ“ და ამავე საზოგადოების პარტნიორთა წარმომადგენელმა. განცხადებით მოითხოვნილ იქნა ქ. გორში, ...ის ქ.N...-ში (ს/კ ...) და ქ. გორში, ...ის ქუჩა N...-ში (ს/კ ...) მდებარე უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს რეგისტრაციის გაუქმება, ამ უძრავი ნივთების პოლიკლინიკის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია და 30.04.2008წ. საერთო კრების ოქმის მიხედვით შრომითი კოლექტივის საკუთრებაში საზოგადოების 100% წილის გადაცემა. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 10.08.2016წ. N4/41405 წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ, ქ. გორში ...ის ქ.N...-ში მდებარე 318 კვ.მ. და ...ის ქუჩა N...-ში მდებარე 158 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართებთან დაკავშირებით მიმდინარეობს სასამართლო დავა, რის გამოც იგი მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მითითებულ ქონებებზე სახელმწიფოს რეგისტრაციის გაუქმებისა და შპს-ს საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე. ამავე მიმართვით ადრესატს ეცნობა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 30.04.2008წ. N3ბ/2972-06 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სააგენტო სათანადო ღონისძიებებს განახორციელებს სასამართლო დავის დასრულების შემდგომ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 11.10.2016წ. ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა შპს ,,...ის“ და ამავე საზოგადოების პარტნიორთა წარმომადგენელმა და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 10.08.2016წ. N4/41405 აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება. აღნიშნულ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით სამინისტროს გადაწყვეტილება არ მიუღია.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მითითებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლების არსებობაზე და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში აქტის გამოუცემლობის სამართლებრივი შედეგები განსაზღვრულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად. ეს სამართლებრივი დანაწესი არც ერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებისაგან. მითითებული ნორმა უზრუნველყოფს პირის უფლებას - აქტის გამოცემისთვის კანონით განსაზღვრული ვადის დაუცველობის პირობებში მიმართოს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრით ან სარჩელით სასამართლო ორგანოებს. ამდენად, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რეაგირება არ მოუახდენია შპს ,,...ის“ ადმინისტრაციულ საჩივარზე, ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუსწავლია და არ გადაუწყვეტია არსებითად სადავო საკითხი, ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული აქტის გამოუცემლობა პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააგენტოს 10.08.2016წ. N4/41405 პასუხი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი საინფორმაციო ხასიათის წერილია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიცია ასახულია სზაკ-ის 2.1 მუხლის „დ“ ქვეუნქტში, რომლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 10.08.2016წ. N4/41405 წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ქ. გორში ...ის ქ.N...-ში მდებარე 318 კვ.მ. და ...ის ქ.N...-ში მდებარე 158 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართებთან დაკავშირებით მიმდინარეობს სასამართლო დავა, რის გამოც იგი მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მითითებულ ქონებებზე სახელმწიფოს რეგისტრაციის გაუქმებისა და შპს-ს საკუთრების უფლებით რეგისტრაციის თაობაზე. ამავე მიმართვით ადრესატს ეცნობა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 30.04.2008წ. N3ბ/2972-06 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სააგენტო სათანადო ღონისძიებებს განახორციელებს სასამართლო დავის დასრულების შემდგომ. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ გაუგებარია ადმინისტრაციული ორგანოების უმოქმედობა მოსარჩელეთა მოთხოვნასთან მიმართებით, ვინაიდან შპს ,,...ა“ დაფუძნდა სახელმწიფოს მიერ, მისი საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 22 630 ლარით, ამ ღირებულების განსაზღვრა მოხდა გორში, ...ის ქ.N...-ში მდებარე ... პოლიკლინიკისა და ...ის ქ.N...-ში მდებარე ... განყოფილების ქონებით. ამავე დროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხე სამინისტროს საპრივატიზებო თანხის გადახდის საფუძველზე დაევალა ხელშეკრულების დადება შპს-სთან, მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობებზე სასამართლოს მიერ მიღებულია არაერთი კანონიერ ძალაში შესული, შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად ვალდებულებას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაასაბუთოს რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ არ იმსჯელა მოსარჩელის განცხადებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და არ მისცა მათ სათანადო სამართლებრივი შეფასება, რისი ვალდებულებაც ადმინისტრაციულ ორგანოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების საფუძველზე აკისრია. ამდენად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 10.08.2016წ. N4/41405 წერილმა წარმოშვა კონკრეტული სამართლებრივი შედეგი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნიან საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.2020წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ქ. ცინცაძე