Facebook Twitter

№ბს-1118(კ-19) 4 მარტი, 2021 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ნ. შ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 6 ოქტომბერს ნ. შ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 27 ივლისის №37 საოქმო გადაწყვეტილების ნაწილობრივ (ნ. შ-ის ნაწილში) ბათილად ცნობა და ამავე კომისიის 2017 წლის 16 აგვისტოს №693 განკარგულების ბათილად ცნობა (რომლითაც ნ. შ-ეს უარი ეთქვა ბათუმის მუნიციპალიტეტში, ...ის დასახლებაში მდებარე 2315 კვ.მ. თვითნებურად დაკავებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე) მოითხოვა. მოსარჩელემ ასევე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ნ. შ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით ნ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 27 ივლისის №37 საოქმო გადაწყვეტილება ნ. შ-ის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი „ნ. შ-ეზე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 16 აგვისტოს № 639 განკარგულება; მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ნ. შ-ის განცხადებაზე, ქ. ბათუმში, ...ის დასახლებაში მდებარე 2315.00 კვ.მ. მიწის ფართის მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის თანახმადაც, 2016 წლის 28 სექტემბერს ნ. შ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქალაქ ბათუმში, ...ის დასახლებაში მდებარე 2315 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზედ განთავსებულ 21 კვ.მ. შენობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

საჯარო რეესტრის მიერ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას 2017 წლის 6 მარტს №72655 წერილობითი შუამდგომლობით გადაეგზავნა ნ. შ-ის განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია, საკუთრების უფლების აღიარების საკითხის განსახილველად.

კომისიის 2017 წლის 27 ივლისის №37 საოქმო გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. კერძოდ, კომისიამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. შ-ის განცხადებაში მითითებულ მიწის ნაკვეთზე არსებობდა შენობა-ნაგებობა, თუმცა ორთოფოტოს (აეროფოტოგადაღება) მონაცემის გადამოწმების შედეგად დგინდებოდა, რომ 2007 წლისათვის აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არ იყო შენობა-ნაგებობა განთავსებული. ამასთან, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ მდებარეობდა განმცხადებლის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ.

ამასთან, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 16 აგვისტოს №693 განკარგულებით მოსარჩელეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნაზე.

სააპელაციო პალატის შეფასებით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ ბათუმის დასახლება ...ში მდებარე 2315 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებული 21 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე ნ. შ-ის საკუთრების უფლების აღიარების პროცესში, მოპასუხე კომისიას სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რითაც ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, 96-98-ე მუხლების მოთხოვნები.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ნ. შ-ეს უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ 2315 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ორთოფოტოს (აეროფოტოგადაღება) მონაცემით 2007 წლისათვის აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არ იყო შენობა-ნაგებობა განთავსებული. ამასთან, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ მდებარეობდა განმცხადებლის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ.

საქმეში წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზით, ასევე რაიონული სასამართლო სხდომაზე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის განმარტების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე ნამდვილად იყო შენობა-ნაგებობა, თუმცა, მოპასუხის მითითებით, ნ. შ-ეს არ გააჩნდა იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ შენობა აქ განთავსებული იყო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.

სააპელაციო პალატამ შენობა-ნაგებობის არსებობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის მშენებლობის საკითხი არ ყოფილა სადავოდ გამხდარი შესაბამისი სამსახურების მიერ. თუ მშენებლობა ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, როგორც ამას აპელანტი ვარაუდობდა, დიდი ალბათობით, ის გამოვლენილი უნდა ყოფილიყო მაკონტროლებელი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რასაც ზემოაღნიშნულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კომისიას არ შეუსწავლია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, არ დაუთვალიერებია მიწის ნაკვეთი, არ გამოუკვლევია მიწის ნაკვეთის თვითნებური დაკავების, მისი ფაქტობრივი მფლობელობის განხორციელების ფაქტი და მიწის ნაკვეთზე ნ. შ-ის საკუთრების აღიარების უფლებისათვის ისეთი მნიშვნელოვანი გარემოება, როგორიც იყო ამ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის (აშენებული) არსებობის ფაქტი. ამასთან ადმინისტრაციულ საკითხის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად არ მიუწვევია დაინტერესებული პირი, ნ. შ-ე და მას არ მისცემია საშუალება კომისიისთვის წარედგინა განცხადების უარმყოფელ გარემოებათა შესახებ მოსაზრება, ინფორმაცია ან/და დამატებითი მტკიცებულებები, არ გამოუკითხავს მოწმეები, არ მოუძიებია ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულისაგან, თუ რა პერიოდიდან ჰქონდა სადავო მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა განმცხადებელს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არსებობდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის კანონიერი საფუძველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, კომისია გაეცნო ნ. შ-ის განცხადებას, მასზე დართულ დოკუმენტაციას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ 2016 წლის 28 ივლისის საქართველოს მთავრობის №376 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდებოდა, რომ ნ. შ-ის განცხადებაში მითითებულ მიწის ნაკვეთზე არსებობდა შენობა-ნაგებობა, თუმცა ორთოფოტოს (აეროფოტოგადაღება) მონაცემის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2007 წლისთვის აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული შენობა-ნაგებობა. აღნიშნული გარემოება კი, არ შეესაბამებოდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნას, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისთვის, მასზე უნდა იყოს განთავსებული შენობა-ნაგებობა ამ კანონის ამოქმედებამდე - 2007 წლის 15 სექტემბრამდე. ამასთან, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ მდებარეობდა განმცხადებლის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ. ასეთი მიწის ნაკვეთის დაკანონებას კი მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა, რის გამოც კასატორის მოსაზრებით არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

მოსამართლე - ვასილ როინიშვილის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის გამო, 2020 წლის 23 ივნისს ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე ელექტრონული პროგრამის მეშვეობით განაწილდა მოსამართლე - ქეთევან ცინცაძეზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე მოწინააღმდეგე მხარის - ნ. შ-ის საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლიანობა წარმოადგენს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 28 სექტემბერს ნ. შ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქალაქ ბათუმში, ...ის დასახლებაში მდებარე 2315 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 21 კვ.მ. შენობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის მიერ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას წერილობითი შუამდგომლობით გადაეგზავნა ნ. შ-ის განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია, საკუთრების უფლების აღიარების საკითხის განსახილველად (ს.ფ. 18-21).

კომისიის 2017 წლის 27 ივლისის №37 საოქმო გადაწყვეტილებით ნ. შ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი განცხადება არ შეესაბამებოდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. კერძოდ, კომისიამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. შ-ის განცხადებაში მითითებულ მიწის ნაკვეთზე არსებობდა შენობა, თუმცა ორთოფოტოს (აეროფოტოგადაღება) მონაცემის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2007 წლისათვის აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არ იყო შენობა-ნაგებობა განთავსებული. ამასთან, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ მდებარეობდა განმცხადებლის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ (ს.ფ. 18-22).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, სადავო პერიოდში მოქმედ, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის პიველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები.

სადავო პერიოდში მოქმედი, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მითითებით, ნ. შ-ეს არ გააჩნდა იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე შენობა განთავსებული იყო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და აღნიშნულის დასადასტურებლად, კასატორი მიუთითებს ორთოფოტოს (აეროფოტოგადაღება) მონაცემებზე, რომლის საფუძველზეც, კომისიამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლამდე მიწის ნაკვეთზე არ იდგა შენობა.

საკასაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე ნამდვილად არის განთავსებული შენობა, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, საკითხზე მსჯელობისას, არ მომხდარა დეტალური შესწავლა და იმ გარემოების დადგენა, თუ ფაქტობრივად როდიდან ფლობს მოწინააღმდეგე მხარე მითითებულ მიწის ნაკვეთს და რა პერიოდშია მასზე აშენებული შენობა. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ის გარემოებები, რომლის შეფასებითაც, იგი უტყუარად შეძლებდა განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებას ან მისი უსაფუძვლობის დადგენას.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, დადგენილია, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვისას, ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული მხოლოდ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება გულისხმობს არა მხოლოდ მასთან წარდგენილი მტკიცებულებების სრულად გამოკვლევის, არამედ რიგ შემთხვევებში დამატებითი მტკიცებულებების მოძიების საჭიროებასაც. ამასთან, განსახილველი საქმის სწორად გადასაწყვეტად არსებითად მნიშვნელოვანია იმ გარემოების დადგენა შესაძლებელია თუ არა ტყის მასივის მიმდებარე, სხვადასხვა სახის ნარგავებით დაფარულ მიწის ნაკვეთზე, ორთოფოტოზე ჩანდეს და ამასთან, შესამჩნევი იყოს 21 კვ.მ გაბარიტების მქონე შენობა-ნაგებობა. გარდა ამისა, მოპასუხე მხარეს არ გააჩნდა, სხვა წლებში იმავე ტერიტორიის ამსახველი ორთოფოტოები და შესაბამისად, არ მომხდარა მათი შედარებითი კვლევა, ამ კონრეტული სადავო გარემობის დასადგენად.

ამდენად, საკასაციო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში სრულყოფილად არ არის შესწავლილი და შეფასებული უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობის რეალური მდგომარეობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკუთრების უფლების აღიარების საკითხის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს მოცემულ შემთხვევაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რეგულაციის გამოყენებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე