Facebook Twitter

ბს-1096(კ-19) 25 მარტი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.06.2019წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. დ-ემ 13.03.2018წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ,,მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე უარის თქმის შესახებ“ 12.02.2018წ. №626 ბრძანების და თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს ,,თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ 14.09.2012წ. №50 დადგენილების 8.3 მუხლის ბათილად ცნობა, აგრეთვე მოპასუხე მხარის დავალდებულება გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ.

დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩართულ იქნენ ბ. ჟ-ი და რ. მ-ე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.02.2019წ. გადაწყვეტილებით გ. დ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერის 12.02.2018წ. №626 ბრძანება გ. დ-ისათვის ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე 1822 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...ის ქუჩა N...) საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება) გ. დ-ის 02.02.2018წ. №10LND00186OP01 განცხადებაზე, ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე 1822 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...ის ქუჩა N...), საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე, სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.06.2019წ. განჩინებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე 1822 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...ის ქუჩა N...) რეგისტრირებულია გ. დ-ის, რ. მ-ისა და ბ. ჟ-ის საკუთრების უფლება. 11.01.2018წ. გ. დ-ემ განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა მის თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...ის ქუჩა N...) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 17.01.2018წ. №230 ბრძანებით გ. დ-ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთის სამშენებლო გამოყენების პირობების დამტკიცებაზე იმ საფუძვლით, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე გადის საავტომობილო გზა. ქ. ბათუმის მერიამ ასევე მიუთითა ქ. ბათუმის საკრებულოს 14.09.2012წ. №50 დადგენილების მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე. გ. დ-ემ 02.02.2018წ. განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას მის თანასაკუთრებაში არსებულ ...ის ქუჩა N...-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...ის ქუჩა N...) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლო გამოყენების პირობების დამტკიცების მოთხოვნით, რაზეც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 12.02.2018წ. №626 ბრძანებით უარი ეთქვა, ვინაიდან სამშენებლო მიწის ნაკვეთზე გადის საავტომობილო გზა. მერიამ მიუთითა ბათუმის საკრებულოს 14.09.2012წ. №50 დადგენილების მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე, რომლის თანახმად მიწის ნაკვეთი სამშენებლოდ შეუსაბამოა, თუკი მიწის ნაკვეთი საჭიროა თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე ახალი საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი საავტომობილო გზის მშენებლობისათვის, ასევე არსებული საავტომობილო გზის გაგრძელება - გაფართოების მშენებლობისათვის ან თვითმმართველ ქ. ბათუმის მიერ სხვა ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის, რომელიც „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ კანონის შესაბამისად წარმოადგენს მიწის ნაკვეთის მიმართ ექსპროპრიაციის განხორციელების საფუძველს. სააპელაციო პალატამ მიუთითა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კოდექსის 16.2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას მიეკუთვნება მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმების, გენერალური გეგმებისა და განაშენიანების გეგმების/განაშენიანების დეტალური გეგმების შემუშავება და დამტკიცება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 27.02.2009წ. №4-1 დადგენილებით დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საინჟინრო ნაწილის ძირითადი გზებისა და ქუჩების, მათ შორის საპროექტო გზებისა და ქუჩების ქსელის რუკის მიხედვით მოსარჩელის თანასაკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე 1822 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...ის ქუჩა N...) საჭიროა ადგილობრივი საავტომობილო გზის მშენებლობისათვის. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ბათუმის საკრებულოს 14.09.2012წ. №50 დადგენილების 8.3 მუხლი მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსების შეზღუდვას აწესებს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ კანონის შესაბამისად ექსპროპრიაციის განხორციელების საფუძვლის არსებობისას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე 1822 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიმართ ექსპროპრიაციის პროცედურები არ დაწყებულა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მართალია, ბათუმის საკრებულოს 27.02.2009წ. №4-1 დადგენილებით დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საინჟინრო ნაწილის ძირითადი გზებისა და ქუჩების, მათ შორის საპროექტო გზებისა და ქუჩების ქსელის რუკის მიხედვით მოსარჩელის თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი (ს/კ ...ის ქუჩა N...) საჭიროდ არის მიჩნეული ადგილობრივი საავტომობილო გზის მშენებლობისათვის, თუმცა ამ დროისათვის არ არსებობს შესაბამისი სამინისტროს მინისტრის ბრძანება, რომლითაც განსაზღვრული იქნებოდა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ამ კონკრეტული მიწის ნაკვეთის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა და ის სუბიექტი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს მისი ექსპროპრიაციის უფლება. სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე 1822 კვ.მ. მიწის ნაკვეთისთვის ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას არ მიუნიჭებია სამშენებლოდ შეუსაბამო მიწის ნაკვეთის სტატუსი, როგორც ეს გათვალისწინებულია ბათუმის საკრებულოს 14.09.2012წ. №50 დადგენილების მე-8 მუხლის მე-4-მე-5 პუნქტებით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამართლებრივად დასაბუთებული არ არის სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მოსარჩელის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძვლად იმ გარემოებაზე მითითება, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე ბათუმის საკრებულოს 27.02.2009წ. №4-1 დადგენილებით დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით გადის საავტომობილო გზა. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასაბუთება იმის შესახებ, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას გ. დ-ის 02.02.2018წ. განცხადება არ განუხილავს კანონით დადგენილი წესით და არ გამოუკვლევია ყველა ის გარემოება, რაც საქმისათვის მნიშვნელოვანი იყო. ამდენად, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლზე მითითებით სადავო საკითხის გადასაწყვეტად საქმის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაბრუნება. დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ მიუთითა ახალ ფაქტობრივ გარემოებაზე - ქ. ბათუმის მერიასა და შპს ,,გ...ას“ შორის დადებული 04.05.2012წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N167 ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,გ...ის“ მიერ მომზადდა ...სა და ...ის ქუჩის შემაერთებელი ქუჩის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაცია. ახალ ფაქტობრივ გარემოებაზე სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული კანონმდებლობის იმპერატიული დანაწესი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, როგორც ფაქტობრივი, ასევე, სამართლებრივი კუთხით დასაბუთების ვალდებულების თაობაზე გამორიცხავს აქტის გასაჩივრების შემდეგ სამართლებრივი კვალიფიკაციის მოხდენის შესაძლებლობას, ვინაიდან სწორედ საკითხის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, დადგენილი გარემოებებისათვის სამართლის ნორმის შეფარდება უნდა განაპირობებდეს აქტის სამართლებრივ შედეგს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქტის კანონიერების შემოწმებისას ადმინისტრაციული ორგანოს ასეთივე წარმატებით შეუძლია მიუთითოს ნებისმიერი სხვა ნორმატიული აქტი, რომლითაც შეიძლება გაამართლოს მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი. სწორედ, ამგვარი სამომავლო ინტერპრეტაციების თავიდან არიდებას ემსახურება მიღებული გადაწყვეტილების არა მომავალ დროში, არამედ მიღებისას საკითხის გადაწყვეტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.06.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად იქნა ცნობილი იმ გარემოების გათვალისწინების გარეშე, რომ მოწინააღმდეგე მხარის თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ბათუმის საკრებულოს 27.02.2009წ. N4-1 დადგენილებით დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თანახმად საჭიროა საავტომობილო გზის მშენებლობისათვის. კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ბათუმის საკრებულოს 14.09.2012წ. N50 დადგენილების 8.3 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს მიწის ნაკვეთის საავტომობილო გზის მშენებლობისათვის საჭიროებისას ნებართვის გაცემაზე უარის თქმას, მიიჩნია კანონშესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია სადავო ნორმით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოების არსებობა - მოსარჩელის მიწის ნაკვეთი საჭიროა გზის მშენებლობისათვის. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ შეიცავს დასაბუთებას ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 12.02.2018წ. N626 ბრძანების კანონშეუსაბამობაზე. კასატორი მიუთითებს დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარზე დართულ ქ. ბათუმის მერიასა და შპს ,,გ...ას“ შორის 04.05.2012წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N167 ხელშეკრულებასა და მის საფუძველზე შპს ,,გ...ის“ მიერ მომზადებულ ...სა და ...ის ქუჩის შემაერთებელი ქუჩის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციაზე. კასატორის მითითებით აღნიშნული დოკუმენტაცია ადასტურებს იმას, რომ მერია ნამდვილად აპირებს ...სა და ...ის ქუჩის შემაერთებელი ქუჩის მშენებლობას. ამ ქუჩის მშენებლობა განპირობებულია ქაოსური და მოუწესრიგებელი საავტომობილო მოძრაობის აღმოფხვრის სურვილით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით შეუძლებელი გახდება ამ მიზნის მიღწევა. კასატორი აღნიშნავს, რომ საავტომობილო გზის მშენებლობა მიეკუთვნება საჯარო ინტერესს. ქ. ბათუმის მერიას განხორციელებული აქვს გზის მშენებლობისა და გზის გაფართოება-გაგრძელების შესახებ არაერთი პროექტი. მსგავსი პროექტის განხორციელებისას აუცილებელი ხდება მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღება კომპენსაციით, რაც დაკავშირებულია სოლიდურ თანხებთან, ხოლო აღნიშნული თანხების აკუმულირება ვერ მოხდება ერთი წლის განმავლობაში. კასატორი მიუთითებს, რომ ...სა და ...ის ქუჩის შემაერთებელი ქუჩის მშენებლობის პროექტის განხორციელება გარდაუვალია, რაც მიღწეული იქნება შესაბამისი ფინანსური სახსრების ეტაპობრივად აკუმულირების შედეგად. კასატორი მოითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.06.2019წ. გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. კასატორი ასევე მოითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.06.2019წ. განჩინების გაუქმებას მტკიცებულებების დართვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს დავალებას მტკიცებულების სახით საქმეს დაურთოს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ქ. ბათუმის მერიის მიერ წარდგენილი დოკუმენტები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული მასალებით ქ. ბათუმში, ზ. ...ის ქ. N...-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო 1822 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია გ. დ-ის, რ. მ-ის და ბ. ჟ-ი თანასაკუთრების უფლება (ს/კ ...ის ქუჩა N...). ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 02.09.2013წ. N02/1811 ბრძანებით ბ. ჟ-ის 19.08.2013წ. განცხადება ქ. ბათუმში, ...ის ქ. N...-ში მდებარე 1822 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...ის ქუჩა N...) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყემენების პირობების დამტკიცების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან ,,თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის (ქალაქთმშენებლობითი) სხვა დოკუმენტაციის დამტკიცების წესის თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 27.02.2009წ. N4-1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ“ ბათუმის საკრებულოს 10.02.2011წ. N7 დადგენილებით დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საინჟინრო ნაწილის ძირითადი გზებისა და ქუჩების, მათ შორის საპროექტო გზებისა და ქუჩების ქსელის ახალი რუკის თანახმად საპროექტო ტერიტორიაზე დაგეგმილია საავტომობილო გზის მშენებლობა. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 17.01.2018წ. N230 ბრძანებით გ. დ-ის 11.01.2018წ. განცხადება ქ. ბათუმში, ...ის ქ. N...-ში მდებარე 1822კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...ის ქუჩა N...) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან სამშენებლო მიწის ნაკვეთის გადის საავტომობილო გზა. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას 02.02.2018წ. განცხადებით მიმართა გ. დ-ემ და მოითხოვა ქ. ბათუმში, ...ის ქ. N...-ში მდებარე 1822კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...ის ქუჩა N...) საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 12.02.2018წ. N626 ბრძანებით გ. დ-ის 02.02.2018წ. განცხადება არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან სამშენებლო მიწის ნაკვეთზე გადის საავტომობილო გზა. ქ. ბათუმის მერიამ მიუთითა ,,თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 14.09.2012წ. N50 დადგენილების მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე.

ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, მათი შექმნისა და საქმიანობის წესებს, მათ ფინანსებსა და ქონებას, ურთიერთობებს მოქალაქეებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესებს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი. თვითმმართველი ერთეული საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით, ორგანული კანონით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებანი ექსკლუზიურია. მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და შესაბამის სფეროში ნორმებისა და წესების განსაზღვრა, ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის, მათ შორის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცება, კანონმდებლობის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებათა რიგს განეკუთვნება (ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 16.2 მუხ.).

თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 14.09.2012წ. №50 დადგენილებით დამტკიცდა „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“ (ძალადაკარგულია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22.08.2019წ. N19 დადგენილებით), რომლის მიზანია საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე თვითმმართველი ქ. ბათუმის ტერიტორიის, კვლევაზე დაფუძნებული, წინასწარ დაგეგმილი, დასაბუთებული სივრცით - ტერიტორიული წყობისა და მისაღები არქიტექტურული ღირებულებების შესაბამისი ურბანული განვითარება. დადგენილების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად თუკი მიწის ნაკვეთი საჭიროა თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე ახალი საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი საავტომობილო გზის მშენებლობისათვის, ასევე არსებული საავტომობილო გზის გაგრძელება - გაფართოების მშენებლობისათვის ან თვითმმართველ ქ. ბათუმის მიერ სხვა ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის, რომელიც „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ კანონის შესაბამისად წარმოადგენს მიწის ნაკვეთის მიმართ ექსპროპრიაციის განხორციელების საფუძველს - მშენებლობის ნებართვა არ გაიცემა. იმავე დადგენილების 8.5 მუხლის მიხედვით მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი პირს უფლება აქვს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე ან არქიტექტურული პროექტის/კონსტრუქციული სქემის შეთანხმებაზე ან/და მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით მიწის ნაკვეთს მიანიჭოს სამშენებლოდ შეუსაბამო მიწის ნაკვეთის სტატუსი.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში დაცულ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 16.04.2018წ. წერილზე, რომლის თანახმად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ქ. ბათუმში, ...ის ქ. N...-ში მდებარე 1822კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...ის ქუჩა N...) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თხოვნით არ მიუმართავს და შესაბამისად არც სასამართლოსათვის მიუმართავს. ამ მიწის ნაკვეთზე არ მიმდინარეობს ექსპროპრიაციის განხორციელების პროცედურები და ამასთან, ხსენებული ტერიტორიის ექსპროპრიაციის პროცედურების განხორციელების ან/და საავტომობილო გზის მშენებლობის თანხა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ მართალია, „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №4-1 დადგენილებით დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საინჟინრო ნაწილის ძირითადი გზებისა და ქუჩების, მათ შორის საპროექტო გზებისა და ქუჩების ქსელის რუკის მიხედვით მოსარჩელის თანასაკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე, 1822 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...ის ქუჩა N...) საჭიროდ არის მიჩნეული ადგილობრივი საავტომობილო გზის მშენებლობისათვის, თუმცა ამ დროისათვის არ არსებობს შესაბამისი სამინისტროს მინისტრის ბრძანება, რომლითაც განისაზღვრებოდა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ამ კონკრეტული მიწის ნაკვეთის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა და ის სუბიექტი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს მისი ექსპროპრიაციის უფლება. ამასთან, 12.02.2018წ. N626 ბრძანებით, ბათუმის საკრებულოს 14.09.2012წ. №50 დადგენილების 8.5 მუხლით დადგენილი წესით, ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე 1822 კვ.მ. მიწის ნაკვეთს არ მინიჭებია სამშენებლოდ შეუსაბამო მიწის ნაკვეთის სტატუსი. საქართველოს კონსტიტუცია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განიხილავს საკუთრების უფლების შეზღუდვის და საკუთრების უფლების ჩამორთმევის საკითხს, ამასთან, აწესებს, რომ შეზღუდვა არ უნდა იყოს ისეთი ხარისხის, რომ გამოიწვიოს საკუთრების უფლების არსის დარღვევა, შეზღუდვა საკუთრების უფლებას არ უნდა უკარგავდეს არსს და ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს საკუთრების უფლების შინაარსს. შესაბამისად, თუკი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება მოითხოვს იმგვარ შეზღუდვას, რაც საკუთრების უფლებას არსს უკარგავს, ასეთ დროს შესაძლებელია საკუთრების უფლების ჩამორთმევა საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული წინაპირობის დაცვით, მხოლოდ სამართლიანი ანაზღაურების სანაცვლოდ - ექსპროპრიაციის გზით. ამდენად, საკუთრების უფლება არ განეკუთვნება აბსოლუტურ უფლებათა კატეგორიას, რომელთა შეზღუდვაც დაუშვებელია. ამ უფლების შეზღუდვა კანონმდებლის მიერ მხოლოდ განსაკუთრებული წინაპირობებით არის შესაძლებელი. სახელმწიფოს ნეგატიურ ვალდებულებას შეადგენს ისეთი მოქმედებებისაგან თავის შეკავება, რომელიც გამოიწვევს საკუთრების უფლებაში ჩარევას, ხოლო სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას შეადგენს ისეთი სამართლებრივი სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან ბალანსს საზოგადოების წევრებს შორის (იხ. სუსგ 26.01.2021წ. საქმე Nბს-1112(კ-18)).

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად „ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. ამასთან, წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლების ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები უფლებამოსილები არიან, inter alia, საჯარო ინტერესის შესაბამისად განახორციელონ საკუთრების გამოყენების კონტროლი, უფლებაში ჩარევა არა მხოლოდ კანონიერ მიზანს უნდა ემსახურებოდეს, არამედ უნდა პასუხობდეს პროპორციულობის მოთხოვნას, სასამართლომ უნდა დაადგინოს საზოგადოების საჯარო ინტერესსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცულობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 23.09.1982წ. გადაწყვეტილება საქმეზე „სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ (Sporrong and Lönnroth v. Sweden), §61).

ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას გ. დ-ის 02.02.2018წ. განცხადება არ განუხილავს კანონით დადგენილი წესით და არ გამოუკვლევია ყველა ის გარემოება, რაც საქმისათვის მნიშვნელოვანი იყო. მართებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლზე მითითებით სადავო საკითხის გადასაწყვეტად საქმის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაბრუნება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.06.2019წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ქ. ცინცაძე