საქმე #ბს-1131(კს-20) 25 თებერვალი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მესამე პირი) _ შპს „...ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ კერძო აღმასრულებელი ა. ნ-ე
მოპასუხე _ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
მესამე პირები _ ს. კ-ე, შპს „ა...“
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 24 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელმა ა. ნ-ემ, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.
მოსარჩელემ აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს (მიმაგრებული თბილისის სააღსრულებო ბიუროში) აღმასრულებლის - ნ. ბ-ის მიერ 2019 წლის 18 მარტს განხორციელებული ქმედების უკანონოდ ცნობა, „კერძო აღმასრულებლის ა. ნ-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2019 წლის 22 აპრილის #1787 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის მოსარჩელის მიერ 2019 წლის 27 იანვრის #18079066-006/001 და 15 თებერვლის #18079066-006/002 განცხადებებით მოთხოვნილი ნამეტი თანხის დაყადაღების და #18079066 სააღსრულებო წარმოების ფარგლებში კერძო აღმასრულებელ ა. ნ-ისთვის ჩარიცხვის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ ს. კ-ე, შპს „...“ და შპს „ა...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით კერძო აღმასრულებლის ა. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; უკანონოდ იქნა ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს (მიმაგრებული თბილისის სააღსრულებო ბიუროში) აღმასრულებლის - ნ. ბ-ის მიერ 2019 წლის 18 მარტს განხორციელებული ქმედება (2019 წლის 18 მარტის #20286 წერილი); ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2019 წლის 22 აპრილის ბრძანება #1787 „კერძო აღმასრულებლის ა. ნ-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ და მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაევალა მოსარჩელის მიერ 2019 წლის 27 იანვრის #18079066-006/001 და 2019 წლის 15 თებერვლის #18079066-006/002 განცხადებებით მოთხოვნილი ნამეტი თანხის დაყადაღება და #18079066 სააღსრულებო წარმოების ფარგლებში კერძო აღმასრულებელ ა. ნ-ისთვის ჩარიცხვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილებით მოსარჩელის მიერ გადახდილი ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 400 (ოთხასი) ლარის გადახდა დაეკისრა მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს კერძო აღმასრულებელ ა. ნ-ის სასარგებლოდ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ს. კ-ემ და შპს „...მა“, (რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.)
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, აპელანტებს ს. კ-ეს და შპს „...ს“ (ს/კ ...) დაუდგინდათ ხარვეზი და განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედანი) ან/და სახელმწიფო ბაჟის გადავადების ან/და გათავისუფლების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა დაევალათ; იმავე ვადაში აპელანტებს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილების მითითებით დ. ა-ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის (სანოტარი აქტი - რწმუნებულება) დედანის ან კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლისა და სამეწარმეო რეესტრიდან შპს „...ის“ (ს/კ ...) ამონაწერის წარდგენა დაევალათ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინებით ს. კ-ეს და შპს „...ს“ განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად 2019 წლის 15 ნოემბერს განჩინებით დადგენილი ვადა 10 დღით გაუგრძელდათ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით ს. კ-ეს და შპს „...ს“ განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად 2019 წლის 15 ნოემბერს განჩინებით დადგენილი ვადა, კიდევ ერთხელ, 5 დღით გაუგრძელდათ.
აპელანტებს, როგორც ხარვეზის დადგენის შესახებ 2019 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, ასევე ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე 2019 წლის 16 დეკემბრისა და 2020 წლის 31 იანვრის განჩინებებით განემარტათ, რომ თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნებოდა შევსებული სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის განჩინებით ს. კ-ის და შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, აპელანტ ს. კ-ის და შპს „...ის“ მიერ არ იქნა შევსებული, რის გამოც ს. კ-ის და შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებაზე, არ იქნა მიღებული და დატოვებულ იქნა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ შპს „...ს“ წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი არ ჰქონია დადგენილი, ს. კ-ისთვის ხარვეზის დადგენა კი არ უნდა გამხდარიყო შპს „...ის“ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი და სააპელაციო პალატა ვალდებული იყო სააპელაციო საჩივარი შპს „...ის“ ნაწილში მიეღო წარმოებაში. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 21 მაისის განჩინება არის დაუსაბუთებელი და უკანონო.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2020 წლის 15 ოქტომბრის განცხადებით მომართა კერძო აღმასრულებელმა ა. ნ-ემ, რომელმაც მიუთითა, რომ როგორც სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე, ასევე კერძო საჩივრის ფარგლებში, კერძო საჩივრის ავტორის მხრიდან განხორციელებული მოქმედებები (სააპელაციო სასამართლოში ხარვეზის შეუვსებლობა, საკასაციო სასამართლოში ბაჟის გადაუხდელობა) მიზნად ისახავდა საქმის განხილვის გაჭიანურებას. აღნიშნულის საპრევენციოდ, კერძო საჩივარზე, მან თავად წარმოადგინა მის მიერ ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, შპს „...ის“ კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, აპელანტებს დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, ასევე დ. ა-ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანის ან კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლის წარდგენა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილების მითითებით და სამეწარმეო რეესტრიდან შპს „...ის“ ამონაწერის წარდგენა.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ადრესატის არყოფნის შემთხვევაში სასამართლო უწყების ჩამბარებელმა უწყების მეორე ეგზემპლარზე უნდა აღნიშნოს, სად არის წასული ადრესატი და როდის ვარაუდობენ მის დაბრუნებას.
ამდენად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „...ის“ უკუგზავნილზე (ფოსტის გზავნილის კოდი ...), რომლის საფუძველზე, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გზავნილი - ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების შემცველი წერილობითი კორესპონდეცია ს. კ-ისა და შპს „...ის“ წარმომადგენელს - ადვოკატ დ. ა-ეს 2020 წლის 9 მარტს ჩაჰბარდა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების შემცველი გზავნილი გაიგზავნა უშუალოდ შპს „...ისა“ და ს. კ-ის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზეც - ქ. თბილისი, ...ის ქუჩა #11. საქმეში წარმოდგენილი „...ის“ უკუგზავნილის (ფოსტის გზავნილის კოდი ...) მიხედვით კი, დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გზავნილი - ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების შემცველი წერილობით კორესპონდეცია ს. კ-ის დედას - მ. კ-ეს (პ/ნ ...) 2020 წლის 11 მაისს ჩაჰბარდა.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სასამართლო გზავნილი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინება - კერძო საჩივრის ავტორს - შპს „...ს“ ჩაჰბარდა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. მიუხედავად აღნიშნულისა, ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინებით განსაზღვრულ დამატებით 5-დღიან ვადაში კერძო საჩივრის ავტორის მიერ სრულად არ იქნა აღმოფხვრილი სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მიერ გაკეთებულ განმარტებას იმის თაობაზე, რომ შპს „...ს“ ხარვეზი არ ჰქონია დადგენილი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შპს „...ისთვის“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ნოემბრის, 2019 წლის 16 დეკემბრის და 2020 წლის 31 იანვრის განჩინებებით ცალსახად დასტურდება, მათ შორის, კერძო საჩივრის ავტორისთვის (და არა მხოლოდ ს. კ-ისთის) ხარვეზის დადგენისა და შემდგომ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების ფაქტი. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს „...ის“ მხრიდან ადგილი არ ჰქონია თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით დადგენილ ხარვეზზე რეაგირებას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი შესაძლებლობების გამოყენება სამართალწარმოების მხარის უფლებას წარმოადგენს, ხარვეზის შესახებ განჩინებაში კი პირდაპირი მითითება იყო გაკეთებული ხარვეზის შეუვსებლობის საპროცესო სამართლებრივ შედეგებზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორს დადგენილი ჰქონდა ხარვეზი, ამასთან, მას ჩაბარებული ჰქონდა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინება და იგი გაფრთხილებული იყო ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, თუმცა შპს „...ის“ მხრიდან ხარვეზის აღმოფხვრა არ მომხდარა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე