Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1205(კ-19) 18 მარტი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - საქართველოს სახალხო დამცველი

თავდაპირველი მოპასუხე - შპს „...ი“

მესამე პირი - ა(ა)იპ „ქ...ა“

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს სახალხო დამცველმა 2017 წლის 27 ოქტომბერს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა (უფლებამონაცვლე - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია) და შპს „...ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხეთათვის ქობულეთში, ...ის ქ.N...-ში მდებარე ობიექტის წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოების ჩატარების დავალება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ა(ა)იპ „ქ...ა“.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელი დაკმაყოფილდა; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა შპს „...ისთვის“ ქობულეთში, ...ის ქ.N...-ში მდებარე ობიექტის წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოების ჩატარების დავალება, ხოლო შპს „...ს“ დაევალა იმავე ობიექტის წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოების ჩატარება. აღნიშნული გადაწყვეტილება ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ და შპს „...მა“ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 იანვრის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის განჩინებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციის გათვალისწინებით, წარმოქნილი კონფლიქტური სიტუაციის გადასაჭრელად და მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად, რელიგიური თანასწორობის საკითხებზე აქტიურად ატარებს შესაბამის ღონისძიებებს, თუმცა კონფლიქტის მოგვარება კვლავ საჭიროებს დამატებითი ღონისძიებების გატარებას. შენობა-ნაგებობა კი, რომლის წყალარინების სისტემაზე მიერთებაც არის მოთხოვნილი, მდებარეობს საცხოვრებელ ზონაში, შენობა ფუნქციური დანიშნულებით იყო საცხოვრებელი, რის გამოც მოსახლეობა გამოხატავს პროტესტს პანსიონის გახსნაზე. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს გასაჩივრებულმა განჩინებამ შეიძლება ხელი შეუშალოს მხარეთა შორის წარმოშობილი უთანხმოების მოგვარებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოპასუხეთათვის მოსარჩელის მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული ობიექტის წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოების ჩატარების დავალების კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, წყალმომარაგების და წყალარინების უზრუნველყოფა მიეკუთვნება მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 26 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „...ს“, რომელსაც დელეგირებული აქვს წყალარინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების უფლებამოსილება, უნდა ჩაეტარებინა ქალაქ ქობულეთში, ...ის ქ.N...-ში მდებარე, ა(ა)იპ „ქ...ის“ მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობის წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოები. შესაბამისი სამუშაოები კი ვერ ჩატარდა ადგილობრივი მართლმადიდებელი მოსახლეობის ხელშეშლის გამო, რომელიც ეწინააღმდეგება შენობის პანსიონად გამოყენებას.

საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა შენობის წყალარინების სისტემაზე მიერთების განუხორციელებლობით დაარღვიეს კანონმდებლობით დაკისრებული და სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები. სახელმწიფომ თავისი აქტიური მოქმედებებით არა მხოლოდ თავად არ უნდა დაარღვიოს ადამიანის უფლებები (სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულება), არამედ ვალდებულია, არ დაუშვას პირთა უფლებების დარღვევა სხვა კერძო სუბიექტების მიერაც (სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება). სადავო შემთხვევაში კი, რელიგიური ნიშნით წარმოშობილი კონფლიქტის არსებობის გამო, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა, სადავო საკითხის გადაწყვეტის თვალსაზრისით, გამოიჩინეს უმოქმედობა, რომელიც ვერ იქნება მართლზომიერად შეფასებული. საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ წყალარინების სისტემაზე მიერთება აუცილებელია ცხოვრების მინიმალური პირობების და შენობის სათანადოდ გამოყენების უზრუნველსაყოფად. დაუსაბუთებელია კასატორის მითითება, რომ სადავო ტერიტორია საცხოვრებელი ზონაა და მოსახლეობა გამოთქვამს პროტესტს მჭიდრო დასახლებაში პანსიონის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, რადგან გარდა იმისა, რომ სადავო არ არის თავად პანსიონის ფუნქციონირების კანონიერება, წყალარინების სისტემაზე მიერთებაში ხელშეშლა ზიანის მომტანია არა მხოლოდ პანსიონის მუშაობისთვის, არამედ ზოგადად შენობით სათანადოდ სარგებლობისთვისაც კი.

საკასაციო პალატა, ასევე, უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის არგუმენტს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება გაართულებს მხარეთა მორიგებას, რადგან, ერთი მხრივ, სახელმწიფო ორგანოებმა უნდა იზრუნონ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე, რაც უნდა გამოიხატოს არა უმოქმედობაში, არამედ აქტიური, სათანადო, სადავო საკითხის სწრაფად და ეფექტურად გადაჭრაზე ორიენტირებული ღონისძიებების გატარებაში, მეორე მხრივ კი, საკითხი ეხება შენობით სათანადოდ სარგებლობას, სანიტარული წესების დაცვის უზრუნველყოფას და წყალარინების სისტემაზე მიერთების განუხორციელებლობა არაპროპორციულად, შეუსაბამოდ და გაუმართლებლად ზღუდავს ა(ა)იპ „ქ...ის“ კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოპასუხეებს მართებულად დაეკისრათ ქმედების განხორციელება, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე