საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-865(2კ-19) 18 მარტი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ. გ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ლ. გ-მა 2017 წლის 8 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 27 ივლისის №2693425 გადაწყვეტილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 24 თებერვლის №1-446 ბრძანების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 24 თებერვლის №1-446 ბრძანება და ამავე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ლ. გ-ის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება ლ. გ-მა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ლ. გ-ის სააპელაციო საჩივარი კი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 24 თებერვლის №1-446 ბრძანება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 27 ივლისის №2693425 ბრძანება და ამავე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა, რომლებმაც ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას მოითხოვეს.
კასატორები აღნიშნავენ, რომ მოქმედი კანონმდებლობა იმპერატიულად განსაზღვრავს 2007 წლამდე უნებართვოდ დაწყებული მშენებლობის დასრულების შესაძლებლობის თავისებურებებს. განსახილველ შემთხვევაში, ლ. გ-ს 2014 წლის 13 დეკემბრის ბრძანებით ნება დაერთო, დაესრულებინა უნებართვოდ დაწყებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, თუმცა მან დაარღვია შეთანხმებული არქიტექტურული პროექტი, კერძოდ, არსებული ფრამუგები და სამერცხლეები რაოდენობრივად არ შეესაბამება შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტს, ასევე, მოწყობილი კიბე განსხვავდება პროექტით გათვალისწინებული კიბისგან. ამდენად, კასატორთა მოსაზრებით, არ არსებობს მოთხოვნილი ობიექტის ლეგალიზების საფუძვლები.
კასატორები მიიჩნევენ, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება, რადგან საკითხს არეგულირებს სპეციალური კანონმდებლობა. გარდა ამისა, ადმინისტრაციული ორგანოები სადავო შემთხვევაში არ მოქმედებდნენ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, რადგან არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კანონმდებლობა მხოლოდ ერთი გადაწყვეტილების მიღების - ობიექტის ლეგალიზებაზე უარის თქმის შესაძლებლობას იძლეოდა. რაც შეეხება ლ. გ-ის საკუთრების უფლებას, საკასაციო საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ განსახილველი დავის ფარგლებში არ ხდება შენობის დემონტაჟის დავალება, დასახელებული გარემოება სხვა დავის საგანი შეიძლება იყოს.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს, შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტთან შეუსაბამობის საფუძვლით, მოსარჩელისთვის ობიექტის ლეგალიზებაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებულ „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესზე“, რომლის პირველი მუხლის 22 პუნქტის მიხედვითაც, ამ წესის მოქმედება ვრცელდება 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებულ და დაუმთავრებელ 500 მ2-მდე საერთო ფართობის მქონე ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე, თუ ნულოვან ნიშნულამდე მათი მოწყობის სამუშაოები დასრულებულია. ასეთ შემთხვევაში, „წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნორმატიული აქტით განსაზღვრულ სხვა დოკუმენტებთან ერთად, განმცხადებელმა დამატებით უნდა წარადგინოს არქიტექტურული პროექტი, რომლის შესაბამისადაც უნდა მოხდეს ობიექტის მშენებლობის დასრულება. მითითებული მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით კი, ამ ბრძანებულებით დადგენილი წესით სათანადო დოკუმენტაციის წარდგენიდან 30 დღეში შესაბამისი ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას (არა უმეტეს 1 წლისა) დაუსრულებელი ობიექტის წარმოდგენილ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, რის შესახებაც გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამრიგად, მშენებლობის დაკანონების ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს 2007 წლამდე დაწყებულ და დაუმთავრებელ ობიექტზე არქიტექტურული პროექტის წარდგენა, შეთანხმება და მშენებლობის განსაზღვრულ ვადაში, შეთანხმებული პროექტის შესაბამისად დასრულება.
სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 17 ნოებრის №1636746 ბრძანებით ლ. გ-ს ნება დაერთო თბილისში, ანაპის 412-ე მსროლელი დივიზიის ქუჩის №23-ში უნებართვოდ დაწყებული ინდივიდიუალური სახლის მშენებლობის დასრულებაზე და განესაზღვრა 12-თვიანი ვადა.
საქმეზე, ასევე, დადგენილია, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 27 ივლისის №2693425 ბრძანებით ლ. გ-ს უარი ეთქვა ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე აშენებული საცხოვრებელი სახლის ლეგალიზებაზე იმ საფუძვლით, რომ საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულება არ განხორციელდა 2014 წელს შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის შესაბამისად, კერძოდ, არსებული ფრამუგები და სამერცხლეები რაოდენობრივად არ შეესაბამებოდა შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტს, მოწყობილი კიბე კი განსხვავდებოდა პროექტით გათვალისწინებული კიბისგან.
საკასაციო პალატა, ლეგალიზებაზე უარის თქმის კანონიერების შემოწმებისას, ყურადღებას გაამახვილებს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ გამოვლენილი შეუსაბამობის ხასიათზე, მოსარჩელის ინტერესის მნიშვნელობაზე და მიიჩნევს, რომ სადავო შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოებს სათანადოდ უნდა გამოეკვლიათ და შეეფასებინათ გამოვლენილი შეუსაბამობის ხარისხი, სიმძიმე, შედეგები და გაეთვალისწინებინათ სადავო პერიოდში მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 მარტის №139 დადგენილებით) 62-ე მუხლის დისპოზიცია, რომელიც ადგენს სამშენებლო დოკუმენტების დასაშვებ ცვლილებებს, რაც დამატებით ნებართვას არ საჭიროებს. ამასთანავე, უნდა შეფასდეს გამოვლენილი შეუსაბამობები ხომ არ ახდენს უარყოფით გავლენას სხვა პირთა კანონით დაცულ უფლებებზე. ამრიგად, საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლასა და შეფასებას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმოქმედოს კერძო და საჯარო ინტერესთა ბალანსის დაცვით და მიიღოს გადაწყვეტილება როგორც კანონიერების, ისე მიზანშეწონილობის საფუძველზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ საკითხი მართებულად იქნა გადაწყვეტილი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის წინაპირობას და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. კასატორს - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/კ 205270053) დაუბრუნდეს 2019 წლის 13 მაისის №00744 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე