№ბს-973(კ-19) 11 მარტი, 2021 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ს-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 17 ოქტომბერს ნ. ს-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ, ნ. ს-ასათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 22 სექტემბრის №1752 ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. ს-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს-ამ, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილი იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ს-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ნ. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 22 სექტემბრის №1752 ბრძანება ნ. ს-ასათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ. ს-ას საქმესთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 1989 წლის 24 მაისს გაცემული დაბადების მოწმობის თანახმად, ნ. ს-ა დაიბადა ... წლის ... მაისს, აფხაზეთის ასსრ-ში, ქალაქ ...ში.
1998 წლის 24 მაისს გაცემული კანონიერი მემკვიდრეობის უფლების შესახებ მოწმობის შესაბამისად, 1988 წლის 27 ივლისს გარდაცვლილი დ. ხ-ის ქონების მემკვიდრე იყო მისი შვილი ნ. ს-ა. სამკვიდრო ქონებას, რომელზეც გაიცა აღნიშნული მოწმობა წარმოადგენდა საცხოვრებელი სახლი მდებარე მისამართზე: ქ. ..., ...ის ქუჩა N... ნაწილი, სასარგებლო ფართი - 96.18 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი - 75.35 კვ.მ, სამეურნეო ფართი - 10.54 კვ.მ, დამხმარე ფართი - 20.83 კვ.მ, ასევე, ფულადი შენატანები.
„საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის ...ის №55090 ბატალიონის პირადი შემადგენლობის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ეროვნული ძალების ეროვნული გვარდიის სარდლის 1993 წლის 01 აპრილის №37 ბრძანების თანახმად, ნ. ს-ა დაინიშნა ...ად 1993 წლიდან 1 აპრილიდან, ხოლო „...-ე ბრიგადის მე-... ბატალიონის ... შემადგენლობის დანიშვნის შესახებ“ ...-ე ბრიგადის მე-... ბატალიონის მეთაურის 1993 წლის 09 ივლისის ბრძანებით, ნ. ს-ა დაინიშნა რიგითად.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2017 წლის 6 ივლისის №50 დასკვნა/ცნობის თანახმად, წარდგენილი დოკუმენტების, მოპოვებული მასალების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, ნ. ს-ას (დაბადებული: ...წ.) მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მიჩნეულ იქნა ქ. ..., ...ის ქუჩა N..., სადაც იგი ფაქტიურად ცხოვრობდა 1991 წლიდან 1992 წლამდე.
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის 2017 წლის 14 აგვისტოს გაცემული №0000679 ცნობის თანახმად, მოქალაქე ნ. ს-ა ფაქტიურად ცხოვრობდა ქალაქ ...ში, ...ის ქუჩა N..., 1991 წლიდან 1992 წლამდე.
2017 წლის 14 აგვისტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განცხადებით მიმართა ნ. ს-ამ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, ნ. ს-ას განცხადების განხილვისას მიმდინარე ადმინისტრაციული საქმისწარმოების ფარგლებში, ნ. ს-ას ჩაუტარდა გასაუბრება, 2017 წლის 14 აგვისტოს. გასაუბრებისას მოსარჩელემ განაცხადა, რომ დაიბადა ... წელს ...ში. 1959-1969 წლებში სწავლობდა ...ის №... საშუალო სკოლაში. 1973-1979 წლებში სწავლობდა ...ის ... ინსტიტუტში. 1984-1986 წლებში მუშაობდა ...ის მე-... ... ...ში სამმართველოში ...ად. 1986-1990 წლებში მუშაობდა თბილისის “..ა“ ...ში ...ად. 1971 წელს დაოჯახდა რუსეთში. 1972 წელს შეეძინა შვილი რუსეთში, მეორე შვილი - 1980 წელს თბილისში. უფროსმა შვილმა დაიწყო და დაამთავრა ქ. ...ის N... საშუალო სკოლა. ნ. ს-ას და მისი მეუღლის თბილისში ცხოვრების დროს უფროსი შვილი ცხოვრობდა ბებიასთან ...ში. უმცროსმა შვილმა სკოლაში სწავლა დაიწყო და დაამთავრა თბილისში. შვილებს და მეუღლეს არ აქვთ დევნილის სტატუსი. ... დატოვა 1992 წლის აგვისტოში. ...ში ჰქონდა ორსართულიანი კერძო სახლი. ...ის დატოვების შემდეგ ცხოვრობდა თბილისში. 1996 წლიდან საკუთრებას ფლობს თბილისში ...ის მე-... ..., კორპუსი ... ბინა ... 2009 წელს განცხადებით მოითხოვა დევნილის სტატუსის მინიჭება, მაგრამ სამინისტროსგან ვერ მიიღო პასუხი, ამის შემდეგ არ მიუმართავს სამინისტროსათვის დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 24 აგვისტოს №... მოხსენებითი ბარათით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს წარედგინა სამმართველოს მიერ მომზადებული დასკვნა ნ. ს-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.
ნ. ს-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე დასკვნის თანახმად, ნ. ს-ა 1986 წლიდან აღარ იყო დაკავშირებული აფხაზეთთან ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით. იგი ქ. თბილისში მუშაობდა, მისი შვილი სწავლობდა სკოლაში ქ. თბილისში, მის მეუღლესა და შვილებს არ ჰქონდათ დევნილის სტატუსი. აფხაზეთის ა/რ წარმომადგენლობის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, იგი მხოლოდ ერთი წელი ცხოვრობდა ...ში. შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 24 აგვისტოს №... მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 22 სექტემბრის №1752 ბრძანებით, ნ. ს-ას უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ნ. ს-ა უშუალოდ მონაწილეობდა აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე საომარ მოქმედებებში (ომში გაწვეული იყო ...იდან), ასევე საქმეში წარმოდგენილი იყო ცნობა სამედიცინო ამბულატორული სტაციონარიდან, რომლითაც დასტურდებოდა აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობისას მისი დაჭრის ფაქტი, რომელშიც საცხოვრებელ ადგილად მითითებული იყო ქალაქი ..., ...ის ქუჩა N....
ამასთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2017 წლის 6 ივლისის №50 დასკვნის/ცნობის თანახმად, წარდგენილი დოკუმენტების, მოპოვებული მასალების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, ნ. ს-ას მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მიჩნეულ იქნა ქ. ..., ...ის ქუჩა N..., სადაც იგი ფაქტიურად ცხოვრობდა 1991 წლიდან 1992 წლამდე, რასაც ასევე ადასტურებდა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის 2017 წლის 14 აგვისტოს გაცემული №0000679 ცნობა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ ნ. ს-ას წლების განმავლობაში ჰქონდა მჭიდრო კავშირი აფხაზეთთან - ...სთან. დროის გარკვეულ პერიოდებში იგი წარმოადგენდა ქ. ...ის მუდმივ მაცხოვრებელს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წარმოების შედეგები მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ სწორედ საომარი მოქმედებების დაწყების პერიოდში 1991-1992 წლებში ნ. ს-ა იყო ქ. ...ის მუდმივი მაცხოვრებელი. საომარი მოქმედებების დაწყება წარმოადგენდა იმ ძირითად მიზეზს, რომელიც მუდმივ მაცხოვრებელს აიძულებდა დაეტოვებინა მის მიერ ამორჩეული მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. საომარი მოქმედებები კი აფხაზეთში, როგორც საყოველთაოდაა ცნობილი დაიწყო 1992 წელს. აღნიშნულ პირობებში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო უარყოფდა მოსარჩელის ქ. ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტს ყოველგვარ მტკიცებულებაზე მითითების გარეშე.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის პირობებში, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაექარწყლებინა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიისა და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის მიერ დადასტურებული გარემოება მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელი ადგილთან დაკავშირებით. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელის შვილს - გ. ს-ას მინიჭებული ჰქონდა დევნილის სტატუსი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონოდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი უნდა განიმარტოს იმდაგვარად, რომ ეს არის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი, ანუ პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელი.
კასატორი აღნიშნავს, რომ ნ. ს-სთან მიმართებაში არ დასტურდება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტოებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა. კასატორის მითითებით, ნ. ს-ა 1986 წლიდან აღარ იყო დაკავშირებული აფხაზეთთან ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით, რომლის გამოც, მას ...ში უფრო იშვიათად უწევდა ყოფნა, ვიდრე ქ. თბილისში. ქ. თბილისში იგი მუშაობდა, მისი შვილი სწავლობდა სკოლაში და ქ. თბილისში ფლობდა საკუთრებას. მის მეუღლეს და შვილებს არ ჰქონდათ დევნილის სტატუსი. აფხაზეთის ა/რ წარმომადგენლობის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ნ. ს-ა მხოლოდ ერთი წელი ცხოვრობდა ...ში.
შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ნ. ს-ასთან მიმართებაში გამოცემულია კანონის სრული დაცვით და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებების, გამოკვლეული გარემოებების და ფაქტების შესწავლის, ანალიზის, ურთიერთშეჯერების და შეფასების შედეგად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ივლისის განჩინებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
მოსამართლე - ვასილ როინიშვილის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის გამო, 2020 წლის 24 ივნისს ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე ელექტრონული პროგრამის მეშვეობით განაწილდა მოსამართლე - ქეთევან ცინცაძეზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 მარტის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს.
ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მიჩნეულ იქნეს იძულებით გადაადგილებულად - დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება, სადაც იგი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობას ეწევა. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება დადგინდეს მოსარჩელის მიერ კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელეს ქ. ...ში, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით მოქცეულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საკუთრებაში ჰქონდა ორსართულიანი კერძო საცხოვრებელი სახლი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2017 წლის 6 ივლისის №50 დასკვნის/ცნობის თანახმად, წარდგენილი დოკუმენტების, მოპოვებული მასალების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, ნ. ს-ას მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მიჩნეულ იქნა ქ. ..., ...ის ქუჩა N..., სადაც იგი ფაქტიურად ცხოვრობდა 1991 - 1992 წლამდე, რასაც ასევე ადასტურებდა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის 2017 წლის 14 აგვისტოს გაცემული №0000679 ცნობა.
ამასთან, საქმეზე დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ ნ. ს-ა უშუალოდ მონაწილეობდა აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე საომარ მოქმედებებში და ომში გაწვეული იყო ...იდან, ასევე საყურადღებოა ის გარემოება, რომ სამედიცინო ამბულატორული სტაციონარის ცნობის თანახმად, იგი დაიჭრა აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობისას და ამავე ცნობაში მის საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ქალაქი ..., ...ის ქუჩა N....
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ იყო სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც, ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას. ამასთან, გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის შვილს - გ. ს-ას მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე