№ბს-1122(კ-19) 4 მარტი, 2021 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 03 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ს-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 13 მარტს ნ. ს-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 2 თებერვლის №3 საოქმო გადაწყვეტილების ნაწილობრივ (ნ. ს-ის ნაწილში) ბათილად ცნობა, ამავე კომისიის 2018 წლის 8 თებერვლის №64 განკარგულების ბათილად ცნობა (რომლითაც ნ. ს-ეს უარი ეთქვა ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №1-ში მდებარე 73,0კვ/მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე) და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა, რომლითაც დაკმაყოფილდებოდა ნ. ს-ის განცხადება შესაბამის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 2 თებერვლის №3 საოქმო გადაწყვეტილება ნ. ს-ის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 08 თებერვლის №64 განკარგულება ,,ნ. ს-ეზე მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“; მოპასუხე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ. ს-ის განცხადებასთან დაკავშირებით, ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე 73,0 კვ/მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის თანახმადაც, ნ. ს-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქალაქ ბათუმში, ...ის ქ. N...-ში მდებარე 73.0 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზედ განთავსებულ 16 კვ.მ შენობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
საჯარო რეესტრის მიერ 2016 წლის 12 სექტემბრის №... წერილობითი შუამდგომლობით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გადაეგზავნა ნ. ს-ის განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია, საკუთრების უფლების აღიარების საკითხის განსახილველად.
საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 02 თებერვლის №3 საოქმო გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. კერძოდ, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა იყო დროებითი, ასაწყობი ელემენტებისაგან შედგენილი მსუბუქი კონსტრუქცია და იგი მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე (2007 წლის 15 სექტემბერი).
სააპელაციო პალატის განმარტებით, ბათუმში, ...ის ქუჩის N...-ში მდებარე 73.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებული 16.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე ნ. ს-ის საკუთრების უფლების აღიარების პროცესში, კომისიას სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რითაც ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, 96-98-ე მუხლების მოთხოვნები.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კომისიის სადავო გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული, თუ კონკრეტულად რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით და რის საფუძველზე გააკეთა დასკვნა კომისიამ, რომ საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა არ იყო აშენებული, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე, ან დასკვნა იმის შესახებ, რომ შენობა წარმოადგენდა არა კაპიტალურ ნაგებობას, არამედ დროებითი კონსტრუქციას, რომელიც მყარად არ იყო მიწასთან დამაგრებული. საქმეზე დართული ფოტომასალით, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა იყო არა დროებითი, არამედ კაპიტალური.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არსებობდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის კანონიერი საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, ნ. ს-ის განცხადებაში მითითებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა არის დროებითი, ასაწყობი ელემენტებისაგან შედგენილი მსუბუქი კონსტრუქცია, რაც არ აკმაყოფილებს საკუთრების უფლების აღიარებისთვის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, არსებული შენობა-ნაგებობა მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე (2007 წლის 15 სექტემბერი).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
მოსამართლე - ვასილ როინიშვილის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის გამო, 2020 წლის 24 ივნისს ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე ელექტრონული პროგრამის მეშვეობით განაწილდა მოსამართლე - ქეთევან ცინცაძეზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე მოწინააღმდეგე მხარის - ნ. ს-ის საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლიანობა წარმოადგენს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. ს-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქალაქ ბათუმში, ...ის ქ. N...-ში მდებარე 73.0 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზედ განთავსებულ 16 კვ.მ. შენობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის მიერ 2016 წლის 12 სექტემბრის №... წერილობითი შუამდგომლობით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გადაეგზავნა ნ. ს-ის განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია, საკუთრების უფლების აღიარების საკითხის განსახილველად (ს.ფ. 21-25).
საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 02 თებერვლის №3 საოქმო გადაწყვეტილებით, განმცხადებლის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს. კერძოდ, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა იყო დროებითი, ასაწყობი ელემენტებისაგან შედგენილი მსუბუქი კონსტრუქცია. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად ასევე მიჩნეულ იქნა ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული ნაგებობა მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე (ს.ფ. 29-32).
საკასაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები მიღებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე.
საკასაციო პალატა მიუთითებს, სადავო პერიოდში მოქმედ, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები.
სადავო პერიოდში მოქმედი, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.
მოცემული კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განისაზღვრება, რომ შენობა წარმოადგენს სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციულ სისტემას, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით, გარდა დროებითი შენობისა. ხოლო, ამავე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით, დროებითი შენობა განიმარტება, როგორც – ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში სადავო საკითხს და ნ. ს-ის განცხადებაზე მსჯელობისას, ადმინისტრაციული ორგანოს (კასატორის) შესაფასებელ გარემოებას წარმოადგენდა, თუ რამდენად ექცეოდა განმცხადებლის მიერ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თვითნებურად დაკავებული მიწის დეფინიციაში.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მითითებით, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა იყო დროებითი, ასაწყობი ელემენტებისაგან შედგენილი მსუბუქი კონსტრუქცია და ამავდროულად, იგი მიწის ნაკვეთზე არ იყო აშენებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.
საკასაციო პალატა ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის, წარმოდგენილი ფოტომასალის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ უფლებაასაღიარებელ მიწაზე განთავსებული ნაგებობა წარმოადგენს არა დროებით, არამედ კაპიტალურ ნაგებობას.
ამდენად, დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე ნამდვილად არის განთავსებული შენობა, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, საკითხზე მსჯელობისას, არ მომხდარა დეტალური შესწავლა და არსებული თუ დამატებით მოსაძიებელი მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე იმ გარემოების დადგენა, ფაქტობრივად როდიდან ფლობს მოწინააღმდეგე მხარე მითითებულ მიწის ნაკვეთს და რა პერიოდშია მასზე აშენებული შენობა. ამდენად, საკასაციო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით სრულყოფილად არ არის შესწავლილი და შეფასებული უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობის რეალური მდგომარეობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკუთრების უფლების აღიარების საკითხის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს მოცემულ შემთხვევაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რეგულაციის გამოყენებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე