№ბს-1221(კ-19) 4 მარტი, 2021 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ი. უ-ე; მოპასუხე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია; მესამე პირი სასკ 16.2. - ე. გ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 27 ოქტომბერს ი. უ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ ი. უ-ეზე 2008 წლის 8 აპრილს გაცემული №7025 და №7026 საკუთრების უფლების მოწმობების ბათილად ცნობის თაობაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 29 აგვისტოს №109 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის განჩინებით, საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მესამე პირად ჩაება ე. გ-ე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე, მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 29 აგვისტოს №109 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა, ი. უ-ის ნაწილში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით ი. უ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 29 აგვისტოს №109 საოქმო გადაწყვეტილება, ი. უ-ის ნაწილში.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ წლის 5 თებერვალს ი. უ-ემ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიას. წარადგინა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მოწმეთა ჩვენებები და მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარება, ხელვაჩაურში, სოფელ ...ში მდებარე 0.048 ჰა და 0,0358 ჰა მიწის ნაკვეთებზე. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 14 მარტის №32 საოქმო გადაწყვეტილებით ი. უ-ის განცხადება დაკმაყოფილდა. მის სახელზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობები: №7025 და №7026, რომლებითაც საკუთრებაში გადაეცა 357 კვ.მ. და 480 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები - მდებარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში (მისამართის ცვლილების შემდგომ - ქ. ბათუმი, ...ის დასახლება).
კომისიის 2008 წლის 18 მარტის №278 წერილით ი. უ-ეს ეცნობა, რომ მის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მოთხოვნებს, რის გამოც მას უნდა გადაეხადა საკუთრების უფლების აღიარების საფასური.
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემების შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 24 აპრილის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებებით, ხელვაჩაურში, სოფ. ...ში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 357 კვ.მ. და 480 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 8 აპრილს გაცემული №7026 და №7026 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე აღირიცხა ი. უ-ის საკუთრების უფლება.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 29 აგვისტოს №109 ოქმის შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი ი. უ-ეზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 8 აპრილს გაცემული №7025 და №7026 საკუთრების უფლების მოწმობები.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ი. უ-ის მიერ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ წესის შესაბამისად, ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობდა, სარგებლობდა ან თვითნებურად ჰქონდა დაკავებული მიწის ნაკვეთი.
საქალაქო სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული მოპასუხე მხარის პოზიცია, მასზედ რომ ხელვაჩაურში, სოფელ ...ში მდებარე 357 კვ.მ. და 480 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სადავო მიწის ნაკვეთზე ი. უ-ის საკუთრების უფლების აღიარების დროისათვის არ დგინდებოდა მის მიერ ნაკვეთის თვითნებური დაკავება. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის, ურბანული განვითარების ზოგად პრინციპებთან, სანაპირო ზოლის განვითარების სწორ და ერთიან ქალაქგეგმარების პოლიტიკასთან, ან დაბების სივრცით ტერიტორიულ დაგეგმვის პირობებთან წინააღმდეგობის თაობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ი. უ-ის მიერ საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან.
სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზღვრებში, ხოლო შემდგომ, დავის განხილვის ეტაპზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებული ტერიტორიის, იმ კონკრეტული ნაწილის სივრცითი დაგეგმვის და მიწის განკარგვის სტრატეგიული გეგმა, სადაც სადავო მიწის ნაკვეთები იყო განთავსებული, არც ი. უ-ის საკუთრების უფლების აღიარების მომენტში და არც შემდგომში, სასამართლოში დავის განხილვის ეტაპისთვის არ ყოფილა შემუშავებული.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს შეფასებით, კომისიის გადაწყვეტილებაში არ იყო მითითებული, თუ რას დაეფუძნა დასკვნა, - მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მოქმედ კანონმდებლობასთან წინააღმდეგობის შესახებ და მოპასუხე მხარემ ვერც სასამართლო სხდომაზე წარმოადგინა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
სასამართლომ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია 2008 წლის 29 აგვისტოს №109 საოქმო გადაწყვეტილებაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაკეთებული დასკვნა, რომ არ დგინდებოდა ი. უ-ის მიერ კონკრეტული, უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის თვითნებური დაკავების ფაქტი. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნულის დასადგენად, კომისიას კონკრეტული ქმედებები არ განუხორციელებია, არ გასულა ადგილზე და არ დაუთვალიერებია მიწის ნაკვეთი, არ დაუკითხავს მოწმეები, ადმინისტრაციული წარმოების შესახებ არ უცნობებია თავად ი. უ-ისთვის და არ მიუწვევია ის საქმის ზეპირ მოსმენაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება;
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივ შეფასება და დამატებით აღნიშნა, რომ ი. უ-ის მოთხოვნა უკავშირდებოდა მიწის ნაკვეთზე თვითნებური დაკავების საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარებას. სააპელაციო პალატის შეფასებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარდგენილ განცხადებაში ი. უ-ეს შემოხაზული ჰქონდა მიწის მართლზომიერი მფლობელობის გრაფა, თუმცა აღნიშნული ხარვეზი არ წარმოადგენდა მის მიმართ გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც კომისიამ განცხადება და თანდართული მასალები განიხილა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების საფუძვლით და მოსთხოვა შესაბამისი საფასურის გადახდა, რასაც მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლით მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისთვის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონი არ ითვალისწინებდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებულ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესზე, რომლის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი. ხოლო, ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ცნობა-დახასიათება არის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ასახავს მასთან დაცული ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის არქივის მონაცემებს უძრავი ნივთის თაობაზე. საკასაციო საჩივრის თანახმად, ი. უ-ემ სადავო მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით, კომისიას წარუდგინა - პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზები. ამდენად, კასატორის შეფასებით, ი. უ-ეს კომისიაში წარდგენილი არ ჰქონდა, კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.
კასატორის მითითებით, კომისიისათვის წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთების არც თვითნებური დაკავებისა და არც მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი. შესაბამისად, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ი. უ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ და მის საფუძველზე 2008 წელს გაცემული №7025 და №7026 საკუთრების უფლების მოწმობები ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონმდებლობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ნოემბრის განჩინებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ამასთან, მოსამართლე - ვასილ როინიშვილის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის გამო, 2020 წლის 24 ივნისს ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე ელექტრონული პროგრამის მეშვეობით განაწილდა მოსამართლე - ქეთევან ცინცაძეზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს მიწის ნაკვეთებზე მოწინააღმდეგე მხარის - ი. უ-ის საკუთრების უფლების აღიარებისა და მის საფუძველზე გაცემული საკუთრების მოწმობების ბათილად ცნობის მართლზომიერების შეფასება წარმოადგენს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2008 წლის 5 თებერვალს ი. უ-ემ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიას. ამავე განცხადების თანახმად, კომისიას წარედგინა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მოწმეთა ჩვენებები და მოთხოვნილ იქნა საკუთრების უფლების აღიარება, ხელვაჩაურში, სოფელ ...ში მდებარე 0.048 ჰა და 0,0358 ჰა მიწის ნაკვეთზე (ტ. 1. ს.ფ. 27).
კომისიის 2008 წლის 18 მარტის №278 წერილით ი. უ-ეს ეცნობა, რომ მის მიერ კომისიაში წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მოთხოვნებს, რის გამოც მას უნდა გადაეხადა საკუთრების უფლების აღიარების საფასური (ტ. 1. ს.ფ. 23).
ი. უ-ის მიერ კომისიისთვის 2008 წლის 1 აპრილს წარდგენილი განცხადებით დგინდება, რომ მან გადაიხადა მიწის ნაკვეთებზე უფლების აღიარებისთვის დაწესებული თანხები - 1) 15.71 ლარი და 2) 21.12 ლარი (ტ. 1. ს.ფ. 20-22).
ამასთან, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 29 აგვისტოს №109 ოქმის შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი ი. უ-ეზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 8 აპრილს გაცემული №7025 და №7026 საკუთრების უფლების მოწმობები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის მიხედვით, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა სარგებლობაში არსებულ ან თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებდა ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს, კომისია დაინტერესებულ პირს განცხადების განხილვის ვადაში უგზავნიდა წერილობით შეტყობინებას საკუთრების უფლების აღიარების საფასურის შესაბამისი ოდენობისა და მისი ერთი თვის ვადაში სრულად გადახდის ვალდებულების თაობაზე. ხოლო, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწა დაინტერესებულ პირს საკუთრებაში გადაეცემოდა უსასყიდლოდ.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, სადავო პერიოდში მოქმედ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს მიწის მართლზომიერი მფლობელობის, სარგებლობის ან თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება. საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ, ი. უ-ის 2008 წლის 5 თებერვლის განცხადებაზე. მოცემული განცხადების თანახმად, კომისიას წარედგინა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მოწმეთა ჩვენებები, რაც ადასტურებს წარდგენილი დოკუმენტების არსებულ რეგულაციებთან შესაბამისობას. რაც შეეხება, კასატორის მითითებას, მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის დაუდგენლობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნულის დასადგენად, კომისიას სადავო აქტის (2008 წლის 29 აგვისტოს №109 საოქმო გადაწყვეტილების, ი. უ-ის ნაწილში) გამოცემამდე კონკრეტული ქმედებები არ განუხორციელებია, კერძოდ, არ გასულა ადგილზე და არ დაუთვალიერებია მიწის ნაკვეთი, არ დაუკითხავს მოწმეები, ადმინისტრაციული წარმოების შესახებ არ უცნობებია თავად ი. უ-ისთვის და არ მიუწვევია ის საქმის ზეპირ მოსმენაზე.
საკასაციო სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლის შესაბამისად აღნიშნავს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლი სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთს აკისრებს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს და ავალდებულებს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის №ბს-1236(კ-18) განჩინება).
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება, სადავო მიწის ნაკვეთებზე ი. უ-ის საკუთრების უფლების აღიარებით მოქმედი კანონმდებლობის ან/და საჯარო ან კერძო ინტერესების დარღვევის ფაქტი, შესაბამისად, საკუთრების უფლების მოწმობების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი მოცემულობა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს სეფასებებს მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე