№ბს-1302(კ-19) 4 მარტი, 2021 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ. რ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 20 ივლისს მ. რ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს 2017 წლის 15 ივნისის №1420996 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის მ. რ-ისათვის კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, ნამსახურობის წლების 20 და 20-ზე მეტ კანდარული წლით დაანგარიშების დავალება და სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდური კომპენსაციის - ყოველთვიურად 350 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით მ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს 2017 წლის 15 ივნისის №1420996 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა მ. რ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშება იმგვარად, რომ მისი ნამსახურობის წლები შეადგენდეს 20 და 20-ზე მეტ კალენდარულ წელს; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის პირველ, მე-11 და მე-16 მუხლის მე-4 პუნქტზე და აღნიშნა, რომ წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან. პალატის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ საქართველოს სსსრ შსს 1987 წლის 6 იანვრის №4 პ/შ ბრძანებით მ. რ-ი დაინიშნა ... ...ის ... ...ის ...ის ... ...-...ის თანამდებობაზე. შესაბამისად, მისი წელთა ნამსახურობის ვადის ათვლის თარიღად მიჩნეული უნდა ყოფილიყო სწორედ მისი დანიშვნის ბრძანების თარიღი - 1987 წლის 6 იანვარი და არა 1987 წლის 17 თებერვალი. ამდენად, სააპელაციო პალატის შეფასებით, უსაფუძვლო იყო 1987 წლის 6 იანვრიდან 1987 წლის 17 თებერვლამდე პერიოდის საერთო ნამსახურობაში ჩაუთვლელობა. ამასთან, არ იყო წარდგენილი იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ აღნიშნულ პერიოდში მოსარჩელე მხარე არ ასრულებდა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას. ამდენად, მ. რ-ი აკმაყოფილებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს წელთა ნამსახურობასთან დაკავშირებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის ზოგადი შინაარსიდან და კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტიდან გამომდინარე, კანონი ეხება მხოლოდ „სპეციალური წოდების მქონე პირებს“. კერძოდ, ჩანაწერში მოხსენიებულია „სამხედრო მოსამსახურე“, რაც, კასატორის შეფასებით, იმას ნიშნავს, რომ თუ პირს კონკრეტულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, მინიჭებული არ აქვს „სპეციალური წოდება“, იგი არ ითვლება „სამხედრო მოსამსახურედ ჩარიცხულ პირად“. შესაბამისად, პირი მხოლოდ წოდების მინიჭების შემდგომ ხდება სამხედრო მოსამსახურე და მასზე მხოლოდ წოდების მინიჭების პერიოდიდან ვრცელდება სახელმწიფო კომპენსაციისათვის გასაცემად ნამსახურების დასაანგარიშებელი პერიოდი. კასატორის მითითებით 1987 წლის 6 იანვრიდან 1987 წლის 17 თებერვლამდე, მოსარჩელე დანიშნული იყო ... ...ის ... ...ის ...ის ... ...-... ის თანამდებობაზე. შესაბამისად, იგი არ იყო დანიშნული პოლიციელად, მას მინიჭებული არ ჰქონდა „სპეციალური წოდება“, რის გამოც საპოლიციო საპენსიო სტაჟში აღნიშნული პერიოდი არ უნდა ჩაეთვალოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 04 დეკემბრის განჩინებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი.
ამასთან, მოსამართლის - ვასილ როინიშვილის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის გამო, 2020 წლის 23 ივნისს საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე განაწილდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე - ქეთევან ცინცაძეზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა“ და „დ“ პუნქტებზე, რომელთა შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში; რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით).
აღნიშნული კანონის მე-11 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსსრ შსს 1987 წლის 6 იანვრის №4 პ/შ ბრძანებით, მ. რ-ი დაინიშნა ... ...ის ... ...ის ...ის ... ...-... ის თანამდებობაზე, ამასთან, სსსრ შსს 1987 წლის 17 თებერვლის №48პ/შ ბრძანებით მ. რ-ს მიენიჭა „...ის ... ...ის წოდება. განსახილველი დავის ფარგლებში შეფასების საგანს მ. რ-ის წელთა ნამსახურობის ანგარიშში 1987 წლის 6 იანვრიდან 1987 წლის 17 თებერვლამდე პერიოდის ჩათვლა წარმოადგენს. კასატორის მოსაზრებით, პირი არ ითვლება „სამხედრო მოსამსახურედ ჩარიცხულ პირად“, თუ მას მინიჭებული არ აქვს „სპეციალური წოდება“, ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში, მ. რ-ის ნამსახურობის ანგარიშში ვერ ჩაითვლება 1987 წლის 6 იანვრიდან 1987 წლის 17 თებერვლამდე პერიოდი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან. ამდენად, კანონმდებლობა წელთა ნამსახურობის გამოანგარიშების მიზნებისათვის, ვადის ათვლის საწყის თარიღს უკავშირებს არა პირისათვის სპეციალური წოდების მინიჭებას, არამედ სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღეს. მითითებული ნორმა ცალსახად და არაორაზროვნად ადგენს, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის თარიღს. ამდენად, ნორმის სხვაგვარი ინტერპრეტაცია ეწინააღმდეგება კანონმდებლის ნებას. კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო არ არის 1987 წლის 6 იანვარს მ. რ-ის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის ფაქტი. ამდენად, სრულიად მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ არ არსებობს 1987 წლის 6 იანვრიდან 1987 წლის 17 თებერვლამდე პერიოდის მ. რ-ის საერთო ნამსახურობაში ჩაუთვლელობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე