Facebook Twitter

ბს-1295(2კ-20) 31 მარტი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ი. ა-ას და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.10.2020წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ა-ამ 09.03.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე გ. ე-ის მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ მოპასუხედ დასახელდა ქ. თბილისის სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის-ცენტრი, ხოლო მოსარჩელედ დამატებით მიეთითა ვ. ა-ი. მოსარჩელეებმა მოითხოვეს 20.02.2020წ. ოჯახის N... საიდენტიფიკაციო კოდზე 06.02.2020წ. ერთწლიანი შეზღუდვით შევსებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმის ბათილად ცნობა, ვ. ა-ის სოციალური დახმარების ცალკე საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა, სოციალური დახმარების აღდგენა, სამი თვის მიუღებელი სოციალური დახმარების ანაზღაურება, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა, კომუნალური გადასახადების სათანადოდ შედგენილი ქვითრების გაცემა, კომუნალური გადასახადების - 116 ლარის ხუთი თვით გადატანა, მორალური და მატერიალური ზიანის - 600 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.07.2020წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ი. ა-ასა და ვ. ა-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.10.2020წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 21.07.2020წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 21.02.2020წ. გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრს დაევალა ი. ა-ასა და ვ. ა-ის ოჯახის ხელახალი გადამოწმება და შესაბამისი სარეიტინგო ქულის მინიჭება. პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 21.02.2020წ. გადაწყვეტილება იყო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რადგან სწორედ ამ აქტით განემარტა ი. ა-ას, რომ მის ოჯახში სოციალური აგენტის ვიზიტის დროს შევსებულ იქნა ოქმი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ, მიზეზად მიეთითა, რომ ოჯახმა სააგენტოს უფლებამოსილ პირს არ მისცა ქონების/დოკუმენტების დათვალიერების საშუალება. პალატამ აღნიშნა, რომ ი. ა-ამ არ დაადასტურა აგენტებისათვის უფლებამოსილების განხორციელებაში ხელშეშლა, ხოლო ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ წარმოადგინა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთანავე, ორგანომ სასამართლოში ვერ წარადგინა ოჯახის დეკლარაცია. დგინდება, რომ ი. ა-ამ უარი განაცხადა მხოლოდ დეკლარაციის „A8“ და „A9“ პუნქტების ხელმოწერაზე, რადგან ითხოვდა თავისი პოზიციის გათვალისწინებას ოთახების რაოდენობასა და ბინის ფართთან მიმართებით. ი. ა-ას განმარტებით, იგი დანარჩენ პუნქტებს დაეთანხმა და ხელი მოაწერა. ორგანომ ვერ წარმოადგინა ი. ა-ას მიერ ხელშეშლის დამადასტურებელი ფაქტები. გასათვალისწინებელია, რომ სწორედ ი. ა-ას მოთხოვნის საფუძველზე გამოცხადდნენ აგენტები მისამართზე ოჯახის შესამოწმებლად. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეების მიერ სოციალური აგენტებისათვის მათი უფლება-მოვალეობების განხორციელებაში და ქონების დათვალიერებაზე ხელის შეშლას, ასევე მოთხოვნილი დოკუმენტების წარუდგენლობას ადგილი არ ჰქონია. დეკლარაცია შევსებულ იქნა და ი. ა-ამ უარი განაცხადა მხოლოდ დეკლარაციის ორი პუნქტის ხელმოწერაზე. პალატამ ყურადღება გაამახვილა აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრის 22.10.2019წ. ამონაწერის მიხედვით უძრავი ქონების ფართი შეადგენს 67,09 კვ.მ.-ს, რომლის 1/6 წილის მესაკუთრეა კ. ხ-ი, რომელიც მართალია ნათესაურ კავშირში იმყოფება აპელანტებთან, მაგრამ არ არის მათი ოჯახის წევრი. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საცხოვრებელი ბინის ფართის შეფასებისას გაითვალისწინოს აღნიშნული გარემოებაც.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.10.2020წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ი. ა-ას და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის მიერ

კასატორმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრმა აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის სათანადოდ დასაბუთებული. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია მოსარჩელეების მიერ სოციალური აგენტებისათვის უფლება-მოვალეობების განხორციელებაში ხელშეშლას, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ი. ა-ამ უარი განაცხადა დეკლარაციის სრულყოფილად შევსებაზე და ხელმოწერაზე იმ საფუძვლით, რომ იგი არ ეთანხმებოდა ლოჯის ოთახების რაოდენობაში ჩათვლას.

კასატორი ი. ა-ა მიიჩნევს, რომ საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ, რადგან საქმე განხილულ იქნა ერთი მოსამართლის მიერ მოსამართლეთა შემადგენლობის გარეშე. ამასთანავე, სასამართლომ საქმე განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის-ცენტრის დასწრების გარეშე, განხილვას არ ესწრებოდა სერვის-ცენტრის კანონიერი წარმომადგენელი, რის გამო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას კანონიერი ძალა არ აქვს. კასატორი თვლის, რომ ტერმინი „ოჯახის“ გამოყენება მასთან მიმართებით არასწორია. ი. ა-ას ხელი არ შეუშლია სოციალური აგენტებისათვის უფლებამოსილების განხორციელებაში. გასათვალისწინებელია, რომ წლებია ი. ა-ას მინიჭებული აქვს სოციალურად დაუცველი პირის სტატუსი და არც ერთი შემოწმებისას აგენტებს დაბრკოლება არ შექმნიათ. ამასთანავე, თავად კასატორმა მოითხოვა აგენტების მისამართზე მისვლა და შემოწმების ჩატარება, რათა განახლებულიყო შეჩერებული სოციალური დახმარების გაცემა. კასატორი აღნიშნავს, რომ აგენტებმა თვითნებურად შეავსეს ორ სხვადასხვა პირზე: ი. ა-აზე და ვ. ა-ზე ერთი ოჯახის დეკლარაცია არასწორი მონაცემებით, კერძოდ არასწორად მიუთითეს სახლის ფართი და ოთახების რაოდენობა, ბინა არის ორ და არა სამოთახიანი, 57 და არა 67 კვ.მ. ფართის. კასატორმა აღნიშნული ორი პუნქტის ხელმოწერაზე განაცხადა უარი, თუმცა დანარჩენ პუნქტებზე, აგენტების წინააღმდეგობის მიუხედავად, ხელი მოაწერა. ი. ა-ა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში არც ოქმი და არც შევსებული დეკლარაცია დაცული არ არის. კასატორი მიუთითებს, რომ 21.02.2020წ. გადაწყვეტილება საქალაქო ცენტრმა გამოიტანა მისთვის შეტყობინების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ა-ას და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორ ი. ა-ას მოსაზრებას საქმის სასამართლოს არაკანონიერი შემადგენლობის მიერ განხილვის შესახებ და აღნიშნავს, რომ მართალია ზოგადი წესის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო პალატაში წარმოებს სამი მოსამართლის შემადგენლობით (სასკ-ის 1.2 მუხ., სსკ-ის 25.3 მუხ.), თუმცა ადმინისტრაციული საპროცესო კანონომდებლობა გარკვეული კატეგორიის დავებზე განხილვის სპეცალურ წესს ადგენს და უთითებს, რომ მოსამართლემ ერთპიროვნულად შეიძლება განიხილოს სააპელაციო საჩივრები, რომლებიც შეტანილია სასკ-ის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ დავებზე (სასკ-ის 34.11 მუხ. „ა.ა“ ქვ.პ.). სასკ-ის მე-6 მუხლი ჩამოთვლის მაგისტრატი მოსამართლის განსახილველ საქმეებს, რომელთა შორის სახელდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხის თაობაზე არსებული საქმეები („გ“ ქვ.პ.). განსახილველ შემთხვევაში ი. ა-ას სარჩელი სწორედ სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხზეა აღძრული. ამდენად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო კონკრეტული დავა განეხილა ერთი მოსამართლის შემადგენლობით.

კასატორ ი. ა-ას მოსაზრება, რომ სამართლომ საქმე განიხილა ადმინისტრაციული ორგანოს დასწრების გარეშე და განხილვას არ ესწრებოდა სერვის-ცენტრის კანონიერი წარმომადგენელი, აგრეთვე არ არის დასაბუთებული, რადგან საქმის მასალებით დგინდება, რომ სასამართლო სხდომის შესახებ სერვის ცენტრს ეცნობა საპროცესო კანონმდებლობის დაცვით, ამასთანავე, სააპელაციო პალატის სხდომას ესწრებოდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის-ცენტრის წარმომადგენელი მ. ს-ი (ს.ფ. 309). საქმეში დაცულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის უფროსის მიერ მ. ს-ის სახელზე გაცემული მინდობილობა, რომლითაც მ. ს-ს მინიჭებული აქვს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლობის უფლებამოსილება ყველა ინსტანციის სასამართლოში ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებზე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის-ცენტრის წარმომადგენელმა არა მარტო მონაწილეობა მიიღო ზეპირ განხილვაში, არამედ თავისი მოსაზრება დააფიქსირა წერილობით ფორმითაც, სააპელაციო შესაგებლის წარდგენის გზით. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თავმჯდომარის 08.10.2020წ. N04-461/ო ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის დებულების“ მიხედვით, ცენტრი საქმიანობს ქ. თბილისის მასშტაბით, ვაკე-საბურთალოს, გლდანი-ნაძალადევის, ძველი თბილისის, დიდუბე-ჩუღურეთის და ისანი-სამგორის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების მიხედვით, სერვისცენტრი თბილისის კონკრეტული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრის ფარგლებში ახორციელებს ცენტრის ფუნქციებს (მე-4 მუხ.). თავის მხრივ, ცენტრი წარმოადგენს სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს, რომელიც ქალაქ თბილისის მასშტაბით, ახორციელებს დაკისრებულ ფუნქციებს (2.1 მუხ.), სწორედ ცენტრი ზედამხედველობს და კოორდინაციას უწევს სააგენტოს მიზნებისა და ამოცანების შესრულებას ქ. თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში (5.1 მუხ.). ცენტრის უფროსი უფლებამოსილია საკუთარი სახელით გასცეს მინდობილობები დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე სასამართლოში წარმომადგენლობის გასაწევად (6.4 მუხ. „ვ“ ქვ.პ.). ამდენად, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის უფროსი უფლებამოსილი იყო ვაკე-საბურთლოს სერვისცენტრის წარმომადგენლობის უფლება მიეცა კონკრეტული პირისათვის.

კასატორი ი. ა-ა არ ეთანხმება თავისი ოჯახის შემადგენლობაში ვ. ა-ის შეყვანას და მიიჩნევს, რომ მათ მიმართ დეკლარაცია ცალ-ცალკე უნდა შედგენილიყო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 24.04.2010წ. N126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მიხედვით, ოჯახი განიმარტება, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (მე-2 მუხ. „ბ“ ქვ.პ.). საქმის მასალებით, მათ შორის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით დგინდება, რომ N... საიდენტიფიკაციო კოდით რეგისტრირებულია ოჯახი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ი. ა-ა და ვ. ა-ი, რომლებიც ერთ საცხოვრებელ ბინაში არიან რეგისტრირებულები. ამდენად, ი. ა-ას ოჯახი, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციისა და სოციალური დახმარების მიღების მიზნებისათვის, მიჩნეულია ერთ ოჯახად. მართალია კასატორი არ ეთანხმება მისი და ვ. ა-ის ერთ ოჯახად მიჩნევას, თუმცა აღნიშნული სადავოდ არ აქვს გამხდარი სათანადო წესით. საქმის მასალებით არ დასტურდება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს უარი ი. ა-ასა და ვ. ა-ას ცალ-ცალკე ოჯახებად რეგისტრაციაზე. ამასთანავე, განსახილველ დავაში წარმოდგენილი სარჩელით ი. ა-ა ითხოვდა მხოლოდ ვ. ა-ის სოციალური დახმარების ცალკე საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვას, მოსარჩელეს არ მოუთხოვია ადმინისტრაციული ორგანოსათვის ი. ა-ასა და ვ. ა-ის ცალ-ცალკე ოჯახებად რეგისტრაციის დავალება, მათი ერთ ოჯახად რეგისტრაციის გაუქმება.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საქმის მასალებით არ დგინდება, ი. ა-ას მიერ სოციალური აგენტებისათვის მათი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეშლა, რაიმე დოკუმენტების წარუდგენლობა ან სახლის დათვარიელებისას დაბრკოლების შექმნა. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია, ხოლო მხოლოდ მისი ზეპირი ახსნა-განმარტება არ ქმნის ამ გარემოების დადასტურებულად მიჩნევის საფუძველს, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ სოციალური აგენტები მისამართზე სწორედ ი. ა-ას განცხადების საფუძველზე გამოცხადდნენ. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ი. ა-ა და სოციალური მომსახურების აგენტებს შორის შეუთანხმებლობა იყო ორ გარემოებასთან დაკავშირებით, კერძოდ, საცხოვრებელი ბინის ფართზე და ოთახების რაოდენობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 20.05.2010წ. N141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების და ამ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის და რეფერირების წესის“ მე-6 მუხლის მიხედვით „A8“ პუნქტის – „ჩაწერეთ რამდენია შინამეურნეობის მიერ დაკავებული საცხოვრებლის საერთო ფართობი“ შევსებისას სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა დეკლარაციაში უნდა დააფიქსიროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მითითებული ინფორმაცია კვადრატული მეტრის მითითებით, თუ ოჯახი ცხოვრობს ნაქირავებ/ნაგირავებ ბინაში და არ არის დარწმუნებული თუ რამდენ ფართობს იკავებს ზუსტად, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ჩაწერს იმ მონაცემებს, რომელსაც დააფიქსირებს ოჯახის წევრი და აღნიშნული ინფორმაცია ჩაითვლება სანდოდ (მე-7 პ.). „A9“ პუნქტის – „ჩაწერეთ რამდენი ოთახია თქვენი შინამეურნეობის მიერ დაკავებულ საერთო საცხოვრისში სულ (სამზარეულოს, დერეფნის, სააბაზანოს, ტუალეტის და სხვა დამხმარე სათავსოების გარდა)“ – შევსებისას სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა უნდა მიუთითოს იმ ოთახების რაოდენობა, რომლებიც გამოიყენება საცხოვრებლად, მათ შორის მისაღები ოთახი (ე.წ. „ზალა“), საძინებელი, ლოჯია; დაკავებული ოთახების რაოდენობაში სააგენტოს უფლებამოსილი პირი არ გაითვალისწინებს დერეფანს, ტუალეტს, სააბაზანოს ან სხვა დამხმარე სათავსოს (მაგ. სხვენი, ავტოფარეხი, სამზადი/მარანი, სამეურნეო ნაგებობა, სარდაფი, კომერციული ფართი, დაუმთავრებელი ნაგებობა/ფართი). სააგენტოს უფლებამოსილი პირი პირადად დაათვალიერებს და შეამოწმებს ოთახების რაოდენობას, იქ არსებულ ნივთებს და ინვენტარებს და შესაბამის გრაფაში მიუთითებს ოთახების ჯამურ რაოდენობას (მე-8 პ.). მართალია საჯარო რეესტრიდან 2019წ. ამონაწერის მიხედვით მოსარჩელეებისა და კ. ხ-ის თანასაკუთრებაში არსებული ბინის ფართი 67,09 კვ.მ. არის, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ფართის 1/6 წილის მესაკუთრე არის კ. ხ-ი, რომელიც არ შედის ი. ა-ას სოციალურად დაუცველი ოჯახის შემადგენლობაში. მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ აღნიშნული გარემოება გათვალისწინებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ი. ა-ას ოჯახის დეკლარაციის ხელახალი შევსებისას, სოციალურად დაუცველი ოჯახის მიერ დაკავებული ბინის ფართისა და ოთახების რაოდენობის განსაზღვრისას. რაც შეეხება კასატორ ი. ა-ას მოსაზრებას, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერში არასწორად არის მითითებული ბინის ფართი, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. საქმის მასალებით არ დგინდება არსებული რეგისტრირებული მონაცემის უსწორობა, სათანადო წესით მისი გაუქმება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ი. ა-ას და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ა-ას და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.10.2020წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ქ.ცინცაძე