საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-925(3კ-20) 18 მარტი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს პრეზიდენტი
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. თ-ა
მესამე პირები - ა. თ-ი, ა. წ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:მ. თ-ამ 2018 წლის 27 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს პრეზიდენტის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოსარჩელის ნაწილში საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 24 სექტემბრის №24/09/01 განკარგულების, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ა. თ-ს შორის 2012 წლის 29 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2015 წლის 14 დეკემბრის №144 ოქმის ბათილად ცნობა. მოსარჩელემ, ასევე, მოითხოვა მოპასუხე სამინისტროსთვის მ. თ-ას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის განჩინებებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება ა. თ-ი, ხოლო იმავე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე - ა. წ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. თ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; მ. თ-ას ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 24 სექტემბრის №24/09/01 განკარგულება, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან 2012 წლის 29 სექტემბერს გაფორმებული, თბილისში, ... ...ში, ...ის ქ. N... -ში. N... კორპუსში მდებარე N... ბინის (ს/კ ...) ნასყიდობის ხელშეკრულება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2015 წლის 14 დეკემბრის №144 ოქმი; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, კანონით დადგენილ ვადაში, მ. თ-ასთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის გადაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინებით საქართველოს პრეზიდენტის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საქართველოს პრეზიდენტმა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლემ - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
კასატორი - საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სადავო განკარგულება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რაც გამორიცხავს მის ბათილად ცნობას. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე და მესამე პირები წარმოადგენდნენ ერთ ოჯახს, ხელშეკრულებას კი, სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ხელს აწერდა ოჯახის მხოლოდ ერთ-ერთი წევრი. ამდენად, მართალია, ხელშეკრულება ხელმოწერილია მხოლოდ ა. თ-ის მიერ, თუმცა საცხოვრებელი გადაეცა ოჯახს, მათ შორის მოსარჩელესაც. კასატორი დამატებით მიუთითებს, რომ თუკი მ. თ-ა აღარ ცხოვრობდა მესამე პირებთან ერთად, მას უნდა მიეწოდებინა სამინისტროსთვის მსგავსი ინფორმაცია, რაც არ განუხორციელებია. გარდა ამისა, საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან წარმოდგენილია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.
კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მიუთითებს, რომ მ. თ-ა მესამე პირებთან ერთად ერთ ოჯახად იყო რეგისტრირებული, შესაბამისად, საცხოვრებლის გადაცემა მოხდა ოჯახისთვის და მოსარჩელეს ცალკე უძრავი ნივთი ვერ გადაეცემოდა. ამასთანავე, გასაჩივრებული ხელშეკრულების დადება არ საჭიროებდა მ. თ-ას თანხმობას, რადგან ხელშეკრულებით მოსარჩელის უფლებები არ შეზღუდულა და მას ვალდებულება არ დაკისრებია. საკასაციო საჩივრის ავტორი დამატებით აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.
კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მიუთითებს, რომ მოსარჩელის დევნილ ოჯახს, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურისა და წესების დაცვით, გადაცემული აქვს საცხოვრებელი სახლი, რაც გამორიცხავს მოსარჩელისთვის საცხოვრებლის კვლავ გადაცემას. საკასაციო საჩივრის ავტორი, ასევე, მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას მოითხოვენ.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს დევნილის საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით მესამე პირთან გაფორმებული პრივატიზების ხელშეკრულების მოქმედების მოსარჩელის მიმართ გავრცელების კანონიერება იმ პირობებში, როდესაც მ. თ-ა ადმინისტრაციულ წარმოებაში არ მონაწილეობდა და ხელშეკრულების დადების შესახებ წერილობითი თანხმობა არ წარუდგენია.
საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის (1996წ.) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც, დევნილის ერთ-ერთ უფლებას განეკუთვნებოდა სოციალური და სხვა დახმარებების მიღება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. იმავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, დევნილის უფლებები უნდა დაეცვა სახელმწიფოს.
საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის №403 განკარგულებით დამტკიცებულ „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაზე“, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენდა დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. „სამოქმედო გეგმის“ 2.1.1. პუნქტიდან გამომდინარე, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პირველი ეტაპი ითვალისწინებდა კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციას, სადაც ეს შესაძლებელია, და მათი დევნილი ოჯახებისათვის სიმბოლურ ფასად (ერთ ლარად) საკუთრებაში გადაცემას. პირველ ეტაპზე არსებობდა დევნილთათვის საკუთრებაში გადასაცემი ობიექტების ორი კატეგორია: ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ცენტრები; ბ) ცენტრები, რომლებსაც სახელმწიფო შეიძენდა კერძო მესაკუთრეებისაგან და შესთავაზებდა დევნილებს.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის ერთ-ერთ სახეს მათთვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემა წარმოადგენს, 2009-2012 წლებისთვის კი სახელმწიფომ შეიმუშავა დევნილთა განსახლების სპეციალური გეგმა, რომელიც გულისხმობდა დევნილებისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ობიექტების გადაცემასაც, პრივატიზების გზით. ამასთან, უშუალოდ პრივატიზების პროცესს არეგულირებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის თანახმადაც, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პრივატიზების ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს პირდაპირი მიყიდვა. დასახელებული კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდებოდა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე. იმავე კანონის 31 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და ქონების შემძენს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და შესაბამისი ვალდებულებების წარმოშობის საფუძველია. ამრიგად, სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისთვის აუცილებელი იყო პრეზიდენტის განკარგულების გამოცემა, რომლის მიღების შემდეგაც ფორმდებოდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას კი მხარეებს უნდა დაეცვათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მიმართ მოქმედი სპეციალური წესები, მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მესამე პირს, რომლის ინტერესებსაც იგი შეეხება, რომელსაც უფლება აქვს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე წარადგინოს საკუთარი მოსაზრება. შესაბამისად, თუკი ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას მესამე პირთა მიმართ აქვს შემზღუდველი ხასიათი, მისი ნამდვილობა და ძალაში შესვლა დამოკიდებულია სწორედ მესამე პირთა ინფორმირებასა და მათ მიერ ხელშეკრულების დადებაზე წერილობითი თანხმობის წარდგენაზე.
განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მ. თ-ა წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს.
საქმეზე, ასევე, დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 24 სექტემბრის №24/09/01 განკარგულების საფუძველზე, დევნილთა ნებაყოფლობით და ღირსეულ განსახლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების ფარგლებში, 2012 წლის 29 სექტემბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ა. თ-ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ა. თ-ს საკუთრებაში გადაეცა თბილისში, ... ...ში, ...ის ქ. N... -ში. N... კორპუსში მდებარე №... ბინა. ამასთანავე, ა. თ-მა იკისრა ა. წ-ისა და მ. თ-ას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ვალდებულება. დასახელებულ ხელშეკრულებას ხელს აწერს მხოლოდ ა. თ-ი.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მ. თ-ა, არც ხელშეკრულების დადებისას და არც დღეის მდგომარეობით, ფაქტობრივად არ ცხოვრობს ა. თ-თან და ა. წ-თან ერთად, ერთ ოჯახად.
დასახელებულ გარემოებათა გათვალისწინებით, საკასაციო პალატა, სადავო ხელშეკრულების კანონიერების შემოწმებისას, აღნიშნავს, რომ ხელშეკრულება, მართალია, მოსარჩელეს ანიჭებს გარკვეულ უფლებას - გათვალისწინებულია მის მიერ ხელშეკრულებაში მითითებული საცხოვრებლით სარგებლობის უფლება, თუმცა იმავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელემ, როგორც დევნილმა, დაკარგა შესაძლებლობა, მოეთხოვა სხვა საცხოვრებლით უზრუნველყოფა. ამრიგად, მოსარჩელის ხელშეკრულების დადების თაობაზე ინფორმირებას, პირობების გაცნობასა და მ. თ-ას მოსაზრების მოსმენას საკითხის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა და მისგან წერილობითი თანხმობის მიღება სავალდებულო ხასიათს ატარებდა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც იგი მესამე პირებთან ერთად ფაქტობრივად აღარ ცხოვრობდა. სწორედ ამიტომ, ვინაიდან პრეზიდენტის განკარგულება გამოცემულია და ხელშეკრულება დადებულია მოსარჩელის სავალდებულო თანხმობის გარეშე, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ხელშეკრულება მართებულად იქნა ბათილად ცნობილი მ. თ-ას ნაწილში.
რაც შეეხება კასატორთა მითითებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის როგორც სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 22-ე მუხლის მეორე პუნქტის, ისე მოქმედი რედაქციის 65 მუხლის თანახმად, პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად კი, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ ხელშეკრულების დადების შესახებ მ. თ-ასთვის ცნობილი იყო, მოპასუხეებმა ვერ წარმოადგინეს განკარგულებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების მოსარჩელისთვის ოფიციალური გაცნობის დამადასტურებელი უტყუარი დოკუმენტაცია. შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა პრეტენზიას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე.
საგულისხმოა, რომ იდენტურ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს უზენაეს სასამართლოს განმარტება გაკეთებული აქვს არაერთ საქმეზე, მათ შორის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის №ბს-1143(2კ-19) და 2020 წლის 5 მარტის №ბს-1271(2კ-19) განჩინებები.
მოსარჩელის მოთხოვნას, ასევე, წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2015 წლის 14 დეკემბრის №144 ოქმის ბათილად ცნობა, რომლითაც მ. თ-ას უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე. გარდა ამისა, სარჩელით მოთხოვნილია მოპასუხისთვის მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფის დავალება.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის (2015წ.) მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მცხოვრები დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით (დევნილის მოწმობით, დევნილის შესახებ ინფორმაციით, სახალხო დამცველის წერილით) დადასტურებულია მოსარჩელის „...ში“ ცხოვრების ფაქტი, რომელიც წარმოადგენს ნგრევად ობიექტს და სახელმწიფომ განახორციელა იქ მცხოვრებ სხვა დევნილთა განსახლება. შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელე დევნილია, არ არის საცხოვრებლით დაკმაყოფილებული და დადასტურებულია მისი ნგრევად ნაგებობაში - „...ში“ ცხოვრების ფაქტი, სასამართლოებმა მართებულად ცნეს ბათილად დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2015 წლის 14 დეკემბრის №144 ოქმი და დაავალეს მოპასუხეს მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს პრეზიდენტის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე