Facebook Twitter

#ბს-329(კ-20) 4 მარტი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე,ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე- ლ. გ-ი; მესამე პირი - გ. დ-ი; შპს „...ი“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 10 აგვისტოს ლ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 2 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის - 23 100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 აგვისტოს განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო გ. დ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის საოქმო განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო შპს „...ი“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 2 დეკემბრის №...გადაწყვეტილება, ლ. გ-ის საკუთრებაში არსებული 1100 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გადაფარვის (ზედდების) ნაწილში; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელე ლ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზიანის ანაზღაურება 44 000 (ორმოცდაოთხი ათასი) ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ 1993 წლის 20 ნოემბრის №56 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მცხეთის რაიონის სოფელ ...ის საკრებულოს მიერ ლ. გ-ს საკუთრებაში გადაეცა 0,11 ჰა მიწის ნაკვეთი ერთ ნაკვეთად მდებარე: ...ი, „...“. ამავე მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთით და დასავლეთით ესაზღვრებოდა გზა, სამხრეთით - ზ. კ-ე, ხოლო აღმოსავლეთით - დ. ჯ-ი.

2006 წლის 16 მაისის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 1993 წლის 20 ნოემბრის №56 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე: მცხეთა, ..., „...“, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., დაუზუსტებელი ფართობი: 1100 კვ.მეტრი, 2006 წლის 16 მაისს საკუთრების უფლებით აღირიცხა ლ. გ-ის სახელზე.

1992 წლის 24 დეკემბრის №866 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მცხეთის რაიონის სოფელ ...ის საკრებულოს მიერ გ. დ-ს საკუთრებაში გადაეცა 0,12 ჰა მიწის ნაკვეთი ერთ ნაკვეთად მდებარე: ...ი, „...“.

2016 წლის 28 ნოემბერს, გ. დ-მა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: თბილისი, ...ი, „...“.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 2 დეკემბრის №...გადაწყვეტილებით, გ. დ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და უძრავ ნივთზე, მდებარე, ქ. თბილისი, ...ი, „...“, განხორციელდა მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია. შესაბამისად, ქ. თბილისში, ...ი, „...ში“ მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №..., 2016 წლის 2 დეკემბრიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა გ. დ-ის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1175.00კვ.მ.,

2016 წლის 8 დეკემბერს გ. დ-სა და შპს „...ს“ შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით შპს „...მა“ გ. დ-ისგან შეიძინა ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ...ი, „...“.

აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 12 დეკემბრის №...გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, ...ი, „...ში“ მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №..., დარეგისტრირდა შპს ,,...ის’’ საკუთრებად. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1175.00კვ.მ.

2018 წლის 2 აპრილს ლ. გ-მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: თბილისი, ...ი, „...“.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 აპრილის №... გადაწყვეტილებით, განმცხადებელს განემარტა, რომ №... სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება და დაევალა კორექტირებული აზომვითი ნახაზის წარდგენა.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 30 მაისის №... გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

2018 წლის 11 აპრილს ლ. გ-მა №... ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 აპრილის №... და 16 აპრილის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 ივნისის №... გადაწყვეტილებით ლ. გ-ის 2018 წლის 11 აპრილის №... ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 21 ივნისის №004219718 დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, სოფ. ...ში, „...ში“ მდებარე, ექსპერტიზაზე შესაფასებლად წარდგენილი №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1100 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მთლიანი საბაზრო ღირებულება 2018 წლის 20 ივნისის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა 23 100 აშშ დოლარს, რაც შესაბამისი გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში (www.nbg.gov.ge – 2.4561) შეადგენდა - 56 736 ლარს.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ცალსახად დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2006 წლის 16 მაისის მდგომარეობით, ლ. გ-ის სახელზე უკვე არსებობდა დაუზუსტებელი რეგისტრაცია მცხეთა, ...ი, „...ში“ მდებარე 1100 კვ.მ. უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდით: №...).

საქალაქო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში უდავო გარემოებად მიიჩნია, რომ მოსარჩელის - ლ. გ-ის მიერ აზომილი მიწის ნაკვეთი ზუსტად ემთხვეოდა და მდებარეობდა იქ, სადაც რეგისტრირებული იყო №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი. ამასთან, წარმოდგენილი მასალებით დასტურდებოდა ლ. გ-ისთვის მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული მიწის ნაკვეთისა და სადავო მიწის ნაკვეთის იდენტურობაც. კერძოდ, მოსარჩელის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისად, მისი მიწის ნაკვეთი მდებარეობდა „...ში“, ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან ესაზღვრებოდა გზა, ხოლო სამხრეთიდან ესაზღვრებოდა ჯ. ე-ის ნაკვეთი ს/კ №... (ზ. კ-ის უფლებამონაცვლე), ხოლო აღმოსავლეთიდან ნაკვეთი ს/კ №... (მესაკუთრე გ. ო-ი). აღნიშნულს ადასტურებდა, საჯარო რეესტრის მიერ გაცემული სიტუაციური ნახაზიც, რომელიც შედგენილი იყო 2018 წლის 2 აპრილს, საიდანაც ირკვეოდა, რომ არსებობდა ზედდება რეგისტრირებულ მონაცემთან, აღმოსავლეთით იყო ნაკვეთი ს.კ. №..., ხოლო სამხრეთით ზ. კ-ის საკუთრებაში მყოფი (დღეის მდგომარეობით მესაკუთრე ჯ. ე-ი) ნაკვეთი ს.კ. №.... საქმეში ასევე წარმოდგენილი იყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული 2006 წლის 30 მაისის საკადასტრო რუკა, სადაც დატანილი იყო სქემატური ნახაზი, თუ როგორ იყო რეგისტრირებული კონკრეტული ნაკვეთები, აღნიშნული საკადასტრო რუკის თანახმად, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ნაკვეთი ს/კ №... მდებარეობდა ზ. კ-ის ნაკვეთის (ს/კ №...) ჩრდილოეთით, აღმოსავლეთის მხრიდან ესაზღვრებოდა ნაკვეთი ს/კ №..., ხოლო ჩრდილოეთიდან და დასავლეთის მხრიდან ესაზღვრებოდა გზა.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის - ლ. გ-ის პოზიცია, რომ იმ შემთხვევაში, თუ №... განცხადებაზე წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზს, რომელიც რეგისტრაციაში გაატარა რეესტრმა, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო შეადარებდა ზემოაღნიშნულ საკადასტრო რუკას და სრულყოფილად გამოიკვლევდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს, დაადგენდა, რომ სადავო რეგისტრაციაზე წარდგენილი ნახაზით განმცხადებელი ითხოვდა საკუთრების უფლების რეგისტრაციას იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც ჯერ კიდევ 10 წლით ადრე, 2006 წელს იყო რეგისტრირებული მოსარჩელის საკუთრებაში.

შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 2 დეკემბერს გ. დ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროს, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა ისე, რომ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. მარეგისტრირებელ ორგანოს არ გამოუკვლევია მიწის ნაკვეთის გ. დ-ის სახელზე რეგისტრაციის განხორციელებამდე არსებობდა თუ არა ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაცია ან/და ზედდება (გადაფარვა) და ეს მაშინ, როდესაც მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს გ. დ-ის სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის დროს მარტივად შეეძლო გადაემოწმებინა მასთან დაცული მონაცემები, ამა თუ იმ პირზე რეგისტრაციის ან/და ზედდების (გადაფარვის) ფაქტი და ისე მიეღო გადაწყვეტილება. საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემთხვევაში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დაადგენდა, რომ ჯერ კიდევ 2006 წლის 16 მაისის მდგომარეობით, ლ. გ-ის სახელზე უკვე არსებობდა დაუზუსტებელი რეგისტრაცია მცხეთა, ...ი, „...ში“ მდებარე 1100 კვ.მ. უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდით: №...), რაც გამორიცხავდა გ. დ-ის სახელზე 2016 წლის 2 დეკემბერს განხორციელებული რეგისტრაციის ფაქტს 1100 კვ.მეტრის ნაწილში.

საქალაქო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2013 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებაში გაკეთებულ განმარტებებზე (საქმე №ბს-367-363(კ-12) დაყრდნობით აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დასტურდებოდა, სადავო უძრავი ქონების ნაწილზე 1100 კვ.მეტრზე, ლ. გ-ის საკუთრების უფლება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილება ამავე უძრავი ქონების გ. დ-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ. აღნიშნული კი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 02 დეკემბრის №...გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.

საქალაქო სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლებზე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 409-ე, 412-ე და 992-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 02 დეკემბრის №...გადაწყვეტილების გამოცემით შეილახა უძრავ ნივთზე ლ. გ-ის საკუთრების უფლება, რომლის დაცვა გ. დ-ის უძრავ ქონებაზე რეგისტრაციის შესახებ სადავო აქტის ბათილად ცნობით ვერ განხორციელდებოდა. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან გ. დ-მა უძრავ ქონებაზე რეგისტრაციის შემდეგ განახორციელა მიწის ნაკვეთის გასხვისება და დღეის მდგომარეობით მესაკუთრეს შპს „...ი“ წარმოადგენდა, შესაბამისად, კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესების დაცვის პრინციპიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო სადავო მიწის ნაკვეთზე ლ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის სრულად აღდგენა. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ლ. გ-ის დარღვეული უფლებების აღდგენა ზიანის ანაზღაურების გზით უნდა განხორციელებულიყო.

საქალაქო სასამართლომ მოსარჩელე - ლ. გ-ისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენის მიზნით, იხელმძღვანელა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 18 მარტის №6-22 დადგენილებით განსაზღვრული ფასის, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 21 ივნისის №004219718 დასკვნაში და ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ნასყიდობის ფასების მიხედვით და მიიჩნია, რომ ლ. გ-სათვის მიყენებული ზიანის ოდენობა 44 000 (ორმოცდაოთხი ათასი) ლარით (1 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ღირებულება 40 ლარი) უნდა განსაზღვრულიყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ლ. გ-მა.

ლ. გ-მა ზიანის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სადავო აქტის ბათილად ცნობისა და ზიანის დაკმაყოფილების ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ლ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება ლ. გ-ის სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელე ლ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზიანის - 23 100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დროისათვის არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 2 დეკემბრის №...გადაწყვეტილება, ლ. გ-ის საკუთრებაში არსებული 1100 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გადაფარვის (ზედდების) ნაწილში დარჩა უცვლელი.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები სადავო აქტის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 2 დეკემბრის №...გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლებთან მიმართებაში. რაც შეეხება მოსარჩელის - ლ. გ-ის მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დაანგარიშება ზიანის თანხასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ საქმეზე წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 21 ივნისის №004219718 დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, სოფ. ...ში, „...ში“ მდებარე, ექსპერტიზაზე შესაფასებლად წარდგენილი №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1100 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მთლიანი საბაზრო ღირებულება 2018 წლის 20 ივნისის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა - 23 100 აშშ დოლარს, რაც შესაბამისი გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში (www.№bg.gov.ge - 2.4561) შეადგენდა - 56 736 ლარს.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც მესაკუთრის მიმართ სახელმწიფო არღვევდა როგორც პოზიტიურ, ისე ნეგატიურ ვალდებულებებს მიყენებული ზიანი ექვემდებარებოდა სრულ ანაზღაურებას. სააპელაციო სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ის გარემოება, რომ განსახილველ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მთლიანი საბაზრო ღირებულება 2018 წლის 20 ივნისის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა - 23 100 აშშ დოლარს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო მოსარჩელე - ლ. გ-ისათვის ზიანის თანხის სრულად დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი - 23 100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, რომლის გადახდა სსიპ საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაკისრებოდა გადახდის დროისათვის არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რაც მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

კასატორი მიუთითებს, რომ გ. დ-ის სახელზე გაცემული მცხეთის რაიონის სოფელ ...ის მიწის რეფორმის კომისიის მიერ №866 მიღება-ჩაბარების აქტი გაცემული იყო უფრო ადრე - 1992 წლის 24 დეკემბერს, ვიდრე ლ. გ-ის №56 მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც გაცემული იყო 1993 წლის 20 ნოემბერს, შესაბამისად კასატორის მოსაზრებით, გაურკვეველია რატომ მიანიჭა სასამართლომ უპირატესი იურიდიული ძალა ლ. გ-ის სახელზე გაცემულ მიღება-ჩაბარების აქტს და რატომ დაეყრდნო მხოლოდ გ. დ-ის სიტყვიერ განმარტებებს, მაშინ როდესაც აღნიშნული აქტის გაცემის მომენტისათვის სადავო უძრავ ნივთზე უკვე იყო გაცემული 1992 წლის 24 დეკემბრის №866 მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც დღეის მდგომარეობითაც ძალაშია.

რაც შეეხება, 1993 წლის 20 ნოემბრის №56 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მცხეთაში, ...ში, „...ში“, მდებარე 1100.0 კვ.მ (დაუზუსტებელი) მიწის ნაკვეთის ლ. გ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრაციას, კასატორი აღნიშნავს, რომ 2006 წელს რეგისტრაცია განხორციელდა დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით, რაც თავისთავად გულისხმობდა, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში განმცხადებელს არ წარმოუდგენია დოკუმენტი, რომელიც მოახდენდა უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის იდენტიფიკაციის საშუალებას.

კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლოში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის განმარტების თანახმად ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში ხვდებოდა ასევე სისტემური აღწერის გრაფიკული მონაცემები, რომელიც წარმოადგენდა დაურეგისტრირებელ, დაუზუსტებულ გრაფიკულ მონაცემებს, შესაბამისად, კასატორის მითითებით, აღნიშნული საზღვრების გათვალისწინება რეგისტრაციის პროცესში არ ხორციელდებოდა.

კასატორი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სასამართლოს მიერ 2017 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებაში საქმეზე №ბს-729-721(კ-16) გაკეთებული განმარტებების შესაბამისად, მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის მესამე პირის - გ. დ-ის სახელზე გაცემულ უფლების დამდგენ დოკუმენტებს და მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 2 დეკემბრის №...გადაწყვეტილების ბათილად ცნობა წარმოადგენს, გაურკვეველია სააპელაციო სასამართლომ რატომ არ გაიზიარა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პოზიცია, რომ სამართლებრივი საფუძვლების კანონიერ ძალაში არსებობის პირობებში არ არსებობდა გ. დ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველი.

კასატორი ასევე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის მოსარჩელე - ლ. გ-ის სასარგებლოდ ზიანის - 23 000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მიმართავს რა სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია დაამტკიცოს მისთვის ზიანის არსებობის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის, რაც განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება. კასატორის მითითებით, ასევე არ დასტურდება მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან რაიმე ბრალეული, მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 2 დეკემბრის #...გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მოსარჩელის - ლ. გ-ის სასარგებლოდ ზიანის - 23 100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურების დაკისრების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

1993 წლის 20 ნოემბრის №56 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მცხეთის რაიონის სოფელ ...ის საკრებულოს მიერ ლ. გ-ს საკუთრებაში გადაეცა 0,11 ჰა მიწის ნაკვეთი ერთ ნაკვეთად მდებარე: ...ი, „...“. ამავე მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთით და დასავლეთით ესაზღვრებოდა გზა, სამხრეთით - ზ. კ-ე, ხოლო აღმოსავლეთით - დ. ჯ-ი.

2006 წლის 16 მაისის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 1993 წლის 20 ნოემბრის №56 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე: მცხეთა, ...ი, „...“, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., დაუზუსტებელი ფართობი: 1100 კვ.მეტრი, 2006 წლის 16 მაისს საკუთრების უფლებით აღირიცხა ლ. გ-ის სახელზე.

1992 წლის 24 დეკემბრის №866 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მცხეთის რაიონის სოფელ ...ის საკრებულოს მიერ გ. დ-ს საკუთრებაში გადაეცა 0,12 ჰა მიწის ნაკვეთი ერთ ნაკვეთად მდებარე: ...ი, „...“.

2016 წლის 28 ნოემბერს, გ. დ-მა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: თბილისი, ...ი, „...“.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 2 დეკემბრის №...გადაწყვეტილებით, გ. დ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და უძრავ ნივთზე, მდებარე, ქ. თბილისი, ...ი, „...“, განხორციელდა მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია. შესაბამისად, ქ. თბილისში, ...ი, „...ში“ მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №..., 2016 წლის 2 დეკემბრიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა გ. დ-ის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1175.00კვ.მ.

2016 წლის 8 დეკემბერს გ. დ-სა და შპს „...ს“ შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით შპს „...მა“ გ. დ-ისგან შეიძინა ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ...ი, „...“.

აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 12 დეკემბრის №...გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, ...ი, „...ში“ მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №..., დარეგისტრირდა შპს „...ის’’ საკუთრებად. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1175.00კვ.მ.

2018 წლის 2 აპრილს ლ. გ-მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია (დაზუსტებული ფართის რეგისტრაცია) უძრავ ნივთზე, მდებარე: თბილისი, ...ი, „...“.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 აპრილის №... გადაწყვეტილებით, განმცხადებელს განემარტა, რომ №... სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება და დაევალა კორექტირებული აზომვითი ნახაზის წარდგენა.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 30 მაისის №... გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

2018 წლის 11 აპრილს ლ. გ-მა №... ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 აპრილის №... და 16 აპრილის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 ივნისის №... გადაწყვეტილებით ლ. გ-ის 2018 წლის 11 აპრილის №... ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, 2016 წლის 28 ნოემბერს წარდგენილი განცხადებით, განმცხადებელი - გ. დ-ი ითხოვდა საკუთრების უფლების რეგისტრაციას იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც 2006 წელს დაუზუსტებელი სახით, უკვე რეგისტრირებული იყო მოსარჩელის - ლ. გ-ის საკუთრებაში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებლები არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებს წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ ამავე დროს მარეგისტრირებელ ორგანოს და მის თანამშრომელებს ეკისრებათ კანონისმიერი ვალდებულება და პასუხისმგებლობა, მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამასთან, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ვ1“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13) 23.07.2013წ) გადაწყვეტილებაზე და მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, 2016 წლის 02 დეკემბერს, გ. დ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე და იმ ფაქტის უგულვებელყოფით, თუ რამდენად არსებობდა შესაბამის მიწის ნაკვეთზე სხვა პირის რეგისტრირებული უფლება ან/და იყო თუ არა ზედდება სხვა პირის სახელზე უკვე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან. მოპასუხის მიერ გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შემთხვევაში, ცალსახად დადასტურდებოდა სადავო მიწის ნაკვეთზე 2006 წლის 16 მაისიდან ლ. გ-ის საკუთრების უფლების არსებობის ფაქტი, რაც თავის მხრივ გამორიცხავდა ამავე მიწის ნაკვეთის გ. დ-ის სახელზე რეგისტრაციის შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოტივებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით და მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2013 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებაში საქმეზე №ბს-367-363(კ-12) გაკეთებულ განმარტებებზე. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასაციის მოტივებს უფლების დამდგენი დოკუმენტის კანონიერ ძალაში არსებობის პირობებში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის დაუშვებლობასთან მიმართებაში და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს არა ზოგადად გ. დ-ისათვის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მიწის ნაკვეთის გადაცემის ფაქტი, არამედ შესაბამისი მიწის ნაკვეთის მდებარეობა წარმოადგენდა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მითითებას ზიანის ანაზღაურების დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც მარეგისტრირებელი ორგანოს ქმედების შედეგად, შეუძლებელი გახდა მესაკუთრის მიერ საკუთრების უფლების ობიექტის თავისუფლად ფლობა/ სარგებლობა და უფლების ობიექტი გასულია მოსარჩელის - ლ. გ-ის საკუთრებიდან სხვა პირზე, მისი ნების საწინააღმდეგოდ, სახეზეა მარეგისტრირებელი ორგანოს ბრალეული ქმედება, რომელმაც მოსარჩელეს პირდაპირი და უშუალო ზიანი მიაყენა. შესაბამისად, სახეზეა ზიანის ანაზღაურების წინაპირობები (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება 21/10/2020 საქმე №ბს-297(კ-20)).

საკასაციო სასამართლო ასევე არ ეთანხმება კასატორის მითითებას ზიანის თანხის ოდენობასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 21 ივნისის №004219718 დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, სოფ. ...ში, ...ში მდებარე, ექსპერტიზაზე შესაფასებლად წარდგენილი №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1100 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მთლიანი საბაზრო ღირებულება 2018 წლის 20 ივნისის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა - 23 100 აშშ დოლარს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც შესაბამისი მიწის ნაკვეთის ექსპერტიზის მიერ განსაზღვრულ საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულებები მოპასუხის მიერ არ წარმოდგენილა, უსაფუძვლოა მისი მითითება ზიანის თანხის ოდენობის არასწორად განსაზღვრის თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) საკასაციო საჩივარზე 09.07.20წ. №14519 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 3533.61 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 2473,52 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 09.07.20წ. №14519 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3533.61 ლარის 70 პროცენტი - 2473,52 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე