Facebook Twitter

№ბს-174(კ-19) 4 მარტი, 2021 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ს-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 12 ოქტომბერს ნ. ს-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 11 სექტემბრის №67285 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხის - 3 000 ლარის დაბრუნების დავალება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრცაიულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 11 სექტემბრის №67285 გადაწყვეტილება და მოპასუხეს მოსარჩელისათვის გირაოს სახით შეტანილი თანხის - 3 000 ლარის დაბრუნება დაევალა, რაც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიურომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ნოემბრის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრცაიულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 281 მუხლზე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილზე და აღნიშნა, რომ 2012 წლის 16 მაისს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ მიღებული იქნა №52/04 ბრძანება, რომლითაც განსაზღვრული იყო, რომ საქართველოს საბანკო დაწესებულებებში ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ზარალის ანაზღაურების, გირაოს, სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმის ან განრიდების შეთავაზების ოქმით გათვალისწინებული თანხის შესაბამის ანგარიშზე შეუფერხებელი და დროული ჩარიცხვის მიზნით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1681 მუხლის, მე-200 მუხლისა და 21-ე თავის შესაბამისად, დამტკიცებული იქნა „ზარალის ანაზღაურების, გირაოს, სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმის ან განრიდების შეთავაზების ოქმით გათვალისწინებული თანხის გადახდის დასტურის“ ფორმები. პალატის მითითებით, საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ ვ. მ-ის მიმართ სასამართლოს განაჩენი შესული იყო კანონიერ ძალაში. მის სასარგებლოდ გირაოს თანხის შეტანა უზრუნველყო მეუღლემ - ნ. ს-ემ. შესაბამისად, გირაოს სახით გადახდილი თანხის უკან დაბრუნების ერთ-ერთი პირობა სახეზე იყო. ამასთან, აღსანიშნავი იყო ისიც, რომ გირაოს სახით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე 3000 ლარის გადახდის შესახებ შევსებულ ფორმაში მითითებული იყო, რომ ნ. ს-ის მიერ განხორციელდა გადასახდელის გადახდა, რაც ექვემდებარებოდა სააღსრულებო ბიუროს მხრიდან დაბრუნებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად განმარტეს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 281 მუხლი და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლი. კასატორის მითითებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის №221 ბრძანებით დამტკიცებული "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" ინსტრუქციის 152 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბიუროს შესაბამის სადეპოზიტო ანგარიშზე სისხლის სამართლის საქმეზე გირაოს სახით დარიცხული (შეტანილი) თანხის მისი შემტანისათვის დაბრუნება ხორციელდება აღნიშნულზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების წარდგენის საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, 2017 წლის 31 მაისის №1/64-2017 განაჩენით, ვ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით. ამასთან, გაუქმდა ვ. მ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და დადგინდა, რომ გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, გირაოს თანხა დაუბრუნებოდა საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, კასატორი განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე პირის მიმართ განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, გირაოს თანხის გადამხდელისათვის უკან დაბრუნების აუცილებელი პირობაა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადის გასვლა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს განაჩენის აღსრულების უზრუნველყოფა. კასატორის მოსაზრებით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით უდავოა, რომ გირაოს თანხა მსჯავრდებულის სახელით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსა სხვა (მესამე) პირმა. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 31 მაისს გაცემული №1/64-2017 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად ვ. მ-ეს დაეკისრა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. კასატორის მითითებით, არსებობს დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმის აღსრულების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 281 მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია სააღსრულებო ფურცლის სააღსრულებო ბიუროში წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მსჯავრდებულისა და გირაოს შემტანის წერილობითი თანხმობის საფუძველზე (ხოლო თუ გირაოს შემტანი თავად მსჯავრდებულია ან გირაო შეტანილია მსჯავრდებულის სახელით - მისი თანხმობის გარეშე) მოახდინოს აღსრულება გირაოს სახით აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილ ფულად თანხაზე ამ კანონით დადგენილი წესით. კასატორი აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლი ადგენს ნორმატიულ აღწერას იმ ფაქტობრივი მოცემულობის, რომლის არსებობისას სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო მიაქცევს აღსრულებას იმ თანხაზე, რომელიც გირაოს სახით არის განთავსებული მის სადეპოზიტო ანგარიშზე. კერძოდ,იმ შემთხვევაში თუ გირაოს თანხა გადახდილია სხვა პირის მიერ მსჯავრდებულის სახელით, მისი და მსჯავრდებულის თანხმობის გარეშე, სააღსრულებო ბიუროში წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოახდენს აღსრულებას გირაოს სახით შეტანილ თანხაზე. იმის გათვალისწინებით, რომ ვ. მ-ისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით განსაზღვრული გირაოს თანხა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურის სადეპოზიტო ანგარიშზე მსჯავრდებულის (ვ. მ-ის) სახელით შეიტანა ნ. ს-ემ და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია ვ. მ-ისათვის დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმის აღსრულების მიზნით გაცემული სააღსრულებო ფურცელი, კასატორის მოსაზრებით, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია სასამართლოს პოზიცია – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის მოსარჩელისათვის გირაოს სახით გადახდილი თანხის დაბრუნების დავალება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის განჩინებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი.

ამასთან, მოსამართლე - ვასილ როინიშვილის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის გამო, 2020 წლის 23 ივნისს საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე განაწილდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ქეთევან ცინცაძეზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2017 წლის 4 აპრილს, ნ. ს-ის მიერ ვ. მ-ის სისხლის სამართლის საქმეზე სს „საქართველოს ბანკის’’ მეშვეობით გადახდილ იქნა უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაოს თანხა 3000 ლარის ოდენობით. 2017 წლის 31 მაისის ზესტაფონის რაიონული სასამართლოს №1/64-2017 განაჩენით ვ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2 (ორი) წელი განესაზღვრა რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობითად; სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი; დამატებითი სასჯელის სახით კი ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით.

ამასთან, საყურადღებოა ის გარემოება, რომ ამავე განაჩენის სარეზოლუციო ნაწილით დადგინდა, რომ ვ. მ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, გირაოს თანხა უნდა დაბრუნებოდა საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების სსიპ - აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით. აღნიშნული განაჩენის აღსრულების მიზნით 2017 წლის 31 მაისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2017 წლის 3 აგვისტოს, ნ. ს-ემ განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და გირაოს სახით გადახდილი - 3000 ლარის უკან დაბრუნება მოითხოვა. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 11 სექტემბრის №67285 წერილით ნ. ს-ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იმ მოტივით, რომ ნ. ს-ის მიერ ვ. მ-ის სახელით შეტანილი გირაოს თანხა - 3000 ლარი ექვემდებარებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში ჯარიმის სახით გადარიცხვას. ამდენად, განსახილველი დავის ფარგლებში შეფასების საგანს სწორედ ზემოხსენებული აქტის კანონიერების დადგენა წარმოადგენს, რა მიზნითაც პირველ რიგში უნდა შეფასდეს გირაოს სახით აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილი ფულადი თანხის ჯარიმის თანხის აღსასრულებლად მიქცევა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება. ამავე კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გირაო არის ფულადი თანხა ან უძრავი ქონება. ფულადი თანხა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეაქვს ბრალდებულს ან მისი სახელით ან მის სასარგებლოდ სხვა პირს სასამართლოსათვის მიცემული წერილობითი ვალდებულებით ბრალდებულის სათანადო ქცევისა და გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში დროულად გამოცხადების უზრუნველყოფის თაობაზე. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, ბრალდებულს ან მის სასარგებლოდ გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) და უძრავი ქონება, თუ ბრალდებული ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ვ. მ-ის სასარგებლოდ გირაოს თანხა შესაბამის ანგარიშზე საკუთარი სახელით შეიტანა მისმა მეუღლემ - ნ. ს-ემ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გირაოს სახით აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილ ფულად თანხაზე ჯარიმის თანხის აღსრულების შესაძლებლობას ითვალისწინებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 281 მუხლი. ხსენებული ნორმის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია სააღსრულებო ფურცლის სააღსრულებო ბიუროში წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მსჯავრდებულისა და გირაოს შემტანის წერილობითი თანხმობის საფუძველზე (ხოლო თუ გირაოს შემტანი თავად მსჯავრდებულია ან გირაო შეტანილია მსჯავრდებულის სახელით – მისი თანხმობის გარეშე) მოახდინოს აღსრულება გირაოს სახით აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილ ფულად თანხაზე ამ კანონით დადგენილი წესით. ამდენად, შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, გირაოს სახით აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილი ფულადი თანხის ჯარიმის თანხის აღსასრულებლად მიქცევა სააღსრულებო ბიუროს არათუ შესაძლებლობა, არამედ ვალდებულებაა, თუმცა აღნიშნული ვალდებულება არ არის უპირობო.

საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 281 მუხლი იმპერატიულად მოითხოვს მსჯავრდებულისა და გირაოს შემტანი პირის წერილობითი თანხმობის არსებობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გირაოს შემტანი თავად მსჯავრდებულია ან გირაო შეტანილია მსჯავრდებულის სახელით, მისი თანხმობის გარეშე. განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ გირაოს თანხა გადახდილია ბრალდებულ ვ. მ-ის მეუღლის - ნ. ს-ის მიერ, რაც მხოლოდ შესაბამისი წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში გახდიდა შესაძლებელს გირაოს სახით აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილ ფულად თანხაზე ჯარიმის თანხის აღსრულებას. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ასეთი წერილობითი თანხმობის არსებობა არ დასტურდება, ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია გირაოს სახით შეტანილ ფულად თანხაზე ჯარიმის თანხის აღსრულება.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარზე 28.01.19წ. №00655 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ნოემბრის განჩინება;

3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) დაუბრუნდეს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარზე 28.01.19წ. №00655 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე