#ბს-1263(კ-20) 25 თებერვალი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აგვისტოს განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 7 ივნისს კ. ნ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ მოპასუხისთვის კ. ნ-ის სასარგებლოდ 100 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
სარჩელის თანახმად, კ. ნ-ი დააკავეს 2017 წლის 10 იანვარს. 2017 წლის 11 აპრილს ყბა-სახის ქირურგის ფორმა #100/ა-ს საფუძველზე, დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საოპერაციოდ #18 დაწესებულებაში, ანალიზის აღების შემდეგ, აღმოაჩნდა კოაგულაციური ფაქტორების შეძენილი დეფიციტი. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული დაავადება მას დამართეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ვინაიდან დაკავებამდე ერთი თვით ადრე, 2016 წლის 24 ნოემბერს გაუკეთდა ოპერაცია და საავადმყოფოდან გაწერილ იქნა გაუმჯობესებულ მდგომარეობაში, ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ ჰქონია და მათ შორის, არც აღნიშნული დაავადება.
სარჩელის თანახმად, ერთი წელია, რაც მოსარჩელე საოპერაციოა, დიაგნოზით: ქრონიკული გამწვავებული ოსტეომილიტი მარცხენა ზედა ყბის არეში. უკვე 5 თვეა აქვს სისხლდენა და თვეობით ელოდება სამოქალაქო-სამედიცინო საავადმყოფოში გადაყვანას, იტანჯება ტკივილებით, დაეწყო ქვედა და ზედა ყბის ძვლების დანეკროზება, რის შედეგადაც დაერღვა ფსიქიკა, აქვს უძილობა, არაერთხელ მიმართა სასჯელაღსრულების დაწესებულებას, მაგრამ უშედეგოდ. ფორმა #100/ა-ს თანახმად, არის სასწრაფო საოპერაციო, თუმცა ოპერაციას არ უკეთებენ და უარის საფუძვლად უთითებენ კოაგულოპათიას. სარჩელის თანახმად, ამ ხნის განმავლობაში პაციენტისათვის არაფერი გაუკეთებიათ იმისთვის, რომ დარეგულირდეს კუაგულოგრამა.
მოსარჩელის მითითებით, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში გაცემული სამედიცინო ცნობების უმეტესობაში მითითებულია, რომ მოსარჩელეს სისხლის დაავადება შეძენილი აქვს. 2018 წლის 13 თებერვალს გაცემული ფორმა #100/ა-ში მითითებულია, რომ თითქოს ეს დაავადება მემკვიდრეობითია, რასაც არ ეთანხმება მოსარჩელე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 სექტემბრის სხდომაზე მოპასუხეთა წრის დაზუსტების შედეგად, მოპასუხედ განისაზღვრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით კ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს კ. ნ-ის სასარგებლოდ 5 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა; კ. ნ-ის სარჩელი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. ნ-მა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აგვისტოს განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და კ. ნ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად მიიჩნია მხოლოდ დაგვიანებული მკურნალობითა და ოპერაციის დაგვიანებით ჩატარებით მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და აღნიშნა, რომ სამედიცინო დახმარების სფეროში დადგენილი ხარვეზებით (ოპერაციული ჩარევის დაყოვნებით) გამოწვეული მორალური ზიანის საკომპენსაციოდ მოსარჩელისათვის მიკუთვნებული თანხა - 5 000 ლარი, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურებაა.
რაც შეეხება მოსარჩელის არგუმენტს, რომ გაცემულია რეკომენდაცია მოლეკულურ-გენეტიკური კვლევის ჩატარების თაობაზე, რაც მოცემულ ეტაპზე არ იქნა განხორციელებული, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კ. ნ-ისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი არ არსებობდა. ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ მე-7 ფაქტორის დეფიციტი განეკუთვნება ისეთ დაავადებათა კატეგორიას, რომელიც არ არის თვალხილული და რომლის დასადგენად საჭიროა ჩატარდეს სპეციალური ანალიზები და გამოკვლევები. სააპელაციო პალატამ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხული ჰემატოლოგის არგუმენტაციაზე, რის გამოც ჩაითვალა დაავადება მემკვიდრეობით მიღებულად. სასამართლოს მითითებით, კ. ნ-ის მიერ ვერ იქნა წარდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემული არგუმენტაცია არ შეიძლებოდა გამხდარიყო მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორისთვის გაუგებარია, რა არგუმენტაციაზე დაყრდნობით განსაზღვრა სასამართლომ, რომ მოსარჩელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო ან არასწორ მკურნალობას, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია. სასამართლოსთვის წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციიდან და მოწმეთა ჩვენებებიდან კასატორი მიიჩნევს, რომ უტყუარად დასტურდება ის გარემოება, რომ სამსახურის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მოსარჩელის უფლებების რაიმე სახით დარღვევას, რაც შეიძლება გამხდარიყო მისთვის ზიანის ანაზღაურების საფუძველი.
კასატორის მითითებით, სასამართლოს მიერ არ არის დასაბუთებული სპეციალურ პენიტენციურ სამსახურის ბრალეულობა იმ საკითხთან მიმართებით, რაზე დაყრდნობითაც დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დადგენილია, რომ კ. ნ-ის მიერ მოთხოვნილია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან მორალური ზიანის ანაზღაურება იმ საფუძვლით, რომ კოაგულაციური ფაქტორების დეფიციტი (მე-7 ფაქტორის დეფიციტი) შეძენილი აქვს #... სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. საქმის განხილვისას გამოიკვეთა, რომ მოსარჩელეს ესაჭიროება დამატებით გამოკვლევა/კონსულტირება, კერძოდ, გაიცა რეკომენდაცია მოლეკულურ-გენეტიკური კვლევის ჩატარების თაობაზე, რაც არ იქნა განხორციელებული. მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად ასევე მითითებულია ის გარემოება, რომ მოსარჩელე თვეობით ელოდებოდა სამოქალაქო საავადმყოფოში გაყვანას, დაგვიანებით გაუკეთეს ოპერაცია, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანს არ მიუღია სათანადო და დროული ღონისძიებები კოაგულოპათიის სამკურნალოდ. კ. ნ-ის მითითებით, არასწორად არის დასმული დიაგნოზი კოაგულაციური ფაქტორების მემკვიდრული დეფიციტი (მე- 7 ფაქტორის მემკვიდრული დეფიციტი) და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არ უზრუნველყოფს მოლეკულურ-გენეტიკური კვლევის ჩატარებას.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით კ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს კ. ნ-ის სასარგებლოდ 5 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა; კ. ნ-ის სარჩელი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, ასევე კ. ნ-მა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აგვისტოს განჩინებითაც. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრებულია მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ. შესაბამისად, გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აგვისტოს განჩინებაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის პირობებში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს განჩინების მხოლოდ ის ნაწილი, რომლითაც დაკმაყოფილდა კ. ნ-ის სასარჩელო მოთხოვნა.
საყურადღებოა, რომ სააპელაციო სასამართლომ მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად მიიჩნია მხოლოდ დაგვიანებული მკურნალობითა და ოპერაციის დაგვიანებით ჩატარებით მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი პირისათვის ხორციელდება სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების საშუალებით, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებისთანავე პირს უფლება აქვს, მოითხოვოს სათანადო სამედიცინო გამოკვლევა, დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება და საჭიროებისას – სამედიცინო მომსახურება. პატიმრობის კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო მომსახურებით. ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს საჭირო სამედიცინო მომსახურებით. საჭიროების შემთხვევაში ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს პენიტენციურ დაწესებულებაში ნებადართული სამკურნალო საშუალებები. მითითებული კოდექსის 119-ე მუხლის თანახმად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო მომსახურება ხორციელდება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მომსახურების მოთხოვნების შესაბამისად. ხოლო ამავე კოდექსის 121-ე მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს, რომ თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა არ შეიძლება განხორციელდეს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, იგი შეიძლება გაყვანილ იქნეს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში.
დადგენილია, რომ პაციენტის კ. ნ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩაითვალა ოპერაციული მკურნალობა და დაიგეგმა 2018 წლის 16 მაისს ყბა-სახის ქირურგის მიერ, თუმცა, ქირურგიული ოპერაცია ჩატარდა 2018 წლის ივლისში. 2018 წლის მაისსა და ივნისში პაციენტს უტარდებოდა ლაბორატორიული კვლევები. ამასთან, მიმდინარეობდა ჰემატოლოგის მოძიება, რათა ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ, პაციენტისთვის ჩაეტარებინა შესაბამისი პროცედურები. აღსანიშნავია, რომ მოცემული დროისთვის უკვე შეძენილი იყო მედიკამენტები, რაც ჰემატოლოგის 2018 წლის 13 თებერვლის კონსულტაციის შედეგად განისაზღვრა, რომ უნდა მიეწოდებინათ პაციენტისთვის. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა მითითებული რაიმე ობიექტურ საფუძველზე, რის გამოც ვერ განხორციელდა 2018 წლის 16 მაისს დაგეგმილი ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასწრაფო წესით და საბოლოოდ ჩატარდა ორი თვის შემდგომ. ამდენად, კ. ნ-ის მკურნალობის პროცესი, დროის ამ მონაკვეთში, იყო გაჭიანურებული, რაც არღვევს პატიმრის უფლებებს, ვინაიდან ოპერაცია გადაწყდა სასწრაფო წესით. მართალია, შეუძლებელია, ზუსტად დადგინდეს, რა მოცულობით გაუარესდა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ოპერაციის ორი თვით დაყოვნების გამო, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ პაციენტს 2019 წლის თებერვალში კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდა, მიუხედავად 2018 წლის ივლისში ჩატარებული ოპერაციისა (უშუალოდ ქირურგიული ოპერაციის შედეგებზე მოსარჩელეს რაიმე პრეტენზია არ გააჩნია). ამასთან, 2017 წლის 14 სექტემბრის ცნობით დასტურდება, რომ ოპერაციული ჩარევის მიუხედავად, მოსალოდნელი იყო ნეკროზული პროცესის გაგრძელება და განმეორებითი ოპერაციის ჩატარების საჭიროება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ოპერაციის 2 თვით დაყოვნება გარკვეული მოცულობით უარყოფითად იმოქმედებდა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რისი საწინააღმდეგო მტკიცებულებაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ მოსარჩელეს დაგვიანებული მკურნალობითა და ოპერაციის დაგვიანებით ჩატარებით გაუუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აგვისტოს განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე