Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 308-დად 19 აგვისტო, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),

ნ. გვენეტაძე,

დ. სულაქველიძე

განიხილა ს. მ-ას საჩივარი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 14 ივლისის დადგენილებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის გამომძიებელ პ.ბ-ის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე ზ. თ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის. გამომძიებლის 2004წ. 8 მარტის დადგენილებით საქმე ამჟამად შეჩერებულია ზ.თ-ის დაძებნამდე.

2004წ. 29 ივნისს ს.მაშიამ საჩივრით მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა:

1. დაინიშნოს და ჩატარდეს ზ.თ-ის მიერ გასული წლის 12 ივნისს ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში მ.თ-ის სახელით შეტანილი გაყალბებული განცხადების ხელმოწერის გრაფიკული ექსპერტიზა;

2. დაინიშნოს და ჩატარდეს ისანი-სამგორის რაიონის სოცუზრუნველყოფის ფონდის ზონის ყოფილი ინსპექტორის, თ. ღ-ის, ხელნაწერის, ს.მ-ას საპენსიო საქმეში არსებული, ამ უკანასკნელის სახელით დაწერილი, 2000წ. 6 მარტის, 2000წ. 20 აგვისტოსა და 2003წ. 22 იანვრის განცხადებების ხელნაწერისა და ხელმოწერის გრაფიკული ექსპერტიზა;

3. გამოთხოვილ იქნეს ისანი-სამგორის რაიონის სოცუზრუნველყოფის ფონდიდან ე. თ-ის საპენსიო საქმე და ჩატარდეს მასში არსებული საბუთების ექსპერტიზა ამ საბუთების გამყალბებლის ვინაობის დასადგენად;

4. აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ზ.თ-ის მიმართ სსკ-ის 151-ე მუხლით, ს.მ-ას მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის გამო;

5. სსკ-ის 68-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების თანახმად, ზ.თ-ის მხრიდან გაყალბებული განცხადების მეშვეობით ს.მ-ას საცხოვრებელი ბინის დაყადაღებისა და მასზე მუქარის გამო, ს.მაშია ცნონ დაზარალებულად.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 14 ივლისის დადგენილებით ს.მაშიას საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: უსაფუძვლოდ ჩაითვალა გამომძიებლის უარი გრაფიკული ექსპერტიზის ჩატარებაზე; ისანი-სამგორის რაიონულ პროკურატურას, როგორც გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის განმხორციელებელ ორგანოს, დაევალა საქმეზე გრაფიკული ექსპერტიზის ჩატარების უზრუნველყოფა საჩივარში მოყვანილი საკითხების გადასაწყვეტად.

კასატორი ს.მ-ია საჩივრით ითხოვს რაიონული სასამართლოს დადგენილების გაუქმებას სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის ნაწილში და ზ.თ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას სსკ-ის 151-ე მუხლით იმ მოტივით, რომ საქმეში არსებული მასალებით უდავოდაა დადასტურებული ზ.თ-ის მხრიდან მის მიმართ მუქარის ფაქტი.

პროკურორი ზ.ს-ძე არ ეთანხმება საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს მის განუხილველად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სისხლის სამართლის საქმე ზ. თ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის წარმოებაში აქვს თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ პროკურატურას.

კასატორი ს.მაშია ითხოვს ზ.თ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას სსკ-ის 151-ე მუხლით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 242-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად, სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმისა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება. მოცემულ საქმეზე კი გამომძიებლის მიერ ზ.თ-ის მიმართ სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის თაობაზე ასეთი დადგენილებები არ გამოტანილა.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს ზ.თ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის თაობაზე, რის გამოც ს.მაშიას საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ს. მ-ას საჩივრი დარჩეს განუხილველად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.