Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1235(კს-20) 18 მარტი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ა(ა)იპ „...ე“

მოსარჩელეები - შპს „მ...ი“, შპს „პ...ა“

მოპასუხე - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური

დავის საგანი - სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მაისის განჩინება

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „მ...მა“ და შპს „პ...ამ“ 2015 წლის 9 ივლისს სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ და მოითხოვეს ამავე ადმინისტრაციული ორგანოს 2015 წლის 24 ივნისის №1940936 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და თბილისში, ... ...ის ...ის N...-ში, საქართველოს სამხედრო გზაზე, ...ისა და ...ას ქუჩებს შორის არსებული მიწის ნაკვეთების (ს/კ ...; ს/კ ...; ს/კ ...) სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის შესახებ მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „მ...ისა“ და შპს „პ...ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „მ...მა“ და შპს „პ...ამ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „მ...ისა“ და შპს „პ...ას“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „მ...ისა“ და შპს „პ...ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 24 ივნისის №1940936 გადაწყვეტილება; იმავე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა თბილისში, ... ...ის ...ის N...-ში, საქართველოს სამხედრო გზაზე, ...ისა და ...ას ქუჩებს შორის (ნაკვეთი №...) არსებული მიწის ნაკვეთების (ს/კ ...; ს/კ ...; ს/კ ...) სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა საკასაციო წესით გაასაჩივრა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება.

2019 წლის 19 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ა(ა)იპ „...ის“ წარმომადგენელმა, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე №3ბ/720-16) ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მაისის განჩინებით ა(ა)იპ „...ის“ განცხადება არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით, აღნიშნა, რომ წარდგენილი განცხადების სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭებოდა იმ გარემოების შემოწმებას, მოხდა თუ არა საქმის განხილვა მხარის მოწვევის გარეშე, რამაც მისი საპროცესო უფლებების რეალიზაციის უფლება შეზღუდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დასრულებული დავის ფარგლებში მოსარჩელეებმა მოპასუხედ დაასახელეს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური. ა(ა)იპ „...ე“ არ მონაწილეობდა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებსა და უშუალოდ არასამთავრობო ორგანიზაციას მესამე პირად ჩაბმის თაობაზე შუამდგომლობა არ წარუდგენიათ.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ის გარემოება, რომ მსგავსი ტიპის დავებში განმცხადებელი იღებს ხოლმე მონაწილეობას როგორც მოსარჩელე, ან როგორც მესამე პირი, ვერ გახდება მოცემულ საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი, რადგან განმცხადებელი არ ყოფილა მოსარჩელე და მესამე პირად მისი საქმის განხილვაში უპირობოდ ჩაბმის წინაპირობები არ არსებობდა, რამდენადაც დავის საგნის მიმართ ნებისმიერი სახის ინტერესის არსებობა ვერ დაედება საფუძვლად მესამე პირად სავალდებულო მოწვევას. ასეთად პირი მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ შეეხება მიღებული გადაწყვეტილება. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც თავისი საქმიანობიდან და მიზნებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, გარკვეული შეხება ჰქონდეთ კიდეც განსახილველი დავის მიმართ, ვერ იქნებიან სასამართლოს მიერ მოძიებული და ჩაბმული მესამე პირად, როგორც მხარე. ასეთი ვალდებულება სასამართლოს არ გაჩნია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მაისის განჩინება ორგანიზაციამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

კერძო საჩივრის მიხედვით, ა(ა)იპ „...ე“ წარმოადგენს გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის წესდების 3.1 თანახმად, ასოციაციის მიზანია, მონიტორინგი გაუწიოს ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მიერ ბუნებათსარგებლობის, ზონირების, ქალაქგეგმარებითი და სამშენებლო ინდუსტრიისათვის დამახასიათებელი თეორიების, კონცეფციების, პრინციპებისა და კანონმდებლობის დაცვას; საჭიროების შემთხვევაში კი, დარღვეული უფლებისა და კანონიერების აღსადგენად - მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს. ორგანიზაცია 2003 წლიდან აქტიურად არის ჩართული ...ის ტყე-პარკის გადარჩენისა და შენარჩუნების კამპანიაში. სწორედ ამიტომ, ორგანიზაცია არაერთ ადმინისტრაციულ წარმოებასა თუ სასამართლო დავაში მონაწილეობს როგორც საჩივრის ავტორი, მოსარჩელე ან მესამე პირი. ამასთანავე, იურიდიული პირი მუდმივად უკავშირდებოდა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და სთხოვდა ...ის ტყე-პარკის ყველა ნაკვეთთან დაკავშირებით წარმართულ ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ პირად ჩართვას. მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ჰპირდებოდა ორგანიზაციას წარმოების დაწყების თაობაზე ინფორმაციის გაგზავნას, მას არ უცნობებია იურიდიული პირისთვის განსახილველი დავის მიმდინარეობის თაობაზე. სასამართლოში საკითხის განხილვის შესახებ კერძო საჩივრის ავტორმა შეიტყო მხოლოდ 2019 წლის 19 ნოემბერს. შესაბამისად, იგი დავის განმავლობაში მესამე პირად ჩაბმას ვერ მოითხოვდა. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება უშუალოდ ეხება და პირდაპირ და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მის კანონით დაცულ ინტერესებს, რადგან გადაწყვეტილებაში ნამსჯელია იმ სამი მიწის ნაკვეთის (ს/კ ..., ს/კ ... და ს/კ ...) სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენაზე, რომლებიც წარმოადგენს ...ის ტყე-პარკის განუყოფელ ნაწილს. ამრიგად, განსაკუთრებით დიდია საზოგადოების ინტერესი განსახილველი საკითხის მიმართ, რის გამოც პროცესი, საქართველოს კონსტიტუციისა და ორჰუსის კონვენციის შესაბამისად, უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ, საზოგადოების ჩართულობით, გარემოს დაცვის უზრუნველყოფით. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სადავო შემთხვევაში დასახელებული პრინციპები დარღვეულია, იგი აუცილებლად უნდა ყოფილიყო სასამართლოში საქმის განხილვისას მიწვეული, რაც ქმნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების წინაპირობას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ ა(ა)იპ „...ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს და არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივრის ფარგლებში უნდა შეფასდეს, რამდენად არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე. მითითებული ნორმის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. აღსანიშნავია, რომ „ზოგადად, საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, შესაბამისი საფუძვლების, პირობების არსებობისას, სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვანი კომპონენტია. ეს ინსტიტუტი უდავოდ ემსახურება სამართლიანი მართლმსაჯულების მიღწევის ლეგიტიმურ მიზანს, რაც, საბოლოო ჯამში, ადამიანის უფლებების სრულყოფილ რეალიზაციას და ადეკვატურ დაცვას უზრუნველყოფს... სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება ეხებოდეს კონკრეტულ პირთა უფლებებს, კანონიერ ინტერესებს და, იმავდროულად, ეს პირები არა მხოლოდ არ იღებდნენ საქმის განხილვაში მონაწილეობას, არამედ ვერც შეიტყონ სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე... სწორედ ასეთი პირების უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რომელიც აძლევს მათ შესაძლებლობას, განაახლონ საქმის განხილვა, მოითხოვონ იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლის მიღებაზეც მათ გავლენა ვერ მოახდინეს და უფლების დარღვევა თავიდან ვერ აიცილეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; II-13-14). ამრიგად, დასახელებული მუხლის საფუძველზე საქმის წარმოების განახლებისთვის განმცხადებელმა უნდა დაადასტუროს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მის რეალურ ინტერესზე, ცვლის მის მდგომარეობას ან ზღუდავს მის კანონით დაცულ უფლებას.

სადავო შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის საქმის განხილვაში მოწვევის სავალდებულოობის შეფასებისას, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 20 თებერვლის სადავო გადაწყვეტილების მიღებისას შეაფასა ... ...ის ...ის N...-ში, საქართველოს სამხედრო გზაზე, ...ისა და ...ას ქუჩებს შორის არსებული მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის საკითხი. მართალია, მოსარჩელე წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ...ის ტყე-პარკის შენარჩუნების კამპანიაშია ჩაბმული, მაგრამ სამართალწარმოების ფარგლებში სასამართლოს არ აკისრია ვალდებულება, თითოეული დავის საგნიდან გამომდინარე, დეტალურად შეისწავლოს განსახილველ საკითხთან მიმართებით საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის ფაქტები. ასეთი ინფორმაციის მოძიების დავალება პროცესის გაჭიანურებასაც კი გამოიწვევს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო პროცესის ღიაობისა და საჯაროობის პირობებში თითოეული პირი უფლებამოსილია, მიმართოს სასამართლოს საქმეში მესამე პირად ჩაბმის მოთხოვნით, თუმცა აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის არსებობა უპირობოდ არ ქმნის მისი საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სავალდებულო მოწვევის მესამე პირად ჩაბმის საფუძველს. სადავო შემთხვევაში, პირველი დავის ფარგლებში სასამართლოთა მიერ საქმისწარმოება წარიმართა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჯაროდ და ღიად. ამრიგად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას საჯარო ინტერესის დარღვევის თაობაზე, რადგან ნებისმიერ პირს შეეძლო საქმის განხილვაზე დასწრება, ხოლო შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში - საქმის განხილვაში ჩაბმის მოთხოვნის დაყენება. საყურადღებოა, რომ კერძო საჩივრის ავტორი არც ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობდა დაინტერესებულ პირად, რაც შესაძლებელია, სასამართლოს მიერ ორგანიზაციის თაობაზე ინფორმირებისა და მისი საქმის განხილვაში მოწვევის წინაპირობა გამხდარიყო. ამასთანავე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პირდაპირ ზემოქმედებდეს პირის პირად, საკუთარ, რეალურ ინტერესსა და უფლებაზე. სადავო შემთხვევაში კი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კერძო საჩივრის ავტორის სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგება ან ცვლილება, მისთვის რაიმე ქმედების დავალება ან კანონით დაცული უფლებების შეზღუდვა არ მომხდარა. შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობები, ა(ა)იპ „...ის“ საქმის განხილვაში მიუწვევლობის საფუძვლით, არ არსებობს.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით წარმართულ დავებში მონაწილეობს მოსარჩელედ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თითოეული დავის მიმდინარეობა და კანონიერად წარმართვა დამოკიდებულია საქმის თავისებურებებსა და ინდივიდუალურ გარემოებებზე, რომლებიც ყველა საქმეში განსხვავებულია. სწორედ ამიტომ, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ა(ა)იპ „...ე“ სასამართლოში მიმდინარე სხვა დავებში მონაწილეობს მოსარჩელის სტატუსით, არ ნიშნავს, რომ იგი სავალდებულოდ უნდა ყოფილიყო მოწვეული საქმის განხილვაში სადავო შემთხვევაშიც. ამასთანავე, კერძო საჩივრის ავტორის სხვა ადმინისტრაციულ საქმეებზე მოსარჩელედ მონაწილეობა ადასტურებს, რომ იგი არ არის მოკლებული შესაძლებლობას, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, განახორციელოს წესდებით გათვალისწინებული მიზნები, მათ შორის, სასამართლოში სარჩელის წარმოდგენის მეშვეობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი არ უნდა იქნეს განხილული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირად. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით მიიღო გასაჩივრებული განჩინება, არ იკვეთება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების კანონით დადგენილი წინაპირობები. შესაბამისად, ა(ა)იპ „...ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მაისის განჩინება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა(ა)იპ „...ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე